პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

უცხოელთათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვისა და ვიზის მიღებაზე მოთხოვნები მკაცრდება

პირველ ივლისს ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ცვლილებები, რომლებიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა.

მთავარი ცვლილება უცხოელებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ეხება.

შეიცვალა უცხოელებისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღების წესიც: თუ აქამდე ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია, კანონის ახალი რედაქციით, უცხოელის მიერ განხორციელებული ინვესტიცია უნდა შეადგენდეს 300 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში, ან საქართველოში მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა აღემატებოდეს 300 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში.

რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადებს, კანონის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. კანონის ამ მუხლს კიდევ ერთი ქვეპუნქტი დაემატა, კერძოდ: საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვის ფლობის პერიოდში ყოველწლიურად, ნებართვის მოქმედების ვადის ყოველი წლის ამოწურვამდე, შესაბამის უწყებაში წარადგინოს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან მის მიერ განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობის წლიური ბრუნვის შესახებ.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის ვადა წყდება, თუ უცხოელს არ დაუდასტურდება საქართველოში პირველი წლის განმავლობაში წლიური ბრუნვა არანაკლებ 50 000 დოლარის ეკვივალენტი ლარში, მეორე წლის განმავლობაში – არანაკლებ 100 000, მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში კი არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში წლიური ბრუნვა.

ასევე, 300 000 დოლარის ლარში ეკვივალენტის ღირებულების უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია შეინარჩუნოს საკუთრებაში ის უძრავი ნივთი (ანუ არ გაასხვისოს), რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close