ბერძენი ტურისტის თვალით დანახული ქუთაისი
სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ვითარდება ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან დარგად ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცხოელ ვიზიტორებს შორის ცოტა ბერძენია. ძირითადად, ჩვენს ქვეყანას ის ბერძნები სტუმრობენ, რომელთაც საქართველოსთან რაიმე ოჯახური ან სხვა სახის ურთიერთობები აკავშირებთ. არადა, ამ მხრივ დიდი პოტენციალი არსებობს. პირდაპირი რეგულარული იაფი ფრენები თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ბერძენი ტურისტების მოზიდვის კარგი საშუალებაა.
არსებობს ბერძნული ტურისტული საიტი travelstories.gr, რომელიც მოგზაურობის მოყვარულებს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ამავე საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ბერძენი ტურისტების შთაბეჭდილებები იმ ქვეყნებზე, რომლებიც მოინახულეს. რამდენადაც საქართველო ტურისტული თვალსაზრისით ახლა იხსნება საბერძნეთის მოქალაქეებისთვის, მნიშვნელოვანია იმ ტურისტების შთაბეჭდილებები, რომლებმაც უკვე დაათვალიერეს ჩვენი ქვეყანა. ქვემოთ ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთი ბერძენი მოგზაურის შთაბეჭდილებებს ქუთაისში ოთხდღიანი მოგზაურობის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ეს კონკრეტული მონათხრობი მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ისე საქართველოს ხელისუფლების იმ ორგანოებისთვის, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით არიან დაკავებულნი.
მოგზაური, რომელიც საიტზე ანონიმურად არის დარეგისტრირებული, თესალონიკში ცხოვრობს. მან ქუთაისში მოგზაურობა იაფი ავიაბილეთებისა და პირდაპირი ავიარეისის არსებობის გამო 2016 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა. პირველი უარყოფითი შთაბეჭდილება უკვე თასალონიკის აეროპორტში შეექმნა, სადაც ქართველი მგზავრების უმრავლესობას დაშვებულზე მეტი წონისა და ზომის ბარგი ჰქონდათ. ავიაკომპანიის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ისინი, წესებს დამორჩილებოდნენ, რის გამოც რეისმა დააგვიანა. უკვე ქუთაისში ჩასულს, ადგილობრივებთან კონტაქტი გაუჭირდა, რადგან, მისი თქმით, ქართველების დიდი უმრავლესობა ინგლისურ ენას არ ფლობს. სამაგიეროდ მოეწონა ჰოსტელი, რომელიც დაიქირავა. „ჰოსტელი მოსალოდნელზე ბევრად კარგი იყო და მშვენიერ ადგილას მდებარეობდა. ღამეში სულ რაღაც 6 ევრო გადავიხადე და თანამშრომლებიც ინგლისურად საუბრობდნენ. ოღონდ ცუდია, რომ არ გაძლევენ რაიმე რუკას. მითხრეს, გადი ჰოსტელიდან, მოუხვიე მარცხნივ და მოხვდები ცენტრში. სხვა აქ სანახავი არაფერია“, – აღნიშნავს მოგზაური.
თესალონიკელ ტურისტს ძალიან მოეწონა სხვადასხვა სერვისის დაბალი ფასები. განსაკუთრებით მოიხიბლა ქართული ღვინითა და თაფლის არაყით. სამაგიეროდ, როგორც თავად აღნიშნავს, არ აღფრთოვანებულა ბაგრატის ტაძრით, გელათის მონასტრითა და თეთრი ხიდით, თუმცა მოეწონა მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, კერძოდ კი, მისი მდებარეობა. ბერძენი მოგზაური იქვე წერს, რომ საეკლესიო არქიტექტურას კარგად არ იცნობს, ამდენად, საკუთარ თავს ამ საკითხში კომპეტენტურად არ თვლის.
ქართული კერძებიდან იგი გამოყოფს ხინკალს, რომელიც ქუთაისელებისთვის კარგად ნაცნობ დაწესებულებაში, „ელდეპოში“ გაუსინჯავს. როგორც თავად ამბობს, ცუდი არაა, მაგრამ არც რაიმე განსაკუთრებული.
საინტერესოა შემდეგი ამონარიდი: „ქალაქში სეირნობის დროს დავინახე წარწერა – ექსკურსიები. სინამდვილეში იგულისხმებოდა ჩვეულებრივი მანქანის დაქირავება მძღოლითა და გიდით. 20 ევროს საფასურად გაჩვენებენ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს. გიდი უბრალოდ შენობებს გვაჩვენებდა ხელის გაშვერით. მეტი არაფერი. ეს ძალიან სასაცილო იყო“.
თესალონიკელი მოგზაური განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ქალაქის გარეთ არსებული ტურისტული ადგილებით. იმყოფებოდა სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეებში, ოკაცესა და მარტვილის კანიონებზე. გაკვირვებულია, რომ ამ მშვენიერი ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ ძნელია. ტურისტული სააგენტოები ქუთაისზე ინფორმაციის გავრცელებისას მთავარ აქცენტს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შემავალ ტაძრებზე აკეთებენ.
ბოლოს ბერძენი მოგზაური აღნიშნავს: „ქართველებმა, როგორც ხალხმა, ჩემზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. არიან მეგობრული და ღირსეული ადამიანები. ყველაზე მეტად მაღიზიანებდა მანქანების საყვირის ხმა, რომელიც ყოველ სამ წამში მესმოდა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ღირს წასვლა. ბევრი რამაა სანახავი. არ არის ერთი ჩვეულებრივი მიმართულება“.
ორიგინალური ტექსტი ბერძნულ ენაზე იხილეთ აქ.
თუ მოგეწონათ სტატია, მოიწონეთ და გააზიარეთ
მსგავს თემაზე: ბერძენი მწერლის და მოგზაურის შთაბეჭდილებები საქართველოს და თბილისის შესახებ
ეკუთვნის თუ არა საქართველო ევროპას? – ბერძენი ისტორიკოსის მოსაზრება
კულა – ძველქართული სასმისი, რომელმაც ალექსანდრე დიუმა მოხიბლა
კომენტარები