რუს, ჩინელ და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ მილიონერებს შედარებით ადვილად შეუძლიათ მიიღონ ბრიტანეთის მოქალაქეობა ერთ-ერთი სქემის გამოყენებით, რომელსაც მდიდარ ადამიანებს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სთავაზობს. ამის შესახებ გამოძიება SUNDAY TIMES-მა და ბრიტანეთის მეოთხე არხმა ერთობლივად ჩაატარეს. ინფორმაციას BBC-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.
როგორც გამოძიებით გაირკვა, ბრიტანეთის საიმიგრაციო დეპარტამენტი, პრაქტიკულად, არ ამოწმებს იმ მოქალაქეთა ფულის წარმომავლობას, რომლებიც მზად არიან ბრიტანულ საბანკო ანგარიშებზე 2.5 მილიონი დოლარი განათავსონ.
Sunday Times-მა და ბრიტანეთის მეოთხე არხის ჟურნალისტებმა საიდუმლოდ გადაიღეს ვიდეო, თუ როგორ ამაყობენ იურისტი და ფინანსური კონსულტანტები იმით, რომ ადვილად გამოსდით ე.წ. ოქროს ვიზებთან დაკავშირებით ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ურთიერთობა. როგორც ვიდეოდან ირკვევა, კონსულტანტებს სულ ადვილად შეუძლიათ დამალონ ასეთ ვიზებზე განმცხადებლების ვინაობა, თუნდაც მათ ახლო კავშირი ჰქონდეთ ვლადიმირ პუტინთან ან ჩინეთის არმიასთან.
ამ კონსულტანტებმა ჟურნალისტებს, რომლებიც თავს ასაღებდნენ საზღვარგარეთ მცხოვრებ მილიონერებთან დაახლოებულ პირებად, უთხრეს, როგორ დაეხმარნენ „ოქროს ვიზის“ მიღებაში მუამარ კადაფის ოჯახის წევრებს, ასევე, ტაილანდის მთავრობის კორუფციაში ჩართული მინისტრის შვილს, ანგოლისთვის იარაღის უკანონოდ მიყიდვაში ეჭვმიტანილ მაღალჩინოსანს ერითრეადან, აგრეთვე, ერაყისა და ირანის იმ მოქალაქეებს, რომელთა ბიზნესებიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.
Sunday Times-ი აღნიშნავს, რომ 2018 წლის დეკემბერში ბრიტანეთის შსს-მ დროებით შეაჩერა „ოქროს ვიზების“ გაცემა, რადგან ბევრი ეჭვობდა, რომ მას დანაშაულებრივი ჯგუფების წარმომადგენლები იღებდნენ, თუმცა რამდენიმე დღეში ეს პრაქტიკა ისევ ამუშავდა.
ამ სქემას ეწოდება „ვიზა ინვესტორებისთვის“. 2008 წლიდან მოყოლებული, მისი მფლობელი 11 ათასამდე ადამიანი გახდა, რომლებმაც ბრიტანეთში ცხოვრების უფლება, მოგვიანებით კი მოქალაქეობა მიიღეს.
სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებიც ინვესტორებისთვის ვიზებისა და ბინადრობის ნებართვისთვის ხაზინაში ფულის შეტანას ითხოვენ, დიდ ბრიტანეთს ასეთი ტიპის მოთხოვნა არ აქვს. ფული უბრალოდ საბანკო ანგარიშზე უნდა იდოს, როგორც კი პირი ბრიტანეთში მუდმივი ცხოვრების უფლებას მიიღებს, მას ამ თანხის ანგარიშიდან მოხსნა და ოფშორში გადატანა შეუძლია.
როგორც გამოცემა წერს, ამ საგამოძიებო მასალის მომზადების შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბრიტანეთის შსს არ ამოწმებს ფულის წარმომავლობას და იმედოვნებს, რომ მსგავს შემოწმებებს ბანკები და საინვესტიციო ფონდები განახორციელებენ. აქვე Sunday Times-ი ციტირებს შსს-ს განცხადებას, რომ ვიზების გაცემის პრაქტიკა შეცვლილია და ახლა განსაკუთრებით სერიოზულად მოწმდება კაპიტალის წარმომავლობა.
კომენტარები