ქართველი ემიგრანტი, რომელმაც პირველი ესპანურ-ქართული და ქართულ-ესპანური ონლაინ ლექსიკონი შექმნა

„სადაც უკეთესად მოახერხებს ადამიანი თვითრეალიზაციას, უფრო მეტად გამოადგება საკუთარ თავსაც და სხვასაც – ქვეყანას, სამშობლოს“, – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ბატონი ჯუმბერ ბოლქვაძე, მრავალმხრივი ინტერესების მქონე პიროვნება, რომელიც წლებია ესპანეთში იმყოფება.

ენები, მწერლობა, ჟურნალისტიკა (ქართულ ვიკიპედიაში ნახავთ მის სტატიას შვედ გიტარისტ, ვირტუოზ ინგვი მალმსტინზე, რომელიც 2010 წლის საუკეთესო სტატიად აღიარეს), როკ-მუსიკა… პირველი ესპანურ-ქართული და ქართულ-ესპანური ლექსიკონი (www.espanuri.ge) და ესპანური ენის შემსწავლელი ფეისბუქგვერდი – Espanuri.ge; ოჯახის მიერ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის შექმნილი საავტორო არხი YOUTUBE-ზე და… მოკლედ, უმჯობესია თავად ბატონ ჯუმბერს მოვუსმინოთ და უშუალოდ მისგან შევიტყოთ მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტების შესახებ, მათ შორის, ემიგრაციაში.

ბატონო ჯუმბერ, მოგვიყევით თქვენ შესახებვინ ხართ, საიდან მოდიხართ, როდის და როგორ აღმოჩნდით ესპანეთში?

ბათუმელი ვარ, პროფესიით ფილოლოგი, ვფლობ 5 ენას, მყავს მეუღლე და 2 ვაჟი. უკვე 15 წელზე მეტია მადრიდში ვცხოვრობ.

დავიბადე და გავიზარდე აჭარის მაღალმთიან, ქედის რაიონში, დაბა ქედაში. ჩემი მშობლები იმდროინდელი ქედის რაიონის ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენელები იყვნენ. დედა, მერი კურცხალიძე ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი გახლდათ, მამა – აბდულ ბოლქვაძე აჭარის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, რაიონის კულტურის სახლის დირექტორი, ლოტბარი და თეატრალური დასის რეჟისორი წლების განმავლობაში.

ადრეული ასაკიდან დედის სამსახურისაგან მივიღე წიგნების „შთანთქმის“ დიდი „მანია“. მამის სამსახურისაგან მერგო მუსიკის, თეატრის, ფოლკლორის სამყაროსთან ზიარება. ასევე, დიდად ვიყავი გატაცებული კინემატოგრაფიით. კინოს სიყვარულმა არა მარტო გამიფართოვა მსოფლმხედველობა, არამედ, უფრო მოგვიანებით, სხვა საქმიანობაშიც გამომადგა.

მამაჩემი მეუბნებოდა, ხელოვანი კაცი საქართველოში ოჯახს ვერ შეინახავსო, რაშიც შემდგომში დავრწმუნდი კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის მქონდა მისწრაფება შემოქმედებისადმი. სულ ვკითხულობდი და დროდადრო ვწერდი კიდეც, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მუსიკის სიყვრულმა გადასძლია ყველაფერი და წერას დავანებე თავი.

ვუსმენდი ყველაფერს, რაც ხელში ჩამივარდებოდა, უმთავრესად – უცხოურ თანამედროვე მუსიკას და იმავე წელს, როცა მაშინდელ ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე) ჩავაბარე, ინსტიტუტში მისვლამდე გასტროლებზე წავედი ქედის რაიონის ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ნაკადულთან“ ერთად, სადაც ჯერ რიტმ, შემდეგ კი ბას-გიტარაზე ვუკრავდი და ზოგიერთ ინგლისურ და რუსული პოპ-მუსიკის სიმღერსაც ვმღეროდი.

