საბერძნეთის ახალი მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა: პირველი გადაწყვეტილება
საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა კირიაკოს მიცოტაკისმა ხელისუფლების საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ამავე დროს, განხორციელდა პირველი სტრუქტურული ცვლილება – საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტრო მოქალაქის დაცვის სამინისტოს შეუერთდა.
საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა ფრანგულ ჟურნალ Nouvelle Observateur-ს, რომელშიც ქვეყნის ახალი მთავრობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ახალი პრემიერი საიმიგრაციო პოლიტიკის თემასაც შეეხო.
მიცოტაკისის თქმით, საბერძნეთს ბალკანეთის რეგიონში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. ამავე დროს, საბერძნეთის საზღვრები ევროკავშირის საგარეო საზღვრებია და ქვეყანას უფლება აქვს, კავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასა და საზღვრების დაცვის საკითხში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მიცოტაკისმა ევროკავშირის ქვეყნების ხელშეწყობით კავშირის სასაზღვრო პოლიციის შექმნა მოითხოვა.
რაც შეეხება ლტოლვილებს, საბერძნეთის მთავრობის მეთაური აპირებს გაამარტივოს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა. მისი თქმით, ყოველი მოთხოვნა სწრაფად უნდა განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. ვისაც ეკუთვნის აღნიშნული სტატუსი, შეძლებს მის მიღებას, ხოლო სხვებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ.
საბერძნეთის ახალი მთავრობა განცხადებებით არ შემოიფარგლა და პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა: მოხდა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია და საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტრო მოქალაქის დაცვის სამინისტოს შეუერთდა. უნდა ითქვას, რომ მოქალაქის დაცვის სამინისტოდ დღეს საბერძნეთში ყოფილი უშიშროების სამინისტრო იწოდება. შესაბამისად, ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა ძალოვან სტრუქტურას დაექვემდებარა, რაც ამ კუთხით მთავრობის პოლიტიკის გამკაცრების ნიშნად უნდა მივიჩნიოთ.
ცხადია, საბერძნეთისთვის ამჟამად მთავარი საიმიგრაციო პრობლემა ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის გავლით შემოსული ლტოლვილთა ნაკადია. ამდენად, ქართველებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ამავე დროს, ცნობილია, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება შეწყვიტა. ციპრასის მემარცხენე მთავრობა აღნიშნულ პროცესს არ შეუერთდა. საინტერესოა, ამ თვალსაზრისით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი ხელისუფლება. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, გამკაცრდება თუ არა სასაზღვრო კონტროლი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბერძნეთში (როგორც შენგენის წევრ ქვეყანაში) სამოგზაუროდ უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
გიორგი ჯანელიძე
მსგავს თემაზე: ათენის ახალი მერი – კოსტას ბაკოიანისი დიდ პოლიტიკოსთა ოჯახიდან
დაგაინტერესებთ: ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი პირველი)
ნატურალიზაციის ახალი წესები საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთათვის (ნაწილი მეორე)
კომენტარები