მსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაქართველო

„იზვესტია“: საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება

რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განახლება 2020 წლისთვის გადაიდო.

გამოცემის ცნობით, მთავრობასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ავიამიმოსვლა მომავალი წლის პირველ ნახევარში აღდგება. მისივე ინფორმაციით, ფრენის განახლება 2019 წლის ბოლომდე იგეგმებოდა, თუმცა თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო გადაიდო.

გამოცემის ინფორმაციით, ეს საკითხი, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილება, რომელიც 28 ნოემბერს პრაღაში გაიმართება.

„იზვესტიას“ მოჰყავს საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის სიტყვები, რომ ამ დროისთვის ორივე მხარეს ბევრი საჭირბოროტო საკითხი დაგროვდა მათი შეხვედრის ფორმატში  განსახილველად, თუმცა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ცხინვალში დაკავებული ცნობილი ქართველი ექიმის, საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 8 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით შეწყდა.

საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო რუსულმა ავიაკომპანიებმა სამ მილიარდ რუბლზე მეტი დაკარგეს. ამის შესახებ „ვედომოსტმა“ ერთი კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია.

რუსული გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტად „ურალის ავიახაზებმა“ იზარალა – მილიარდ რუბლზე მეტი. „აეროფლოტის“ და „ეს7-ის“, იგივე „ციმბირის ავიახაზების“ ზარალი 700 მილიონ რუბლს აღემატება. რაც შეეხება „პობედას“ და „რედ ვინგს“, მათი ზარალი 400 მილიონ და 120 მილიონ რუბლს აღწევს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სექტემბერში გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით შემცირდა, სხვა საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა კი 2,7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში ტურისტული ნაკადი საქართველოში 0,6%-ით გაიზარდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close