კინო/ფილმებისაზოგადოებასაქართველო

ლიანა ასათიანის ცხოვრებისეული როლი და სიმარტოვე

წლების წინათ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ, უცხო მიწაზე დედა-შვილის – ლიანა ასათიანისა და ლექსო თორაძის შეხვედრა კარგა ხანს ცხოველი განსჯის საგანი იყო. ქართველთა უმეტესობას ის აღაფრთოვანებდა და სიამაყით ავსებდა, რომ ლიანა ასათიანის სილამაზემ უცხოელები ასე მოხიბლა. 

ეს ულამაზესი ქალი, არაჩვეულებრივი ქართველი კომპოზიტორის, დავით (გუგული) თორაძის მეუღლე, საქვეყნოდ სახელგანთქმული პიანისტის – ლექსო თორაძის და მსოფლიოში ცნობილი ფირმა „ზენიას“ წარმომადგენლის, ნინო თორაძის დედა, ცნობილი ქართველი მსახიობი ლიანა ასათიანი ხანდაზმულ ასაკშიც ისეთივე მომხიბვლელი, ელეგანტური და ბავშვურად უშუალო იყო, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინათ, კინოფილმ „გიორგი სააკაძეში“ თეკლა დედოფლის როლის შესრულებისას…

წარმატებული დებიუტის შემდეგ კიდევ ოცამდე ფილმი („ჭირვეული მეზობლები“, „გაზაფხული საკენში“, „ეთერის სიმღერა“, „ერთი ცის ქვეშ“, „მაცი ხვიტია“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „წიგნი ფიცისა“…) დაამშვენა ქალბატონი ლიანას ნიჭიერებამ, პროფესიონალიზმმა, სათნოებამ, მომხიბვლელობამ და მართლაც დედოფლურმა გარეგნობამ… საქართველომ მსახიობს 2012 წლის 20 მაისს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავი გაუხსნა, 5 წლის წინ კი, 2014 წლის ივლისში (ლიანა ასათიანი 8 ივლისს გარდაიცვალა), სამწუხაროდ, მარადიული სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე გააცილა.

მერვეკლასელი თეკლა დედოფალი

არც მეტი, არც ნაკლები, ლიანა ასათიანი მერვე კლასის მოსწავლე იყო, „გიორგი სააკაძეში“ თეკლა დედოფლის როლზე რომ დაამტკიცეს.

„ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელად მოხდა. იმ დღეს მეგობრებთან ერთად მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი, სპექტაკლ „გიორგი სააკაძეს“ ვუყურებდით. გიორგი სააკაძის როლს შალვა ღამბაშიძე თამაშობდა. მეორე მოქმედების დაწყებამდე გოგონები ფოიეში დავრბოდით და სურათებს ვიღებდით. ამ დროს ერთი სოლიდური მამაკაცი და ქალი მოგვიახლოვდნენ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ქალი მიხეილ ჭიაურელის ასისტენტი ნატაშა ჟუჟუნაძე იყო, მამაკაცი კი – „გიორგი სააკაძის“ მეორე რეჟისორი შალვა გედევანიშვილი. მკითხეს, კინოში გადაღება თუ გინდაო და ჩემი დადებითი პასუხის შემდეგ მეორე დღეს კინოსტუდიაში დამიბარეს. ჩემთვის ეს ღვთის საჩუქარი იყო. თეატრში ულამაზეს ზრდასრულ გოგონებთან ერთად ვიყავი. ესენი იყვნენ გოგლა ლეონიძის ქალიშვილები – თინა და ნესტანი, სანდრო შანშიაშვილის, პაოლო იაშვილისა და გერონტი ქიქოძის ქალიშვილები – ლატავრა, მედეა და მანანა. ისეთი ლამაზები იყვნენ, მათი შეხედვისას შეიძლებოდა გული გაგჩერებოდა, მე კი მხოლოდ მაშინ ვსწავლობდი თმის ისე დავარცხნას, როგორც დიდი გოგონები იკეთებდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, მათ შორის მე რატომ ამომარჩიეს, ამიტომაც ვთვლი ამას ღვთის წყალობად.

