ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

სტუდენტი ბიჭის მიერ გერმანიაში თითო-ოროლა ბოთლი ღვინის გაყიდვით დაწყებული დიდი ქართული საქმე

„მე, სტუდენტი, მივდიოდი გერმანულ მაღაზიაში ორი ბოთლი ღვინით ხელში და  ვითხოვდი: „იქნებ უფროსს დამალაპარაკოთ“… ვიწყებდი ქართული ღვინის ისტორიაზე საუბარს… ერთი ბოთლი რომ გაგეყიდა, ნახევარი საათი უნდა გელაპარაკა…“ – ასე დაიწყო გერმანიაში 10 წლის წინ ჯერ კიდევ სტუდენტმა ჯაბა ბებუამ ის დიდი ქართული საქმე, რომელიც დღეს უკვე გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში მილიონი ბოთლი ქართული პროდუქციის გაყიდვით გრძელდება…

ჯაბა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. როგორც ვიცი, ბერლინში ცხოვრობთ და გერმანელებს ქართულ ღვინოს აცნობთ და აყვარებთ.

კი, დიდი ხანია უკვე, ათი წელია ვცდილობთ, ნელ-ნელა ეჩვევიან.

მომიყევით, როგორ დაიწყეთ ეს პროცესი…

გერმანიაში სასწავლებლად ჩამოვედი, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და თან ფეხბურთს ვთამაშობდი. სწავლა დავიწყე კიოლნში, მერე უნივერსიტეტი შევიცვალე და ზაარბრიუკენში გადავედი, ზაარბრიუკენიდან – ბერლინში.

რომელ წელს ჩახვედით კიოლნში?

კიოლნში 2005 წელს ჩავედი. კარგი ქალაქია, მენატრება ხოლმე. ზაარბრიუკენში 2008 წელს გადავედი, თან ფეხბურთს ვთამაშობდი რეგიონულ ლიგაში. ნახევრად პროფესიონალური შეჯიბრია, მაგრამ მაინც ყოველდღე მიწევდა თამაში და ვარჯიში… მანამდე საქართველოშიც ვთამაშობდი, „დინამოში“ ვიყავი „დუბლებში“, მერე „სპარტაკში“ – უმაღლეს ლიგაში…

18 წლის ვიყავი, რომ წამოვედი, თან ვსწავლობდი, თან ვთამაშობდი. 22 წლის ასაკში ტრავმების გამო ფეხბურთზე უარის თქმა მომიწია და გადავწყვიტე ღვინის პოპულარიზაცია  მეცადა.

ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით დავიწყე – ზაარბრიუკენში ვიყავი მაშინ, 2009 წელი იყო. კომპანია დავაარსე, აზარტში შევედი და ნელ-ნელა გავზარდეთ რაოდენობა. თავიდან სახლში, სარდაფში მეწყო ღვინის ბოთლები, მერე საწყობი ვიქირავე, შემდეგ კიდევ უფრო გავზარდეთ რაოდენობა…

დღეს უკვე ექსკლუზიურად წარვადგენთ „ბადაგონს“ მთელ ევროპაში. ბერლინში გვაქვს ცენტრალური საწყობი და აქედან ვანაწილებთ ფინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთში, კვიპროსში, ბრიტანეთსა და ბელგიაში.

ექსკლუზიურად წარვადგენთ, ასევე, ღვინო „სარაჯიშვილს“, ლიმონათ „ზედაზენს“, შეგვაქვს „სნო“ და „კულას“ კომპოტები, წვენები, სოუსები… კვიპროსზე შეგვაქვს „ბორჯომი“.

„კულას“ წვენები როდიდან გაიტანეთ?

დიდი ხანია, ექვსი-შვიდი წელი იქნება, თავიდან – გერმანიაში. 2009 წელს რომ დავიწყეთ ღვინით, 2011 წელს უკვე გადავედით „ზედაზენზე“, მერე  „კულა“, შემდეგ „სარაჯიშვილი“ და „სნო“ დავამატეთ. ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქარხნის „წინანდლის მამულებიც“ შემოვიტანეთ…

რა ჰქვია თქვენს კომპანიას?

კომპანიას ჰქვია „ბებუ“ (ჩემი გვარიდან გამომდინარე). პრინციპში, უკვე ჯგუფია, სადაც რამდენიმე კომპანია ერთიანდება. ქართული პროდუქციის დისტრიბუციის გარდა, 4 წლის წინ  სამი ქართული რესტორანი გავხსენით ბერლინში: „გენაცვალე“, პარტნიორთან ერთად და რესტორანი „მადლობა“ (ორი ფილიალი), რომლის დამფუძნებელიც ჩემი კომპანიაა.

„გენაცვალე“
„მადლობა“

რამდენი თანამშრომელი გყავთ და ვინ არიან დასაქმებულები?

გვყავს 70-მდე თანამშრომელი, აქედან 60-მდე – ქართველი.

მზარეულები?

საქართველოდან სამუშაო ვიზით წამოვიყვანეთ საუკეთესო მზარეულები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. თითო რესტორანში ხუთი მზარეული მუშაობს, სულ – 15.

რესტორნებში ქართული კერძები გაქვთ?

მხოლოდ ქართული, სამივე რესტორანში…

რომელ კერძებზეა მოთხოვნა?

ყველაზე მოთხოვნადი ხაჭაპური, ხინკალი და მწვადია…

ძალიან მოსწონდათ უცხოელებს, მე ვისაც შევხვედრივარ, ნიგვზიანი ბადრიჯანიც…

კი… და კიტრი-პომიდვრის სალათა ნიგვზით, მხალეულიც ძალიან მოსწონთ…

პროდუქცია საქართველოდან მიგაქვთ? მაგ., ყველი, ნიგოზი...

ნიგოზი კი, მაგრამ ყველის შეტანა, სამწუხაროდ, არ შეიძლება. ახლა თაფლის შეტანა დაუშვეს.

სანიტარიული ნორმების გამო არ უშვებენ?

ქართული ვეტერინარული პროდუქტების  (ხორცი, რძის პროდუქტები) შეტანა ევროპაში დაშვებული არ არის, რისკ-ქვეყნებში შევდივართ ჯერ კიდევ… საქართველოდან ჯერ არავის შემოუტანია ხორცი და რძის პროდუქტი. მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩო მუშაობენ ამაზე, როგორც ამბობენ, მალე სპეციალური ლაბორატორიები გაიხსნება საქართველოში და ალბათ ამ პროდუქციის შემოტანასაც დაუშვებენ.

გერმანული ყველით გამოდის კარგი ხაჭაპური?

გერმანული ყველით არა, 3 სხვადასხვა სახეობის ყველის შეზავებით გამოგვყავს ხაჭაპურის გული და ამას ვიყენებთ. ძალიან გემრიელი ხაჭაპური გამოდის. სუფრისთვის ჩვენს გაკეთებულ ყველს ვიყენებთ. რძე მოაქვთ დილით და ჩვენს მზარეულებს ამოყავთ, მაგრამ იმდენის გაკეთებას, ხაჭაპურშიც რომ გამოვიყენოთ, ვერ ვახერხებთ…

სულგუნსაც აკეთებთ?

კი, სულგუნს ვაკეთებთ მაგიდის გასაწყობად.

თქვენს რესტორნებში უფრო მეტად ქართველები დადიან?

ადრე პოსტსაბჭოური ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურობდნენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ნახევარზე მეტი სტუმარი გვყავს გერმანელი; ბოლო ორი წელია, გერმანელებმა დაიწყეს ძალიან აქტიურად შემოსვლა, საღამოობით სტუმრების 70 პროცენტი გერმანელია…

გერმანელებს მოსწონთ ხაჭაპური?

კი, ხაჭაპური მოსწონთ ძალიან, ხარჩოზე გიჟდებიან. ხომ ცხარეა, თავიდან გვეშინოდა, ცხარე არ გაგვეკეთებინა, მაგრამ ითხოვენ, მოსწონთ, ხინკალი მოსწონთ… თან ზეპირად იციან უკვე მენიუ. ჩანახი მოსწონთ ძალიან, ზემოდან – გამოცხობილი ცომით…

ასე მოყოლით ადვილია, მაგრამ ალბათ ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის დაწყება, აწყობა… რა პრობლემები შეგხვდათ, როგორ გადალახეთ, ვინ დაგიდგათ მხარში?

