პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტს დააჯილდოებენ
პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე დღეს გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონია მოეწყობა.
სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც დასახელდება, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა და წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა, – ამ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან ერთად პარიზში გაემგზავრა.
აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა. პროექტი 2014-2018 წლებში განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით.
დღესვე, ცერემონიაზე ცნობილი გახდება შვიდი გრანპრის ლაურეატი და ნომინაციის „საზოგადოების რჩეული“ გამარჯვებული, რომლის მოსაპოვებლად ევროპისა და მსოფლიოს მოქალაქეების მხარდაჭერაა საჭირო.
საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია პარიზში გუშინ გაიმართა.
ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები მიმდინარე წლის 21 მაისს გამოავლინა. კონსერვაციის კატეგორიაში გამარჯვებულთა შორის მოხვდა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები