ევროპის ქვეშ დაკარგული კონტინენტი იმალება – გეოლოგებმა მისი რუკა შექმნეს

სამხრეთ ევროპის ქვეშ დაკარგული კონტინენტი იმალება. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა მისი დეტალური რუკა შექმნეს.

დაკარგული კონტინენტი, რომელსაც „დიდ ადრიას“ უწოდებენ, 240 მილიონი წლის წინ გაჩნდა, მას შემდეგ, რაც ის გონდვანას გამოეყო. გონდვანა სუპერკონტინენტი იყო, რომელიც აერთიანებდა აფრიკას, ანტარქტიდას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და ხმელეთის სხვა ძირითად მასებს.

დიდი ადრია მართლაც საკმაოდ დიდი იყო, ვრცელდებოდა ამჟამინდელი ალპებიდან ირანამდე, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილი მაინც წყალქვეშ იყო მოქცეული – ანუ, მკვლევართა განცხადებით, მოიცავდა კუნძულებისა და არქიპელაგების მთელ წყებას.

კვლევის ავტორი, უტრეხტის უნივერსიტეტის გლობალური ტექტონიკისა და პალეოგეოგრაფიის დეპარტამენტის მკვლევარი დუვ ვან ჰინსბერგენი და მისი ჯგუფი თითქმის ათი წლის განმავლობაში აგროვებდნენ და სწავლობდნენ უძველესი კონტინენტის ქანების ნიმუშებს. მთების სარტყლები, სადაც დიდი ადრიას ქანები გვხვდება, 30 სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება.

დედამიწა დაფარულია დიდი ტექტონიკური ფილებით, რომლებიც ერთმანეთთან მიმართებაში გადაადგილდებიან. დიდი ადრია აფრიკის ტექტონიკურ ფილას მიეკუთვნებოდა (მაგრამ არ იყო მისი ნაწილი, რადგან მათ შორის ოკეანე იყო), რომელიც ნელა ცურდებოდა ევრაზიის ფილის ქვეშ, თანამედროვე სამხრეთ ევროპასთან.

დაახლოებით 100-120 მილიონი წლის წინათ დიდი ადრია ევროპას შეეჯახა და მის ქვეშ ჩაძირვა დაიწყო, მაგრამ ზოგიერთი ქანი იმდენად მსუბუქი იყო, რომ დედამიწის მანტიაში არ ჩაიძირა და მაღლა ამოვიდა. ჰინსბერგენის თქმით, სწორედ ასეთი ნგრევის პროცესის შედეგად წარმოიქმნა ალპები, სადაც ეს უძველესი ქანები ჩაჭედილი დარჩა.

ჰინსბერგენმა და მისმა ჯგუფმა ფოკუსირება მოახდინეს ციცქნა მაგნიტურ მინერალებზე, რომლებიც ამ ქანებში პირველყოფილმა ბაქტერიებმა წარმოქმნეს. ბაქტერიებმა ეს მაგნიტური ნაწილაკები ისე დააწყეს, რომ ორინტირდებოდნენ თავად, დედამიწის მაგნიტურ ველთან ერთად. როცა ბაქტერია კვდება, დანალექებში მაგნიტური მინერალები რჩება.

გარდა ამისა, ჰინსბერგენის ჯგუფმა თავი მოუყარა მსხვილ ქანებს, რომლებიც ერთ დროს ერთად უნდა ყოფილიყო, მაგალითად, ვულკანთა სარტყელში ან დიდ მარჯნის რიფში. მკვლევართა თქმით, მოძრავი ნასხლეტები ქანებს დაახლოებით ისე ფანტავდა, როგორც დამსხვრევისას მიმოიფანტება თეფშის ნატეხები.

ჰინსბერგენის განცხადებით, ეს პროცესი ერთი დიდი პაზლის ხელახლა აწყობას ჰგავდა, რასაც მისმა ჯგუფმა 10 წელი შეალია. ამის შემდეგ უძველესი კონტინენტის დეტალური რუკის შესაქმნელად მათ პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს და დაადასტურეს, რომ ის ჩრდილოეთით მოძრაობდა, ბოლოს კი ევროპას შეეჯახა.

ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მრავალი წლის მუშაობის შემდეგ ჰინსბერგენი ახლა წყნარი ოკეანის დაკარგული ფილების რუკის აღდგენას გეგმავს.

კვლევა ჟურნალ Gondwana Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

1tv.ge
კომენტარები