ინსტიტუტში სწავლის დროს, სტუდენტ მეგობრებთან ერთად, ბათუმის მეზღვაურთა კლუბის ბაზაზე როკ-ჯგუფი სახელწოდებით „კარაველა“ ჩამოვაყალიბე, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მალე როკ-მუსიკით ჩემი გატაცება პროფესიონალურ საქმიანობაში გადაიზარდა. ქედის კულტურის სახლის ბაზაზე, დიდი ბრძოლის შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ 80-90-იან წლებში საქართველოში ძალიან პოპულარული, პერსპექტიული როკ-ჯგუფი „ბეთლემი“, სადაც ვიყავი ბას-გიტარისტი და ჯგუფის ტექსტების ავტორი.

მიუხედავად პოპულარობისა, ძალიან ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, 90-იანი წლების მიწურულს ჯგუფი დაიშალა.

როდესაც საქართველოში დაიწყო ქაოსური, აბსტრაქტული, დაპირისპირებების, უსახსრობის პერიოდი, არანაირი პერსპექტივა, სახსრები აღარ გამაჩნდა, სახლში მყავდა უნიჭიერესი ბავშვები, რომლებისთვისაც წიგნის, საწერ-კალმის საყიდელ ფულს ვერ ვშოულობდი, და მაშინ გადავწყვიტე, როგორც იტყვიან, „ვა-ბანკზე“ წასვლა. ასე აღმოვჩნდი უცხოეთში – ჯერ პოტრუგალიაში, შემდეგ კი – ესპანეთში, ოჯახი რომ ფეხზე დამეყენებინა, შვილების მომავალი უზრუნველმეყო.

უცხოეთში მარტო წახვედით თუ თავიდანვე ოჯახთან ერთად დატოვეთ საქართველო? რამდენად რთული აღმოჩნდა ესპანეთში თავის დამკვიდრება?

თავიდან მარტო წავედი. როგორც გითხარით, პირველად პორტუგალიაში ჩავფრინდი, მაგრამ როდესაც იქაურ სიტუაციაში გავერკვიე, მივხვდი, რომ დროს დავკარგავდი და ესპანეთში, ქალაქ ბურგოსში ავტობუსით, იმპროვიზებულად ჩავედი. იქ მეგობარმა შემიკედლა და დავრჩი 3 თვით, სანამ ენას ვისწავლიდი. შემდეგ ბედმა მადრიდში გადამისროლა, სადაც მუშაობა დავიწყე კემბრიჯის ავტორიზებულ ინსტიტუტში ინგლისური ენის სწავლების თანაშემწე-მასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ კი, საემიგრაციო რეფორმის გამო, დავკარგე სამსახური, რადგან ნორმალური საბუთი არ მქონდა. დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი, სანამ საბუთის აღება მოვახერხე, თითქმის 3 წლის განმავლობაში დიდი ჯოჯოხეთი გავიარე: სახლშიც კი ვერ ვრეკავდი, მაგრამ მადლობა ღმერთსა და კიდევ რამდენიმე ადამიანს – ესპანელებს, საბუთი ავიღე და ნორმალური სამუშაოც გამომიჩნდა.

ოჯახის ჩამოსაყვანად მაინც 10 წელი დამჭირდა, რაც ძირითადად ჩემი ბიჭების სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრებასთან იყო დაკავშირებული.

ამჟამად რას საქმიანობთ?

ბოლო 8 წლის განმავლობაში ვიმუშავე საავტომობილო ბიზნესში დაკავებულ საერთაშორისო ფირმის ადმინისტრაციაში მენეჯერად, სადაც ძირითადად ენების ცოდნის გამო ამიყვანეს. ფირმა ახალშექმნილი იყო და, შეიძლება ითქვას, მის გამართვაში დიდი წვლილი მეც მიმიძღვის. ამჟამად ვმუშაობ საკუთარ პროექტზე, რომელიც ასევე ენებს უკავშირდება.

მინდა გითხრათ, რომ ენებისადმი ინტერესი და მიდრეკილება ყოველთვის მქონდა. ინსტიტუტში სწავლის დროს რუსული ენის გარდა ვსწავლობდი ფრანგულ ენას და საუკეთესო ვიყავი ჩემს კურსზე. შემდეგ დამოუკიდებლად ავითვისე ინგლისური ენა, მერე – გერმანული – 40 წლის ასაკში და ესპანური – 45 წლის ასაკში.

