ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ქართველი სტუდენტი ესპანეთში: „ჩემი ადაპტაციის მთავარი საიდუმლო გამოწვევების პოზიტიურად დანახვაა“

თამარ არველაძე ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა უკვე აქვს უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრების 3-წლიანი გამოცდილება. მადრიდში, IE UNIVERSITY-ში სწავლის პარალელურად იგი ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, პირველ რიგში, საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ელჩის უფლებამოსილება მიიღო. როგორ აღმოჩნდა ესპანეთში, როგორ გაუმკლავდა სირთულეებს, კონკრეტულად რას აკეთებს ამჟამად და რას აპირებს მომავალში – ამაზე თამარი ინტერვიუში თვითონ გვესაუბრება.

თათუშა, რატომ და როდის გადაწყვიტე უცხოეთში სწავლის გაგრძელება?

სკოლა, სადაც ვსწავლობდი, ამერიკული აკადემია, ინგლისურენოვანია და ყველა საგანი მეცხრე კლასიდან – მეთორმეტე კლასამდე ინგლისურად ისწავლება. ბოლო წელს გაქვს საუნივერსიტეტო ორიენტაცია, რომელიც მიმართულია უცხოურ უნივერსიტეტებზე და უცხოეთში სწავლის გაგრძელება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია. ამ სკოლაში ჩაბარების დროს უკვე წარმოდგენილი მქონდა, რომ ჩემი სწავლის შემდეგი ეტაპი მეტი გამოცდილებისთვის უცხოეთში უნდა გამევლო, რათა დიდი ცოდნითა და პრაქტიკით დავბრუნებულიყავი უკან.

როგორ რჩიე ქვეყანა და უნივერსიტეტი, რა იყო მთავარი კრიტერიუმი და დაგეხმარა თუ არა ამაში ვინმე?

ჩემი არჩევანი მერყეობდა ამერიკის უნივერსიტეტებსა და ესპანეთს შორის. არჩეულმა უნივერსიტეტებმა მიმიღეს, მაგრამ ესპანეთს მივანიჭე უპირატესობა და IE უნივერსიტეტში გავემგზავრე სასწავლებლად. ამაზე ადგილმდებარეობამაც იმოქმედა: ძალიან მიზიდავდა ესპანეთი, ასევე, იმ კურსებმა, რომელიც უნდა მესწავლა (Bachelor of international relations and global affairs). ჩემი ცოდნა იქნებოდა მასშტაბური, რადგან კურსი ბევრ დისციპლინას და საგანს აერთიანებს. სწავლა ინგლისურადაა, თავიდან საერთოდ არ ვიცოდი ესპანური.

ყველა მოლოდინს გადააჭარბა ესპანეთმა, უფრო ადვილი აღმოჩნდა ადაპტირება. არაჩვეულებრივი გარემოა, თბილა, სამხრეთია, ხალხთან კომუნიკაციაც მარტივია და ენის შესწავლაც. ლექტორები საოცრად პროფესიონალები არიან. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ ადგილას გინდა იცხოვრო, ქალაქში თუ არაცენტრალურ ადგილას. მე უფრო ექსტრავერტი და ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და არაურბანულ, მშვიდ გარემოს ნაკლებად შევეგუებოდი. კლასების ზომასაც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა: მინდოდა იმხელა კლასები არ ყოფილიყო, სადაც პირდაპირი კომუნიკაცია არ აქვთ სტუდენტსა და ლექტორს. ჩემს კლასში მაქსიმუმ 35 სტუდენტია და ლექტორები ახერხებენ კონკრეტულ ინდივიდს ინდივიდუალურად მიუდგნენ. კლასში თანასწორია ყველა, ლექტორის ჩათვლით.

Bachelor of international relations and global affairs (პოლიტიკური მეცნიერებები საერთაშორისო ურთიერთობების განხრით) პროგრამის შესწავლამ რატომ დაგაინტერესა?