მეორე დღეს კინოსტუდიაში ისე წავედი, მშობლებისთვის (დედა – ცნობილი ჟურნალისტი მერი ბურდული, მამა – გიორგი ასათიანი, ფინანსისტ-ეკონომისტი) არაფერი მითქვამს. შემეშინდა, ვაითუ არ გამიშვან-მეთქი. კინოსტუდიაში მისულს, შესასვლელთან დამხვდნენ და მესამე სართულზე ცნობილ მხატვართან, თამარ აბაკელიასთან ამიყვანეს. დედოფლის სამოსი რომ ჩამაცვეს, თავზე გვირგვინი დამადგეს და გრიმი გამიკეთეს, საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი – სარკეში გაოცებული ვიყურებოდი. სურათები გადამიღეს, ფოტოსინჯები მოეწონათ და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ფილმზე გადასაღებად დამიბარეს. წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! მოულოდნელად ისეთი ლეგენდარული მსახიობების გვერდით აღმოვჩნდი, რომელთა ფოტოებსაც სპეციალურად ვყიდულობდი და ალბომში ვაკრავდი, რომ არავის მოეპარა. გადასაღებ მოედანზე სპარტაკ ბაღაშვილი რომ დავინახე, თვალებს ვერ დავუჯერე. გაოცებული ვუყურებდი ჩემთვის საყვარელ გენიალურ მსახიობებს, რომლებიც 15 წლის გოგონას, როგორც საკუთარ შვილს, ისე მეფერებდნენ და მანებივრებდნენ“, – იხსენებდა ქალბატონი ლიანა.

არჩევანი

ფილმზე მუშაობა რომ დასრულდა, სკოლა სწორედ იმ წელს დაამთავრა. დილემის წინაშე იდგა – პროფესია უნდა აერჩია. აქეთ შალვა ღამბაშიძე ეუბნებოდა: „ლიანა, მოდი ჩემთან თეატრში“, იქით აკაკი ხორავა ეპატიჟებოდა: „პრიხადი, მაიო სერდეჩკო, ტებე ბუდეტ ხოროშო“, მაგრამ…

„ძალიან მალე მივხვდი, რომ კინომსახიობობა პროფესია არ არის. მსახიობის როლები ფორტუნაზეა დამოკიდებული, ბედი ან გაგიმართლებს, ან არა. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ რეჟისორმა საინტერესო როლზე არ დაგაკავა, მით უმეტეს, კინოში, ისე არაფერი გამოდის. თანაც, მოგეხსენებათ, როგორი რთული დრო იყო მაშინ (მეორე მსოფლიო ომის პერიოდი),  ვხედავდი, როგორ მოდიოდნენ მსხიობები – მართლა ვარსკვლავები – ბატონ მიშა ჭიაურელთან და როგორ სთხოვდნენ, მასობრივ სცენებში მაინც დაეკავებინა, რათა რაღაც კაპიკები მიეღოთ და როგორმე თავი ერჩინათ. ზოგიერთ მათგანს თოკით ჰქონდა ფეხსაცმელი დაბმული… ასეთ ფაქტს რამდენჯერმე შევესწარი და ლამის გავგიჟდი. მე ასე ვერასოდეს მოვიქცეოდი. მშიერიც რომ ვკვდებოდე, ვერავის ვერაფერს ვთხოვ, ამიტომ ვიფიქრე, თუ ვინმეს ჩემი გადაღების სურვილი ექნება, ისედაც გადამიღებს, თუ არადა, ისეთი პროფესია უნდა მქონდეს, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში ჩემთან იქნება-მეთქი“, – იხსენებდა ქალბატონი ლიანა.

ჰოდა, ექიმობა გადაწყვიტა, თუმცა ექიმად დიდხანს არ უმუშავია. ოჯახი, ბავშვები დიდ დროს მოითხოვდა, მას კი დამხმარე არავინ ჰყავდა. მისთვის ოჯახი უპირველესი იყო, ბავშვებს ყურადღების გარეშე ვერ დატოვებდა… სწორედ ეს „ბავშვები“  იყო მისი სიამაყე და სულიერი სიძლიერეც, კარგი შვილები წაუგებელი ბიზნესიაო, ამბობდა.

„თავადის ქალი მაია“

მანამდე, ცხადია, იყო შეხვედრა მომავალ მეუღლესთან. მათ ერთმანეთი რეჟისორ შოთა მანაგაძის ფილმის, „ჭირვეული მეზობლების“ გადაღების დროს გაიცნეს. დავით (გუგული) თორაძე მუსიკას წერდა ამ ფილმისთვის. ლიანა ასათიანი ამ დროს 18 წლის იყო. მათ შორის მალე გაჩნდა გრძნობა და მალევე დაქორწინდნენ. ფილმის გადაღებები ჯერ დასრულებული არ იყო.

„გუგულის არცერთ ფილმზე მუშაობის დროს ხელი არ შეუშლია ჩემთვის, გარდა „თავადის ქალი მაიას“ გადაღებისა, – დიდი ობსტრუქცია მომიწყო, არ უნდოდა, რომ ფილმში მიმეღო მონაწილეობა. არ ვიცი, რატომ… ფილმის რეჟისორი მამაკაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება მეფიქრა, ეჭვიანობს-მეთქი… მეც მიკვირს, მაგრამ ახსნას ვერ ვპოულობ, რადგან მსგავსი საქციელი შორს იყო გუგულის ხასიათისგან. უბრალოდ, არ უნდოდა და მორჩა…“

არადა, ლიანა ასათიანი თავის ყველზე მნიშვნელოვან ნამუშევრად რეჟისორ ლანა ღოღობერიძის სწორედ ამ ფილმში განსახიერებულ როლს მიიჩნევდა და ყველაზე სასიამოვნოდ ამ კინოსურათის გადაღებებს იხსენებდა. „ამ ფილმზე მუშაობისას მივხვდი, როგორ უნდა დაიხარჯო“, – ამბობდა იგი.

იძულება თუ გარდაუვალი აუცილებლობა?

1983 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველო სენსაციურმა ამბავმა შეძრა: „ლექსო თორაძე ამერიკაში დარჩა!“

კი მაგრამ, რატომ? ასეთი სიყვარულითა და ნიჭიერებით სახელგანთქმული ოჯახის, საქვეყნოდ აღიარებული მუსიკოსის შვილს რა მიზეზმა დაატოვებინა სამშობლო, მშობლიური კერა?

აქ მიზეზების გარკვევას არ დავიწყებთ, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ მაშინ საბჭოთა კავშირმა ლექსო მოღალატედ გამოაცხადა. წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში ქალბატონი ლიანა ასათიანი იტყვის: „როცა გავიგეთ, ლექსო უცხოეთში დარჩა, ამ ამბავს მე და ჩემი მეუღლე ღირსეულად შევხვდით. ორივემ კარგად ვიცოდით, რომ მას გაშლილი სივრცე სჭირდებოდა და არა ისეთი, როგორსაც აქ, საბჭოთა კავშირში უქმნიდნენ. მისი ნაბიჯი ღირსეული იყო. იმ პერიოდში მთელმა ოჯახმა ბევრი რამ გადავიტანეთ, მაგრამ ყველაფერს გავუძელით, რადგან გვესმოდა, რომ ეს ნაბიჯი გამართლებული იყო… უფრო ადრე უნდა წასულიყო, ისეთ მძიმე სიტუაციაში ჩააყენა ფედოსეევის ორკესტრმა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა… პროფესიული შეურაცხყოფა აუტანელია… დიდ ხომალდს დიდი ზღვა სჭირდებოდა, რომ ეცურა“.

ამასობაში ხუთი წელი გავიდა და წუთებიღა რჩებოდა დიდი ხნის უნახავ შვილთან შესახვედრად.

საუკუნის შეხვედრა

ქალბატონი ლიანა ასათიანი პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ უფლება მისცა, უცხოეთში გადასულ შვილს შეხვედროდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. დედა-შვილის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძისა და პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მაიკლ არმაკოსტის დონეზე გადაწყდა.

1988 წლის აგვისტოს ბოლო დღეები იყო. ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ ამ ფაქტს დიდი ყურადღება დაუთმო. აეროპორტი სავსე იყო ჟურნალისტებით, ფოტო- და კინოკამერებით. „გამოჩნდა ლექსოს შავთმიანი, დიდებული, დედოფლური შესახედაობის დედა“, – წერდა ნიუ-იორკში ყველაზე პოპულარული „სახალხო ჟურნალი“ და ექვს გვერდზე აშუქებდა მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას.

ლექსოსთან შეხვედრის ის წუთები ბედნიერებისთვის მთელ საუკუნეს ეყოფოდა. ეს ბედნიერება მარტო ერთი დედა-შვილის კუთვნილება არ იყო. ამ შეხვედრით საუკუნოვანი ბოქლომდადებული კარი გაიხნა…

თავად ლექსო თორაძე ხანგრძლივი განშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქს პირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე ეწვია.

***

არა მარტო ლექსო თორაძე, არამედ ლიანა ასათიანის ქალიშვილი – ნინოც ოჯახთან ერთად უცხოეთში ცხოვრობს… საინტერესოა, თავად ქალბატონ ლიანას არ ჰქონდა საქართველოდან წასვლის და მათთან დარჩენის სურვილი?

„შვილები და შვილიშვილები, რა თქმა უნდა, მენატრებიან. მათით ვცხოვრობ, მაგრამ როგორც ერთხელ ლექსომ თქვა, მათთვის აქ უფრო საჭირო ვარ. ლექსოს რაღაც პრობლემა ჰქონდა და მესიჯი დავუტოვე, თუ გჭირდები, ყველაფერს დავტოვებ, ჩამოვალ და მოგივლი-მეთქი. ლექსომ მომწერა, დედა, თბილისში უფრო მჭირდებიო. გამიკვირდა, რას ამბობს-მეთქი ეს ბიჭი, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ მართალი იყო. მე რომ აქ არ ვიყო, ლექსოზეც და ნინოზეც საქართველოში ალბათ ნაკლები ინფორმაცია იქნებოდა. ახლა ლიანა ასათიანის სახელი დავით თორაძესთან, ლექსოსთან და ნინოსთან ასოცირდება და ასეცაა: ცოტა გუგული, ცოტა ლექსო, ცოტა ნინო და ცოტა ლიანა – ერთად ლიანა ასათიანია…

ცხოვრებაში ბედნიერი წუთებიც ბევრი მქონია და დისკომფორტიც, მაგრამ ჩემს პრობლემებს თავზე არავის არასოდეს ვახვევდი. ახლაც რომ მეკითხებიან: „ლიანა, როგორ ხარ?“ – „ვსიო ო კეი“, – ვპასუხობ. არასოდეს ვამბობ, რომ ცუდად ვარ. არ მიყვარს წუწუნი და იმას, რაც სხვებში არ მომწონს, მე არ გავაკეთებ. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო როლს ცხოვრებაში ვასრულებ…“

და არავინ იცის, როგორი იყო მისთვის ამ როლის სიმძიმე, რომელსაც ფონად გასდევდა სიმარტოვე… ლიანა ასათიანი უკვე 5 წელია, ცხოვრებისეულ როლს აღარ ასრულებს. მისი კინოროლები კი კიდევ ძალიან დიდხანს მოხიბლავს ქართველ მაყურებელს.

თამარ ოთიაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: აშშ-ში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი ლექსო თორაძე (ვიდეო)

აშშ-ში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პიანისტი ლექსო თორაძე (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close