მედიცინამსოფლიოტექნოლოგიები

პანდორას ყუთი გაიხსნა: იაპონიამ ადამიანი-ცხოველის ჰიბრიდების ექსპერიმენტის ბოლომდე მიყვანის ნებართვა გასცა

ღეროვანი უჯრედების ბიოლოგი ჰირომიცუ ნაკაუჩი ამ მომენტს ათ წელიწადზე მეტხანს ელოდა.

წლობით დაგეგმვის შემდეგ შეუპოვარმა მკვლევარმა მთავრობისგან მიიღო ნებართვა, ჩაატაროს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო კვლევები – ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდის ემბრიონის ექსპერიმენტები.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ექსპერიმენტებს ეთიკური თუ სხვა მიზეზების გამო მსოფლიოს მრავალი ქვეყანა კრძალავს, იაპონიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაძლოა პანდორას ყუთიც გახსნა. წლის დასაწყისში იაპონიამ დაუშვა ჰიბრიდულ ემბრიონთა გადანერგვა სუროგატ ცხოველებში.

ჰირომიცუ ნაკაუჩი ტოკიოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ღეროვანი უჯრედების წამყვანი მკვლევარია. იგი ქვეყნიდან ქვეყანაში დადიოდა იმ ოცნებით, რომ დადგებოდა დღე, როცა ადამიანის ორგანოებს ისეთ ცხოველებში გამოზრდიდა, როგორებიც არიან, მაგალითად, ცხვარი ან ღორი.

მხოლოდ აშშ-ში ორგანოების გადანერგვის საჭიროების მქონე პაციენტთა სიაში 116 000-ზე მეტი ადამიანია, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან; ნაკაუჩი იმედოვნებს, რომ მისი იდეა ცხოვრებას შეცვლის.

ამ საბოლოო მიზნამდე ჯერ გრძელი გზაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ მისი კვლევის შემდეგ ეტაპს იაპონიის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო. მსგავსი ექსპერიმენტები ქვეყანაში 2014 წლიდან იყო აკრძალული და ნაკაუჩი პირველი მეცნიერია, რომელმაც ეს ნებართვა მიიღო. გეგმის განხორციელებას იგი ნელა, გულდასმით გეგმავს, რათა პარალელურად საზოგადოების ინტერესი დააკმაყოფილოს.

ექსპერიმენტები დაიწყება თაგვისა და ვირთხის ემბრიონებში ადამიანის ინდუცირებული პლურიპოტენციური ღეროვანი უჯრედების შეყვანით. ყველაფერი გენეტიკურად ისე იქნება მოდიფიცირებული, რომ მათ პანკრეასი არ ჩამოუყალიბდეთ.

მისი მიზანია მღრღნელების ემბრიონებმა გამოიყენონ ადამიანის უჯრედები, რათა თავად შექმნან პანკრეასი. ჯგუფი გეგმავს, ორი წლის განმავლობაში დააკვირდეს მღრღნელების ზრდა-განვითარებას, ამ პროცესში ფრთხილად ამოწმოს მათი ორგანოები და ტვინები. მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვენ მკვლევრები იმავე პროცესის ჩატარების ნებართვას ღორებზე.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშიშროება მსგავს კვლევებთან მიმართებაში არის ის, რომ არ იციან, ზუსტად სად გადავა ადამიანის ღეროვანი უჯრედები ცხოველში და რა ტიპის უჯრედებად გარდაიქმნება ისინი მას შემდეგ, რაც ემბრიონებში შეიყვანენ.

ნაკაუჩი თავის ჯგუფთან ერთად მხოლოდ პანკრეასზეა ფოკუსირებული, მაგრამ თუკი დააფიქსირებენ, რომ მღრღნელების ტვინის 30 პროცენტზე მეტი ადამიანისაა, ისინი ექსპერიმენტს შეწყვეტენ. ეს არის მთავრობის მოთხოვნა, რათა თავიდან ავიცილოთ „ჰუმანიზებული“ ცხოველის შექმნა.

თუმცა ნაკაუჩი ფიქრობს, რომ ასე არ მოხდება. შარშან მან და მისმა კოლეგებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან წარმატებით შექმნეს ადამიანისა და ცხვრის პირველი ჰიბრიდული ემბრიონი, რომელიც 28 დღის შემდეგ გაანადგურეს. ჰიბრიდი არ შეიცავდა ორგანოებს და ჰქონდა ადამიანის ცოტაოდენი უჯრედი, დაახლოებით 10 000 ან ნაკლები.

როგორც ნაკაუჩი განმარტავს, ისინი ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ ადამიანის უჯრედების წვლილი მხოლოდ გარკვეულ ორგანოთა წარმოქმნა იქნება. მისი თქმით, ახალ, ორგანოთა წარმოქმნის მიზნობრივ პროცესში აღარ უნდა ველოდოთ, რომ ადამიანის უჯრედები ცხოველის უჯრედებთან არასასურველ ადგილას ინტეგრირდება; შესაბამისად, გაცილებით ნაკლები იქნება ეთიკასთან დაკავშირებული პრობლემაც.

მომზადებულია stanmed.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close