გიორგი ლობჟანიძის იტალიური აღიარება
გიორგი ლობჟანიძე, ქართველი პოეტი, მთარგმნელი და აღმოსავლეთმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებით არაერთი საერთაშორისო ფესტივალი დაინტერესდა.
გასულ წელს იგი თბილისის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალსა და გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. პროექტ „ცოცხალი წიგნების“ და წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, „გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის“ მიერ დასტამბული კრებულის „4 + 4= ∞“ გამოსვლის შემდეგ კი გიორგი ლობჟანიძემ სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალების მიწვევა მიიღო.
12 ივლისს რეჯო კალაბრიის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალზე Xeria Book Fair, საპატიო სტუმრის რანგში, გიორგი ლობჟანიძის პოეზიის საღამო გაიმართება, 13 ივლისს კი გიორგი ლობჟანიძეს ქალაქ პერუჯასთან, ტრაზიმენოს ტბის შუაგულში მდებარე კუნძულ პოლვეზეზე პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი „პოეზია და ევროპა“ უმასპინძლებს.
გიორგი ლობჟანიძემ, სხვა მრავალ მნიშვნელოვან თარგმანთან ერთად, ქართულ ენაზე თარგმნა ყურანი. მისი თარგმანები გამოირჩევა ორიგინალთან ფორმის და შინაარსის მაქსიმალური სიახლოვით და ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. გიორგი ლობჟანიძის ორიგინალური პოეზია კი თავისი სიღრმით, მხატვრული სახეებით, განწყობებით, საინტერესო ფორმითა და ინდივიდუალური ხელწერით იპყრობს თაყვანისმცემლებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები