ზუგდიდელმა ახალგაზრდამ მეგრული ენის გადასარჩენად ონლაინ ლექსიკონი შექმნა
ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და ქართულ-მეგრული ონლაინ ლექსიკონი შექმნა. ვებგვერდზე 120 ათას სიტყვაზე მეტია ჩატვირთული და მათი რაოდენობა, ავტორის თქმით, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
ონლაინ ლექსიკონის ავტორი პროფესიით ინჟინერია ინფორმატიკის განხრით. ამ ეტაპზე იგი ესტონეთში, ტალინში სწავლობს – ტექნოლოგიური და ტარტუს უნივერსიტეტების კიბერ-უსაფრთხოების გაერთიანებული სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. რატომ შექმნა ონლაინ ლექსიკონი და რა სამომავლო გეგმები აქვს? – „ლაივპრესი“ ბიჭიკო კოდუას ესაუბრა.
რამ გადაგაწყვეტინათ მეგრულ-ქართული ონლაინ ლექსიკონის შექმნა?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მეგრულ-ქართული ლექსიკონის გარდა, www.megrulad.ge, ასევე, არის ქართულ-მეგრული ლექსიკონიც. მისი შექმნისთვის რამდენიმე მიზეზი მქონდა: პირველი, მე ვარ მეგრელი და მინდა ჩემი მშობლიური კუთხის ენა უფრო პოპულარული გავხადო. გარდა ამისა, ვინაიდან მეგრული ენა არსად ისწავლება და მხოლოდ ზეპიერსიტყვიერად გადაეცემა თაობებს, ნელ-ნელა განიცდის ცვლილებებს და ბევრი სიტყვის მნიშვნელობა იკარგება. მაგალითად, დღეს ძალიან ბევრი ბარბარიზმია მეგრულ ენაში და რეალურად რომ დავფიქრდეთ, მათი მეგრული შესატყვისი ამ ენაზე მოსაუბრეთა 95 პროცენტმაც კი არ იცის. როდესაც ინტერნეტში არსებულ სახვადასხვა მეგრულენოვან წყაროს გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ბევრი სიტყვა არც კი გამეგო. თანამედროვე მეგრული გაჯერებულია ქართული და რუსულენოვანი შესატყვისებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე შემექმნა ონლაინ ლექსიკონი, რომელიც მოსახერხებელ საძიებო სისტემას შესთავაზებდა საიტის ვიზიტორებს და ამასთანავე, მეგრული ენის შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს.
რამდენი სიტყვაა ლექსიკონში ჩატვირთული?
ამ ეტაპზე ლექსიკონი 120 000-ზე მეტ სიტყვას მოიცავს და უახლოეს მომავალში ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
რით განსხვავდება თქვენი ლექსიკონი სხვა ონლაინ ლექსიკონებისგან?
დავიწყებ იმით, რომ www.megrulad.ge მეგრულენოვანი სიტყვების ყველაზე დიდ საძიებო ბაზას წარმოადგენს და ამავდროულად, თითოეულ სიტყვას თან ახლავს აუდიო ვერსიაც. ვებ-გვერდის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს.
რამდენი ხანი მუშაობდით ლექსიკონის შექმნაზე? მარტო მუშაობდით, თუ სხვებიც გეხმარებოდნენ?
ლექსიკონის შექმნას რამდენიმე თვე დავუთმე, თუმცა მუდმივად განიცდის ცვლილებებს და იხვეწება. ამ ეტაპზე საიტის განვითარებაში აქტიურად არიან ჩართულები ალექსანდრე ლატარია, მარიამ დგებუაძე და ნინო ლაზუაშვილი, თუმცა მისი საწყისი ვერსია დამოუკიდებლად შევქმენი.
ვისი მასალებით და რა მასალებით იხელმძღვანელეთ ამ ლექსიკონის შექმნისას?
ვებგვერდის მთავარი წყარო გახლავთ ალიო ქობალიას ლექსიკონი. კრებულის ინტერნეტში არსებული ვერსიიდან მოპოვებულ სიტყვებს თან დაერთო ხმოვანი შესატყვისებიც, თუმცა მოქმედი ვერსია კვლავ დამუშავების რეჟიმშია და საჭიროებს განვითარებას მოდერატორების მხრიდან.
კომენტარები