ზოგადად, ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი თვალს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას, ბავშვობიდან მაინტერესებდა ისტორია, რა ხდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, როგორ იცვლებოდა სახელმწიფო წყობები. ვიფიქრე, რომ საჭირო იყო მქონოდა საბაზისო ცოდნა, რათა უკეთ აღმექვა სამყაროს განვითარება გლობალურად. ყოველთვის ბევრს ვკითხულობდი ამ თემებზე. არჩევანში ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, როცა ვაბარებდი, რადგან თუ ღრმად არ გაინტერესებს ეს საკითხები, ძალიან გაგიჭირდება ფეხი აუწყო ყველა იმ სიახლეს, რაც გარშემო ხდება. მესამე წლის თავზე კი შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს არის ის სფერო, რომლის სწავლაც მინდა.

ბავშვობაში ჩემი ინტერესები მრავალფეროვანი და ცვალებადი იყო. ვკითხულობდი უამრავ დეტექტივს, მინდოდა გამომძიებელი ვყოფილიყავი, შერლოკ ჰოლმსი ან მის მარპლი. ზუსტად ვიცოდი, რომ ექიმი ვერ ვიქნებოდი, ძალიან მეშინია სისხლის და ჭრილობების. ასაკთან ერთად მივხვდი, რომ ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მსიამოვნებდა და ჩემს თავს ისეთ სფეროში ვხედავდი, სადაც აქტიურად მომიწევდა ადამიანებთან ურთიერთობა. სტადიონზე ან სხვა ისეთ ადგილას, სადაც საერთო ემოციის ნაწილი ხარ, თავს კომფორტულად ვგრძნობდი და დადებითი ემოციებით ვიმუხტებოდი, მივხვდი რომ კოლექტიურად ბრძოლის სურვილი მაქვს.

2019 წლის 4 ივლისი, აქცია პარლამენტთან

რას საქმიანობდი საქართველოში, სანამ ესპანეთში გადაწყვეტდი ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელებას?

სკოლის პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობაში, საქველმოქმედო ღონისძიებებში. ასევე სამი წლის განმავლობაში ვიყავი ჩვენი სკოლის აქტივობის, „შაბათის სკოლის“, კოორდინატორი და მასწავლებელი, რომელიც ემსახურებოდა ცოდნის გაზიარებას დევნილი ბავშვებისთვის. 2017 წელს მე და ჩემმა რამდენიმე მეგობარმა facebook გვერდზე დავაფუძნეთ საგანმანათლებლო-ახალგაზრდული პლატფორმა „ედუსპეისი“, რომელიც ემსახურება ინფორმაციის გაცვლას საზღვარგარეთ ან საქართველოში სწავლის შესახებ. წინა წელს იდეის გარშემო გაერთიანებულმა ადამიანებმა ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“, რომლის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ვარ მე და ამით ძალიან ვამაყობ. მაგალითად, აგვისტოს ომის 10 წლის თავზე მოვაწყვეთ ძალიან მასშტაბური აქცია რუსეთის საელჩოს წინ.

საზღვარგარეთ ყოფნისას გონებით ყოველთვის საქართველოში ვარ, თუმცა ფიზიკურად ვერ ჩაერთვები განვითარებულ ამბებში, ამიტომ საქართველოში ყოფნისას ყოველთვის მაქსიმალურ დროს ვუთმობ ჩვენი მოძრაობის პოზიტიური ცვლილებებისკენ მიმართვას, ამ მოძრაობით ვცდილობთ იდეოლოგიურ, მენტალურ ბრძოლაში მოვუგოთ რუსეთს. ასევე გაეროში სტაჟირებით ვმუშაობდი სამი თვით სხვადასხვა პროექტზე. გავიგე, რა ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებში, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამით. იმავე ზაფხულს, 11 ივნისს მონაწილეობა მივიღე ძუძუს კიბოს პრევენციისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მარათონის ორგანიზებაში.

როგორ შეძელი უცხო გარემოში ადაპტირება 17 წლისამ და რა სირთულეები სდევდა თან ამ პროცესს?

