კინო/ფილმებიარტისტი

„წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ ვცხოვრობდით ასეთი მსახიობის გარეშე“

„მზიანი მსახიობის“ არც თუ მზიანი ხანმოკლე ცხოვრება

მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი 40 წლისაც არ იყო, როცა სამუდამოდ დაგვემშვიდობა 2000 წლის 3 მაისს… მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა და პროფესიული კარიერისა, მამუკამ შეძლო მაყურებლის სიყვარულის მოპოვება და მისი ნაადრევი გარდაცვალება დანაკლისი აღმოჩნდა ქართული (და არა მარტო) კონემატოგრაფისთვის. რუსეთში მას „მზიან მსახიობს“ უწოდებდნენ (солнечный актер), თუმცა მის ცხოვრებას „მზიანს“ ნამდვილად ვერ დავარქმევდით…

ტრაგიკული ოჯახი

მამუკა თბილისში, ხელოვანი ადამიანების ოჯახში დაიბადა. მამა – ანდრო კიკალეიშვილი ჯერ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო, შემდეგ კი არტისტობას თავი დაანება და ორგანიზატორული საქმიანობით დაკავდა: იყო როგორც მუსკომედიის თეატრის, ისე რუსთავის თეატრის დირექტორი, გარდაცვალებამდე სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში კი რუსთაველის თეატრის დირექტორად მუშაობდა.

დედა – ქალბატონი ლეილა ძიგრაშვილიც მთელი 18 წლის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, შემდეგ კი მიშა თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში გადაიყვანა. სპექტაკლებში თამაშის გარდა ქალბატონი ლეილა ფილმებს ახმოვანებდა. ბევრს ალბათ გაუკვირდება, როდესაც გაიგებს, რომ მისი გახმოვანებულია ცნობილი მსახიობების, მედეა ჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, არიადნა შენგელაიას, ლია კაპანაძის, ნანული სარაჯიშვილის გმირები ფილმებში: „წარსული ზაფხული“, „ჩვენი ეზო“ (სოფიკო ჭიაურელის პირველი ფილმი), „შერეკილები“, „დიდი მწვანე ველი“, „გარიგება“… სხვა ფილმებზე აღარაფერს ვამბობთ…

ძმა – ლაშა კიკალეიშვილი მამუკაზე შვიდი წლით უფროსი იყო. ძმები ერთმანეთისგან გარეგნობით და ხასიათითაც ძალიან განსხვავდებოდნენ. გარდა იმისა, რომ ლაშა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლოგიის განხრით ლექციებს კითხულობდა, ტელევიზიაში, საზოგადოებრივ არხზე თავისი გადაცემა ჰქონდა და, აგრეთვე, სამეცნიერო-პოპულარულ გაზეთ „დვრიტას“ დამფუძნებელი იყო, რომელიც ორ კვირაში ერთხელ გამოდიოდა.

ოჯახი მეტად ტრაგიკული აღმოჩნდა და ყველაფერმა ქალბატონი ლეილას თავზე გადაიარა: მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაეცვალა – ვერაგმა სენმა, სიმსივნემ იმსხვერპლა; 42 წლის ასაკში დაეღუპა უფროსი ვაჟი – ლაშაც, უმცროსმა შვილმა – მამუკამ კი ამ ასაკამდეც ვერ მიაღწია – იგი 39 წლის ასაკში წავიდა…

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქალბატონმა ლეილამ 2019 წელს გამოსცა წიგნი „მე… და ჩემი შვილები“, სადაც ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული ამბებია თავმოყრილი.

ასრულებული სურვილი

მამუკა ბავშვობიდან ცელქი და მეტად ხმაურიანი ყოფილა. სკოლიდან სახლში რომ ბრუნდებოდა, მთელმა კორპუსმა იცოდა, მით უმეტეს, რომ მის თითქმის ყველანაირ ქმედებას თან იუმორი ახლდა და სიცილს იწვევდა. დედას არ უნდოდა, რომ თეატრალურზე ჩაებარებინა (მამა რომ დაეღუპა, ათი წლის იყო), მაგრამ არ დაუჯერა. მისაღები გამოცდიდან რომ გამოვიდა, თურმე ყველა მას უყურებდა და სიცილით კვდებოდა. გიზო ჟორდანიას რაღაც სასაცილო ეტიუდი მიუცია მისთვის: ვითომ დათვის ბელია, თაფლს ჭამს, ფუტკრები ესევიან და იგერიებს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ისე შეასრულა, ბავშვებმა გამოცდიდან გამოსული რომ დაინახეს, ისევ სიცილი აუტყდათ, თან მშობლებს მასზე უყვებოდნენ.

