20 წლის სალომე უროტაძე – SPACEX-ის პარტნიორი, რომელიც შესაძლოა, ნობელის პრემიაზე წარადგინონ

„ხელოვნური ინტელექტი – ეს უცხოპლანეტელია დედამიწაზე და ის ადამიანს არ უნდა შევადაროთ“. „ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გონება მეტად განვითარდეს“ და „ჩვენი გონება მეტად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი ან ტექნოლოგია“, – ამბობს სალომე უროტაძე, 20 წლის AI დეველოპერი, რომელიც ილონ მასკის კომპანიებთან – SpaceX-სა და Neuralink-თან თანამშრომლობს, პარალელურად მუშაობს Microsoft-ში კვანტური კომპიუტერის შექმნაზე, თუმცა ამ შემთხვევაში ფიზიკოსთა ჯგუფის წევრია.
ეს მისი საქმიანობების სრული ჩამონათვალი არაა, გარდა ამისა, ის AI-სა და გეიმ დეველოპმენტს ასწავლის ნიუ-იორკისა და მიჩიგანის უნივერსიტეტებში, თუმცა თვითონ ჯერ არც ერთი უნივერსიტეტი დაუმთავრებია. სწავლობს ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით და ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) აკადემიური აქვს აღებული, რადგან ფიზიკურად, დრო არ აქვს.
14 წლის ასაკში იგი Yager-თან თანამშრომლობდა, ჩვენი ინტერვიუს შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ნამუშევრით (ფიზიკის მიმართულებით) ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა. „მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად აქტიურად ვარ AI-ზე გადართული, ფიზიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი თეორიის წერა დავასრულე, რითიც ნობელის კომიტეტი დაინტერესდა. მიმიწვიეს და, სავარაუდოდ, მალე უფრო გრანდიოზულ ამბებსაც გაგაგებინებთ“.

აქვე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სალომეს განათლებას ეხება – „მეშვიდე კლასიდან მეთორმეტემდე სკოლაში არ მივლია“.

„ამით არ ვამაყობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ, სკოლა დროის კარგვად მიმაჩნდა და ეს დრო საკუთარი თავის განვითარებაში გამოვიყენე. ექსტერნს ვაბარებდი ყოველი წლის ბოლოს და, შესაბამისად, დავამთავრე წარჩინებით. მასწავლებლებთან მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და ყველა მეჩხუბებოდა, რომ სწავლა შემეძლო და არ დავდიოდი. არადა, ზუსტად მაგიტომ არ დავდიოდი სკოლაში, რომ სწავლა შემეძლო“.

Neuralink-ი ილონ მასკის ექსპერიმენტული კომპანიაა, რომელიც ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებაზე მუშაობს. სალომეს პროექტით კომპანიის დაინტერესება Neuralink-ის პრეზენტაციის პერიოდში (2019 წლის ივლისი) დაიწყო, როცა ის SpaceX-ში მიიწვიეს გასაუბრებაზე. ამ დროისთვის, სალომეს უკვე ჰქონდა შექმნილი საკუთარი თავის ციფრული ვერსია – ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მის ცოდნასა და ემოციებს იმეორებს და ფაქტობრივად, შემქმნელის ასლთან ერთად, მისი ასისტენტიცაა. ამ იდეის შესრულებაზე სალომე წელიწადნახევარი მუშაობდა და მოგვიანებით, სწორედ ეს პროექტი იქცა Neuralink-ისთვის მნიშვნელოვან კონტრიბუციად.

ივლისში, როცა იყო ნევრალინკის პრეზენტაცია, დავუკავშირდი კომპანიას და წარვუდგინე ის ყველაფერი, რაც გაკეთებული მქონდა აქამდე, რითიც დაინტერესდნენ, შესაბამისად, დავიწყეთ თანამშრომლობა. ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე – „ნევრალინკშიარ ვმუშაობ, ვმუშაობნევრალინკთან“, პარტნიორობა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას“.

