იტალიის პარლამენტის გადაწყვეტილება: პატიმრობა და ჯარიმა – პორნოს გავრცელებისთვის, ქიმიური კასტრაცია კი ამჯერად დღის წესრიგიდან მოიხსნა
იტალიის დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა შესწორებები „წითელ კოდექსში“, რომელიც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან 6 წლამდე, პლუს ჯარიმას მათთვის, ვინც სექსუალური სახის გამოსახულებებს ავრცელებს მათზე აღბეჭდილი პირების თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ქიმიურ კასტრაციას, ეს კანონპროექტი „ლიგამ“ უკან გაიტანა, რადგან „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ ამ ნორმის წინააღმდეგი იყო.
„წითელ კოდექსზე“ ახალი შესწორებები იტალიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო: 461 დეპუტატი – მომხრე, არცერთი – წინააღმდეგი და არც თავი შეუკავებია ვინმეს. კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. განსაკუთრებით ემოციურად გამოხატეს სიხარული ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ფორცა იტალიიდან“ და „დემოკრატიული პარტიიდან, რომლებიც კანონის მიღებას თავიანთ გამარჯვებად აფასებენ.
ახალი შესწორება, როგორც აღვნიშნეთ, ეხება პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გავრცელებას ინტერნეტში და განსაზღვრულია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გზავნის, აქვეყნებს ან ავრცელებს სექსუალური ხასიათის გამოსახულებებს ან ვიდეორგოლებს მათზე აღბეჭდილი სუბიექტების თანხმობის წარდგენის გარეშე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან 6 წლამდე, პლუს 5000-იდან 15 ათას ევრომდე ჯარიმით.
სასჯელი ორმაგდება, თუ ქმედებას ჩაიდენს მეუღლე, თუნდაც ყოფილი, ან პირი, რომელიც დაზარალებულ პიროვნებასთან ახლო ურთიერთობებში იყო ან არის.
ჯარიმა კიდევ 30-50%-ით იზრდება, თუ მსგავსი სახის ქმედება მიმართულია იმ პირის საზიანოდ, რომელიც ფიზიკურად ან გონებრივად არასრულფასოვან მდგომარეობაში იმყოფება, ან ფეხმძიმე ქალის მიმართ.
ახალი შესწორებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირი ისჯება დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე. საჩივრის წარდგენის ვადაა 6 თვე კანონდარღვევის მომენტიდან.
პარალელურად, „ჩრდილოეთის ლიგამ“ უკან გაიტანა კანონპროექტი, რომელიც კანონში „ქალთა ძალადობის შესახებ“ სასჯელის სახით ქიმიური კასტრაციის შემოტანას გულისხმობდა, რადგან ამ ნორმას არ ეთანხმება „5 ვარსკვლავის მოძრაობა“. თუმცა „ლიგა“ მიიჩნევს, რომ ქიმიური კასტრაციის ნორმა სექსუალური მოძალადეებისთვის „სასარგებლოა“, ამიტომ ის იქნება ახალი კანონპროექტის ნაწილი, რომელსაც წარმოადგენენ: საუბარია „ფარმაკოლოგიურ მკურნალობაზე ნებაყოფლობით, რომელიც არ არის შეუქცევადი, ნებაყოფლობით მკურნალობაზე, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია“, – აცხადებს „ლიგის“ წარმომადგენელი ჯულია ბონჯორნო (Giulia Bongiorno).
წყარო: http://www.ansa.it/sito/notizie/politica/2019/04/02/m5s-lega-verso-proposta-revenge-porn_19b19c67-9211-4d4b-bc91-e61c23830046.html
კომენტარები