ძალიან ბევრი პრობლემა შემხვდა… მე, სტუდენტი, მივდიოდი გერმანულ მაღაზიაში ორი ბოთლი ღვინით ხელში და  ვითხოვდი: „იქნებ უფროსს დამალაპარაკოთ“… ვიწყებდი ქართული ღვინის ისტორიაზე საუბარს, მაგრამ ზაარბრიუკენში ვიყავი, იქ ფრანგული ღვინოა, საზღვართან არის საფრანგეთი, ელზასია, თავიანთი ღვინო აქვთ და ასიდან სამი თუ დაგელაპარაკებოდა. დანარჩენები ამბობდნენ: „არ გვაინტერესებს, არა, არა…“ ძალიან რთული იყო მათი დარწმუნება. მერე დეგუსტაციებს ვაწყობდით. ზოგ მაღაზიას მოველაპარაკეთ, რომ გავასინჯებდით და თუ დაინტერესდებოდნენ, მერე გადაეწყვიტათ. ასე ნელ-ნელა მოვედით აქამდე. ძალიან რთული იყო: მაღაზიაში ერთი ბოთლი  ღვინო რომ გაგეყიდა, ნახევარი საათი უნდა გელაპარაკა.

გერმანიაში არის ასეთი ჰიპერმარკეტების ქსელი – „მეტრო“, მხოლოდ კომპანიებს ამარაგებს, 180 ფილიალი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლახან „მეტროში“ შეიტანეს „ბადაგონის“ ღვინო. ეს არის გერმანიაში პირველი პრეცედენტი, დიდმა მარკეტმა რომ შეიტანა ქართული ღვინო. დაახლოებით ერთი თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უკვე პირველ პროდუქციას მივაწვდით. ეს არის სასიხარულო ინფორმაცია, იმიტომ რომ გერმანიის ყველა ქალაქში იქნება და ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც  ვიცი, გერმანელებს უფრო წითელი ღვინო მოსწონთ…

კი, „საფერავი“, „მუკუზანი“ და „ქინძმარაული“ – ეს სამი სახეობა მოსწონთ ყველაზე მეტად. „ქინძმარაული“, ნახევრად ტკბილი, მათთვის ძალიან უცხოა, არ უნდათ ხოლმე გასინჯვა, ნახევრად ტკბილი ღვინო რა უნდა იყოსო, ამბობენ, მაგრამ გასინჯავენ და მერე სულ „ქინძმარაულს“ სვამენ…

რამდენი ბოთლი შეგაქვთ მთლიანობაში ევროპაში?

შარშან სტატისტიკას ვაკეთებდით და ყველა პროდუქტი ერთად რომ შევაჯამეთ, მილიონ ბოთლს გადავცდით წელიწადში. ძირითადად, გერმანიაში შეგვაქვს, მერე აქედან სხვა ქვეყნებშიც ვანაწილებთ პარტნიორი დისტრიბუტორების  მეშვეობით.

„ბორჯომი“ მარტო  კვიპროსზე შეგაქვთ?

დიახ, მარტო კვიპროსზე.

გერმანიაში არ შეიძლება მინერალური წყლის შეტანა?

ისეთ მინერალებს შეიცავს „ბორჯომი“, რომ გერმანელები ამბობენ, რეცეპტით უნდა იყიდებოდეს აფთიაქშიო. კანონმდებლობის მხრივ არის რთული მისი შეტანა გერმანიაში.

რაც შეეხება წვენებს?

დანარჩენი ყველაფერი, კომპოტები მოსწონთ ძალიან: შინდის კომპოტი, თეთრი ბალი, ფეიხოა… ფეიხოა არც იციან, ყველას უნდა აუხსნა, სურათები გვაქვს ამობეჭდილი და ვაცნობთ.

საშუალოდ, რა ფასი აქვს ღვინოს?

სუპერმარკეტში, თაროზე 6-იდან 10 ევრომდე არის გასაყიდი ფასი. ნორმალურია, ხელმისაწვდომი, არ არის ძალიან მაღალი და კონკურენტულია.

ძვირადღირებული ღვინოებიც ხომ არის?

კი, ალავერდის მონასტრის ღვინო, ბერების დაწურული, ოც ევროზე მეტი ღირს, ორმოც ევრომდეა გასაყიდი ფასი. ექსკლუზიურია. არის „წინანდლის მამული“ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქარხნიდან, მათ აქვთ ექსკლუზიური ქვევრის ღვინოები – „ხიხვი“ და „საფერავი“, „უსახელაური“; ძალიან მოსწონთ ესენიც, მაგრამ ცოტა იყიდება.