M: რაც მუშაობაზე კარგი რამეა…

რაც უკეთესია, ჩემი აზრითაც. თუ გინდა, რომ მათი თანამშრომელი იყო, უნდა ცხოვრობდე იქ და უნდა მუშაობდე მხოლოდ მათთვის – კონტრაქტი მოიცავს ამას. ჩემს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, ჩემი ძირითადი მიმართულება მაინც მეცნიერებაა – ფიზიკა. ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღო ამ მიმართულებით, რაც შეიძლება მეტ ადგილას. თუნდაც, „ნევრალინკისა“ და „სფეისიქსის“ გარდა, ვარ „მაიკროსოფთში“, სადაც ვმუშაობთ კვანტურ კომპიუტერებზე.

M: უფრო კონკრეტულად, რა იყო ის, რაშიც „ნევრალინკს“ დაეხმარე?

„ნევრალინკს“ აქვს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის, ნეირომეცნიერება, რომლის ფარგლებშიც მუშაობენ იმაზე, რომ ტვინი დააკავშირონ მოწყობილობასთან. მე ეს შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა, მეცნიერების გარეშე და მათზე ადრე შევძელი დამეკავშირებინა ჩემი ემოციები და ცოდნა ხელოვნურ ინტელექტთან, საკმარისი ინფორმაციების მიწოდებით, რაც საკმაოდ საინტერესო დეტალი იყო მათთვის, ახალ ეტაპზე გადავიდნენ და ნეიროთვალსაზრისითაც მეტად განვითარდა ეს კუთხე.

M: როგორ დაიწყო SpaceX-თან თანამშრომლობა, ან რა პროექტებს მოიცავს ის?

SpaceX-თან ურთიერთობა დავიწყე სამეცნიერო პროექტით, რომლისთვისაც გრანტი მჭირდებოდა. ასეთ დროს ყველასთან შემიძლია გავგზავნო ხოლმე პროექტი. SpaceX დაინტერესდა ჩემი ნამუშევრით და, სამწუხაროდ, ვერ გეტყვით პროექტის დეტალებს, რადგან ჯერჯერობით, არ ხმაურდება. SpaceX-თან ახლა რა ურთიერთობაც მაქვს, არის ისევ AI დეველოპმენტი, თუმცა პარალელურად ვმუშაობ პროექტზე, რომელიც თავიდან ბოლომდე ეხება მეცნიერებას და რომელზე საუბარიც ჯერ არ შემიძლია.

M: ხშირად ვისმენთ აზრს, ტვინი-კომპიუტერი ინტერფეისები კერძო კომპანიების მხრიდან კეთდება იმისათვის, რომ „გვაკონტროლონ“, რომ რეალურად, ეს არის არა შესაძლებლობა, რომ გონებრივად განვვითარდეთ, არამედ რაღაც სერვისი, რომელიც გაგვაზარმაცებს. ხშირად ვაწყდებით ამ განწყობას და რას შეუპირისპირებდი მას?

ხელოვნური ინტელექტი რომ პროდუქტად გამოვიყენოთ, არ იქნება ისეთი გამოსადეგი, როგორიც ჩვენ გვგონია. ჩვენი გონება მეტად ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი და ნებისმიერი ტექნოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უფრო მარტივად გააკეთოს გამოთვლები, ჩვენი გონება მეტ ინფორმაციას იტევს და პირიქით, ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ვართ ზარმაცები, რადგან საკმარისად არ ვამუშავებთ გონებას. AI დაგვეხმარება თუნდაც იმაში, რომ ფიქრით ვბეჭდოთ, გონება ამით უფრო გავარჯიშდება. გონების ვარჯიში კი, ბუნებრივია, გამოიწვევს იმას, რომ მეტად გაგვეხსნება შესაძლებლობები. როცა კომპანია მუშაობს მეცნიერული კუთხით და უნდა კაცობრიობა განავითაროს, ამ შემთხვევაში გაყიდვები ძალიან უმნიშვნელოა. ასე რომ, მგონია ბევრად დადებითი გავლენა აქვს „ნევრალინკს“ და ის, რაზეც ყველა საუბრობს, რომ ჩიპი იქნება ჩვენს ტვინში და გვაკონტროლებს, სისულელეა, რა თქმა უნდა. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გონება მეტად განვითარდეს, რისთვისაც საკმაოდ გრანდიოზული ნაბიჯებია გადადგმული და შედეგებიც არსებობს, შესაბამისად – როგორც მეცნიერებაში, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც.

