სამზარეულოჯანმრთელობა

გოგრის სასარგებლო თვისებები და მისგან მომზადებული გემრიელი კერძები

გოგრა არა მხოლოდ სასარგებლო  ბაღჩეულია და შეუძლია კანის გაახალგაზრდავებაში, იმუნიტეტის გაძლიერებასა და ორგანიზმიდან მავნე რადიონუკლიდების გამოდევნაშიც კი დაგეხმაროთ, არამედ ის შეიძლება ნამდვილ დელიკატესად აქციოთ, თუ სწორად მოამზადებთ.

გოგრა შეიცავს თითქმის ყველა შესაძლო ვიტამინსა და მინერალს. დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები (ექიმი, რომლის ამოცანაა ადამიანის რაციონალური კვების ორგანიზაცია) ირწმუნებიან, რომ ის არის ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული შემოდგომაზე.

გოგრის მირთმევა ნებადართულია თითქმის ყველასთვის. ის უამრავ ვიტამინს შეიცავს. განსაკუთრებით ბევრია მასში A ვიტამინი. ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანები თუ გოგრას ჩართავენ თავიანთ რაციონში, ეს ხელს შეუწყობს შეშუპების დაცხრომას და წნევის შემცირებას. ბავშვებისთვის გოგრის თესლი სასარგებლოა პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველაფერთან ერთად, ის შეიცავს რკინას, მანგანუმს, იოდს, რის გამოც გოგრა დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე. მასში არსებული კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთათვის.

ექსპერტები ამბობენ, რომ გოგრა სეზონზე შეგიძლიათ ოჯახის ყოველდღიურ პროდუქტად აქციოთ. ეს არის ბოსტნეული, რომელსაც „არ ეშინია“ არანაირი სითბური დამუშავების და შესანიშნავად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს მთელი ზამთრის განმავლობაში. ამასთან, დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ გოგრის კერძებს  შაქარი  არ დავუმატოთ – მას ისედაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ასევე არ არის რეკომენდებული გოგრის ჭამა ღამით, რათა ძილის წინ სისხლში გლუკოზის დონემ არ მოიმატოს.

დიეტოლოგები გვირჩევენ, გოგრა მივიღოთ ტუბერკულოზის, ათეროსკლეროზის, შეკრულობის, დიაბეტის, ნეკრესის ქარის (პოდაგრა), ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს. გოგრის ნაყოფი (რბილობი) რეკომენდებულია ფეხმძიმეებისა და ბავშვებისთვის. გოგრის ნახარში თაფლით კარგი საშუალებაა ნერვული აშლილობის და უძილობის წინააღმდეგ.

სპეციალისტები ჭარბი წონის დროსაც გვირჩევენ გოგრას, ცხადია, უშაქროდ, მისი დაბალი კალორიულობის გამო.

გოგრის მიღება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმის დროს; გოგრის წვენის დალევა არ არის რეკომენდებული, თუ გასტრიტი გაქვთ კუჭის დაბალი მჟავიანობით, აგრეთვე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების არსებობისას. 

გოგრისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეგიძლიათ. მათთვის კი, ვისაც ეს ბოსტნეული დიდად არ მოსწონს, საინტერესო რეცეპტები არსებობს, რომლებშიც გოგრის გემო, პრაქტიკულად, არ იგრძნობა. უფრო მეტიც, მას შეუძლია სრულიად მოულოდნელი გემოთი გაგაოცოთ!

ქათამი გოგრით

საჭირო პროდუქტი: 200 გ ქათმის ფილე, 200 გ გოგრა, 3-4 კარტოფილი, 1 ც. სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3-4 ღერი მწვანე ხახვი, 1/2 ჩ. ჭ. წყალი, 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ტაფაზე მოშუშეთ ფილე ხახვთან ერთად, დაუმატეთ საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი გოგრა, სტაფილო და კარტოფილი, დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და თავდახურული შუშეთ 15 წთ საშუალო ცეცხლზე. ბოლოს დაუმატეთ მწვანე ხახვი და პილპილი.

გოგრის კრემსუპი

საჭირო პროდუქტი: ნახევარი ქათამი, 200 გ გოგრა, 3-4 კარტოფილი, 1 ც. სტაფილო, 1 თავი ხახვი, 3-4 ღერი მწვანე ხახვი, 4 ნაჭერი ბეკონი, 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი, იტალიური მწვანილების ნარევი, დაფნის ფოთოლი, დაფქული ძირა, მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათამი მოხარშეთ და დაჭერით. ტაფაზე შეწვით ბეკონი, შემდეგ კი ცალკე თეფშზე გადაიღეთ. მის ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი.

ქათმის წვენს დაუმატეთ მოშუშული ხახვი, დაფნა, ჩაყარეთ გოგრა, სტაფილო და კარტოფილი და მოხარშეთ. დააბლენდერეთ, დაუმატეთ ქათმის ხორცი, გააცხელეთ. დაუმატეთ ძირა, მწვანილი, მარილი და პილპილი. კრემსუპი თეფშებზე შეგიძლიათ გააფორმოთ მოხალული გოგრის თესლით.

როგორ ავირჩიოთ გოგრა

* ე. წ. მუსკატის გოგრა ყველაზე გემრიელად ითვლება. ის ფორმით მსხალს ან გიტარას წააგავს;

* შეიძინეთ არა დიდი, არამედ საშუალო ზომის ნაყოფი;

* გოგრის კანზე ზოლები სწორი უნდა იყოს, ხოლო ყუნწი – მშრალი;

* ყველაზე ტკბილ გოგრას მკვეთრი ფორთოხლისფერი ან მუქი ყვითელი შიგთავსი აქვს.

თამარ ქავჟარაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close