პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

„ჩვენ ევროპა არ ვართ… ეს მაკედონიაა!“ – მცირე ინციდენტი, რომელიც ჩვენს ჟურნალისტს შეემთხვა საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვარზე

უნდა დარქმეოდა თუ არა ყოფილი იუგოსლავიის ამ პატარა რესპუბლიკას ჩრდილოეთ მაკედონია? – ეს საკითხი კიდევ მრავალი წელი იქნება საბერძნეთში დავის თემა. როგორი სახელით შევა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ისტორიაში, გახდება თუ არა იგი სკოპიელ კოლეგასთან ერთად ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი პრესპის შეთანხმების გამო, – ამასაც მომავალი გვიჩვენებს.

საინტერესოა, რომ ამ ბოლო დროს ელადის საინფორმაციო საშუალებებმა ერთდროულად დაანებეს თავი სკოპიეს თემის განსჯას და საინფორმაციო სივრცე, უმეტესად, გაზრდილ დანაშაულობებს დაუთმეს. მე კი სულ რამდენიმე წამით ეთერში გაელვებულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, ათენის შუაგულში, ჯორჯ ბაირონის „მეზობლად“ ალექსანდრე მაკედონელის ძეგლს დადგამენ, სკოპიელები გამახსენა. ისინი ხომ ალექსანდრე მაკედონელსაც ეცილებიან ბერძნებს, რასაც თავადაც შევესწარი ამ ქვეყანაში მოგზაურობისას ორ ქვეყანას შორის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის დასრულებისა და შეთანხმების გაფორმების შემდეგ.

ადგილობრივი სატელევიზიო არხების ცქერისას დავაფიქსირე, რომ უამრავი სკოპიელი ისტორიკოსი წამდაუწუმ ახსენებდა ალექსანდრე მაკედონელის სახელს შესაბამისი დასურათებებით. ენობრივი ბარიერის მიუხედავად და რუსულთან რამდენიმე სიტყვის მიახლოებით მივხვდი, თუ რამდენად სწყურია ამ პატარა ერს „დიდი გმირისა“ (თუ დამპყრობლის?) მისაკუთრება.

ჩემი მეუღლე არ ჰგავს იმ ნარცის ბერძნებს, მითოლოგიითა და ალექსანდრე მაკედონელით რომ „იბღინძებიან“. ჰოდა, ზემონახსენები ისტორიკოსების ხილვისას ცინიკურად ჩაიცინა, იყოს ამათი, ვის რაში სჭირდება ვითომ გმირი ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც მამამისის მიერ რუდუნებით შექმნილი ლაშქარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვითომ ცივილიზაციის შეტანის სახელით, სინამდვილეში კი დაპყრობით, უაზრო ბრძოლებში გაანადგურაო.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი მეუღლის პირადი აზრია და მეც ღიმილით ვასკვნი, რომ ეს ხალხი – ანუ უძველესი ბერძნები – უსაქმურობამ შეაწუხა და „მსოფლიოში ცივილიზაციის გავრცელების მიზნით“ მის დასაპყრობად გაემგზავრა. „ნეტავი, არ ეზარებოდათ ამხელა მთების, ზღვების, კილომეტრების გადალახვა?!“ – ვმსჯელობთ და საკუთარ მსჯელობაზე გვეცინება (პირადად ჩემთვის ომი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა უცხოტომელები გესხმიან თავს და წინააღმდეგობას უწევ). რაც არ უნდა ვიცინოთ, ეს ისტორიაა, წარსულია, რომელსაც დღეს კი არა, ათეულობით წლების განმავლობაში ეცილება „ერთი მუჭა“ სკოპიე „დიდ ელადას“.

სულ მაინტერესებდა, ვითომ რომაული სტილის თაბაშირის ძეგლებით გაძეძგილი დედაქალაქის – სკოპიეს მოედნის ხილვა და ვიხილე კიდეც საკუთარი თვალით.

თესალონიკიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით საბერძნეთ-სკოპიეს საზღვარია. რიგში ჩამდგარი ასეულობით ავტომანქანა ელოდება საზღვრის გადალახვას.

როგორც იქნა, ჩვენი რიგიც მოვიდა. ჩემი მეუღლისა და ჩვენი მეგობარი წყვილის პასპორტების შემოწმების შემდეგ მესაზღვრემ ჩემს საბუთებსაც გადახედა და მკაცრი სახით განმიცხადა, თქვენ უკან უნდა გაბრუნდეთ, თესალონიკში არსებულ სკოპიეს საელჩოში ვიზა აიღოთ და მხოლოდ შემდეგ შეგიშვებთო (ელდამ დამკრა, ერთი მანქანით ვიყავით, რით გავბრუნდე, სად მოვძებნო თესალონიკში საელჩო?!..). გაბრაზებულმა, ბერძენზე ვარ გათხოვილი და ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შემიძლია მოგზაურობა-მეთქი. „ევროპაში შეგიძლიათ, ჩვენ კი ევროპა არ ვართ“, – ნიშნისმოგებით მიპასუხა, თან მშვენივრად ლაპარაკობდა ბერძნულად, ინგლისურის მოშველიებაც არ დამჭირვებია. „აქ მაკედონიაა“, – ისეთი სიამაყით გაუსვა ხაზი, ყბა კინაღამ ჩამომივარდა. ახლა კი ვეღარ მოითმინა ჩემმა მეუღლემ, პატრიოტიზმმა გაიღვიძა მასში და ვითომ იუმორით უთხრა: „მაკედონია კი არა, ჩრდილოეთ მაკედონია!“

ათასმა ფერმა გადაუარა ახალგაზრდა მესაზღვრეს სახეზე, დანარჩენებიც შეყარა, როგორ გაბედა ბერძენმა და ჩვენს მაკედონიას „ჩრდილოეთ მაკედონია“ უწოდაო. მოკლედ, შეიქნა გარჩევ-გამორჩევა. მეგობარმა წყვილმა ჩემი მეუღლე, რომ იტყვიან, მანქანაში „ჩატენა“ (რომელიც  უკვე მზად იყო უკან გამოსაბრუნებლად) და მესაზღვრეებს დიალოგი გაუმართა. რამდენიმე წუთში ანასტასიომ მოირბინა, ოცი ევროს წაღება მთხოვა და სარკმელთან მიმიყვანა. სულ სხვა ტონზე აჭიკჭიკდა „პატრიოტი“ სკოპიელი მესაზღვრე, სახეგაბადრულმა ჩამირტყა ბეჭედი და მის სამშობლოში „ფეხის შედგმის“ უფლება მომცა, თან დამამუნათა: გევგელის არ გასცდეო, ანუ დედაქალაქისკენ ან სხვა საინტერესო ადგილისკენ არ „გაიწიოო“ (გევგელი პირველი ქალაქია ჩრდილოეთ მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. პატარა ქალაქი, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც პოსტსაბჭოთა ქალაქებს მოგვაგონებს; პრინციპში, ისიც ხომ „პოსტსაბჭოთა“ ქვეყანისაა). „იუგოსლავია“ – ბავშვობაში რომ არ ვაქცევდი ყურადღებას, ახლა ვაცნობიერებ რას ნიშნავს: „სამხრეთ სლავეთი“ – ანუ სამხრეთ სლავეთის ერთი პატარა ნაწილია ჩრდილოეთ მაკედონიაც.

აქ ბერძენს ისე უცქერენ, როგორც „ევროყულაბას“, რადგან თესალონიკიდან ხშირად სტუმრობენ გევგელის კაზინოებს აზარტის მოყვარული ბერძნები, ასევე, „ოდოდოიატრიოებს“ – კბილის სამკურნალო ცენტრებს, სადაც შედარებით შეღავათიან ფასებში მკურნალობენ კბილებს, ვიდრე ელადაში, თუმცა თუკი მართლა შევლენ ევროკავშირში, ალბათ ფასებს იქაც ცეცხლი წაეკიდება.

დედაქალაქ სკოპიეში დიდი შთაბეჭდილება ჩემზე სწორედ თაბაშირის ძეგლებით დახუნძლულმა მოედანმა მოახდინა, რომელიც უცხო სხეულივითაა შუაგულ დედაქალაქში „ჩაჩხერილი“. ძალიან მომეწონა მდინარეზე „გაჩერებულ“ გემზე არსებული კაფე, თუმცა ყავა – არა, ყავაში ჩასამატებლად დამდნარმა ცხელმა შაქარმა კი გამაკვირვა. დედაქალაქში არა, მაგრამ გევგელიში ახალგაზრდობის უმეტესობამ კარგად იცის ბერნული ენა, აქაური ბიზნესი ხომ უმეტესად ბერძნებისგან იკვებება…

როდის გაითავისებენ სკოპიელები საკუთარი ქვეყნის ოფიციალურ სახელწოდებას „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“? – ამას დრო დასჭირდება… ისტორიის გადაწერასაც (მათ შორის, სახელმძღვანელოების ანალიზს და ფაქტების შესწორებას). იმედია, რომ საბერძნეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ამ საკითხებზე დავა საბაჟოზე პატარა ინციდენტებზე შორს არასდროს წავა.

ია თულაშვილი

ავტორის ფოტოები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close