სირთულე ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სირთულეების გამოყენება საკუთარი თავის განვითარებისთვის ყოველთვის შესაძლებელია. მაგალითად, პირველი არის ის, რომ შორდები ყველას და ყველაფერს, რაც ამდენი წელი შენ გარშემო იყო. მიდიხარ ასობით კილომეტრის იქით, არავის იცნობ, თავიდან უნდა დაიმკვიდრო საკუთარი თავი. ეს, სირთულესთან ერთად, ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილებაა, მგონია, რომ ეს ადამიანებმა უნდა გამოსცადონ.

ჩემთვის ყველაზე ძნელი ოჯახის, მეგობრობის გარეშე ყოფნა იყო, ასევე, სრულიად დამოუკიდებლობა და დროის სწორი მენეჯმენტი. ამ ყველაფრის გადალახვაში ჩემი სირთულეებისადმი დამოკიდებულება დამეხმარა: თუ ყველა სირთულეს აღიქვამ გამოწვევად, რომელიც ისევ შენ დაგეხმარება, რეალურად, ეს ძალიან გაძლიერებს. თავიდან მქონდა ენობრივი ბარიერი, ესპანეთში ინგლისურად ყველა არ საუბრობს, თუმცა არავერბალურად მაინც გულით ცდილობენ, გაუგონ ერთმანეთს და დაეხმარონ. ვფიქრობ, რომ ჩემი ადაპტაციის მთავარი საიდუმლო გამოწვევების პოზიტიურად დანახვაა.

რა გენატრება ყველაზე მეტად უცხო გარემოში?

ოჯახის წევრები, მეგობრები, ქუჩები, სუნები… – ყველაფერი მენატრება. ემიგრაციაში ისეთ რაღაცებს აცნობიერებ და აფასებ, რასაც საქართველოში ყოფნისას, როგორც ყოველდღიურობას, ისე უყურებდი… თუნდაც ადამიანებთან ურთიერთობები, მუსიკა, რომლისთვისაც შეიძლება საქართველოში ცხოვრებისას არასდროს მომესმინა – ეგ მუსიკაც ძალიან ფასეული ხდება. თბილისში რომ ჩამოვდივარ, აეროპორტიდან სახლამდე გზას გაღიმებული და ბედნიერი ვუყურებ სულ. შეიძლება, რაღაცები არ მოგწონდეს, მაგრამ მონატრება ამ ყველაფერს ფარავს.

ახალგაზრდა ელჩის ერთწლიანი მანდატი გაქვს ესპანეთში, როგორ მოხვდი ამ კონკურსში?

გასულ წელს, ზაფხულის დასაწყისში, ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში ახალგაზრდა ელჩია, გამომიგზავნა პროექტის დახასიათება და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ყოველთვის უსაზღვრო ბედნიერებას ვიღებდი ჩემი ქვეყნის თუნდაც არაფორმალური პოპულარიზაციით. სანამ ახალგაზრდა ელჩი გავხდებოდი, ჩემს კურსზე ყველას ყველაფერი გავაგებინე საქართველოს შესახებ. შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი შანსით შესაძლებლობა მქონდა მეტად გამეფართოებინა ამ ყველაფრის არეალი. გავიარე ორეტაპიანი შერჩევა, გასაუბრება და ზაფხულის ბოლოს გავიგე, რომ კონკურსში გავიმარჯვე. აღარც ველოდი უკვე.

ძალიან ბედნიერი ვიყავი გამარჯვებით, უდიდესი პასუხისმგებლობაა და, ამასთანავე, ბედნიერება, რომ შესაძლებლობა გეძლევა უფრო წელში გამართულად ჩაატარო ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდებს, და არა მარტო, გააცნობ შენს ქვეყანას. საქართველო უნიკალურად ეგზოტიკური და ულამაზესია, სულ ვცდილობ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად ბევრი განსაკუთრებულობა იყრის ამ ქვეყანაში თავს: უნიკალური ანბანი, დამწერლობა, ღვინის კულტურა, კლიმატური ზონები, ლანდშაფტები, ხელოვნება და სხვა. ჩემი აზრით, ამის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს და ჩემი მოტივაციაც ზუსტად ეს არის: გავაგებინო ბევრ ადამიანს საქართველოს შესახებ.

როგორია შენი პროგრამა საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით, ვინ არის სამიზნე აუდიტორი, რა პროექტები განახორციელე უკვე და რას აპირებ მომავალში?

ვცდილობ მრავალფეროვანი ღონისძიებები დავგეგმო. ჩავატარე გამოფენა „აღმოაჩინე საქართველო“, რომელიც ძალიან ინფორმაციული იყო – იღებდი ვიზუალურ და ფაქტობრივ ინფორმაციას საქართველოზე, წარმოდგენილი მქონდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ადგიილის ფოტოსურათები; ასევე ანბანის გამოფენა, აქტივობა „დაწერე შენი სახელი ქართულად“, რომლის ფარგლებშიც თავად ცდილობენ უცხოელები დაწერონ ქართულად საკუთარი სახელები. ასევე ტურისტული დაფები, რომელიც გაწვდის ინფორმაციას, რა უნდა მოინახულო საქართველოში სტუმრობისას. აგრეთვე, წარმოვადგინეთ ქართული ნაციონალური სამოსი, რომელიც მოიცავს მეცამეტე საუკუნიდან დღემდე პერიოდს.

გამოფენა  „აღმოაჩინე საქართველო“ ორ უნივერსიტეტში მოვაწყვე. მქონდა გამოფენა „50 ქალი საქართველოდან“, სადაც წარმოდგენილი იყო მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების 50 გამოჩენილი ქართველი ქალი. ასევე, ბოლო გამოფენა „თანამედროვე საქართველო“ – ეს იყო ქართველი ახალგაზრდა არტისტის, სალომე ჯოხაძის გამოფენა, რომელიც წარმოადგენდა ახალგაზრდული პერსპექტივით დანახულ საქართველოს ანუ საქართველოს 21-ე საუკუნეში. ამ გამოფენით დამთვალიერებელს შეეძლო დაენახა, როგორ უწყობს საქართველო ფეხს მსოფლიო განვითარებას. ყველა ღონისძიებაზე წარმოდგენილია ხოლმე ქართული საკვები.

ორჯერ ჩავატარეთ მასტერკლასი, ხინკლის და აჭარული ხაჭაპურის, ქართულ რესტორანში, სადაც უცხოელი სტუმრები თავად აკეთებდნენ და აგემოვნებდნენ ქართულ საკვებს.

რა რესურსს იყენებ და რამდენად არიან ჩართულები ესპანეთში სასწავლებლად მყოფი ახალგაზრდები და ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტები ამ პროექტებში?  

ქართული დიასპორა ჩართულია ჩემს ღონისძიებებში, ხშირად გვსტუმრობენ. ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უნივერსიტეტში შევქმენი საქართველოს კლუბი, რომელიც ძალიან აქტიურად ფუნქციონირებს. ორ გლობალურ ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ საქართველოს კუთხე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველ სტუდენტს, რომლებიც ჩემს პროექტებში იყვნენ ჩართულები; მორალურადაც და ფიზიკურადაც ყოველთვის გვერდში მიდგას ჩვენი ელჩი ესპანეთის სამეფოში ბატონი ილია გიორგაძე, რომელიც აქტიურად მეხმარება.

საქართველოს ელჩთან  ილია გიორგაძესთან ერთად

ზოგადად, ემიგრანტებთან თუ გაქვს ურთიერთობა?

ზოგ ღონისძიებაზე მოსულან ქართველი ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ესპანეთში და ნაკლებად იცნობენ საქართველოს; ძალიან მოხარული ვარ ამით და ბედნიერი ვიქნები, თუ საქართველოს სიყვარულს გავუღვივებ მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ესპანეთში არსებულ ცეკვის აკადემია „საქართველოს“, ერთ-ერთ ღონისძიებაზე 40 სხვა ქვეყანასთან ერთად წარვდექით. ჩვენი პერფორმანსი შეასრულა ესპანეთში მცხოვრები პატარა ქართველი ბავშვების ცეკვის ჯგუფმა. ძალიან შთამბეჭდავი იყო – ცეკვა არის ძალიან კარგი გზა კომუნიკაციისთვის და ჩვენი ქვეყნის გაცნობისათვის. საელჩოს ინიციატივით, ემიგრანტებისთვის რამდენჯერმე გაიმართა გაცნობითი ღონისძიებები, რომელშიც მეც ვიყავი ჩართული. ახალგაზრდა ელჩობის პერიოდში უფრო მეტად გაფართოვდა ჩემი სანაცნობო წრე ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან.

სწავლის პარალელურად მუშაობის უფლებაც გაქვს? თუ მუშაობ და როგორ უთავსებ ერთმანეთს სწავლასა და მუშაობას?

როდესაც ესპანეთში მივდიოდი, ვგეგმავდი, რომ სწავლის პარალელურად ვიმუშავებდი, თუმცა იმდენად დატვირთულია ჩემი სასწავლო გრაფიკი, რომ ვერ შევძელი სწავლა-მუშაობის შეთავსება. რაც ახალგაზრდა ელჩი ვარ, თავისუფალი დრო თითქმის აღარ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა ხნით მხოლოდ სტუდენტი ვიყო.

რა განსხვავებაა ქართულ და ესპანურ სწავლებას შორის?

ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის მთავარი რეფორმა უნდა იყოს განათლება, რადგან ეს ძალიან გრძელვადიანი პროცესია. ძალიან დიდი განსხვავებაა განვითარებული ქვეყნებისა და საქართველოს განათლების სისტემებს შორის. მეტი პროფესიონალიზმი იგრძნობა უცხოეთში როგორც მასწავლებლების, ისე სტუდენტების მხრიდან. იციან განათლების ფასი. სამწუხაროდ, არ მაქვს საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების გამოცდილება, ამიტომ უფრო სკოლებზე ვისაუბრებ და იმედი მაქვს, უნივერსიტეტებში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სკოლებში. გარდა რიგი პრობლემებისა სკოლებში, ძალიან მაწუხებს დაზეპირებული ცოდნა და მასწავლებლების მიერ ყველა მოსწავლის ერთ ყალიბში „გამოძერწვის“ მცდელობა, არ ვთვლი, რომ საჭიროა რომელიმე ნაწარმოები ყველას ერთნაირად ესმოდეს: მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა ასწავლოს ის უნარები, რომლებითაც თავად შეძლებს ინდივიდუალურად გაიგოს ნებისმიერი საკითხი. არ არსებობს სწორი და არასწორი აზრი, საჭიროა მეტი თავისუფლება და ბევრი განსხვავებული ნაფიქრი აზრი.

რა შესაძლებლობები არსებობს ქართველი ახალგაზრდებისათვის ესპანეთში სწავლის მხრივ და რა არის საჭირო ამისთვის, რა რესურსი სჭირდება ახალგაზრდას? სწავლა ფასიანია?

ვფიქრობ, მე რომ ინგლისურად სწავლის გამოცდილება არ მქონოდა, გამიჭირდებოდა დიდი სასწავლო მასალის დამუშავება, თუმცა ამ ყველაფრის მიჩვევა და პრაქტიკაში შეგუება შესაძლებელია. მთავარია მოტივაცია გქონდეს და გინდოდეს უცხოეთში სწავლის გაგრძელება. თუ არ გინდა და არ ხარ დარწმუნებული, რომ მზად ხარ ეს ნაბიჯი გადადგა, არ არის აუცილებელი, ამ გზას გაჰყვე. თუ გაქვს მოტივაცია, ყველგან ისწავლი, მთავარი ალბათ მაინც ენობრივი მზაობა და გამომუშავებული უნარ-ჩვევებია. უნდა შეგეძლოს საათობით დაუთმო დრო მეცადინეობას, უნდა გქონდეს პრეზენტაციის გაკეთების უნარი, აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის და საკითხის წარდგენის უნარი, დროის სწორად განაწილება უნდა შეგეძლოს. ჩემი აზრით, აუცილებელია სკოლებში ხდებოდეს ამ უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამზადებდნენ ბავშვებს საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის.

ჩემი უნივერსიტეტი კერძოა, ამიტომ ფასიანია, თუმცა არის უფასო ძალიან კარგი სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომლებშიც სწავლის პროცესი ესპანურ ენაზე მიმდინარეობს. ჩემი უნივერსიტეტიც იძლევა დაფინანსებებს და შესაძლებლობას, სხვადასხვა სტიპენდიით გადალახო ფინანსური ბარიერი.

ყველაზე დიდი უსამართლობის განცდა მეუფლება იმის გამო, რომ განათლება დღეს არის ფუფუნება, განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიან განათლებაზე.

სწავლის გარდა თუ ხარ დაკავებული სხვა რამით, თუ გაქვს რაიმე ჰობი?

უნივერსიტეტში ძალიან ბევრი კითხვა მიწევს, ამიტომ ვცდილობ თავისუფალი დრო საყვარელი ლიტერატურის საკითხავად გამოვიყენო. ასევე არის ონლაინ პლატფორმა „კურსერა“, სადაც ონლაინ კურსების გავლა შეგიძლია. სულ ვცდილობ საინტერესო კურსები გავიარო იმ სფეროებში, რომლებშიც ცოდნის გაღრმავება მსურს. ვცდილობ თავისუფალი დროც ძალიან ინფორმაციული იყოს. ჩემი ჰობი თხილამურებზე სრიალია, ძალიან მიყვარს. ასევე მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი თავისუფალ დროს ვაწყობთ ხელოვნების საღამოებს, ვცდილობთ თიხისგან გამოვძერწოთ სხვადასხვა სკულპტურა. მადრიდში, ჩემს სახლში მაქვს ჩვენი გაკეთებული სკულპტურების თარო. მე და ჩემმა ქართველმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ამ საღამოების მოწყობა, თუმცა უცხოელი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ. ამ ბოლო დროს ვარჯიშიც ჩემი ჰობი გახდა.

რა გეგმები გაქვს ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ? აპირებ მაგისტრატურის გაგრძელებას ესპანეთში?

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მინდა კვალიფიკაცია ავიმაღლო, ვიპოვო სამსახური რელევანტურ სფეროში. სადაც კარგი შესაძლებლობა გამიჩნდება, ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგისტრატურამდე მინდა სხვადასხვა სფეროში გამოვცადო საკუთარი თავი, რომ გავიგო, რომელ სფეროში მინდა კონცენტრირება. შორეულ მომავალში მინდა მაგისტრატურა ამერიკაში გავაგრძელო, მანამდე კი ვაპირებ პრაქტიკაში გამოვცადო ის, რასაც თეორიულად ვსწავლობ. უცხოეთში არსებობს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის „შესვენების“ პრაქტიკა, არ არის აუცილებელი, გადააბა ეს ორი საფეხური, საჭიროა ზუსტად გაერკვე, რისი სწავლა გინდა.

ამბობენ, რომ ქართველები და ესპანელები ერთმანეთს ჰგვანან, რამდენად მართალია ეს? რა დამოკიდებულება აქვთ ესპანელებს ქართველების მიმართ?

