ბუონა ფორტუნა! – წარმატების საძიებლად მილანში
იტალიის ტერიტორიაზე ფეხის დადგმისთანავე დავიწყე ფიქრი სწავლაზე. დიდხანს ვერ ვწყვეტდი, დავრჩენილიყავი თუ დავბრუნებულიყავი საქართველოში. თუ დავრჩებოდი, აუცილებლად ვიტრაჟის ტექნოლოგიაზე (შუშაზე მუშაობის ტექნოლოგია და დიზაინი) უნდა მესწავლა, ამისთვის კი ქალაქი მილანი მომცემდა შესაძლებლობას, გავმხდარიყავი დიზაინერი.
ვშრომობდი და ერთი სული მქონდა, სანამ მილანში გადმოვსახლდებოდი რეჯო კალაბრიიდან. მილანი მოდის, არტის, ინდუსტრიის ქალაქია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ქალაქს ვუკავშირებდი ჩემს სამომავლო გეგმებს. ევროპელები ამბობენ, ყველაზე ლამაზად ჩაცმულები მილანში დადიანო და მართლაც: ამ ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დახვეწილად აცვიათ, გეგონებათ პოდიუმზე გამოდიანო.
და აი, ნოემბრის შუა რიცხვებში ავტობუსი გაჩერდა ლამპუნიანოს (Lampugnano) ავტოსადგურში. ძლივს ჩამოვედი ავტობუსიდან, ღამენათევი და ფეხებდასიებული, და გავექანე ჩემი მეგობრის, მაია ნომიაძის ჩასახუტებლად. ერთმანეთის დანახვისას მოულოდნელად გაგვეცინა:
– ლალი, გაიხსენე, რეჯო კალაბრიაში, მატარებლის სადგურზე მე და ანნა დაგხვდით, ვერც მაშინ ატარებდი ჩემოდნებს.
– კი, მაია, აწი რას ვისწავლი მათ ტარებას, მაგრამ სამაგიეროდ ფორტუნა (წარმატება) მომიტანე. მახსოვს, როგორ მითხარი, კეთილი იყოს ჩვენი ფეხი შენთვისო. ხელიც არ მომაკიდებინეთ ჩემოდნებზე. ეჰ, გაირბინა წლებმა. ახლა მილანი, ისევ შენ, ისევ ჩემოდნები და ისევ ეს ღიმილი.
– ჰო, ლალი, მაშინ შეშინებულები ვუყურებდით მომავალს, ახლა ვიცით, რა გვინდა, ენაც ვიცით და აქაური ცხოვრების წესებიც…
მაიასთან სახლში მისულმა, შხაპი მივიღე, ცოტა შევჭამე და დივანზე წამოვწექი. ბევრი რამ გავიხსენეთ და შემოგვაღამდა კიდეც… ზამთარში მოკლე დღეებია. ჩემს გეგმებზე მოვუყევი, თუმცა ძალიან კარგად იცოდა პირველი დღიდანვე და ახლაც ელოდება წითელ ხალიჩაზე ჩემ გვერდზე გავლას…
დავიწყე სამსახურის ძებნა… გაილია რვა თვე. მოულოდნელად ვიქირავე ბინა, რამაც გადამაწყვეტინა დღის სამსახურის ძებნა, თან სწავლის დაწყება. და ერთ საღამოს საბუთების საკითხის გასარკვევად მივადექი ჩემს კიდევ ერთ საყვარელ მეგობარს, თამუნა ზოვზივაძეს, რომელიც მილანში სწავლობს Universita deli studio di Milano-ში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მართლაც დიდი რისკის მიუხედავად, საბუთები შევიტანე ხელოვნების უმაღლეს სკოლაში – Scuola superiore della art castello di Milano-ში და გამოცდაზეც დამიბარეს.
წავედი ბედნიერი სახით. შეგვიყვანეს სტუდიაში და ჩამოგვირიგეს თაბაშირის ქანდაკებები, რომლებიც უნდა დაგვეხატა. ყველას წინ დაუდგეს კომპოზიციები გეომეტრიული ფიგურებით (პირამიდები, კონუსები, კუბები, ფინჯნები, ბოთლები და ა. შ.), აი მე კი ჩვ. წელთაღრიცხვამდე რომაელი მეომრის ფიგურის დახატვა მერგო წილად. გამომცდელს ვთხოვე, შემიცვალეთ-მეთქი, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მეც ქვა ავაგდე:
– ვერ დავხატავ, არასოდეს დამიხატავს ასეთი კულულებიანი კაცი.
თვალები დაჭყიტა და წარბაწეულმა მითხრა: „როგორ, გამოფენების დიპლომები და ნახატები, რომლებიც წარმოადგინე, მშვენიერია და ამის დახატვას რა უნდა?!“
– არ შემიძლია, პირველად ვხატავ ასე ქანდაკებას.
– ჰოდა, დახატე. მეც მაინტერესებს, როგორ დახატავ – მეუბნება და თვალს მიკრავს. ყველა ჩვენს დიალოგს უსმენს და ეღიმება.
– მაშინ წავალ, არ შემიძლია, ვერ დავხატავ.
– არ ინერვიულო… მაინტერესებს, როგორ დახატავ.
მე აქეთ ვიქაჩები, ის – იქით.