და ესპანურქართული და ქართულესპანური ონლაინ ლექსიკონის შექმნაც გადაწყვიტეთრატომ?

ესპანურ-ქართული და ქართულ-ესპანური პირველი ონლაინ ლექსიკონის გაკეთება წლების ფიქრის, რაიმე მნიშვნელოვანის, ყველასთვის სასარგებლოს შექმნის დიდი სურვილის შედეგია.

მისი შექმნა აუცილებლობასთანაც იყო დაკავშირებული – ის არ არსებობდა და ამ ბარიერის გადალახვა საკუთარ თავზე გამოვცადე: ესპანეთში რომ ჩამოვედი, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცოდი ესპანურად – „Gracias“ (მადლობა). ენის სწრაფად სწავლის საჭიროება ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი იყო: საჭირო იყო საკონტაქტოდ, სამუშაოს მოსაძებნად და ყველა პრობლემის მოსახსნელად – საქართველოშიც და ესპანეთშიც.

მინდა გითხრათ, რომ ამ ლექსიკონის შექმნამ დიდი დახმარება აღმოუჩინა და დღემდე ეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს, არა მარტო აქ, ესპანეთში, არამედ საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც. უნდა გენახათ, ამ ლექსიკონის ინტერნეტში გაშვების პირველივე წუთებიდან, რა თავბრუდამხვევი ტემპით მიდიოდა მისი მომხმარებლების, ხელმომწერების რიცხვის ზრდა, თბილი, სამადლობელო კომენტარები, ლოცვებიც კი ჩვენი მისამართით! ვფიქრობ, მაქვს მორალური უფლება ვიამაყო იმით, რაც გავაკეთე ამ ენის შესწავლის მსურველთა დასახმარებლად.

ონლაინ სწავლების გვერდიც გაქვთ შექმნილი სოციალურ ქსელში და, როგორც ვიცი, აქტიურობა იქაც საკმაოდ დიდიარა იყო თქვენი მიზანი, როცა ამ საქმიანობით დაკავდით?

როდესაც ონლაინ ლექსიკონი შევქმენი, უმალვე გავიაზრე, რომ რაღაც მეტის გაკეთება იყო საჭირო იმისთვის, რომ ესპანური ენის შესწავლის პროცესი უფრო ეფექტური ყოფილიყო, რადგან ლექსიკონი მხოლოდ მინიმალური ფორმაა, ის არ განმარტავს „სად, როგორ და რატომ“-ს, ის მხოლოდ „რა“-ს პრობლემას წყვეტს. საჭირო იყო განმარტების, თავისუფალი კონტაქტის, აზრთა გაზიარების, შეკითხვების, პრობლემების გადაჭრის უფრო მყისიერი ფორმა.

როგორც ცნობილია, სოციალური ქსელები დღეს ინფორმაციის სწრაფი გავრცელების და ადამიანებს შორის კავშირის შესანიშნავი საშუალებაა. ამაზე უკეთესი რა უნდა მომეფიქრებინა? გავაკეთე თუ არა ეს გვერდი, ყველაფერი აეწყო. ყოველდღე იზრდება ხელმომწერთა რიცხვი, ინტერესი, მოთხოვნები, რაც უფრო მეტს მავალებს და სხვა, ახალ, უფრო ეფექტურ ფორმატში გადასვლას ითხოვს. უკვე მოფიქრებული მაქვს და ვმუშაობ მის ასამოქმედებლად, თუმცა ამჟამად ამაზე საუბარს თავს ავარიდებ: მირჩევნია ჯერ თავი დავადგა საქმეს და მერე ვილაპარაკო.

მიზანი კი ერთია – დავეხმარო ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

ამ წარმატებაში თქვენს მთავარ თვისებად რას მიიჩნევთ?

