ეკონომიკასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად, ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.

„ბანკებისა და ფინანსების“ აზრით, „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“. „კომერსანტმა“ ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს რამდენიმე პროექტს.

„პირველ რიგში, რატომაც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ნაწილში ძალიან სწორი აქცენტები დასვა. პირველი არის ის, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, ყველაზე დიდი კონტრიბუტორები არიან ჩვენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის გადმორიცხვების თვალსაზრისით, რაზეც აქ ბევრი ადამიანის კეთილდღეობა არის დამოკიდებული. შესაბამისად, მათ სახელმწიფოს მხრიდან ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი იქ ყოფა შედარებით გაუმჯობესდეს და მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისეთივე სრულყოფილი ანაზღაურება მიიღონ გაწეული სამსახურისთვის, რასაც საზღვარგარეთის ადგილობრივი მოსახლეობა იღებს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც, ჩემი აზრით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, არის საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები ქართველების მდგომარეობა. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნა არის უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან როცა არალეგალურად მიდიხარ საზღვარგარეთ, წარმოუდგენლად რთული პირობების გადალახვა გიწევს იმისთვის, რომ ადაპტაცია მოახდინო ახალ გარემოსთან, მაშინ როცა ადგილობრივი კანონმდებლობა არ აღიარებს შენს არსებობას ქვეყანაში. შესაბამისად, წართმეული გაქვს, პრაქტიკულად, ყველა შესაძლებლობა და ამ პირობებში გიწევს თავის გადარჩენა, გარდა ამისა, იმ ოჯახის წევრების დახმარება, რომლებიც სამშობლოში დატოვე. მინიმუმ ხუთი წელია საჭირო იმისთვის, რომ ემიგრანტმა ლეგალურად სამსახურის დაწყების უფლება მოიპოვოს.

წარმოიდგინეთ, რამდენი გაჭირვების გადალახვა უწევთ ამ 5 წლის განმავლობაში: ბინის შოვნა და ჩაწერა, სამსახურის შოვნა, ენის შესწავლა და ა.შ. ყველაფერი არალეგალურად და ფარულად ხდება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ძირითადი მასა ბანკების და კერძო მევახშეებისგან აღებული პროცენტიანი ვალებით მიდიან. იმ წლების განმავლობაში, სანამ საბუთებს მოაწესრიგებენ, ვალებს ერიცხება პროცენტები და საბოლოო ჯამში გადასახდელი თანხა იმდენად იზრდება, რომ ემიგრანტისთვის, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი ხდება სამშობლოში დაბრუნება.

თუ სახელმწიფო ეფექტური საგარეო პოლიტიკით მიაღწევს იმდენს, რომ საზღვარგარეთ წასული მოქალაქეებისთვის პირველივე დღეებიდან იქნება დასაქმების ლეგალური შესაძლებლობა, ეს წარმოუდგენლად შეცვლის ამ კატეგორიის მოქალაქეების ცხოვრებას უკეთესობისკენ. პრაქტიკულად, დღეს ემიგრანტები დამსაქმებლის კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული და მათ ხელში არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმ შემთხვევისთვის, თუ მაგალითად, დამსაქმებელმა ხელფასი არ გადაუხადა, ან დააკლო, ან უსამართლოდ მოექცა. ამ მხრივ ძალიან დიდი ჩაგვრის და წნეხის ქვეშ არიან ქართველები საზღვარგარეთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება.

მაგალითად, ახალგაზრდა, რომელიც წამოვიდა თავისი ქვეყნიდან და მოწადინებულია, რომ მიიღოს მინიმალური განათლება მაინც, რაიმე პროფესია შეისწავლოს და გააგრძელოს მუშაობა, ამის შანსები მას არ აქვს. რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და სხვა ხაზით ვითარდება – იწყებს არალეგალურ მოქმედებას. არადა, საპირისპირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა, რომ ასეთი ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ უცხოური გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით, ევროპული განათლებით და ტექნოლოგიების ცოდნით, რითაც ადგილობრივ შრომის ბაზარზე უკვე აღარ გაუჭირდებოდათ თავის დამკვიდრება.

ძალიან კარგი მაგალითია ესპანეთის შემთხვევა, როცა 70-იან წლებში ბევრი ესპანელი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ, საფრანგეთში, გერმანიაში, ანუ განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა იქ ლეგალურად იწყებდნენ სამსახურებს და ღებულობდნენ განათლებას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაბრუნდა თავის ქვეყანაში იმაზე გაცილებით განათლებული, ვიდრე იყო და იმაზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკურად, ვიდრე მანამდე იყო და სწორედ ასეთმა ხალხმა ააშენა ესპანეთი. სრულიად რეალური და შესაძლებელია ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდეს, თუ დღევანდელ ემიგრანტებს სახელმწიფო გვერდში დაუდგება. როგორც, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იყო.

ლეგალური დასაქმება მრავალი მიმართულებით გაგვიხსნის გზას: შესაძლებლობას მოგვცემს კონტაქტები გავიჩინოთ, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ საზღვარგარეთის პარტნიორებთან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალთან დაკავშირებით; არ არის აუცილებელი მსხვილი კალიბრის ინვესტორს ელაპარაკო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეების დაინტერესება უფრო რელევანტური და შესაძლებელია. ყველაზე მეტი ადამიანი ამ სეგმენტში საქმდება და ყველაზე მეტად ჩართულობა სწორედ მცირე და საშულო ბიზნესში ვლინდება. მაგალითად, მე, მიმდინარე ეტაპზე უცხოელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე პროექტს ვახორციელებ და ამის შესაძლებლობა მომეცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეგალურის სტატუსი მივიღე. ამას ჩემი ესპანეთში ყოფნის პირველი 5 წელი დასჭირდა. განათლების მიღების შესაძლებლობაც მხოლოდ ამის შემდეგ მომეცა.

შემდეგი წლები კი დამჭირდა იმისთვის, რომ შემეძინა საიმედო პარტნიორები და მათთან ერთად საქართველოში განმეხორციელებინა საინტერესო და სასარგებლო პროექტები.

ასე რომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ და მას აქვს დიდი მნიშვნელობა ბევრი მიმართულებით. აუცილებლად შესაბამისი უწყებები სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამ საკითხს. საქმე ეხება მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ სარჩო-საბადებლის საშოვნელად არის გადახვეწილი. ამიტომ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, – აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

„ბანკები და ფინანსები“

შოთა კორინთელი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close