რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაბერძნეთი

„ვილა მარგარიტა“: უჩვეულო სასახლე ათენში, რომელიც რატომღაც დაანგრიეს

1900 წელს ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე სომხური წარმოშობის ანტიკვარიატით მოვაჭრემ, რომლის სახელიც ისტორიას არ შემორჩა, ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში უჩვეულო გრანდიოზული სასახლე ააგო. მას მოგვიანებით „ვილა მარგარიტა“ ეწოდა.

სასახლე ამბელოკიპის უბანში, დედოფალ სოფიასა და მესოგიონის გამზირის გადაკვეთაზე მდებარეობდა. „ვილა მარგარიტა“ ათენისათვის უჩვეულო გოთიკურ სტილში აგებული ნაგებობა იყო. სასახლეს, რომელიც წითელი ქვით იყო ნაგები და შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს მოგაგონებდათ, 32 ოთახი და ეგზოტიკური ხეებით დამშვენებული ულამაზესი ეზო ჰქონდა.

„ვილა მარგარიტა” 1902 წელს

მოგვიანებით სასახლე ცნობილმა ბერძენმა მეწარმემ, სასტუმრო „დიდი ბრიტანეთის“ მფლობელმა ევსტათი ლამფსამ შეიძინა. მარგარიტა იყო მისი ნაშვილები გოგონას სახელი და სასახლესაც ეს სახელწოდება შემორჩა.

მეორე მსოფლიოს დროს შენობაში დანიის საელჩო იყო განთავსებული. ომის შემდეგ ათენის მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა და გზების გაფართოების პროცესში, 1967 წელს სასახლის ბაღის ნაწილის ექსპროპრიაცია მოხდა. 1970 წელს „ვილა მარგარიტა“ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულმა სამიწათმოქმედო ბანკმა შეიძინა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა შენობა დაენგრია, რადგან მიიჩნევდა, რომ ათენის არქიტექტურულ სტილს არ შეესაბამებოდა. იმ პერიოდში საბერძნეთში სამხედრო დიქტატურა არსებობდა და საზოგადოებამ ხელისუფლებას წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ადგილობრივი მოსახლეობა შეეცადა პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ ცენზურას დაქვემდებარებული პრესა მათ პროტესტს ვერ აშუქებდა. საბოლოოდ, 1972 წელს სასახლე დაანგრიეს.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close