სიახლეებისადმი მუდმივი სწრაფვას. რა თქმა უნდა, ამას უნდა დავუმატოთ სხვა „მთავარი ინგრედიენტებიც“, რომელთა გარეშეც შეუძლებელია რაიმე მნიშვნელოვანი, ღირებული წარმატების მიღწევა: შეუპოვარი შრომა, პრინციპულობა, ზოგჯერ – მსხვერპლის გაღებაც, რაშიც ვგულისხმობ საქმის გულისთვის საკუთარი ცხოვრების, სიამოვნების, დროის დათმობას.

არა მარტო თქვენ, თქვენი მეუღლეც მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებულისაავტორო არხი გაქვთ იუთუბზე, რომლის საშუალებითაც ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას ეწევა

ყველაფერი ჩემი მეუღლის, მერის კარგი საოჯახო აღზრდიდან იწყება. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მერი პროფესიით მზარეული არასდროს ყოფილა. მას უმაღლესი განათლება აქვს – არის მშენებელი ინჟინერი: დაამთავრა ვორონეჟის საამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი. ასე რომ, კულინარია მისთვის მხოლოდ ჰობი იყო და არის დღემდე.

გარდა იმისა, რომ ჩემთვის საუკეთესო ადამიანი, მეუღლე, მეგობარი და დედაა, ის უდიდესი კულინარული ცოდნის, გემოვნების, ესთეტიკის ადამიანია. ესპანეთში რომ ჩამოვიდა, მასაც ჩემსავით აწუხებდა რაღაც ახალის, საკუთარის შექმნის იდეა. ჯერ ქართული რესტორნის იდეაზე ვფიქრობდით, მაგრამ მადრიდში ამის გაკეთებას ძალიან სერიოზული ინვესტიცია დასჭირდებოდა. ამასთან, მადრიდში გაცილებით ნაკლები ქართველი ცხოვრობს, ვიდრე ბარსელონაში. მოკლედ, ბოლოს მთელმა ოჯახმა ამ ჩანაფიქრის რეალიზაციის სხვა ფორმა მოვიფიქრეთ – საავტორო არხის შექმნა იუთუბიზე, სახელწოდებით «На кухне у Мери».

მერის რეცეპტები არ არის პირდაპირი „გადამღერება“, ასლი ქართული (და არა მარტო) კერძების მომზადების ტრადიციული მეთოდისა და ფორმისა. იგი არ კარგავს ამა თუ იმ კერძის ორიგინალის მომზადების ძირითად პრინციპს, თან ყოველთვის ცდილობს შემოქმედებითად მიუდგეს ქართული თუ სხვა სამზარეულოს კერძების დამზადებას და წარმოჩენას, გემოვნების, ესთეტიკის ახლებურ ხედვას.

ძალზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ეყრდნობა მერის გასტრონომიული შემოქმედება: მომზადების სიმარტივე, პრაქტიკულობა, მომზადებისათვის საჭირო მინიმალური დრო, რაც დაძაბული დღევანდელობის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ზემოჩამოთვლილისა, ამ არხის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა მერის პიროვნულმა, უნიკალურმა აურამ, ბუნებამ, მისმა ლაპარაკის, მოძრაობის უშუალო, მშვიდმა, „ახლობლურმა“, თბილმა მანერამ, რაც ჩანს არაერთ კომენტარში. ბევრი ხელმომწერი იმასაც კი წერს, რომ სახლში ცუდ ხასიათზე რომ მივდივარ, მერის არხს ვრთავ და ვმშვიდდებიო.

ძალიან ბევრი ხელმომწერი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, კომენტარებში აღნიშნავს, რომ ამ არხით ჩვენ ვაახლოებთ მათ საქართველოსთან, მისი გასტრონომიის მარგალიტებთან, კულტურასა და ტრადიციებთან.

ვინ არიან, ძირითადად, ჩვენი ხელმომწერები? ისინი, ვისაც ენატრება და ვისაც აინტერესებს საქართველო.

რა საჭმელები მოსწონთ ესპანელებს განსაკუთრებით და თავად თქვენ რა მოგწონთ ესპანური სამზარეულოდან?

