გია ყანჩელის ძეგლი ანტვერპენში დაიდგმება

კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალება მთელი მსოფლიოს მუსიკალური სამყაროსთვის უდიდესი დანაკლისია. ანტვერპენში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა დაჩი ხასაიამ ქართველი კომპოზიტორის ხსოვნის უკვდავსაყოფად წერილობით მიმართა ქალაქის მერს ბარტ დე ვევერს, რათა გია ყანჩელის საყვარელ ადგილას – მიდელჰეიმის პარკში მისი ძეგლი დაიდგას.

ანტვერპენის მერმა დიდი გულისტკივილი გამოთქვა გია ყანჩელის გარდაცვალების გამო და საკითხი გადასცა თავის კოლეგას კულტურის საკითხებში. საბოლოოდ კი საკითხი დადებითად გადაწყდა – ისინი მზად არიან დაიწყონ მოლაპარაკებები დაჩი ხასაიასთან. მუსიკოსს მიაჩნია, რომ ამ საქმეში საქართველოს კულტურის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. რადგან არის მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. აუცილებელია განხილულ იქნას, თუ როგორი იქნება მონუმენტი, რადგან ის უნდა მოუხდეს მიდელჰეიმის პარკს, რომელიც მუზეუმია. მისი თქმით, აუცილებელია საქართველოს კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხარჯები და სკულპტორის და სკულპტურის შერჩევა.

დაჩი ხასაია, მუსიკოსი:

„საქართველო მინდა მაინც დავიხმარო. ისედაც გავაკეთებ ბელგიელების დახმარებით, რადგან გიამ მოიპოვა მათი ასეთი სიყვარული, მაგრამ ეს უფრო საქართველოს გასაკეთებელი საქმეა. თან ქართული უძლეველი კრეატივი მინდა საქმეში ჩაერთოს“.

წყარო: artinfo.ge

კომენტარები