ქართული ენის მასწავლებელი ქოჯაელში, რომელზეც თურქეთში ლეგენდები დადის…

„არხოტში, სოფელ ამღაში სიამოვნებით დავბრუნდებოდი… თუ მართლა მთას დაუბრუნდა ქართველი, მე თურქეთიდან დავბრუნდები და სკოლაში სულ უფასოდ ვიმუშავებ“…

ბავშვობა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში გაატარა. მწერლობისა და ლიტერატურის სიყვარული ოჯახიდან დაიწყო… უყვარდა პაპის, ბეწინა წიკლაურის მოსმენა, რომელმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცოდა…

შემდეგ იყო სტუდენტობა… ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ისე წავიდა ცხოვრება, რომ თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში, პატარა ქალაქ კარამურსელში მოხვდა, რომლის ძირითადი მოსახლეობა ლაზები და გურჯები არიან. აქ  გახსნა  ქართული ენის პირველი უფასო კურსები. დღემდე თურქეთის ქართველობას ასწავლის ქართულ ენას და ერთადერთი ქართულის მასწავლებელია რეგიონში.

პარალელურად, ქოჯაელის სახალხო განათლების რუსული და თურქული ენის პედაგოგია.
ამბობს, რომ თურქეთში ერთი დიდი საქართველოა, საჭიროა მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ქართული ენით, კარგი იქნება, თუ  სათანადო სახელმძღვანელოები  გაიგზავნება.

პედაგოგ მაია წიკლაური-სარიჩამის პერსონა…

მთელი ბავშვობა დედოფლისწყაროში, სოფელ სამრეკლოში გავატარე, ძალიან ახალგაზრდა მშობლების ბავშვი ვიყავი, ამიტომ ბებიებმა და პაპებმა გამზარდეს, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ადამიანებმა. მთელი უბანი კი არა, მთელი სოფელი მიცნობდა და მანებივრებდა. მახსოვს, სადაც უნდა ვყოფილიყავით, სკამზე შემახტუნებდნენ და ლექსებს მათქმევინებდნენ. ძალიან ცალქი და ჯიუტი ვიყავი, ამიტომ მშობლებს უჭირდათ ჩემთან ურთიერთობა.

ხშირად ბებიებთან ვიყავი, უზომოდ მიყვარდა ცხოველები, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დიდი ეზო გვქონდა, ცხოველების ყოლის უფლებას არ მაძლევდნენ, სამაგიეროდ, ბებიებთან წიწილები, ინდაურები, იხვები, ძროხები, კატა, ძაღლი, კუ, ზღარბი… – რა გინდოდათ, რომ არ მყოლოდა.

სწავლით კარგად ვსწავლობდი, ფრიადოსანი ვიყავი, ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა, კონცერტებით, ლექსებით და ჯილდოებით სავსე. მამას უყვარდა პოეტების, მწერლების, მსახიობების სახლში მოყვანა, ჩვენთან ხშირად იშლებოდა სუფრა, თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მოდიოდნენ სტუმრები. მთელი ბავშვობა ვუსმენდი მათ საუბრებს და დიდებულ სადღეგრძელოებს, ლექსებით, სიმღერებით და ცეკვა-თამაშით დამშვენებულს, –  ლელა თათარაიძე, მზია ხეთაგური, ვანო ჩხიკვაძე, თედო ბექიშვილი და მრავალი კარგი ადამიანი.

პაპა იყო მელექსე ბეწინა წიკლაური, „ვეფხისტყაოსანიც“ ზეპირად იცოდა…

ჩემმა პაპამ, ბეწინა წიკლაურმა, ზეპირად იცოდა მთელი „ვეფხისტყაოსანი“.
ბეწინა ხირჩლას ძე წიკლაურმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მიუძღვნა იმის აღწერას, რაც არხოტიონთა მეხსიერებამ შემოინახა და რაც ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადმოეცემოდა, უნიჭიერესი ადამიანი იყო, მიყვარდა მისი მოსმენა და მისი წყნარი, რბილი ხმა.