კარგი ურთიერთობა გვაქვს ესპანელებთან და არაერთხელ გვიმასპინძლია მათთვის ქართული კერძებით. ძალიან მოსწონთ ის კერძები, რომლებშიც ბევრი (შედარებით) კალორია არაა და გემოთი საინტერესოა, მაგალითად, სალათები, მხალეული, აგრეთვე, ნამცხვრები, ცომეული, უპირველსად, ხაჭაპური… და, რა თქმა უნდა, ხინკალი.

რაც შეეხება ესპანურ გასტრონომიას, მე პირადად, ძალიან მომწონს გალიციის რეგიონის ზღვის პროდუქტები. მომწონს, აგრეთვე, საყოველთაოდ ცნობილი პაელია, ხამონი ანუ ესპანური ლორი, გასპაჩო, სასმელებიდან – სანგრია (ერთგვარი, ცოტა ალკოჰოლიანი, ლიმონიანი გამაგრილებელი დასალევი).

საინტერესოა, რა არის ძირითადი განსხვავება ჩვენს ორ კულტურას და ჩვენს ხალხებს შორის?

ესპანელები ძალიან ყურადღებიანი, კომუნიკაბელური, გახსნილი ხალხია. ჩვენსავით იციან შეკრებები, ლაპარაკი, თანაც ჩვენსავით ხმამაღლა. დახმარებაც არ არის მათთვის უცხო, სხვისი გაჭირვების გაზიარება, ხელის შეშველება. ამან ბევრჯერ მიხსნა მეც, როცა მძიმე სიტუაციაში ვიყავი, საბუთის აღებამდე.

ძირითადი განსხვავება კი ისაა, რომ თუ ვინმეს შენი პატივისცემა უნდა, ბარში ან რესტორანში დაგპატიჟებს და არა სახლში. სახლი წმინდა ცნებაა მათთვის. ამასთან, კიდევ იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ ძალიან ამაყები, ზოგჯერ ამპარტავნები, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ზედმეტი წარმოდგენისა ვართ.

კანონის, რიგითობის პატივისცემისგან ხშირად შორს ვართ. აი, სიზარმაცეში, უფრო დროსტარებისკენ მიდრეკილებაში ნამდვილად ვგავართ!

უნდა ნახოთ კვირის ბოლოს, ტრადიციული დღესასწაულების, შვებულებების პერიოდში რა ამბავია ესპანეთში: საერთო მობილიზაციაა! ოღონდ ამ მხიარულების სიამოვნება აქ ლიტრების რაოდენობით არ განისაზღვრება! აქ მთავარია ერთმანეთის ნახვით, ურთიერთობით მიღებული პოზიტივი.

კიდევ ერთი განსხვავება: შეკრების შემდეგ, ორი იქნება თუ მეტი ადამიანი, ერთ ბარს ან რესტორანს არ ჯერდებიან – მათთვის ემოცია უფერულდება, როცა ერთ ადგილზე მიმდინარეობს ასეთი „ღონისძიებები“, ამიტომ ერთი ბარიდან მეორეში, მესამიდან მეოთხეში და ასე მიყოლებით, სხვადასხვა ობიექტში აცოცხლებენ სიტუაციას, შეგრძნებებს, ახალისებენ მათ, და ეს შეიძლება მთელ ღამეს გაგრძელდეს.

ხშირად ერთი ნიუანსი ახლავს ამ ტიპის საერთო დროსტარებას: ოჯახებით, მცირეწლოვანი ბავშვებითაც კი, იკრიბებიან და მათი, უფროსების მეგობრობა პატარებშიც გადადის.

თქვენი შვილები რას საქმიანობენ?

როგორც აღვნიშნე, ორი ვაჟი მყავს: ჯანი და ჯონი, 28 და 27 წლის. ორივემ თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. ორივე ფლობს 5 ენას, მათგან 2 დამოუკიდებლად ისწავლეს: ჯანიმ – ესპანური და გერმანული, ჯონიმ – ესპანური და ჩინური, რომელიც იმ დონეზე აითვისა თავისით უნივერსიტეტში სწავლის დროს, რომ უნივერსიტეტში ჩინეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ამ ენის კონკურსში გაიმარჯვა და საელჩოს დაფინანსებით ერთი წლით გაემგზავრა პეკინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სასწავლებლად.

