ყველა იტალიელი მამაკაცი კაზანოვაა, მაფია კი უკვდავია! – ექვსი მითი იტალიაზე

ფოტო: unsplash.com
მაფია, პასტა, პიცა და კოლიზეუმი – აი, რასთან ასოცირდება ყველაზე ხშირად იტალია. თავად იტალიელებს გულწრფელად სწყინთ მათზე უცხოელების ასეთი სქემატური და ზედაპირული წარმოდგენა.
მითი 1: იტალიური მაფია

ყველაზე მეტად იტალიელების გულისწყრომას იწვევს ის, რომ ზოგიერთი ქედმაღალი ტურისტი ხუმრობით, ხანდახან კი – სერიოზულადაც ამბობს, რომ ყველა იტალიელი მაფიოზია. ეს თეზისი გონებაში მყარად ჩაჯდა ცნობილი კინოფილმის, „ნათლიის“, აგრეთვე, ჰოლივუდის სხვადასხვა კალიბრის არაერთი ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ. ამ ფილმებში გამოყვანილი, მაგალითად, ნიუიორკული მაფია ხშირად იტალიური წარმოშობისაა. იტალიაში „კოზა ნოსტრათი“ სულაც არ ამაყობენ, პირიქით, ხშირად რცხვენიათ და ნამდვილ ეროვნულ გმირებად მაფიასთან უშიშარ მებრძოლებს – მოსამართლე ჯოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მიიჩნევენ, რომლებიც მაფიის ბოსების ხელით დაიღუპნენ.

სიცილიის ცენტრში მდებარე დასახლების – კორლეონეს მაფია უფრო მეტად ფოლკლორია, ვიდრე რეალურად არსებული რამ. მაფიოზური და კორუფციული იდეოლოგია იტალიაში იმაზე მეტად არაა გავრცელებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. და მაინც, იტალიის სამხრეთს დღემდე აქვს შემორჩენილი ყველა მაფიის აკვნის რეპუტაცია – არა მხოლოდ „კოზა ნოსტრა“, არამედ, აგრეთვე, „ნდრანგეტა“ (სამხრეთ კალაბრია), „კამორა“ (ნეაპოლი) და „საკრა კორონა უნიტა“ (სამხრეთ აპულია).

მაფია არსებობს ეკონომიკურად გაცილებით დაწინაურებულ ჩრდილოეთ ნაწილშიც, თუმცა არ ღირს იტალიელთა ცხოვრებაში მისი როლის გაზვიადებულად წარმოჩენა.

სინამდვილეში, ცნება „მაფიას“ სრულიად კეთილშობილური სიცილიური წარმოშობა აქვს. არსებობს ამ სიტყვის წარმომავლობის რამდენიმე ვერსია. ერთი მათგანის მიხედვით, „მაფია“ არის ისტორიაში „სიცილური საღამოს“ სახელით ცნობილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების დევიზის აბრევიატურა. სიცილიელები 1282 წელს მმართველი ფრანგული დინასტიის წინააღმდეგ ამბოხდნენ ლოზუნგით „სიკვდილი საფრანგეთს, ამოისუნთქე, იტალიავ“ (Morte alla Francia, Italia Anela — MAFIA).

ამავე დროს, ბევრი მკვლევარი სიტყვა „მაფიაში“ არაბულ ფესვებს ხედავს. თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში სიცილია არაბთა უღელქვეშ იმყოფებოდა. მათი გავლენის ბევრი ნაკვალევი შემორჩა იტალიურ კულტურას, არქიტექტურას, ტრადიციასა და ენასაც. სიტყვა „მაფიას“ ეტიმოლოგიური წარმომავლობა შეიძლება იყოს არაბული სიტყვები, რომლებიც ნიშნავს „ღარიბთა დაცვა“. მაფიას უწოდებდნენ პირველ დაჯგუფებებს, რომლებიც სიცილიაში ადრეულ შუასაუკუნეებში გაჩნდა. ისინი სიცილიელ მეთევზეებს და მემამულეებს მეკობრეების თავდასხმებისგან იცავდნენ, აგრეთვე, იცავდნენ ოჯახების ღირსებას, ხშირად ებრძოდნენ უსამართლობას და ამიტომ საიდუმლო ორგანიზაციის წევრებად ითვლებოდნენ. სხვათა შორის, „რვაფეხა“, რომელმაც პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები და პოლიცია ჩაითრია, გაცილებით გვიან გაჩნდა.

მითი 2: იტალიელი მამაკაცი მაჩოა

იტალიელი მამაკაცები სიმპათიურები არიან, უყვართ კომპლიმენტები და იმ ფემინისტებისგან დაშინებული ბევრი სხვა ევროპელი მამაკაცისგან განსხვავებით, რომლებიც ყურადღების ნებისმიერ გამოვლინებას ძალადობის მცდელობად აღიქვამენ, არ ერიდებათ გვერდით ჩავლილი ლამაზი გოგონას მისამართით კომპლიმენტის საჯაროდ გამოთქმა. იტალიელ მამაკაცებს შემორჩათ მექალთანე კაზანოვას „დიდების“ შარავანდედი. ისინი უცხოელი ქალების წინ თავს საკუთარი მაჩოს იმიჯით იწონებენ. სინამდვილეში კი იტალიელი მამაკაცები ხშირად დედიკოს ბიჭები არიან. ბევრი მათგანი დედიკოს კალთას ხშირად პენსიაზე გასვლამდეა ამოფარებული და მის აზრზეა დამოკიდებული (მათ შორის, საცოლის არჩევის დროსაც). ყველაზე ემანსიპირებული მამაკაცებიც კი თავიანთ დედებზე საკმაოდ არიან მიჯაჭვულები. ასეთ მდგომარეობაში მაჩოს იმიჯი მხოლოდ მითია, თუმცა იტალიელები მონდომებით ცდილობენ ამ მითის შენარჩუნებას.

სინამდვილეში ყველაფერს ისტორია ხსნის. ჯერ კიდევ ძველ რომში ქალების როლი უმნიშვნელოვანესი იყო. ტყუილად როდი იდგნენ ყველა იმპერატორის უკან ძლიერი ქალები: ლიბიამ – რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის ცოლმა – შეძლო, ტახტის მემკვიდრეობა წინა ქორწინებაში დაბადებული თავისი ვაჟის, ტიბერიუსისთვის გადაელოცა. ნერონი თავისი დედის, აგრიპინას წყალობით გახდა იმპერატორი. ტრაიანეს ცოლმა ტახტი თავის საყვარელ ადრიანეს უბოძა. იმპერატორ კონსტანტინეს დედამ, ელენემ მთელი ევროპული ცივილიზაციის ისტორიის ჩარხი შემოატრიალა, როცა თავისი ძე დაარწმუნა, ხალხისთვის ქრისტიანული აღმსარებლობის უფლება მიეცა. ასე რომ, ეძიეთ ქალი!

მითი 3: მშვენიერი ჯულიეტა

ზემოთქმული ფაქტები არღვევენ მითს ნაზ, უმანკო ჯულიეტაზე, რომელიც შექსპირის კალამმა ერთი ხელისმოსმით შექმნა თავის უკვდავ პიესაში. იმ ფაქტიდან თუ ამოვალთ, რომ ინგლისელმა დრამატურგმა თავისი ნაწარმოების საფუძვლად იტალიური ვერონიდან ახალგაზრდა წყვილის სიყვარულის რეალური ისტორია აიღო, მაშინ ჯულიეტას სახის მეტისმეტი რომანტიზაცია მოხდა.

ფოტო: პატარძალი ჯულიეტას აივანზე, ვერონაში. REUTERS/Alessandro Garofalo

არსებობს ვერსია, რომ სინამდვილეში ჯულიეტა იყო არა 14, არა 18 წლის და იგი თავისი ოჯახის ქონებას განკარგავდა.

იტალიელი ქალები სრულიად პრაგმატულები და პრაქტიკულები არიან. შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ მასმედიაში ხშირად ჩნდება ხოლმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალები თავის თავზე იღებენ მაფიოზური კლანების ან დანაშაულებრივი დაჯგუფების მართვას. ამის გარდა, იტალიელი ქალები საკმაოდ კაპასები არიან. რათქმა უნდა, ესეც ძალიან განზოგადებული დახასიათებაა, რადგან ყველგან ქალიც და კაციც შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს.

მითი 4: იტალიაში იტალიელები ცხოვრობენ

ითვლება, რომ იტალია ერთი ერის სახელმწიფოა. ანუ, მიგრანტებს თუ არ ჩავთვლით, რომელთა რაოდენობა 60-მილიონიან მოსახლეობაში 10 პროცენტია, რაიმე მრავალეროვნულობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, თუმცა თავად იტალიელები საკუთარ თავს იტალიელად ხშირად, უბრალოდ, პასპორტის მიხედვით მიიჩნევენ. სინამდვილეში ისინი არიან რომაელები, ვენეციელები, სარდინიელები, სიცილიელები, ლიგურიელები, ნეაპოლელები…

ქვეყნის თითოეული, თუნდაც ყველაზე პატარა რაიონის მცხოვრებლები ამაყობენ და სათუთად უფრთხილდებიან თავიანთ კულინარიულ ტრადიციებსა და ლინგვისტურ თავისებურებებს. დიალექტები უმეტესად დამოუკიდებელი ენებია, ბევრ მათგანს მცირე საერთო აქვს თანამედროვე სალიტერატურო იტალიურ ენასთან და ისინი არა მხოლოდ უცხოელთათვის, არამედ თავად სხვა რეგიონში მცხოვრები იტალიელებისთვისაც სრულიად გაუგებარია.

ალტო ადიჯეში ან სამხრეთ ტიროლში მოსახლეობის უმეტესობას ავსტრია-უნგრეთის იმპერიის გერმანულენოვანი მემკვიდრეები შეადგენენ, მაშინ როცა ვენეციელებს ჯერაც არ განელებიათ მოგონებები ვენეციის წმინდა რესპუბლიკაზე, რომლის აღდგენაზე ზოგიერთი მათგანი დღესაც არ იტყოდა უარს.

სარდინიის ამაყ მკვიდრთ, მავრების შთამომავლებს, ცოტა რამ აქვთ საერთო კონტინენტური იტალიის მაცხოვრებლებთან, ხოლო სიცილიელები თავს ჩრდილოეთის მიერ „დაპყრობილებად“ მიიჩნევენ 1861 წელს იტალიის გაერთიანების შემდეგ.

დიახ, იტალია თავისი თანამედროვე სახით – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელმაც 150 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნა. საუბარია დედამიწის ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ცივილიზაციის ისტორიაზე. მაშ, ერთი ერისგან შემდგარი სახელმწიფო როდის ჩამოყალიბდებოდა? იტალია – ეს სხვადასხვა ქსოვილის ნაკუწებისგან შეკერილი საბანია.

მითი 5: იტალიელები სტილის განსახიერებას წარმოადგენენ

იტალია ყოველთვის განთქმული იყო თავისი დიზაინერული იდეებით. ეს ეხება არა მხოლოდ ტანსაცმლის დიზაინერებს, არამედ, აგრეთვე, მოდის კანონმდებლებს ავეჯისა და ქსოვილების წარმოებაში, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, ავტომობილების და კომპიუტერული ტექნიკის წარმოებაშიც კი.

დიზაინის ნიმუშებს წარმოადგენდა ცნობილი საბეჭდი მანქანა, შემდეგ კი კომპიუტერი „ოლივეტი“ სტივ ჯობსის „ჩაკბეჩილი ვაშლის“ გამოგონებამდე კარგა ხნით ადრე. იმის მიუხედავად, რომ ამ სამარკო ნიშნებს შორის – ვერსაჩე, ვალენტინო, არმანი, პრადა, დოლჩე და გაბანა, ბულგარი (თუმცა ეს ოჯახი წარმოშობით საბერძნეთიდანაა), მისონი, ტრუსარდი, გუჩი, ფერაგამო, ფენდი, აგრეთვე, „ფერარი“, „ალფა რომეო“, „დუკატი“, „მაზერატი“ – ბევრი იტალიელებს უკვე აღარ ეკუთვნის, ისინი მათ გემოვნებას გამოხატავენ. ამავე დროს, აპენინის ნახევარკუნძულის მცხოვრებნი დიდი ხანია „ოტ კუტიურით“ აღარ იმოსებიან.

ბოლო წლებში იტალიელებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, დაკარგეს ჩაცმის ის დახვეწილი სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო საგულდაგულოდ შერჩეული ორიგინალური აქსესუარები და კარგი ფეხსაცმელი. ახლა ყველას არა იტალიაში, არამედ ჩინეთში დამზადებული ტანისამოსი აცვია, ყველას ერთნაირად, ისე რომ მასზე მზერა არ გაგექცევა, თუმცა მაღაზიების ვიტრინები კვლავინდებურად მიმზიდველად გამოიყურება, განსაკუთრებით რომის ფეშენებელურ ქუჩაზე Condotti. მაინც დარჩა ორი აქსესუარი, რომელსაც იტალიელები აუცილებლად ატარებენ – ესაა საფირმო მზის სათვალეები და ჩანთები, თუმცა ამ უკანასკნელს ხშირად ფიზიკური პირებისგან და გაყალბებული საქონლის ბაზრებზე ყიდულობენ.

მითი 6: იტალიელები მხიარული და უდარდელი ხალხია

ერთი შეხედვით, იტალიელები ძალზე ბედნიერი ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებენ: ხმამაღლა საუბრობენ, აქტიურად ჟესტიკულირებენ, ემოციებს მძაფრად გამოხატავენ. დადებით ემოციებს მზის მცხუნვარება და გემრიელი საჭმელი აძლიერებს. და ამის მიუხედავად, სხვადასხვა გამოკითხვას თუ დავუჯერებთ, იტალიელები ხშირად ხვდებიან ევროპის იმ ერების რეიტინგის ბოლოში, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები არიან. ტიპური იტალიელი ყოველთვის რაღაცის გამო წუწუნებს. ამასთან, ის ერთნაირად უკმაყოფილო შეიძლება იყოს როგორც შესაბამისი სამსახურის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგვიანებით გატანის გამო, ისე რესტორანში მირთმეული სადილით. მთავარი მტერი მათთვის სახელმწიფოა, რომელიც დიდ გადასახადებს კრეფს და არ უზრუნველყოფს საკმარისად ხარისხიან მომსახურებას ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. „ყველაფერი ცუდად მუშაობს!“

უნდა ვაღიაროთ, რომ წუწუნის საფუძველი იტალიელებს, რა თქმა უნდა, აქვთ, თუმცა მზე, ზღვა, წარმოუდგენელი სილამაზე – როგორც ბუნების მიერ, ისე ადამიანის ხელით შექმნილი – არსად წასულა და ადამიანსაც მეტი რა უნდა ბედნიერებისთვის?!

 წყარო: https://tass.ru/opinions/6167063

თარგმნა კობა ჯანიაშვილმა

კომენტარები