წერა ბავშვობიდან გიყვარდა…

ბევრს ვწერდი, თავისუფალი თემებით დავამთავრე სკოლა და ჩავირიცხე ჯავახიშვილში, ოღონდ სერიოზულად არასოდეს არ მიფიქრია ამ ხაზით ცხოვრება, მახსოვს, მეხუთე კლასში ვიყავი, რომ ჩემმა მოთხრობამ „მოგზაურობა კავკასიაში“ რომელიღაც კონკურსში გაიმარჯვა, ალბათ ერთი ათჯერ მაინც გადამაწერინა 18-ფურცლიანი მოთხრობა ეგული მასწავლებელმა და ბოლოს ისე მეტკინა ხელი, რომ სულ ცრემლების ყლაპვით ჩავამთავრე ბოლო ეგზემპლარი და ბებიას კალთაში ვიტირე ხმამაღალი სლუკუნით, არასოდეს აღარაფერს დავწერ-მეთქი.

მაია, ამჟამად თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში  ცხოვრობ. მეუღლე ლაზი გყავს…  როგორ დაიწყე ცხოვრება უცხო ქვეყანაში?

ბოლო კურსზე ვიყავი, რომ თბილისის გაზეთებში პირველ თურქ საქმოსნებზე სტატიების გამოქვეყნება დაიწყო, მეგობარ გოგონებს ხელში ეჭირათ გაზეთი, იცინოდნენ, დამაინტერესა და ვკითხე, რას კითხულობთ ამისთანას-მეთქი? გაზეთი გამომიწოდეს სიტყვებით, ნახე რა, ცისფერთვალება თურქი. მაშინ რატომღაც თურქები სულ შავგვრემნები გვეგონა, მეც გავიხუმრე, ცისფერთვალება თურქი თუ ვნახე, ცოლად გავყვები-მეთქი. რა ვიცოდი, რომ 5 წლის მერე ცისფერთვალება თურქი ლაზი ხელს მთხოვდა.

მთელი 6 თვე ვერ გადავწყვიტე, დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, სულ ტიროდა, სად უნდა გადაიკარგოო. მარო ბებიამ გადამაწყვეტინა, ახლაც მახსოვს მისი სიტყვები, წადი, შვილო, ქართველი ყოფილა, განა ქართველი მარტო საქართველოშია ქართველი, ქართველი ყველგან ქართველია, მე შენ ყოველდღე წერილს მოგწერო და მართლაც შეასრულა თავისი სიტყვა.


წლების მანძილზე ულამაზეს უთბილეს წერილებს მწერდა, ასე აღმოვჩნდი თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში, პატარა ქალაქ კარამურსელში, რომლის ძირითადი მოსახლეობა ლაზები და გურჯები არიან.

პირველად ჩემმა დედამთილმა რომ დამინახა, ჩემს ქმარს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა მეგრულად, მე მხოლოდ „ქორთუ“ გავიგე, თურმე ქართველებს ლაზები ქორთუს ეძახიან, მე კიდევ ვეუბნები, ანნე, ქურთი არა ვარ, ქართველი ვარ-მეთქი.

მრავალი კურიოზი გადამხდა, ყველაფერი მაინტერესებდა, რომ იტყვიან, ყველგან ცხვირს ვყოფდი; მოკლე ხანში ვისწავლე თურქული და მოწყენილობას რომ არ მოვეკალი, მეზობლის ბავშვებს მათემატიკაში ვამეცადინებდი.

ჩემი ქმარი დილიდან საღამომდე მუშაობდა, ვთხოვე, სადმე კურსებზე ჩამწერე-მეთქი, ასე დავამთავრე ხატვის, ჭრა-კერვის, ქსოვის, სამზარეულოს და, რა ვიცი, თუ რამე კურსები არსებობდა, 2 წლის მერე უკვე თურქი ქალებისგან ვერ გამომარჩევდით, 1997-ში მივიღე მოქალაქეობა და ადგილობრივ კოლეჯში დავიწყე მუშაობა ქიმიის მასწავლებლად.
დღესაც დიდი სიყვარულით მეხვევიან მაშინდელი მოსწავლეები ქუჩაში, აქ უდიდეს პატივს სცემენ მასწავლებელს.

იზმითის დიდმა მიწისძვრამ ყველაფერი თავდაყირა დაყენა… გაიხსენე ის დღეები…

ამ და სხვა კითხვებზე პასუხები წაიკითხეთ აქ: http://kvira.ge/498246?fbclid=IwAR25KYFdHwj7XKxiINTYDZZh-Qq6IN37XqIcbT_isSHq_TQdTyPmJ6Kb6xA#prettyPhoto

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები