როგორ მოიხიბლა ამერიკელი ყმაწვილი ქართული მრავალხმიანი სიმღერით და  წლების შემდეგ ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრი დააარსა

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის, ვიქტორ სირელსონის სახელი და გვარი ნიუ-იორკში თითქმის ყველა ქართველმა ემიგრანტმა იცის. ქართული კულტურის ცენტრი DANCING CRANE, რომელიც უკვე 2 ათეულ წელზე მეტია აშშ-ში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა, მან და მისმა ქართველმა მეუღლემ, ლიკა ბახტურიძემ დააარსეს.

ბატონი ვიქტორი ქართული კულტურით 55 წლის წინ, ძალიან ახალგაზრდა დაინტერესდა და ეს ერთმა შემთხვევამ განაპირობა: 1964 წელს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის წარჩინებული სტუდენტური ჯგუფების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიქტორ სირელსონმა პირველად იმოგზაურა საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც. მაშინ იგი პოლონეთშიც იყო: ვარშავიდან კრაკოვისკენ მატარებლით მიმავალ ამერიკელ სტუდენტებს მეზობელი კუპედან მრავალხმოვანი, ძალიან ლამაზი უცხო სიმღერა შემოესმათ; კუპეს კართან მდგარი, სიმღერით მოხიბლული ვიქტორი ქართველებმა შეამჩნიეს და თავიანთ მაგიდასთან მიიპატიჟეს. მოსმენილი სიმღერის სახელი – „ჩაკრულო“ კი მან საგულდაგულოდ ჩაიწერა უბის წიგნაკში…

ვიქტორ სირელსონის ოცნებას, ამერიკელებისთვის გაეცნო საქართველო და მისი ხელოვნება, მხოლოდ თითქმის 3 ათეული წლის შემდეგ შეესხა ფრთები. მან ჯერ ანსამბლი Dancing Crane დააარსა (ეს სახელწოდება ქართულად „მოცეკვავე წეროს“ ნიშნავს), რომლის მოცეკვავეები თავიდან მხოლოდ ამერიკელები იყვნენ, რამდენიმე წლის შემდეგ კი, თავის ქართველ მეუღლესთან ერთად, იმავე სახელწოდების ქართული კულტურის ცენტრს ჩაუყარა საფუძველი.

ქართული კულტურის ცენტრი Dancing Crane ნამდვილად არ წარმოადგენს მათი ოჯახისათვის ბიზნესს, პირიქით – ბატონი ვიქტორი პირად დანაზოგსაც კი იყენებს ცენტრის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. აქ ხშირად აწყობენ პრეზენტაციებს, გამოფენებს, შეხვედრებს; ქართველ ემიგრანტ ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ეძლევათ, სწავლობენ ქართულ ენას, მუსიკას, ქართულ ცეკვას, ხატვას, ეუფლებიან თეატრის, ბალეტის ხელოვნებას; მუშაობს ფილმების სტუდია, არის ქართული ბიბლიოთეკაც. საკვირაო სკოლის გარდა ცენტრი აერთიანებს ნიუ-იორკის ქართულ თეატრს, ვაჟთა ვოკალურ ჯგუფს, ქალთა ტრიოს და ა. შ. ყველაზე მეტად აქ ქართული სულის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.

ბატონ ვიქტორს არ უყვარს თავის გამოჩენა, ის უჩუმრად აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან ქართულ საქმეს; ასეთია მისი მეუღლეც… და მოხარულები ვართ, რომ დღეს ისინი ჩვენი რესპონდენტები არიან.

ბატონო ვიქტორ, როგორ დააინტერესეთ ამერიკელები ქართული კულტურით 23 წლის წინ, მაშინ როდესაც ამერიკაში საქართველოს შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა?

საბჭოთა კავშირში მოგზაურობიდან დაბრუნებული, სულ ვცდილობდი, საქართველოზე რამე მასალა მეპოვა, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე… მქონდა მხოლოდ ერთი ფირფიტა, რომელზეც ქართული ხალხური სიმღერები იყო ჩაწერილი. მე ის საქართველოდან ჩამოვიტანე და მეგობრებს მოვასმენინე.

