ნამდვილი სუპერხილი – რატომ არის საზამთრო ასეთი განსაკუთრებული?
საზამთრო მამაკაცის პოტენციაზე ერთობ სასარგებლოდ მოქმედებს, ამიტომ მას ვიაგრასაც კი ადარებენ
შეიძლება ბევრმა არც კი იცის, რომ ეს ყველასათვის საყვარელი ხილი, ცხელი ზაფხულის ძვირფასი საჩუქარი ბუნებისაგან – საზამთრო სინამდვილეში ბიოლოგიური (უფრო ზუსტად, ბოტანიკური) თვალსაზრისით, სულაც კენკრა ყოფილა (როგორც, მაგალითად, მარწყვი ან მაყვალი), თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს?! მთავარია, რომ საზამთროს სეზონი დაიწყო, კარგა ხანს გრძელდება. კითხვაც: რამდენად სასარგებლოა ის ჯანმრთელობისთვის? – საკმაოდ ბევრჯერ დასმულა, პირველ ყოვლისა, მასში შემავალი ნიტრატებისა და კიდევ, ბოლო დროს საკვებით მოწამვლის სიხშირის გამო, რასაც უმეტესად რატომღაც საზამთროს აბრალებენ.
არადა, პასუხი ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანია: საზამთრო ჩვენი ბუნების ერთ-ერთი უძვირფასესი ძღვენია, ნამდვილი სუპერხილი, რომელიც ძალიან ბევრ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. რაც შეეხება ნიტრატებს, მათ სარგებლობა უფრო მოაქვთ, ვიდრე ზიანი, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც კარგა ხანია გასცდა ადრეული ბავშვობის ასაკს. ნიტრატები, თურმე ნუ იტყვით, გულსა და სისხლძარღვებს, სულ ცოტა, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიისგან იცავს, ხოლო მოწამვლის მიზეზი ხდება ბაქტერიები – რადგან საზამთრო საკმაოდ მალფუჭებადი ხილია.
სხვათა შორის, ნიტრატების მთავარი წყარო ჩვენს საკვებში ჭარხალია და არა საზამთრო, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი ალბათ, თავისთავად, გაგიჩნდებათ შეკითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილია პირდაპირ ქუჩაში, საავტომობილო ტრასის გასწვრივ გამოტანილი საზამთროს ყიდვა, სადაც არც ისე სტერილური გარემოა, მანქანების გამონაბოლქვზე რომ აღარაფერი ვთქვათ? არც ეს არის დიდი რისკი, თუ გაჭრამდე ხილს კარგად გარეცხავთ, მავნე აირები კი მის სქელ კანში ნამდვილად ვერ ატანს.
მეცნიერები საზამთროს კარგა ხანია იკვლევენ. სხვათა შორის, მათი ნაწილი თვლის, რომ ეს ხილი მამაკაცის პოტენციაზე ერთობ სასარგებლოდ მოქმედებს, ამიტომ მას ვიაგრასაც კი ადარებენ. რა თქმა უნდა, ცოტა გადაჭარბებულია ეს შედარება, მაგრამ მასში ჭეშმარიტების მარცვალიც არის. საზამთროში აღმოჩენილია ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვებში აზოტის ჟანგის შემცველობას ზრდის. ზუსტად ასეთივე მოქმედება აქვს ვიაგრასაც, ოღონდ საზამთრო აბებზე გაცილებით სუსტია მხოლოდ იმ ერთი მიმართულებით, რადგანაც ის მთელ ორგანიზმზე ანაწილებს თავის სასიკეთო მოქმედებას. ეს კი დაკავშირებულია ამინომჟავა ციტრულინთან, რომელიც ჩვენს სხეულში სხვა ნივთიერებად – არგინინად გარდაიქმნება და ვიაგრას მაგვარ ეფექტსაც სწორედ ის ამჟღავნებს.
ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ საზამთროს წვენი რეალურად ზრდის არგინინის შემცველობას ორგანიზმში და ეს ძალიან სასარგებლოა, რადგან არგინინი მარტო სისხლძარღვებს კი არ აფართოებს, იმუნიტეტსაც აძლიერებს, ხელს უწყობს შეხორცებას და ორგანიზმში შაქრის დონეს არეგულირებს.
სამწუხაროდ, ორგანიზმში არგინინის საჭირო რაოდენობით არსებობის პრობლემა მარტო საზამთროს საშუალებით ვერ გადაწყდება, რაგან ეს პროდუქტი სეზონურია. რაც შეეხება გაყიდვაში არსებულ წვენებს, მასში შაქარი უფრო მეტია, ვიდრე თვითონ საზამთრო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გიგანტური კენკრა C ვიტამინსა და კალიუმის შთამბეჭდავ რაოდენობასაც შეიცავს, თუმცა შარდმდენი მოქმედების შედეგად ეს სასარგებლო ელემენტებიც იკარგება. ასე რომ, საკითხი, როგორ დავამყაროთ ბალანსი ორგანიზმში, ანუ რამდენი საზამთრო უნდა მივირთვათ, ღიად რჩება. მაგრამ მათ გარდა ეს ხილი შეიცავს სხვა მეტად ფასეულ პექტინებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლში ქოლესტერინისა და ტოქსინების შეწოვას. ისინი მარტო რბილობში კი არა, კანშიც უხვადაა, ამიტომაც საზამთროს კანისგან მშვენიერი ცუკატები მზადდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზამთროს ნაყოფი – ნაზი, ვარდისფერი რბილობი შეცავს ლიკოპინს, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებით. ეს ნივთიერება წინააღმდეგობას უწევს პროსტატის კიბოს განვითარებას. ლიკოპინით მდიდარი პროდუქტის (საზამთრო, პომიდორი…) მოყვარული ადამიანები 45 პროცენტით უფრო იშვიათად ავადდებიან წინამდებარე ჯირკვლის კიბოთი. ის ქალებსაც იცავს – ძუძუს, საკვერცხეების და საშვილოსნოს ყელის კიბოსგან და საერთოდ, ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ მძლავრ პოტენციალი აქვს.
მეცნიერები სერიოზულად მსჯელობენ, რომ ლიკოპინს ძალუძს მნიშვნელოვნად შეამციროს, აგრეთვე, ფილტვების, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის, საყლაპავი მილისა და კანის კიბოს რისკი.
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გაუჭრელი საზამთრო მაცივარში კი არა, ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ. მოწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში ხილი აგრძელებს კაროტინოიდების დაგროვებას: ლიკოპინის შემცველობა მასში 40 პროცენტით იმატებს, ხოლო ბეტა-კაროტინისა – 1,5-3-ჯერ მაინც! ალბათ არც გჭირდებათ ამის შეხსენება, მაგრამ მაინც გეტყვით – როგორც კი საზამთროს გაჭრით, უმალვე მაცივარში მოათავსეთ, რომ არ გაფუჭდეს.
თამთა გურული
ამავე თემაზე: საზამთროს ლოსიონები და ნიღბები თქვენს კანს ახალგაზრდობას დაუბრუნებს
საზამთროს ლოსიონები და ნიღბები თქვენს კანს ახალგაზრდობას დაუბრუნებს
კომენტარები