მთაში მცხოვრები პენსიონერები პირველი იანვრიდან გაზრდილ პენსიას მიიღებენ
2020 წლის იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია 263 ლარი იქნება, ხოლო პირველი ივლისიდან – 300 ლარი, – ამის შესახებ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან – 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალ მთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალ მთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გახარიას თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, რათა მთა გახდეს მდგრადი, გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელ ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის თანახმად, მაღალმთიანის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს 1731 დასახლებას, ხოლო მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 246 012 მოქალაქე სარგებლობს.
კომენტარები