მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

მეცნიერებმა რამდენიმე პაციენტში ალცჰაიმერის დაავადება უკუაქციეს

ალცჰაიმერის დაავადების კონტროლსა და მკურნალობას მსოფლიო გამალებით ცდილობს. კვლევის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მიმართულებაა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენება მეხსიერების დაკარგვის უკუქცევისთვის. ახლახან ერთ-ერთი პატარა კვლევა, რომლის დროსაც სპეციალისტებმა ეს მიდგომა გამოიყენეს, საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებით დასრულდა.

ამ შემთხვევაში ყველა პაციენტს აღენიშნებოდა ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი ფორმა. კვლევის დროს მათ თავზე ჩამოაცვეს ე. წ. MemorEM ქუდები, რომლებიც სპეციალური გამომსხივებლებით, თავის ქალის მასშტაბით, ელექტრომაგნიტური ტალღების ჩვეულებრივ დინებას წარმოქმნის. სამკურნალო პროცედურა დღეში ორჯერ ტარდებოდა, ერთი საათის განმავლობაში და, რაც მთავარია, ის საკმაოდ ადვილი ჩასატარებელია სახლის პირობებშიც.

MemorEM-ის მოწყობილობები კომპანია NeuroEM Therapeutics-მა შექმნა; აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კვლევის ორი ავტორი ამ კომპანიის დამფუძნებელია და, შესაბამისად, მათ კომერციული ინტერესიც აქვთ.

მიუხედავად ამისა, მათი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ნამდვილად ღირს ამ მიმართულებით კვლევების შემდგომი გაგრძელება.

კომპანია NeuroEM Therapeutics-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბიოლოგ გრეი არდენაშის განცხადებით, ორთვიან კვლევას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა და დასრულების შემდეგ არცერთ პაციენტს აღარ სურდა თავზე ჩამოსაცმელი მოწყობილობები სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტისთვის დაებრუნებინა. როგორც არდენაში აღნიშნავს, ერთმა პაციენტმა ისიც კი განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება.

კვლევა ეფუძნება ამავე ჯგუფის მიერ წარსულში თაგვებზე ჩატარებულ ცდებს, რომლებმაც აჩვენა, რომ თავის ქალაში ელექტრომაგნიტური ტალღების გავლით მკურნალობა (TEMT) მათ მეხსიერების დაკარგვისგან იცავდა; უფრო მეტიც, ხანდაზმულ მღრღნელებში ამ პროცესს უკუაქცევდა.

არსებობს მტკიცებულებები, რომ მკურნალობის TEMT მეთოდს შეუძლია დაშალოს ტოქსიკური ბეტა-ამილოიდები და ტაუ-ცილები, რომლებიც ფართოდ არიან დაკავშირებულები ალცჰაიმერის დაავადებასთან. როგორც ჩანს, ელექტრომაგნიტური ტალღები წყალბადის იმ სუსტი ბმების დესტაბილიზაციას ახდენენ, რომლებიც ამ ნივთიერებებს აკავებენ.

მეცნიერთა აზრით, ეს ცილები ახდენენ თავის ტვინის ბლოკირებას, ახრჩობენ და ანადგურებენ ნეირონებს, რომლებზეც დამოკიდებულია მეხსიერების შენარჩუნება და რომლებიც აზრებს ლაპარაკად გარდაქმნიან.

ცოტა ხნის წინ დემენციის გასაზომად შემოღებული ტესტების გამოყენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებას დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს. ამ ტესტებს ADAS-Cog-ს უწოდებენ და ალცჰაიმერის არმქომე პაციენტთათვის მისი საშუალო მაჩვენებელი იზომება ხუთით, დაავადებულისთვის კი, საშუალოდ, 31-ით. კვლევის მონაწილე რვა პაციენტიდან შვიდის საშუალო მაჩვენებელი ოთხ ქულაზე მეტით გაუმჯობესდა.

სწორედ ოთხი ქულით იკლებს შემეცნების უნარი ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტში ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ორი თვის განმავლობაში მკურნალობის შედეგად მეცნიერებმა უკან დააბრუნეს ამ დაავდების მიერ ერთი წლის განმავლობაში დაზიანებული შემეცნების უნარი.

ამ სახის მკურნალობის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია პირდაპირ ამოიღოს მიზანში ტოქსიკური ცილები და ეფექტიანად გაანადგუროს. ეს კი სწორედ ისაა, რის წინაშეც თანამედროვე მედიკამენტები უძლურია ჰეტამო-ენცეფალური ბარიერის გამო, რომელიც ჩვენს თავის ტვინს უცხო სხეულებისაგან იცავს.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მასში მონაწილე რვა პაციენტს TEMT მკურნალობის შემდეგ არ აღენიშნა გვერდითი ეფექტები ან ტვინის დაზიანების რაიმე ნიშანი.

შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო დიდი კვლევა, რომელშიც ალცჰაიმერით დაავადებული უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. წლის ბოლოსთვის NeuroEM Therapeutics-ი 150 პაციენტის მკურნალობას გეგმავს. თუკი აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი უსაფრთხო და ეფექტიანია, შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება მწვანე შუქი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან.

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში მეხსიერების შესუსტების შეჩერებას ან უკუქცევას მეცნიერები ათწლეულებია ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. შესაბამისად, აღნიშნულ კვლევას და მის შედეგს ამ სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

კვლევა Journal of Alzheimer’s Disease-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close