M: აღნიშნე, რომ შეწყვეტილი გაქვს სწავლა. რამდენად მნიშვნელოვანია, ან საჭირო სწავლის გაგრძელება შენთვის, მაშინ როცა მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობ? ხშირად, საუნივერსიტეტო განათლებაზე საუბრისას მოვისმენთ არგუმენტს, რომ წარმატებული ადამიანების წინსვლა აკადემიური სივრცეებიდან წამოსვლით დაიწყო. რა თქმა უნდა, წარმატების აღქმა სუბიექტურია, თუმცა შენ როგორ გრძნობ, რამდენად სწორი მსჯელობაა ეს?

უნივერსიტეტი, რეალურად, გვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს დისციპლინა, მივიდეთ, ვისწავლოთ და გვყავდეს ვიღაც, ვინც გაგვაკონტროლებს, ვისწავლეთ, თუ არა. ზარმაცები ვართ – როგორც აქამდე აღვნიშნე. უნივერსიტეტი რეალურად არ არის ის ინფორმაციის წყარო, რომლითაც შეგიძლია ბევრი რაღაც გაიგო და შორს წახვიდე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ MIT-ში თუ აგრარულ უნივერსიტეტში რასაც მასწავლიან, უკვე ყველაფერი გავლილი მაქვს, ჩემთვის საინტერესოა ექსპერიმენტები, იმ გარემოში ყოფნა, ლექტორებთან შეხება და კომუნიკაცია. უნივერსიტეტის დანიშნულება უფრო გამოცდილება უნდა იყოს, თორემ ნებისმიერ უნივერსიტეტში ლექციაზე რომ მიხვიდეთ, ყველა გეტყვით – „წაიკითხე“. ამის გაკეთება ისედაც შეგიძლია, ანუ ისე, რომ არ გადაიხადო 60 000 დოლარი წელიწადში. სამწუხაროდ, დღემდე არის წარმოდგენა, რომ დიპლომი აუცილებლად უნდა გქონდეს სამუშაოს დასაწყებად. უნდა ვთქვა, რომ არცერთ დიდ კომპანიაში ჩემთვის დიპლომი არ მოუთხოვიათ. როცა რეალურად იცი და შეგიძლია სფეროში რაღაც შეცვალო, დიპლომი ნამდვილად აღარ გჭირდება.

„მაიკროსოფთი“ რომ ავიღოთ ჩემს შემთხვევაში, მკვლევარს როცა ეძებდნენ, სჭირდებოდათ დოქტორის ხარისხი. რომ გავუგზავნე ჩემი მოკლე ბიოგრაფია, რატომ მინდოდა მათთან თანამშრომლობა და რისი გაკეთება შემეძლო, ან რისი შეცვლა შემეძლო მათთვის, შესაბამისად, მივიღე დავალება, რომელიც შევასრულე და შემდეგ სიამოვნებით ამიყვანეს სამსახურში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მაინც ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული“.

ინტერვიუს გაგრძელების წასაკითხად გადადით ამ ბმულზე: https://www.marketer.ge/salome-urotadze-spacex-neuralink/?fbclid=IwAR10aqgWwRn0-a3JCOXA_WPRG_90vWrjm__gHm7sb3-gh1ji0PG1fXciYTg

კომენტარები