იმის გარდა, რომ ჩვენს ენებში არსებობს ტოპონიმიკური მსგავსებები, ესპანელები მართლა ბევრ რამეში გვგვანან. არიან ბედნიერები, ორიენტირებულები გართობაზე, უყვართ კარგი ჭამა-სმა. მშრომელი ხალხია. ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და განვითარებით ბევრად წინ არიან. ემოციურობა, ტემპერამენტი – ეს ყველაფერი ძალიან უკავშირდება ამინდს, სულ კარგი ამინდია და გარეთ ატარებენ ხალხთან ერთად მეტ დროს. ისევე, როგორც ჩვენ, არიან ძალიან ხმაურიანები და იციან გართობა-მუშაობის ფასი და ადგილი ცხოვრებაში.

ჩემ გარშემო არა მარტო ესპანელები, არამედ სხვა ეროვნების ადამიანებიც მეუბნებიან, რომ ეს ქართველები ხართ, რაც ხართო. მასობრივად ლობირებს აზრი, რომ ძალიან კარგები ვართ და მოსწონთ ჩვენთან კომუნიკაცია. ძალიან მოსწონთ ჩვენი სტუმარმასპინძლობის ტრადიცია, ჩვენი ხასიათი. ერთადერთი, რაც არის ნეგატიური: ჩემს ესპანელ მეზობელს აქვს ნათქვამი – კარზე დაიწერე, რომ ქართველი ხარ, ქართველმა ქურდებმა რომ არ გაგქურდონო… თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია და, ძირითადად, პოზიტიური დამოკიდებულებები ჭარბობს. ძალიან მოსწონთ ჩვენი დამწერლობა, სულ მესაუბრებიან ღვინოსა და საკვებზე. ძალიან მოსწონთ ჩვენი სამზარეულო და მრავალხმიანი მუსიკა.

ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვს, პირადი ურთიერთობებისთვის თუ გრჩება დრო?

ჩემთვის, ზოგადად, ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია და ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს მოიცავს. რაც არ უნდა დაკავებული ვიყო, ჩემი ტვინი სულ საყვარელ ადამიანებთანაა. უკვე სამი წელია, რაც მყავს შეყვარებული.

რა რჩევებს ისცემდი სტუდენტებს, რომლებსაც შენ მსგავსად, საზღვარგარეთ სურ სწავლის გაგრძელება?

უპირველესად, იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და აუცილებლად გამოუვათ. თუ ვინმე უარს გეტყვით, სულაც არ ნიშნავს, რომ იმედები უნდა გადაიწუროთ, რადგან ცხოვრება ლატარიასავითაა, ხან გამოგდის, ხან ცოტა გაკლდება, რომ გამოგივიდეს. ეს ყველაფერი არ უნდა იყოს დამთრგუნველი, რადგან მოტივაციაა ის, რასაც მიზნამდე მივყავართ. არ ეგონოთ, რომ ზუსტად უნდა იცოდნენ რისი სწავლა უნდათ: ამერიკაში არის ფაკულტეტი, რომელზეც ერთ კონკრეტულ სფეროს არ სწავლობ, ბევრ სხვადასხვა ერთმანეთთან დაუკავშირებელ საგანს სწავლობ, რომ მიხვდე, რა გინდა.

აღმოვაჩინე, რომ ჩემს კურსზე ასაკით ყველაზე პატარა ვარ; ძალიან მიკვირდა და როცა ვიკითხე, რატომ არიან ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები ჩემი კურსელები, აღმოვაჩინე, რომ თავისუფლებას აძლევენ საკუთარ თავს, რათა სწორად დაგეგმონ საკუთარი საგანმანათლებლო ცხოვრება.

აუცილებელია ინტერნეტის სწორად გამოყენება ვიცოდეთ. ძალიან ვამაყობ ამ მაგალითით: ბებიაჩემმა 65 წლის ასაკში დაიწყო ხატვა ინტერნეტის დახმარებით, უფასო ვიდეოებით, არაჩვეულებრივად ავითარებს საკუთარ ინტერესს და ნიჭს. ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ საკუთარ სურვილებს, რომ ვიყოთ ბედნიერი და შემდგარი ადამიანები.

ესაუბრა ნათია მიხელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close