თურქეთში არქეოლოგებმა, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავია აღმოჩენილი.

„სავარაუდოდ, თურქეთში აღმოჩენილია გურჯი ხათუნის საფლავი! თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ისა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც თურქეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გურჯი ხათუნი, იგივე თამარ ბაგრატიონი, თამარ მეფის შვილიშვილი იყო. რუსუდან მეფისა და არზრუმის სულთან ტოღრილის შვილის, მოღის ედ დინის ასული. 13 წლის ასაკში იგი რუმის 17 წლის სულთანს ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს. ქორწინება პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.

გურჯი ხათუნის ცხოვრების ბოლო წლების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, გადმოცემები კი ურთიერთგამომრიცხავია – ზოგი ვერსიით, ის კონიაში გარდაიცვალა, ზოგი ვერსიით კი, საქართველოში გამოიპარა და აქ განისვენებს.
მწერალმა დათო ტურაშვილმა წიგნი მიუძღვნა გურჯი ხათუნს, სელჯუკეთის იმპერიის ქართველ დედოფალს, რომელსაც საოცრად საინტერესო ისტორია ჰქონდა. წიგნის შესავალში ვკითხულობთ: „ვუძღვნი ჩემს გურჯი ხათუნს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ქალებს – ყველაზე სევდიან ემიგრანტებს დედამიწაზე…“

დათო ტურაშვილი: „გურჯი ხათუნი, საქართველოს სახელოვანი მეფე-თამარის შვილიშვილი და მისი სეხნია, ცამეტი წლისა გაათხოვეს რუმის ანუ კონიის სულთანზე. მაშინ, მეცამეტე საუკუნეში, იმ ასაკის გოგონებს, დღეს რომ თინეიჯერებს უწოდებენ, ქალები ერქვათ, მაგრამ ეს ქორწინება, ახალგაზრდა თამარის დედის, დედოფალ რუსუდანის სურვილი იყო, თუმცა უმცროსი თამარის სილამაზით აღფრთოვანებულმა უფლისწულმა ქაიხუსრევმა, მათი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ, როცა იგი იმპერიის სულთანი გახდა, ქართველი ცოლის სახელზე ახალი მონეტა მოჭრა. ქალის გამოსახულება მონეტაზე მიუღებელი იყო ისლამური ქვეყნისათვის, მაგრამ ახალგაზრდა სულთანმა მაინც თავისი გაიტანა და ყიას ედდინ ქაიხუსრევის მიერ მოჭრილმა მონეტამ ახალი ტერმინოლოგიაც კი დაამკვიდრა ნუმიზმატიკაში. კონიის სასულთნოში მოჭრილი ხურ ი შიდის ტიპის მონეტები მოგვიანებით სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ნუმიზმატებს შორისაც ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ამ მონეტებზე გამოსახული მზე სელჯუკეთის, იგივე რუმის იმპერიის ქართველი დედოფალი, თამარ მეფის შვილიშვილი გურჯი-ხათუნია. თუმცა შემთხვევითი არ არის რომ სხვა დედოფლებისაგან განსხვავებით, გურჯი-ხათუნის გამოსახულება, არ არის ძვირფასეულებით შემკული, რადგან მისი მთავარი სამკაული, განძი და მზითვი, საქართველოდან წაღებული წიგნი იყო – იმ წიგნს „ვეფხისტყაოსანი“ ჰქვია.

კონიის სასახლის ახალი ქართველი დედოფალი კი მალე ყველამ შეიყვარა გასაოცარი სილამაზისა და სათნოების, სიკეთისა და სიბრძნის გამო, მაგრამ ვინც მისი შეყვარება ჯერ კიდევ საქართველოში ყველას დაასწრო, მურზაყან ორბელი გახლდათ. თამარზე შეყვარებულმა მურზამ, რასაკვირველია, იცოდა, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებას წინ ვერ აღუდგებოდა, მაგრამ ახალგაზრდული გულის კარნახით, ის მაინც ჩავიდა კონიაში, რომელიც მაშინ აღმოსავლეთის უმთავრესი კულტურული ცენტრი იყო. ზემოთქმულს, უპირველესად, მევლანა, იგივე ჯელალ ედდინ რუმი განაპირობებდა – მსოფლიოს უდიდესი პოეტი და მოაზროვნე, რომელმაც კონიაში ცნობილი მედრესე და სუფისტური ორდენი დააარსა და გურჯი-ხათუნიც (ქვეყნიერების დედოფალი – როგორც მას სელჯუკები უწოდებდნენ), მევლანას მოწაფე და საყვარელი მიურიდი გახდა. როცა გურჯი-ხათუნის მეუღლე ქაიხუსრევი მოკლეს, სწორედ ჯელალ ედდინ რუმი იყო მისი მთავარი მეგობარი, რომელმაც ქართველი დედოფალი შეიფარა და მურზაყან ორბელის სიყვარულს კი მაინც არ ეწერა ბედნიერი ფინალი.

ქართულისაგან განსხვავებით, თურქულ ისტორიოგრაფიაში უამრავი ცნობა არსებობს გურჯი-ხათუნის შესახებ, მაგრამ მისი გარდაცვალების დეტალები დღემდე ბურუსითაა მოცული. არსებობს ლეგენდაც იმის შესახებ, რომ ერთ დღეს სელჯუკეთის იმპერიის სახელოვანი ქართველი დედოფალი უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. თურმე იმასაც ამბობდნენ, რომ ყველასაგან მალულად გურჯი ხათუნი სავაჭრო ქარავანს მონატრებული გურჯისტანისკენ გაჰყვა და შემდეგ იქ, საქართველოში გარდაიცვალა. სიმართლე არავინ იცის, გარდა ერთისა – უკანასკნელად იგი კონიაში სასახლის აივანზე ნახეს, საიდანაც მის მიერვე აშენებულ მევლანას თურბეს გაჰყურებდა, რომლის თავზეც ახლაც ჩანს ერთი პატარა ვარსკვლავი. ეს ვარსკვლავი თურქმა ასტროლოგმა ბიბი მუნაჯიმემ აღმოაჩინა და გურჯი ხათუნის სახელი უწოდა, თუმცა ადრე იგი უფრო დიდი და კაშკაშა იყო, ახლა კი ძნელად შესამჩნევად, ოდნავ თუ ციმციმებს.

კონიის სახელოვანი დედოფლის გურჯი ხათუნის ვარსკვლავი, იმედია რომ, ბოლომდე მაინც არ ჩაქრება და ადამიანებსაც მუდამ ემახსოვრებათ ერთი ქართველი ქალის ლამაზი და სევდიანი ისტორია…“

მანანა ბანძელაძე

კომენტარები