რაც შეეხება მათ საქმიანობას: ორივე მადრიდში, დიდ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობს: ჯანი – საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ამერიკულ კომპანია Century Link-ში, როგორც ფრონტენდ დეველოპერი, ხოლო ჯონი – ტრეიდერებისა და ინვესტორების საერთაშორისო პლატფორმა Investing.com-ში, როგორც მარკეტინგული მონაცემების უფროსი მეცნიერი.

იფიქრებდით ოდესმე, რომ ასეთ გზას გაივლიდით?.. რა არის ემიგრანტობა თქვენთვის?

კომუნისტური რეჟიმის, „რკინის ფარდის“ გამო, ჩემი ცხოვრების ადრეულ პერიოდში ძნელი იყო ამის წარმოდგენა, თუმცა ჩემი გონების თვალი ყოველთვის ცდილობდა, გაეხედა ამ წითელი კედლის მიღმა. ვიცოდი და მომწონდა ჰიპები, „როლინგები“, „ბითლზები“, მიყვარდა ჯონ ლენონის მსოფლმხედველობა, მისი ცხოვრების, ჩაცმის სტილი, ვბაძავდი მას. ამის გამო იყო, რომ ბევრი „ჯონის“ ან „ფირმა ბიჭს“ მეძახდა ქედაში (ბევრი, ძირითადად, მეგობრები, დღესაც ჯონის მეძახიან). ასე რომ, „ვირტუალურად“ საზღვარგარეთი ჩემთვის უცხო არ იყო.

ემიგრანტობა ჩემთვის, პირველ რიგში, თავისუფლებას, მათ შორის, ეკონომიკურს, და პიროვნულ თვითრეალიზაციას ნიშნავს, რაც გულისხმობს ჩემი და ჩემი ოჯახის წინსვლას, პერსპექტივებს, სამომავლო გეგმების არსებობის საფუძველს. ეს ყველაფერი საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა, სამწუხაროდ, რადგან საუკეთესო წლები თითქმის უკვალო და, აქედან გამომდინარე, უაზრო ბრძოლაში მიმომეფანტა.

გარდა ამისა, ეს არის ერთგვარ, საკუთარი ძალისხმევით მაქსიმალურად კომფორტულად მოწყობილ კუნძულზე ცხოვრება, სადაც ყველაფერი გაქვს, მაგრამ წელიწადში თუნდაც ერთხელ თუ არ დატოვებ მას, რამდენიმე დღით მაინც, ოქროს გალიას ემსგავსება, სადაც სიხარულის ტერიტორია ძალიან შეზღუდულია და სუნთქვა ჭირს.

წელს, მგონი, დატოვეთკუნძულიდა ბათუმში იყავითემიგრანტობის პერიოდში პირველად როდის ჩამოხვედით საქართველოში და რა განცდა გქონდათ?

ემიგრანტობის დროს პირველი სამწელიწად-ნახევარი ვერ მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა, უსაბუთობის, უსახსრობის გამო: რომ ჩავსულიყავი, უკან ვეღარ დავბრუნდებოდი, ესპანეთში. როდესაც პირველად სახლში მივედი და კარი უფროსმა შვილმა გამიღო, ელდანაკრავივით გავშეშდი: ჩემ წინ უკვე მამაკაცი იდგა და არა ის ბავშვი, რომელიც დავტოვე თითქოსდა გუშინ… იდგა და ნაცნობი ღიმილით მიყურებდა… მიხაროდა და თან მენატრებოდა ის ბავშვი, რომელიც სამწლინახევრის წინ დავტოვე. დავიბენი…

მერე მეორეც შემომეგება, ჩემი მეუღლეც… სიხარული, ტკივილი, სევდა, მომავალის იმედი… ყველაფერი აირია ერთმანეთში. მაშინ დავიჭირე საშინელი აზრი ჩემს თავში: თუ რა დავკარგე და რას ვერ დავიბრუნებდი ვერასდროს.

ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი რამ აღმოვაჩინე: არ ვიცოდი, რა ენაზე უნდა მესაუბრა შვილებთან, რომლებსაც მანამდე მათ, ბავშვურ ენაზე ვესაუბრებოდი… ისინი უკვე პირველი, ჯერ კიდევ მოუპარსავი წვერით შეღინღლული კაცები იყვნენ!

ამის შემდეგ კიდევ დაახლოებით 7 წელი დამჭირდა, ყველა ერთად რომ ვყოფილიყავით.

და ახლა მთელი ოჯახი ერთად ხართვინ და რა გენატრებათ ხოლმე საქართველოში?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე ახლობელი ადამიანები: დედა (მამა ადრე გარდამეცვალა), და-ძმა, ახლო ნათესავები, მეგობრები.

გვენატრება აჭარა, სადაც დავიბადეთ, მისი სიმწვანე. წელს რომ ჩავედით ბათუმში, ბევრ რამეს ვეღარ ვცნობდი. ნაცნობი ქუჩების ნაცვლად ახალი შენობები დამხვდა, ბევრი წარმატებული დიზაინით, ზოგიც უგემოვნოდ გადაწყვეტილი. და მაინც, სულ სხვანაირად ვსუნთქავდი, თუნდაც იმ მინგრეულ-მონგრეულ, ვიწრო, ჯერ კიდევ მოუწესრიგებელ ქუჩებში.

ქართული საჭმელები არ მენატრება – გასაგები მიზეზების გამო J მაგრამ: რატომღაც საქართველოში გაკეთებულ საჭმელებს მაინც სხვა გემო აქვს და სხვანაირად ვირგებ.

თქვენი სამომავლო გეგმები და მიზანი რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?

მე არ ვცხოვრობ ძალიან შორეული გეგმებით. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გეგმები არ მაქვს. ჩემთვის ცხადზე ცხადია ერთი რამ: სადაც არ უნდა ვცხოვრობდე, რა გეგმებიც არ უნდა მქონდეს დასახული, რაღაც ნაწილი საქართველოს უკავშირდება. მისი უკეთესობისკენ სვლა და საბოლოოდ დალაგება, სტაბილურ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ჩემი უდიდესი ფიქრია.

შარშან ჰოლანდიაში, ჰააგაში ვიყავი მივლინებით ერთი ესპანური ფირმის პროექტთან დაკავშირებით. არასდროს დამავიწყდება ამ ქალაქის მთავარ მოედანზე მარტოდ გატარებული საღამო. დავდიოდი ამ მოედანზე, ბინენჰოფის სამთავრობო, მრავალსაუკუნოვანი შენობების წინ და გულში ვამბობდი: „თუკი ადამიანების მოდგმაში, ერთ ერში, შესაძლებელი გახდა ხალხის (და არა საკუთარ, ეგოცენტრულ) კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ამ სიბრძნემდე მისვლა, მისი განვითარება და დღემდე შენარჩუნება – ნუთუ შეუძლებელია ამ სიბრძნებმდე მისვლა საქართველოშიც?!“ და იქვე თითქოს მესმოდა სხვა შინაგანი ხმა: „ყველაფერია შესაძლებელი, ყველაფერია შესაძლებელი!“.

ღმერთმა ქნას, მაგრამ… კიდევ რამდენი წლის ფასად?

ბიჭები რას ფიქრობენაპირებენ საქართველოში დაბრუნებას და აქ ცხოვრებას?

ჩემი ბიჭები, აზრებით და გეგმებით, არასდროს დასცილებიან საქართველოს და ვერც ვერავინ ათქმევინებს ცუდს საქართველოზე. აქვთ თავიანთი პროექტები, რომლებზეც მუშაობენ და რომლებიც, როგორც საქართველოსთან, ისე სხვა ქვეყნებთან არის კავშირში და ხვალ თუ ზეგ გააკეთებენ.

საერთოდ, ვფიქრობ, სადაც უკეთესად მოახერხებს ადამიანი თვითრეალიზაციას, უფრო მეტად გამოადგება საკუთარ თავსაც და სხვასაც – ქვეყანას, სამშობლოს.