სხვათა შორის, მომავალი მსახიობი ბავშვობაში თურმე ძალიან კარგად ძერწავდა. ფილმი „გიორგი სააკაძე“ რომ უნახავს, დამჯდარა და პლასტელინისგან მთელი ბატალური სცენა გამოუძერწავს. ვისაც უნახავს, ყველას უთქვამს, შენგან კარგი სკულპტორი გამოვაო. არა, მე მსახიობობა მინდაო – მაშინ გაუმჟღავნებია თავისი სურვილი მამუკა კიკალეიშვილს და აისრულა კიდეც.

კინოში პირველად რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმში ითამაშა, სახელწოდებით „კვაზიმოდო“. ამ ფილმში ნათამაშევი როლისთვის მამუკა კიკალეიშვილმა საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი აიღო, როგორც მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელმა. მაშინ იგი ჯერ ისევ სტუდენტი იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი არაერთი საინტერესო პერსონაჟის განსახიერება მოუხდა, რომელთა შორის მაყურებელს, უპირველეს ყოვლისა, სანჩო პანსა ახსენდება ფილმიდან „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“. სხვათა შორის, თავიდან სანჩო პანსას როლი რეჟისორ რეზო ჩხეიძეს ფრუნზიკ მკრტჩიანისთვის შეუთავაზებია, მაგრამ ფრუნზიკას მოუთხოვია, ფილმში ჩემი ცოლიც გადაიღეთო, რაზეც უარი მიუღია და მამუკა კიკალეიშვილი მერე აღმოუჩენიათ.

„კახისა და მამუკას კაცური ურთიერთობა ჰქონდათ, ამავე დროს, კახი წვრთნიდა მას, გადაღების შემდეგ ელაპარაკებოდა, რეპეტიციას გადიოდა. კახი ბევრს მუშაობდა და მამუკასაც აჩვევდა ასეთ თავდადებას… ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი ტანდემი შედგა. რაოდენ საწყენია, რომ მამუკა ასეთ ახალგაზრდა ასაკში გამოგვეცალა ხელიდან, თორემ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დიდი მსახიობი იქნებოდა“, – იხსენებდა ბატონი რეზო.

მაშინ მამუკა კიკალეიშვილი 24 წლის იყო.

დიდი სიყვარული და… ღალატი

მას შემდეგ არაერთი როლი შეასრულა როგორც ქართულ, ისე რუსულ ფილმებში. მათ შორისაა: „პასპორტი“, „მისტიფიკატორი“, „ჰავაური ვალსი“, „ცოდვის დღესასწაული“, „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“, „უძინართა მზე“, „ზნედაცემული ანგელოზი“ (იგი ამ ფილმის დამდგმელი რეჟისორიცაა), „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“, „ბლუზი“… ერთ მშვენიერ დღეს კი მოსკოვიდან შეთავაზება მიიღო. რაღაც მომენტში გადაწყვიტა, რომ წასულიყო და წავიდა კიდეც – „მოსფილმის“ შტატიანი მსახიობი გახდა. იმ დროს ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე იყო, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ბატონმა ვაჟამ მას საელჩოში საქართველოს კულტურის ატაშედ დააწყებინა მუშაობა, პარალელურად, გადაღებები ჰქონდა.

მოსკოვში წასვლამდე მამუკამ, რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით, ძველ კინოსტუდიაში სტუდია „თიემსი“ დააარსა და პროდიუსერობასაც მშვენივრად ართმევდა თავს. მარკესის მიხედვით ფილმის გადაღებას აპირებდნენ, მაგრამ იდეა ბოლომდე ვერ განახორციელეს: თბილისის ომი, შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო და კინოგადაღების ნაცვლად სულ სხვა საქმეზე უწევდა ფიქრი – აფხაზეთში მებრძოლებისთვის სურსათს და იარაღს აგროვებდნენ და უგზავნიდნენ. „არაერთხელ მქონდა შემთხვევა – ვიღაც ქუჩაში შემხვედრია და უთქვამს: ვაიმე, რა მადლობელი ვარ მამუკასი, ჩემს შვილს ფრონტზე თბილი ქურთუკი გაუგზავნა“, – იხსენებს ქალბატონი ლეილა.

საერთოდ, მუდამ ვიღაცისთვის ირჯებოდა და იხარჯებოდა, არ არსებობდა, მისთვის ვინმეს რაიმე ეთხოვა და არ დახმარებოდა. მისი მეგობრები, გოგა პიპინაშვილი და ზურა ყიფშიძე ხუმრობდნენ კიდეც: „მიდი ერთი, მამუკას უთხარი, ტანკის ლულები მინდა და ნახე, აბა, რას გეტყვის!“

თავისი სიკეთითა და გულისხმიერებით მოსკოვშიც ყველას შეაყვარა თავი, სადაც თავიდან ორი წელი მარტო ცხოვრობდა. ყველა ეუბნებოდა, შენ რომ გამოჩნდები, მერე უფრო მალე კეთდება საქმეო. ორი წლის შემდეგ ცოლი შეირთო – ტანია სმირნოვა, რომელიც მეგობართან ყოფნის დროს გაიცნო, თუმცა მანამდე იყო დიდი სიყვარული და… ღალატი, რამაც მისი ცხრაწლიანი ოჯახი დაანგრია.

მამუკას პირველი მეუღლე მსახიობი ნინო კობერიძე იყო, რომელთანაც საუბრის საშუალება რამდენიმე წლის წინ მქონდა და ახლა ამ დიალოგს გთავაზობთ (სხვათა შორის, ნინო კობერიძეც იყო ემიგრანტი, იგი 18 თვე იტალიაში, რომში ცხოვრობდა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, უნდოდა ნულიდან დაიწყო ყველაფერი, თუმცა არ გამოვიდა):

ნინო, მახსოვს, ერთხელ საუბარში მითხარით, რომ მსახიობობამ, როგორც ქალს, ბევრი რამ წაგართვათ და ერთ-ერთ პრობლემად დამისახელეთ თქვენი უიღბლო ქორწინება მსახიობ მამუკა კიკალეიშვილთან…

დიახ, რომ არა ეს პროფესია, ალბათ, ჩვენი ქორწინება არ შედგებოდა, არ იქნებოდა პირველი დიდი განხიბვლა… მამუკა საოცრად ნიჭიერი და ძალიან პერსპექტიული პიროვნება იყო, დიდი ხიბლით, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოტა სულსწრაფი… ჩვენ ჯგუფელები ვიყავით, თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებზე გავიცანით ერთმანეთი და ძალიან მალე დავმეგობრდით. ეს მეგობრობა მერე სიყვარულში გადაიზარდა და მესამე კურსზე დავქორწინდით კიდეც. სულ რაღაც რვა-ნახევარი წელიწადი ვიყავით მეუღლეები და არასოდეს მიფიქრია, რომ სიყვარული დავკარგეთ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობდი და ალბათ მთელი ცხოვრება ვეცდებოდი, რომ ჩვენი ოჯახი სიყვარულზე მდგარიყო…

ფოტო: სქრინშოთი ბექა ელბაქიძის ვიდეოინტერვიუდან („შეხვედრები ქალაქურში“)

მაგრამ, სამწუხაროდ…

სამწუხაროდ, მამუკას მხრიდან იყო ღალატის მომენტი (რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან ამქვეყნად) და ჩვენ დავცილდით… მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის დანგრევის გამო ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. მომექცნენ ისე, როგორც არ ვიმსახურებდი, არც როგორც მეუღლე, არც როგორც მეგობარი და არც როგორც ქალი – ამ საქციელმა, პირველ რიგში, თავად მამუკა დაანგრია და მის ცხოვრებაში სასიკეთო არაფერი მოუტანია. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მან ერთი ხელის მოსმით გადაწყვიტა ყველაფერი. მას ეს სჭირდებოდა, რაც ყველაზე ძნელად ასატანი იყო ამ ისტორიაში…

შერიგება არასოდეს უცდია?

საამისო ნაბიჯი არ გადაუდგამს. ალბათ არც არაფერი გამოგვივიდოდა, რადგან მან ახალი ოჯახი შექმნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში, როცა კი რაღაც გაუჭირდებოდა, ყოველთვის მეკითხებოდა აზრს და მეც მუდამ გვერდით ვედექი. ბევრი რამ სწორედ ისე მოხდა, როგორც თავიდან ვუთხარი, მაგრამ მაინც ვერ შევაჩერე. ვერ შევაჩერე ვერც პირველად და ვერც შემდეგ – დარჩენილი ათი წლის განმავლობაში.

ცოლად ის ქალი მოიყვანა, ვისთანაც გიღალატათ?

კი, ის ქალი მოიყვანა… მიზეზი კი ის გახლდათ, თითქოს ის ქალი ფეხმძიმედ იყო…

თქვენ კი შვილი არ გყავდათ…

ეს არ იყო ჩემი ბრალი, ჩვენ ამაზე არასოდეს გვისაუბრია და არც კონფლიქტი გვქონია ამ ნიადაგზე. სამწუხაროდ, მამუკამ ისეთი რაღაც დაიჯერა, რისი დაჯერებაც არ შეიძლებოდა. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, იოლად შესამჩნევი ფაქტი… ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის ყველაფერი ცხადი უნდა ყოფილიყო… ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. ბევრ ადამიანს უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი, მკვლელები არიან და ისინი არ ისჯებიან, მამუკა კი რატომღაც მკაცრად დაისაჯა, რაც ძალზე გულდასაწყვეტია… ნაადრევი იყო მისი სიკვდილი…

დაუძლეველი პრობლემა

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ მამუკა კიკალეიშვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა და, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. ნინოსთვის ცნობილი იყო, რომ მამუკა „წამალზე იჯდა“, მაგრამ ამის არ სჯეროდა: „მთელი ის პერიოდი, რაც ჩვენ დაშორებულები ვიყავით, მამუკა ჩემს ცხოვრებაში ჩნდებოდა და ბევრ რამეზე მეკითხებოდა აზრს. ჩვენ დავშორდით 1986 წელს, თუმცა მის გარდაცვალებამდე ნორმალური ურთიერთობა შევინარჩუნეთ…  ჩემთვის წარმოუდგენელი იყო მისი ნარკომანობა. რამდენჯერმე მინახავს ადამიანები კაიფის მდგომარეობაში, მაგრამ მამუკა – არა და ალბათ ამიტომ ვერ ვხვდებოდი, რომ ის ამ მდგომარეობაში იყო. სულ მეგონა, რომ იწებებდა ნარკომანობას, სინამდვილეში კი ასე არ იყო. ერთხელ მითხრა, წამალზე ვარო, მაგრამ, ღმერთო ჩემო, მაინც არ დავიჯერე…“  – ამბობს ნინო ერთ-ერთ ინტერვიუში.

საერთოდ, მის გარშემო ყველას უჭირდა დაჯერება, თუ ასეთი სიცოცხლის მოყვარული, საოცარი იუმორითა და ენერგიით სავსე ადამიანი ცხოვრებაში „ამგვარ ხიფათს“ გადაეყრებოდა. როგორც ამბობენ, მიზეზი ძმის ავადმყოფობა იყო, რომელიც მამუკას ყველაზე მეტად უყვარდა. თურმე ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ, ვინ უფრო მეტად გიყვარსო, ლაშაო, პასუხობდა. მამუკა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ძმისთვის რაიმე ეშველა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. ერთადერთი გამოსავალი, თავს დამტყდარი უბედურებისთვის როგორმე რომ გაეძლო, მან რატომღაც ნარკოტიკებში პოვა და შემდეგ, მიუხედავად მცდელობისა, თავი ვეღარ დააღწია.

