სამზარეულო

მწვანე პომიდვრის უგემრიელესი კერძი შორეული ალაბამიდან

თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ ფანი ფლეგის ნაწარმოები „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „პატარა სადგურში“, დაგვიჯერეთ, საკმაოდ ბევრი დაგიკარგავთ. და თუ არც მისი ეკრანიზებული ვერსია გინახავთ, რომელიც 1991 წელს გადაიღეს ქეით ბეიტსისა და ჯესიკა ტენდის მონაწილეობით, მაშინ თქვენი დანაკარგი ერთიათად მატულობს.

ასე რომ, გირჩევთ, სასწრაფოდ გამოასწოროთ ეს შეცდომა. ნაზი, ტრაგიკული, გულწრფელი ისტორია ორი ქალისა ამერიკის სამხრეთიდან, რომელთა ერთგულმა მეგობრობამ მრავალ გამოცდას გაუძლო გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ანუ საკმაოდ პრობლემურ დროს, უთუოდ გულში ჩასწვდება თვით აშკარა ცინიკოსებსაც და ძირშივე მცდარი თეორიის მომხრეებს, რომ ქალთა შორის მეგობრობა არ არსებობს, მაგრამ, მგონი, თემას გადავუხვიეთ…

მოკლედ, კაფე „პატარა სადგურში“ მატარებლის მომლოდინე ადამიანებს და მათ გამცილებლებს ყოველთვის უბრალო, მაგრამ ისეთ გემრიელ კერძებს სთავაზობდნენ, რომ საჭმელთან ერთად შეიძლებოდა კოვზიც გადაგეყლაპა. დიასახლისების „კულინარიული სასწაული“ და ჭეშმარიტი შედევრი კი შემწვარი მწვანე პომიდვრებია, საწებლით თუ მის გარეშე, რომლის რეცეპტიც შავკანინმა სიპსიმ, ერთობ დახელოვნებულმა მზარეულმა, გამოიგონა. ის ახალგაზრდა ქალებს კერძების მომზადებაში ეხმარება…

აი, როგორია უშუალოდ რეცეპტი:

საჭიროა: 3 სუფრის კოვზი ღორის ქონი (ბეკონისგან გამოდნობილი), 4 მაგარი მკვახე პომიდორი, 2-3 ათქვეფილი კვერცხი, ორცხობილას საფანელი, ფქვილი, რძე, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი: პომიდვრები დავჭრათ მრგვლად, ერთი სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. გავადნოთ ქონი თუჯის ტაფაზე, ამოვავლოთ პომიდორი კვერცხში და ორცხობილაში, შევწვათ ნელ ცეცხლზე ორივე მხრიდან, ოქროსფრის მიღებამდე და გაშლილ თეფშზე დავაწყოთ. ტაფაში დარჩენილი ცხიმის ყოველ სუფრის კოვზს დავუმატოთ იმდენივე ფქვილი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავასხათ ერთი ჭიქა თბილი რძე და არ  გადმოვდგათ შესქელებამდე, ვურიოთ მიდმივად. დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით, მოვასხათ პომიდორს და სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. „ეს ყველაზე გემრიელი კერძია ამქვეყნად“, – ამბობს სიპსი და ამაში  თვითონაც დარწმუნდებით.

კირა კარიაული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close