სხვა გზა არ მქონდა – დავიწყე ხატვა. გავხედავ სხვებს, ცალთვადახუჭული, ფანქრით ზომებს იღებენ. ვიფიქრე, ასე უნდა დავხატო-მეთქი და მეც დავიწყე ცალი თვალის დახუჭვა და ფანქრით ვითომ ზომების აღება…
ჩემს წვალებას არ უჩანდა ბოლო, თან ვფიქრობ, გავიპარები და რას გაიგებს, ნახატსაც გავაყოლებ ხელს…
გამომცდელი გვერდიდან არ მომშორებია. გესტაპოსავით თავზე მადგა. თვალს ჩამიკრავს, მეც ჩავუკრავ… ამოიწურა 3 საათი და ყველამ ჩააბარა ნამუშევარი. გამომცდელი ისევ თავზე მადგა: „მიაწრე სახელი და გვარი“. მივაწერე. წავედი ჩასაბარებლად და უცებ ხელიდან გამომგლიჯა – მე მომეციო. რა უნდა მექნა?! ბედს დავემორჩილე.
გავიდა ერთი კვირა. დამირეკეს, მობრძანდითო. მეც მივედი დათქმულ დროზე.
სტუდიაში იგივე სახეები. სამი პროფესორი და გამოძახებები. ყველა აქეს. მეგონა, მეტყოდნენ, ბოდიში, ჯერ ხატვა ისწავლე და მერე მოდიო, მაგრამ…
– დავითულიანი, პროპორციები კარგად გაქვთ დაცული, მაგრამ გრაფიკის არაფერი გაგეგებათ, თქვენი ნამუშევრებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მოგცეთ შანსი, ვნახოთ, სემესტრს როგორ ჩაამთავრებთ… – თან ძველმა გამომცდელმა თვალი ჩამიკრა. მეც გამეღიმა და თვალი ჩავუკარი. ნამუშევარი სახლში წავიღე და დავმალე. ვის ვაჩვენებდი. თავი მომაქვს მხატვარი ვარ-მეთქი, ნამუშევრებს ვყიდი და…
გავიდა სამი თვე. საშობაო არდადეგები მეწყებოდა. ერთ საღამოს ლაბორატორიაში პროფესორმა, რომელიც გრაფიკას გვასწავლიდა, განაცხადა: ამ ჯგუფში არის მხოლოდ ერთი ხელოვანი, რომელსაც თავისი ინდივიდუალური სტილი და ხედვა აქვსო… თავი ავწიეთ ყველამ და მოულოდნელად მესმის: „ეს არის ლალი ჯორჯიანა“. გავიფიქრე, ალბათ შეეშალა, ჩემზე კარგად ხატავენ, ბრწყინვალედ აქვთ დამთავრებული აკადემია და… ყველამ ტაში დამიკრა. მოვიდნენ და კომპლიმენტები მეძახეს, თან ნახატს უყურებდნენ. ამ დროს პირიქით იყო, ჩემთან ერთად ორი გოგო ხატავდა ბრწყინვალედ, მაგრამ…
მერე ცალკე ვკითხე პროფესორს: „რატომ თქვით ჩემზე ასე?“
– ლალი, შენ ადვილად აკრიტიკებ შენს ნამუშევარს, შენ ამ ქანდაკებებს სული ჩაბერე, რაღაც სხვანაირად, ვერ ავხსენი, გავა დრო და ამას შენ თავად მიხვდები. ყველა შენს ნამუშევარში ჩანს შენი სული და ხასიათი, ხატავ ისე, როგორც გესმის და ხედავ, არ აკეთებ კოპირებას, როგორც სხვები. ისინი კარგად ხატავენ ტექნიკით და გამოცდილებით, და შენზე უკეთესადაც, მაგრამ შენ გაქვს ის რაღაც, რაც მათ არ აქვთ, ამიტომ შორს წახვალ. გამიხსენე მერე – ბუონა ფორტუნა (Buona Fortuna). მიხარია, რომ ერთად გავატარეთ ეს თვეები, ყოველთვის მემახსოვრები, წარმატებებს გისურვებ! თუ როდესმე დაგჭირდე, ეს არის ჩემი ტელეფონის ნომერი და დამირეკე…
სახლში მოვდიოდი, ციოდა, საღამოს 11 საათი იქნებოდა, მინდოდა ვინმესთვის დამერეკა და მეხარებინა, მაგრამ… ვერსად დავრეკე! უბრალოდ, ნელა გამოვუყევი გზას ფეხით, მეტრო ლანცამდე და, თვალზე ცრემლებმორეული, დიდ შინაგან სიხარულს ვგრძნობდი. მინდოდა მეყვირა: „არა, ლალი, შენ მიაღწევ ყველაფერს, დიახ, დიდი ხელოვანი იქნები!..“
მეორე დღეს ხათუნა სამადაშვილს დავურეკე და მოვუყევი ყველაფერი. „რატომ არ დამირეკე, ლალი?!“ „ვიცი, გეძინა, შემეცოდე და არ გაგაღვიძე, დილით 6 საათზე დგები“. ხათუნა ის ადამიანი იყო, ვისაც ჩემი ესმოდა იმ წუთში ისე, რომ არ შეშურებია…
პ. ს. არავის უყურო წარმატების გზაზე მიმავალმა, ეკლებს გესვრიან, მაგრამ მერე, უკვე წარმატებულს, გვირგვინს გადგამენ თავზე.
ლალი ჯორჯიანა (დავითულიანი)
მილანი, 2019 წ.
კომენტარები