ბატონო ჯუმბერ, შორიდან მაყურებელი თვალისთვის საამაყო ბევრი გაქვთ, თავად თქვენი განცდა როგორიარით ამაყობთ და რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში (და არა მარტო) ბევრი რამ მაკლდა, შემიძლია ვთქვა: „ცხოვრება გამომივიდა“, ზოგი რამ – ნაკლებად, მაგრამ ის ნაკლებად გამოსულიც ჩემი ცხოვრების ნაწილია.

მთავარია, ვიცი, რისი გაკეთება მსურს, სანამ ვარსებობ.

ვამაყობ იმით, რაც შევქმენი და ბოლომდე მივიყვანე. იმით, რაც დარჩება ხელოვნებაში, მუსიკაში, ფილოლოგიაში, მაგრამ ყველაზე მეტად ვამაყობ ჩემი მეუღლით და ჩემი შვილებით; ჩემი გამარჯვებებით.

არ ვნანობ არაფერს, რადგან, კანტის თქმისა არ იყოს, სინანული ძაღლის მიერ ქვის კბენასავით უაზროა.

ვიცხოვრე, ვიბრძოლე და ვბრძოლობ ჩემი ჭკუის, ცოდნისა და სინდის-ნამუსის, პატიოსნების შესაბამისად, სრულყოფილება კი, ვფიქრობ, სასურველია, მაგრამ უტოპიაა.

ემიგრანტ თანამემამულეებს რას ეტყოდით?

ქართველებს არ უყვართ, როცა ჭკუას არიგებენ, რადგან ძალიან ბევრი თვლის, რომ ყველაფერი იცის, ზოგი კი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტი იცის. ამიტომ, ცოტა არ იყოს, დიდი ენთუზიაზმი არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. და მაინც, ზოგიერთი რამ მინდა დავაფიქსირო.

ზუსტად არ მახსენდება, საიდან მახსოვს ეს ფრაზა (მგონი, „დათა თუთაშხიადან“): კაცი საკუთარ ქვეყანაში მშობლებს ახასიათებს და უცხო ქვეყანაში – საკუთარ სამშობლოსო. იყავით ისე, რომ ყველამ ვიამაყოთ ჩვენი წარმოშობით, სამშობლოთი, ეროვნებით.

საკუთარი კეთილდღეობის, ნორმალური ცხოვრების მოპოვება ჩვენი უფლებაცაა და ვალდებულებაც, მაგრამ ყველა ხერხით როდია ეს გამართლებული.

გულს მიკლავს უცხოეთში, მათ შორის, ესპანეთშიც მასმედიის საშუალებით იმ ფაქტების გასაჯაროება, რეპორტაჟები, სადაც ქვეყნდება ქართველების უღირსი საქციელები, კრიმინალური დანაშაულებების არაერთი შემთხვევა. ვილანძღებით იქაც და აქაც. ყალიბდება სტერეოტიპი, განზოგადება მთლიანად ერისა ერთ რომელიმე კრიმინალთან.

რას ვეტყოდი ქართველ ემიგრანტებს? დააფასეთ თქვენი ქვეყანაც და ეს ქვეყანაც, პატივი ეცით მას, შეეცადეთ იცხოვროთ მათივე ნორმალური, უბრალო, არაამპარტავნული ცხოვრების წესით; შეეცადეთ გახდეთ მათი პატივისცემის, ყურადღების ღირსი (კარგი გაგებით) და თუ ამას მიაღწევთ, მერწმუნეთ, მათ ქართველებზე არანაკლები მეგობრობა და მხარში დგომა იციან.

ნუ იქნებით დაბოღმილი წარსულით: მას უკვე ვერაფრით შევცვლით! ერთ-ერთი ესპანელი მეგობარი მეუბნებოდა: ის, რაც ერთმა ადამიანმა შეძლო, ესე იგი, სხვისთვისაც შესაძლებელიაო.

მომავლისთვის იბრძოლეთ დღეს და ხვალ აუცილებლად თქვენც გამოგივათ.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები