მსოფლიოპოლიტიკა

ვაროსია: ქალაქი-მოჩვენება კვიპროსში

კუნძულ კვიპროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ვაროსია (თურქულად მარაში), რომელშიც თითქოს დრო გაჩერდა. ქალაქი აბსოლუტურად ცარიელია.

თურქეთის არმიის ინტერვენციამდე (1974 წ.) ვაროსიაში 39 ათასი ადამიანი ცხოვრობდა და ეს ქალაქი კვიპროსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენდა. როდესაც კუნძულზე თურქეთის ჯარი შეიჭრა, ბერძნულენოვანი კვიპროსელების სამხედრო ძალებმა ქალაქის დაცვა ვერ მოახერხეს. რამდენადაც ქალაქის მოსახლეობა მთლიანად ბერძნული იყო, ხოცვა-ჭლეტის შიშით მათ სასწრაფოდ დატოვეს ვაროსია და ქვეყნის სამხრეთ რაიონებში გადავიდნენ.

ქალაქში მოსახლეობის დაბრუნება დღემდე პოლიტიკური ვაჭრობის საგანს წარმოადგენს. თურქები იქ შესვლას ყველას უკრძალავენ. გამონაკლისი მხოლოდ გაეროს წარმომადგენლებისთვის არსებობს, რომლებიც პერიოდულად შედიან ქალაქში და ინსპექტირებას ატარებენ. გაეროს უშიშროების საბჭოს 1984 წლის გადაწყვეტილებით, ქალაქის მართვა სწორედ ამ ორგანიზაციას გადაეცა, თუმცა თურქული მხარე დღემდე არ ემორჩილება საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებას.

2004 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კვიპროსის პრობლემის მოგვარების გეგმა წარადგინა. აღნიშნული გეგმა ვაროსიის ტრაგედიის დასრულების იმედს იძლეოდა, მაგრამ კვიპროსელმა ბერძნებმა რეფერენდუმზე კოფი ანანის გეგმა უარყვეს. კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია, ხოლო ვაროსია ქალაქ-მოჩვენებად რჩება.

ქალაქის სამხრეთით მდებარეობს დასახლებული პუნქტი პარალიმნი, სადაც ძირითადად ვაროსიიდან დევნილი ბერძნები ცხოვრობენ, ხოლო ჩრდილოეთით და დასავლეთით კვიპროსელი თურქების დასახლებული პუნქტებია განლაგებული. ორივე თემის წარმომადგენლები უყურებენ, როგორ ინგრევა ერთ დროს აყვავებული ქალაქი.

2010 წელს ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში საჩივარი შეიტანა ვაროსიის 8 მცხოვრებმა, კონსტანტინოს ლორდოსის ინიციატივით. ისინი თურქული მხარისგან მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა და თურქულ მხარეს მათთვის ინდივიდუალურად სხვადასხვა სახის, 100 ათასიდან 8 მილიონ ევრომდე კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

რამდენადაც ქალაქი ვაროსია უკვე 40 წლის განმავლობაში უკაცრიელია, სახლები ნელ-ნელა ინგრევა. როგორც ანგარიშობენ, თუკი მოსახლეობის უკან დაბრუნება გადაწყდება, წინასწარ 5-წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რათა ქალაქი კვლავ საცხოვრებლად ვარგისი გახდეს.

გიორგი ჯანელიძე

იხილეთ ვიდეო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close