დიდი ხნის შემდეგ, 1996 წელს შემთხვევით შევხვდი სუხიშვილების მოცეკვავეს, მერაბ წერეთელს, რომელსაც ვთხოვე ჩემი მეგობრებისთვის ქართული ცეკვის ილეთები ეჩვენებინა და ანსამბლ Dancing Crane-ის პირველი ქორეოგრაფიც ის გახდა. პირველი მოცეკვავეები ამერიკელები იყვნენ, მათ შორის, რამდენიმე City Ballet-ის სოლისტი. მოგვიანებით კი ანსამბლს შემოუერთდა ორი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე – გენადი მსხილაძე და გია ჯაფარიძე; შემდეგ  დათო გოდერიძე გახდა ანსამბლის ქორეოგრაფი.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს კომპანიაში მოღვაწეობდა და ამჟამად მოღვაწეობს.

პირველ ღონისძიებას ხომ არ გაიხსენებდით?

პირველი ღონისძიება იყო ლექცია-ჩვენება: მე და მერაბი მაყურებელს ვუყვებოდით საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, ვაჩვენებდით ქართულ ცეკვებს. ღონისძიებას 400-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. პირველი კონცერტი კი 1997 წელს გაიმართა. ამ დროს მაყურებლებიც მხოლოდ ამერიკელები იყვნენ. ყველა ღონისძიებას ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ვხსნიდი, მაყურებელს ვესაუბრებოდი საქართველოზე და მის კულტურაზე. კონცერტის დამთავრების შემდეგ კი ვპასუხობდი დაინტერესებული ამერიკელების შეკითხვებს.

თავიდან როგორ შოულობდით კოსტიუმებს ცეკვისათვის?

თავიდან კოსტიუმები არ გვქონდა და შავ ქვედაბოლოსა და ზედა სამოსს ვიყენებდით. კოსტიუმების შეძენა მოგვიანებით შევძელით. სხვათა შორის, ეს ფორმები გზაში დაიკარგა და ძლივს ვიპოვეთ.

შემდეგ ანსამბლს მომღერლებიც შემოუერთდნენ

კომპანიაში თავდაპირველად მხოლოდ ერთი მომღერალი იყო – ქალბატონი ლიანა კოჩიაშვილი, შემდეგ მანანა ჩიტაური და მაია კილაძე შემოუერთდნენ ანსამბლს. ამ პერიოდშივე ქალთა ტრიო შემოგვემატა და გააძლიერა ჩვენი მუსიკალური მიმართულება.

1999 წელს ბატონმა ლექსო გოდერძიშვილმა ჩამოაყალიბა პირველი ვოკალური ჯგუფი, რომელსაც შემდეგ მისი ვაჟი ვანო გოდერძიშვილი ხელმძღვანელობდა. ქალთა ტრიო „მაგნოლია“ 19 წელია მოღვაწეობს ჩვენს კომპანიაში და საპატიო ადგილი უჭირავს.

ვიცი, რომ თავადაც ასრულებთ ქართულ ცეკვებს. თქვენთვის რთული არ იყო ქართული საცეკვაო ტექნიკის შესწავლა?

სტუდენტობის დროს ლოს-ანჯელესში ცნობილ ანსამბლში ვცეკვავდი ბალკანურ ცეკვებს, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ქართული ცეკვა მხოლოდ ცეკვა არ არის, ის სულ სხვა ფენომენია, ამიტომ თუ გინდა კარგად იცეკვო, ბავშვობიდან უნდა ისწავლო. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.

უკვე ჩოხოსანიც ხართ, ანუ ჭეშმარიტი ქართველი გახდით...

მაქვს პატივი, ვიყო ჩოხოსანი. ეს ჩემთვის მდიდარ ქართულ ტრადიციებთან მჭიდრო კავშირისა და პატივისცემის სიმბოლოა.

ჩვენს საუბარს ბატონი ვიქტორის მეუღლეც შემოუერთდა. ქალბატონ ლიკას მუსიკალურ თეატრზე ვესაუბრეთ.

ლიკა ბახტურიძე-სირელსონი: მუსიკალური თეატრი 2012 წელს ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ტალანტის მქონე ბავშვებისთვის. პირველი მიუზიკლი დავდგით 2013 წელს. ამ პერიოდში კოჰაბიტაციაზე საუბარი ხშირი იყო ქართულ პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიუზიკლს ერქვა „კოჰაჰაჰაბიტაცია“. ეს გახლდათ „კომბლეს“ ჩვენებური ვარიანტი. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა. სულ ექვსი მიუზიკლი ვითამაშეთ.

ამჟამად რა სპექტაკლზე მუშაობთ?

უკვე მეშვიდე სპექტაკლზე ვმუშაობთ. „ჩვენი ეზო“ – ასე ჰქვია მიუზიკლს. რეჟისორი და სცენარის ავტორი მე გახლავართ, მუსიკალური ხელმძღვანელია თენგიზ შაუთიძე, ქორეოგრაფები – ანი გადელია და დათო წიგნაძე. ყოველ წელს სპეციალურად იწერება სცენარი, რომელშიც ვცდილობთ შევეხოთ თანამედროვე პრობლემებს. სამუშაო ძალიან ბევრია და რთული, მაგრამ ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებთ. მინდა, რომ ეს წლები ამ ბავშვებისთვის საუკეთესო მოგონებად დარჩეს.

თქვენ საქართველოდან ჩამოსული ხელოვანი ხალხი გააერთიანეთ და მიეცით საშუალება, ემიგრაციაშიც გაეგრძელებინათ მონატრებული საქმე…

ჩვენთან ბევრი პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი მოხვდა, – მაშინ მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია არსებობდა. სასიხარულოა, რომ დღეს ნიუ-იორკში მომრავლდა ქართული კულტურის ცენტრები, რომლებიც ქართულ საქმეს ემსახურებიან; ნებისმიერი ღონისძიება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ 22 წლის წინ ჩვენ უფრო სხვანაირად გვიხაროდა სცენაზე გამოსვლა, ქართულად სიმღერა და ცეკვა, რომელსაც მონატრებისა და სიხარულის ცრემლები ახლდა.

სად და როგორ გაიცანით ბატონი ვიქტორი?

ვიქტორი ჩემი მეგობრის ოჯახში გავიცანი, როდესაც კონცერტისთვის ემზადებოდნენ. ძალიან გამიკვირდა და დავინტერესდი. ამერიკელების ქართულ კონცერტსაც დავესწარი. დარბაზში მაყურებელთა შორის მხოლოდ ერთი ქართველი ვიყავი. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, მე კი ბევრი ვიტირე…

მინდა აღვნიშნო, რომ ქორეოგრაფიულ ანსამბლ Dancing Crane-ს ჩვენს კომპანიაში ყველაზე ბევრი კონცერტი აქვს ჩატარებული. თავდაუზოგავი შრომითა და სიყვარულით ჩატარებული ღონისძიებები ამერიკელი მაყურებლის ოვაციებით მთავრდებოდა, მოცეკვავეები კი სამშობლოს მონატრებას ცეკვით იოხებდნენ. მაშინ ეს კომპანია ბევრისთვის პატარა საქართველო იყო… დღეს კი მას ჰყავს მოცეკვავეთა ახალი თაობა, შესანიშნავი ადამიანები და პროფესიონალები.

ცენტრის მომავალ გეგმებზე რას გვეტყოდით?

უპირველესად, დიდ პატივისცემას გამოვხატავ ჩვენს კომპანიაში მოღვაწე ადამიანების მიმართ, რომლებიც პროფესიონალიზმითა და დიდი შრომით მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

ასევე დიდი მადლობა მშობლებს, რომლებმაც ბავშვები ჩვენს საკვირაო სკოლაში მოიყვანეს. ეს მათი მხრიდან დიდი ნდობაა, ჩვენთვის კი – დიდი პასუხისმგებლობა. მომავლისთვის გვაქვს რამდენიმე საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი. შევძლებთ თუ არა მათ განხორციელებას, მომავალი გვიჩვენებს.

ესაუბრა  ნინო გაგნიძე 

ნიუ-იორკი

კომენტარები