მსოფლიოსაზოგადოებაკულტურასაზოგადოებასაქართველო

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები მოქალაქეთა ნაწილმა გააპროტესტა

19-20 ოქტომბერს ქუთაისში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრმა სპექტაკლები გამართა ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, რასაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრთა და მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. პროტესტანტები აცხადებენ, რომ მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია გრძელდება.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, კოტე აბაშიძის განაცხადებით მოსკოვის თეატრის ჩამოსვლა მასპინძლებს უხერხულობას არ უქმნის. მისი თქმით, ეს არის ორი თეატრის თანამშრომლობა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

„ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ევროპის და აზიის ექვს თეატრთან არის დამეგობრებული, მათ შორის ერთ-ერთი მოსკოვის თეატრია. ეს არის ორი თეატრის მეგობრობა ანუ კულტურული ურთიერთობა, შემოქმედებითი მეგობრობა, რაც არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. არცერთ სახელმწიფო ინსტიტუციას, არც საქართველოში და არც რუსეთში ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ორი თეატრის შემოქმედებითი ურთიერთობა. ტურისტული რუსეთი და ტურისტების ჩამოსვლა გვინდა, სპორტული და კულტურული რუსეთი არაა?! ვისაც უხერხულობას უქმნის მისი პრობლემაა, ჩვენ უხერხულობას არ გვიქმნის“, – განაცხადა კოტე აბაშიძემ.

ქუთაისში მოსკოვის თეატრის გასტროლები თეატრის მსახიობების ნაწილმაც გააპროტესტა. მსახიობებმა ინგა კაკიაშვილმა და რეზი ქაროსანიძემ თეატრში მისულ მაყურებელს ფლაერები დაურიგეს წარწერით „რუსეთი ოკუპატია“ და სტიკერები გააკრეს.

მას შემდეგ, რაც ანტისაოკუპაციო აქციის პარალელურად, მოსკოვის თეატრის „ნიკიტსკის კარიბჭესთან“ მსახიობებმა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი წარადგინეს, რეჟისორმა მარკ როზოვსკიმ აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

მარკ როზოვსკის განცხადებით, წარმოდგენილ სპექტაკლში, რომელიც ცნობილი რუსი მწერლის, ნობელის პრემიის ნომინანტის ლუდმილა ულიცკაიას ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული, ადამიანობა იმარჯვებს სიძულვილზე. რეჟისორის თქმით, მსგავსად ამ სპექტაკლისა, ადამიანობამ უნდა სძლიოს სიძულვილს, ხოლო ხელოვანი ადამიანები გაერთიანდნენ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ.

მისი თქმით,  ლუდმილა ულიცკაიას ეს ნაწარმოები მოსკოვში მხოლოდ მათ თეატრში დაიდგა. ნაწარმოები ებრაელთა ცხოვრების შესახებაა.

„სიძულვილი არაფრის მომცემია. პირადად მე განვიცდი ერთგვარ სირცხვილის გრძნობას. ეს არის ძალიან კარგი გრძნობა, როდესაც ჩნდება უსამართლობა, მაშინ ჩვენ, ხელოვნების ხალხი, ვალდებული ვართ, ვიგრძნოთ სირცხვილი ამის გამო. ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ბოროტებას, უსამართლობას, მუხთლობას. ჩვენ გვაერთიანებს ადამიანობა“, – განაცხადა მარკ როზოვსკიმ.

ქუთაისის  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კოტე აბაშიძის თქმით, მარკ როზოვსკი რუსეთის კულტურის ის წარმომადგენელია, რომელმაც პირველმა დაუჭირა საქართველოს მხარი 2008 წლის ომის შემდეგ.

მისივე თქმით, სწორედ მან დადგა ნოდარ დუმბაძის „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ მოსკოვში. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ამით ხმამაღლა გამოთქვა თავისი პროტესტი.
​ის არის ადამიანი, რომელმაც ყირიმის ანექსია დაგმო და საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. ის არის თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი რუსეთში.

მოსკოვის  დასმა  ქუთაისში ორ სპექტაკლი წარმოადგინა – „არ დამივიწყო“ და „ჩვენი ეზოს სიმღერები“.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close