მამუკას ძმის გარდაცვალების შემდეგ წერაც კი დაუწყია, რაც დიდხანს არავინ იცოდა. ერთ-ერთ დღიურში იგი იხსენებს: „მამამ წაგვიყვანა მთაზე. მისი მითითებით (რომ მეთქვა ბრძანებით-მეთქი, არ იქნებოდა მართალი) დავალაგეთ ქვები და ხის ნამწვავით ერთ-ერთ ქვას დავაწერეთ „კუმალა“, ესე იგი, კუკური (მამამისს შინაურულად კუკურის ეძახდნენ), მამუკა, ლაშა. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაღალი და ყველაზე საყვარელი მთა – სხვებისთვის, ყველასთვის დაუპყრობელი „კუმალა“!

მამუკას მეორე მეუღლე (რომელიც ნინო კობერიძესთან გაცილების შემდეგ შეირთო) მოსკოვში არ გაჰყვა: ვერ წამოვალ, შენ მთელი დღეები დაკავებული ხარ, მე იქ მარტო უნდა ვიყო და არ შემიძლია, როგორც გინდა ისე მოიქეცი, თუ გინდა ცოლი შეირთეო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამუკა მოსკოვში ორი წელი ცხოვრობდა მარტო, მერე ერთ მშვენიერ დღეს ტანია სმირნოვა გაიცნო და ცოლად მოიყვანა. ტანიას ძალიან უყვარდა იგი და ამიტომ, როცა მამუკას პრობლემების შესახებ გაიგო, არ მიუტოვებია, პირიქით, გადაწყვიტა, როგორმე ამ უბედურებისგან თავის დაღწევაში დახმარებოდა. მამუკა თურმე ფილმის გადაღებასაც აპირებდა ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს ყველაფერს გულახდილად მოუყვებოდა, მაგრამ…

ერთ დღესაც მამუკა, როგორც ყოველთვის, შინ გვიან დაბრუნებულა. ტანიას მისი მოსვლა გაუგია, მაგრამ საწოლიდან არ ამდგარა. რადგან მამუკა საღამოობით ხშირად იკარგებოდა, უფიქრია, ყველაფერი თავიდან იწყებაო და გადაუწყვეტია, ცოტა ხნით ყურადღება არ მიექცია. მამუკას ტელევიზორი ჩაურთავს, სამზარეულოში ჭურჭელს ახმაურებდა თურმე, დილით კი… დილით ტანია სასტუმრო ოთახში გასულა და სავარძელში ჩამჯდარი მამუკა მომაკვდავი უნახავს – გულისცემა თითქმის აღარ ისმოდაო. ექიმები ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ ვერ შეძლეს – მომაკვდავ მსახიობს ბოლოს თირკმელები გაეთიშა და გარდაიცვალა.

სხვათა შორის, იმ პერიოდში მოსკოვში მამუკა კიკალეიშვილზე ფილმი უნდა გადაეღოთ. 26-სერიანი ფილმისთვის სცენარი უკვე მზად იყო და მუშაობაც დაწყებული ჰქონდათ, თუმცა მსახიობის ნაადრევმა გარდაცვალებამ ეს პროექტი განუხორციელებელი დატოვა.

* * *

მამუკა კიკალეიშვილს არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის, 1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე – პრემია კომედიური როლისთვის, ასევე, „ოქროს დიუკი“ და ჩარლი ჩაპლინის სახელობის პრიზები ოდესაში, რითაც, შეიძლება ითქვას, რომ ისეთი ნომინანტები დაჩაგრა, როგორებიც არიან პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე.

თბილისში მას ხშირად სტუმრობდნენ ალექსანდრ აბდულოვი და ოლეგ იარმოლნიკი. მამუკა ძალიან ჰყვარებია ნიკიტა მიხალკოვს, მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსულ-ქართული ურთიერთობები დაიძაბა, რეჟისორი იძულებული გახდა, საყვარელი ქართველი მსახიობი თავის ფილმებში არ მიეწვია.

აქვე ერთ ფაქტს გავიხსენებთ: 1988 წელს მამუკა კიკალეიშვილის მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „არამზადა“. ჟურნალში „სპუტნიკ კინოზრიტელია“ ერთ-ერთი კინოკრიტიკოსი წერდა: „წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ ვცხოვრობდით ასეთი მსახიობის გარეშე! სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდად! კიდევ ცოტაც რომ გვეცხოვრა, იძულებულები გავხდებოდით, გამოგვეგონებინა იგი“…

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close