თუ იტალიის ხელისუფლება მაინც გაზრდის დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ), სამომხმარებლო საქონლის დიდი ნაწილის ფასები ისე მოიმატებს, რომ თითოეული იტალიური ოჯახის „ჯიბეს“ წელიწადში საშუალოდ 1200 ევროთი „დაარტყამს“, – წერს დღეს, 17 აპრილს ANSA CODACONS-ის ექსპერტიზის მონაცემებზე დაყრდნობით. ამ გათვლაში არ არის გათვალისწინებული ირიბი ხარჯები (მაგ., მრეწველობის, ელექტროენერგიის, ტრანსპორტის).
ცოტა ნის წინ იტალიის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრმა ჯოვანი ტრიამ განაცხადა, რომ იტალიის საპროგნოზო დოკუმენტებში შეტანილია დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდის გეგმა; ეს პუნქტი დოკუმენტიდან ამოღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სხვა ალტერნატიული ვარიანტი მოიძებნება. საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში, შემოდგომაზე მიიღებენ.
დღგ-ის გაზრდას აპირებდა იტალიის წინა მთავრობა, რომლის აზრითაც, ბიუჯეტის დეფიციტის მატებასა და სახელმწიფო ვალთან გამკლავება სხვაგვარად შეუძლებელია. იტალიის დღევანდელი კოალიციური მთავრობის ორივე პარტიის ხელმძღვანელები ხელისუფლების მოსვლისთანავე ამბობდნენ, რომ დღგ არ გაიზრდება, პირიქით, მთავრობა გადასახადების შემცირებას აპირებს – მაგალითად, ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის უნიფიცირებას და შემცირებას (თუმცა ეს როდის მოხდება, უცნობია, სავარაუდოდ, არა – ახლო მომავალში). ამავე დროს, ჯოვანი ტრიამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თუ მთავრობა დადგება არჩევანის წინაშე – რომელი გადასახადი გაზარდოს (და არა შეამციროს), მაშინ უმჯობესი იქნება, რომ ეს იყოს დღგ და არა საშემოსავლო გადასახადი.
თუმცა ლუიჯი დი მაიო და მატეო სალვინი კვლავაც ამტკიცებენ, რომ დღგ არ გაიზრდება.
რაც შეეხება საპროგნოზო დოკუმენტებში შეტანილ გეგმას: ვარაუდობენ, რომ დღგ-ის შეღავათიანი მაჩვენებელი შესაძლოა 10%-იდან 13%-მდე გაიზარდოს, ხოლო სტანდარტული – 22%-იდან 26,5%-მდე.
იტალიის სახელმწიფო ვალი კი კვლავ მატულობს – თებერვალში მას 200 მლნ ევრო დაემატა და 2363,680 მილიარდ ევროს მიაღწია, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ვალის ზრდის ტემპები ბოლო დროს მნიშვნელოვნად შემცირდა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები