მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოსწონს რუსების რეკორდულ რაოდენობას სტალინი

სულ უფრო იზრდება იმ რუსების რაოდენობა, რომლებიც დადებითად აფასებენ იოსებ სტალინს და მის როლს ქვეყნის ისტორიაში. 2019 წლის მარტში ამ რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამას მოწმობს „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა. გამოკითხულთა 70%-მა განაცხადა, რომ დადებითად უყურებს სტალინის როლს რუსეთის ისტორიაში. ეს მაჩვენებელი 2014 წლიდან იზრდება და პიკს 2019-ში მიაღწია. პირველად მოხდა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51%) სტალინით აღტაცებულია, მის მიმართ პატივისცემას ან სიმპათიას ავლენს, – ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს მაქსიმალური მაჩვენებელია.

სამი მიზეზი

პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი საზოგადოებაში არსებული ასეთი განწყობის სამ მიზეზს ასახელებს. „პირველი მიზეზია დროის მსვლელობა. მომხდარი მოვლენები სულ უფრო და უფრო  გვშორდება, შესაბამისად, ცოცხალი ისტორიული მეხსიერება მიდის, სწორედ ამიტომ, ნაპოლეონი არის ტორტი და არა – ადამიანი, რომელიც თავს დაესხა რუსეთს; ჰიტლერი – meme-ია, სტალინი კი – „ყუბანელი კაზაკები“. ეს სრულიად შორეული წარსულია, ამიტომაც მისდამი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც მეფე ართურის მიმართ“.

„მეორე მიზეზი სახელმწიფო პროპაგანდაში უნდა ვეძებოთ. მოდით, ნუ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ სტალინს რეკლამას უწევენ, როგორც ომში გამარჯვებულს და ბრძენ მმართველს. და პრინციპში, რეკლამას უწევენ საბჭოთა ისტორიულ პერიოდს, როგორც საუკეთესო შესაძლებელ დროს“.

„მესამე და ყველაზე საინტერესო ის მიზეზია, რომელიც დინამიკას განსაზღვრავს. ესაა ანტიელიტური განწყობები. მემი (meme, ძალიან პოპულარული) „სტალინი“ არის არა თავად იგი, არამედ ის, რაც მის შესახებ ხალხის მეხსიერებას შემორჩა – იგი აღიქმება, როგორც მკაცრი წესრიგის და სრულიად უმართავი, გაქსუებული ჩინოვნიკების წინააღმდეგ ბრძოლის უკანასკნელი არგუმენტის სიმბოლო. „სტალინი არ გადგათ თავზე“ – ეს ნიშნავს, რომ თქვენ უმართავები ხართ. მაგრამ ვინ თქვენ? ამას ადამიანები ერთმანეთზე კი არ ამბობენ, არამედ ხელმძღვანელობაზე.

ТАСС-ის ფოტო

სინანული საბჭოთა ეპოქის გამო

2000 წლების საზოგადოებრივი აზრის დინამიკა, როგორც „ლევადა-ცენტრში“ აღნიშნავენ, მოწმობს იმაზე, რომ სტალინის პიროვნების გარშემო არსებულ ამა თუ იმ შეფასებებთან დაკავშირებით, უპირატესად, სამი პერიოდის გამოყოფა შეიძლება:

2000-იანი წლების დასაწყისში ბელადთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობა ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და თითქმის თანასწორი იყო დადებითი და უარყოფითი აზრის რაოდენობა.

2008-2014 წლებში ნეიტრალური დამოკიდებულება ჭარბობდა. 2015 წლიდან ფიქსირდება რუსეთის იმ მოქალაქეთა ხვედრითი წილის შემცირება, რომლებიც სტალინთან დაკავშირებით განწყობილები იყვნენ ნეიტრალურად, უარყოფითად, ან უჭირდათ პასუხის გაცემა.

ამასთან, „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, დადებითი დამოკიდებულების მქონე გამოკითხულთა წილი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჭარბობდა იმ რესპონდენტთა წილს, რომლებიც სტალინს უარყოფითად აფასებდნენ.

„ერთგვარი სინანული საბჭოთა ეპოქასთან ან სტალინთან, როგორც ხელმძღვანელთან, დაკავშირებით, მთლიანობაში, ძლიერდება. სტალინი – მთავარი ადამიანი იყო, რომელმაც ფაშიზმი დაამარცხა. მას მიაწერენ „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დამსახურებას. ომში გამარჯვება კი აბსოლუტურად ყველა რუსისთვის ეროვნული სიამაყის საგანია, მათთვისაც კი, ვინც პოსტსაბჭოთა პერიოდში დაიბადა“, – განმარტავს „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგი კარინა ფიფია.

„ადამიანები გამოთქვამენ გარკვეულ იმედგაცრუებასაც სოციალური პოლიტიკის და მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, განსაკუთრებით, საპენსიო რეფორმის შემდეგ, რომელიც საზოგადოებამ ძალიან უარყოფითად აღიქვა და მიიღო, როგორც სახელმწიფოს უარი საკუთარი სოციალური გარანტიების შესრულებაზე“, – ამბობს ექსპერტი.

კარინა ფიფია აღნიშნავს იმასაც, რომ სტალინისადმი სიმპათიების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება ყველაზე ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში, რომელსაც შეადგენენ 18-იდან 30 წლამდე ასაკის რესპონდენტები. „ყველა მათგანი მსჯელობს არა საკუთარი გამოცდილებიდან, არამედ იმ მითოლოგიური წარმოდგენებიდან გამომდინარე, რომლებითაც შედარებით უფროსი ასაკის თაობა საზრდოობს“, – ამბობს სოციოლოგი.

„ლევადა-ცენტრმა“ გამოკითხვა მიმდინარე წლის მარტში ჩაატარა რუსეთის ფედერაციის 50 სუბიექტის 137 დასახლებულ პუნქტში. რესპონდენტთა ასაკი იყო 18 წლიდან ზემოთ.

თარგმნა კობა ჯანიაშვილმა

წყარო: https://www.bbc.com/russian/news-47947555

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close