რა სახის ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან თქვენნაირ მეწარმეებს, რა პრობლემები გაქვთ და რის გამოსწორებას ისურვებდით?

პრინციპში, ზოგიერთ საკითხში სახელმწიფო გვეხმარება – შესაძლებლობას გვაძლევს, სხვადასხვა გამოფენაზე უფასოდ მივიღოთ მონაწილეობა. იღებენ სივრცეს, სადაც შეგვიძლია წარვადგინოთ ჩვენი ღვინო. თითქმის ყოველ წელს ხდება ასეთი რამ. ამას გარდა, ვფიქრობ, რომ რაღაც გლობალური, მარკეტინგული, სარეკლამო კამპანია რომ მოიფიქრონ, კარგი იქნება. „სიენენზე“, ან მთელი მსოფლიო რომ უყურებს, სხვა ისეთ არხებზე გააკეთონ რეკლამა: „ქართული ღვინო“, „ღვინის აკვანი – საქართველო“… ქართული ღვინის რეკლამა ასე  გლობალურად არ ყოფილა ჯერ არსად. რაღაც გადაცემები კი კეთდება, მაგრამ ერთჯერადად.

ალბათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უფრო გაგიადვილდათ საქმიანობა.

რა თქმა უნდა, საბაჟო გადასახადი მოიხსნა, რამაც გააიაფა პროდუქცია, შეტანაც გაამარტივა; ძალიან დაგვეხმარა ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლა.

გერმანიაში ოჯახით ხართ?

დიახ, ოჯახით, მეუღლე მყავს, ალენა როჟდესტვენსკაია და გოგონა – სოფი, ჩემი მშობლებიც აქ არიან.

მეუღლესთან ერთად

რა სტატუსით ცხოვრობთ, ბინადრობის უფლება გაქვთ თუ უკვე მოქალაქეც ხართ?

მოქალაქეობა მაქვს… აქაური ვიზა მქონდა, ვაგრძელებდი და ახლა უკვე მოქალაქე ვარ.

ადვილად მიიღეთ მოქალაქეობა?

7-8 წელი თუ ცხოვრობ ქვეყანაში, შეგიძლია მოითხოვო. მთელი ეს დრო საკმარისად უნდა გქონდეს ნამუშევარი და ლეგალურად ცხოვრობდე, 48 თვის განმავლობაში გადასახადები უნდა გქონდეს გადახდილი, შემოსავალი გქონდეს, რომ თავი ირჩინო.

საქართველოს მოქალაქეც ხართ?

საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, მაგრამ ახლა მინდა აღვიდგინო.

თქვენი გოგონა რამხელაა, ქართული იცის?

სოფი 5 წლის გახდება აგვისტოში, ქართული კარგად არ იცის, მაგრამ აქტიური სწავლის პროცესშია, ბევრ წინადადებას ამბობს და ცდილობს, მე ქართულად მესაუბროს.

ჯაბა, სად გაქვთ მამაპაპისეული სახლი?

მამაჩემი წარმოშობით აფხაზეთიდან არის, გალში გვაქვს სახლი. სანამ ბებია ცოცხალი იყო, გალში ჩვენს სახლში ცხოვრობდა და უვლიდა. ახლა, სამწუხაროდ, იქ ვეღარ ჩავდივართ.

მესმის, რომ ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნება თქვენს გეგმებში არ შედის, ამხელა საქმეს ხართ შეჭიდებული, მაგრამ, ზოგადად, თუ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე შორეულ მომავალში მაინც?

საქართველოში დაბრუნება აუცილებლად მინდა, ვცდილობ საქართველოშიც წამოვიწყო ბიზნესი, რომ დაბრუნება გამიადვილდეს. როდის იქნება ეს, არ ვიცი, მაგრამ გეგმაში მაქვს.

დაბოლოს, ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით, რა არის მთავარი უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად და წარმატების მისაღწევად? 

ქართველ ემიგრანტებს ვურჩევდი, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიიღონ რაც შეიძლება კარგი განათლება, ბევრი ისწავლონ, შრომისმოყვარეები იყვნენ და, რაც მთავარია, არ დაივიწყონ საქართველო და ქართული ენა; მიზნად დაისახონ სამშობლოში დაბრუნება და თავიანთი განათლებით, შეძენილი ცოდნით და გამოცდილებით ქვეყნის დახმარება.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close