„შავი ხვრელის“ ფოტო ფართო საზოგადოებას მეცნიერებმა პირველად უჩვენეს
ობსერვატორია EVENT HORIZON TELESCOPE-მა, რომელიც დედამიწის ზომის ვირტუალურ რადიოთეფშს წარმოადგენს, გალაქტიკა M87-ის ცენტრში მდებარე შავი ხვრელის ე. წ. „ჩრდილის“ პირველი ფოტოები მოიპოვა.
„2017 წლის აპრილში Event Horizon Telescope-ის ყველა თეფში შემობრუნდა გალაქტიკისკენ, რომელიც ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული – ამ გალაქტიკას Messier 87 (M87) ეწოდება. მის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელი მდებარეობს. ჩვენ მოხარულები ვართ დღეს გაცნობოთ, რომ დავინახეთ ის, რის დანახვაც შეუძლებელი გვეგონა“, – განაცხადა ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში პროექტ Event Horizon Telescope (EHT)-ის ხელმძღვანელმა შეპ დოელმენმა (Shep Doeleman). „ჩვენ დავინახეთ და ფოტოც გადავუღეთ შავ ხვრელს, აი ისიც“, – თქვა მეცნიერმა. მისივე სიტყვებით, ეს „მნიშვნელოვანი მიღწევაა“.
პროექტი Event Horizon Telescope (EHT) რამდენიმე ტელესკოპს აერთიანებს, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილშია განლაგებული. შავი ხვრელის ფოტოს პრეზენტაცია თითქმის 100 წლის შემდეგ გაიმართა იმ მომენტიდან, როცა ვარსკვლავების გამრუდებულმა გამოსახულებებმა აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია გაამყარა, როგორც კოსმოსის ურყევი კანონი. აინშტაინის ამ თეორიის თანახმად, მასის და ენერგიის არსებობისას გრავიტაციას უნარი აქვს გაამრუდოს სივრცე და დრო და საშუალება მისცეს სამყაროს შემადგენლობას, სინათლის ჩათვლით, არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ ირიბი „მარშრუტითაც“ გავრცელდეს.
ნებისმიერი ეჭვი, რომ შავი ხვრელები არსებობს, 3 წლის წინ გაქრა – მას შემდეგ, რაც LIGO-ს (ლაზერულ-ინტერფერომეტრიული გრავიტაციულ-ტალღოვანი ობსერვატორია) თანამშრომლებმა, ზემგრძნობიარე მოწყობილობის მეშვეობით, ჩვენგან ძალიან შორს მდებარე 2 შავი ხვრელის შეჯახების „ექო“ „დაიჭირეს“. ეს ექო მთელ სამყაროში გავრცელდა, როგორც წყალში ჩაგდებული ქვისგან გავრცელებული ტალღის წრეები და ის LIGO-ს ზემგრძნობიარე მოწყობილობამ აღიქვა.
https://www.youtube.com/watch?v=_IsfOR7YDqI
კომენტარები