პური, სიკეთე და სიამაყე – ემიგრანტის დღიურიდან
შაბათი დღე იყო. დილით ადრე სამსახურში მივდიოდი. მილანს ჯერ კიდევ ეძინა. კანტიკუნტად გამვლელები ისე ჩამიქროლებდნენ, შეხედვასაც ვერ ვასწრებდი.
ჩემს სამსახურთან ახლოს პურის საცხობი მაღაზიაა. ჩავლისას ახლად გამომცხვარი პურის სუნი მეცა და უცებ საქართველო გამახსენა: შოთის პური – როგორ მიყვარდა! ბავშვობაში დედა რომ გამგზავნიდა პურის საყიდლად, სამი შოთიდან ორი მიმქონდა სახლში, ერთი გზაში შემომეჭმებოდა ხოლმე. ძალიან მომინდა, შევედი მაღაზიაში (იტალიაში პურს სადაც აცხობენ და ყიდიან, „პანეფიჩიო“ ჰქვია) და გამყიდველს პური ავაწონინე, 60 ჩენტეზე დაიჭირა. ჩავიხედე საფულეში და ფული საერთოდ არ მქონდა. მაშინვე საკრედიტო ბარათი მივაწოდე. თეთრხალათიანმა ქალმა, რომელიც 70 წლის იქნებოდა, უარი მითხრა და პური გამომიწოდა: „აიღე, პურია, ბევრი არაფერი“. შემრცხვა და ვიუარე, თანაც სიამაყემ, მათხოვარი არ ვეგონო ამ იტალიელ ქალს-მეთქი, მთელ სხეულში დენივით დამიარა და გარეთ გამოვედი.
ბანკომატიდან ფული მოვხსენი და, თავაწეული, ამაყად შევედი საცხობში. ოცევროიანი გავუწოდე. ქალმა თავი გადააქნია. ვკითხე, რამე შეცდომა ხომ არ არის-მეთქი. ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. დავიბენი, უხერხულობისაგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ვკითხე: „რა მოხდა?“ „დიდი ხანია, შვილი ცოცხალი აღარ მყავს, მის სახელზე შაბათობით პურს გავცემ. დღეს ისინი, ვისაც პური მიაქვს, არ მოვიდნენ. არც მათხოვარს შემოუღია მაღაზიის კარი“, – მიპასუხა.
გამიკვირდა, ასე ადრე მათხოვარს აქ რა უნდა-მეთქი. ადრე შემოდიანო… „გამეხარდა, რომ ფული არ გქონდა. ვიფიქრე, ჩემი შვილის სახელზე დანაყრდება-მეთქი და უფალს მადლობა შევწირე, რომ შენი თავი გამომიგზავნა“.
ძალიან შემრცხვა, ფული უკან ავიღე და პური გამოვართვი. ქალმა მადლიერების ნიშნად ხელზე ხელები მომხვია. მომიყვა, რომ შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მას ჰყავდა მეგობარი გოგო და ნამდვილ დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებდა, მაგრამ…
თვალცრემლიანი, ღიმილით დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი…
სამსახურის შემდეგ დუომოზე გავიარე და იქვე მწოლარე კაცს, ჭუჭყიან საბნებში გახვეულს, რომელსაც გვერდით ძაღლი მისწოლოდა, პური გავუწოდე. სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა და მრავალ მადლობას მიხდიდა. თვითონ გემრიელად ჩაკბიჩა პური და ძაღლიც არ დაავიწყდა, მასაც უწილადა…
ამ შემთხვევამ დამაფიქრა. მაშინ გავიაზრე, რომ იმ დღეს შუამავალი ვიყავი სიკეთის. მივხვდი ერთს: როდესაც ადამიანს უნდა, რომ დაგეხმაროს, სიამაყის გამო ხელს ნუ ჰკრავ – ვინ იცის, იქნებ მეტი შემთხვევა აღარც მიეცეს სიკეთის გაკეთების და ეს იყოს ერთადერთი, რითაც ზეცაში ცხონდება… ჩვენ კი ეშმაკი შეგვიჯდება და არ ვაძლევთ საშუალებას, სიკეთე გააკეთოს…
ლალი დავითულიანი (არტისტა)
მილანი, 2019 წლის მაისი
კომენტარები