გზა, ვიდრე ნოტები ჩვენამდე „მოფრინდებოდნენ“ – გერმანულ-ქართული მუსიკალური ოჯახი
ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ამ ოჯახური წყვილისთვის, დამეთანხმება, რომ საქართველოს კამერული მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას 21 აპრილს უდიდესი სიამოვნება და სიურპრიზები ელის, – თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მევიოლინის, ბელა მახარაძე-ბერკემერისა და მისი მეუღლის, გერმანელი დირიჟორის, კომპოზიტორისა და პიანისტის, უვე ბერკემერის სოლო კონცერტი გაიმართება. მშობლებთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგება ახალგაზრდა მევიოლინე და ვოკალისტი, ნინა ბერკემერი.
ბელა მახარაძე ოზურგეთელია, ნატანებიდან. მუსიკა პიანისტმა დედამ, ამავე სოფლის სამუსიკო სკოლის დირექტორმა, ეთერ კვერღელიძემ კი არ შეაყვარა, უფრო გენებით გადასცა…
ბელამ ხუთი წლისამ დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, ოდნავ მოგვიანებით კი ვიოლინოზეც შეიყვანეს და ცხრა წლის ასაკში უკვე ბათუმის სიმფონიურ და კამერულ ორკესტრთან ერთად უკრავდა.
გოგონას განსაკუთრებული ნიჭითა და ემოციური შესრულების მანერით მოხიბლულ ერთ-ერთ პიანისტ ქალბატონს, რომელიც იმჟამად ნატანების მუსიკალურ სკოლაში კურსებს ატარებდა, მისი მშობლებისთვის უთხოვია, მომაშვილეთ ეს ბავშვი, თბილისში წავიყვან და უძლიერეს პიანისტად გავზრდიო. ოჯახს უარი უთქვამს.
ვერც შემდგომში გაბედავდნენ მშობლები ბათუმის სამუსიკო სასწავლებლის მეორეკურსელი ქალიშვილის შორს გაშვებას, რომ არა მამის ბიძაშვილის, ყველასთვის ცნობილი მსახიობის, კოტე მახარაძის სტუმრობა და კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რომელსაც ბელა ასე იხსენებს:
„რომან, წავიყვანოთ ბავშვი თბილისში, ბიჭო, კარგი მომავალი უჩანს, შევიყვანოთ „ნიჭიერთა ათწლედში“ და სწორ გზაზე დავაყენოთო, უთხრა კოტე ბიძიამ მამას. მომდევნო დღეებში უკვე ვიწრო ოჯახურ წრეში გაგრძელდა ამ საკითხის განხილვა… რადგან იმ პერიოდში ფინანსურად გვიჭირდა, მშობლებმა ამიხსნეს, ბარემ შენმა ძმამ, პაატამაც ჩააბაროს ინსტიტუტში და ერთად გაგიშვებთო.
აი მაშინ უკვე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე: რას ჰქვია, არ მიშვებთ, ფანჯრიდან გადავხტები-მეთქი! – პროტესტის ეს ფორმა მომივიდა უცებ აზრად…
კისერიც გიტეხიაო! – მომესმა საპასუხოდ.
ცოტა არ იყოს, დავიბენი, მაგრამ რადგან წამომცდა, სიტყვას ხომ ვერ გავტეხდი: ეგრევე, ცხელ გულზე გავექანე მეორე სართულისკენ, გადავეკიდე ფანჯარაში და თვალი რომ გადავავლე დაბლა მანდარინების ბაღს, ერთხანს შემეშინდა კიდეც, სადმე ბუჩქში არ გავჭედილიყავი. ამ დროს ვხედავ, ბებია შემოდის ეზოში. აი, მოწმეც მყავს-მეთქი, – შევგულიანდი და გადავეშვი კიდეც!
სამი დღე ვერ ავდექი ლოგინიდან, წოლითი რეჟიმი მქონდა. ამის შემდეგ მშობლებმა მოილაპარაკეს, ეს ბავშვი „მთლად კარგად“ ვერ უნდა იყოს, სანამ კიდევ რაიმეს აუტეხდეს თავს, ჯობს, გავუშვათო…“
ბელა ახლაც, ამდენი ხნის შემდეგაც, დიდი აღტაცებით ჰყვება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ გატარებულ წლებზე და ვიოლინოს პედაგოგზე, პროფესორ შოთა შანიძეზე; კონსერვატორიაში უმაღლესი ქულით ჩარიცხვაც მის დამსახურებად მიაჩნია. ბატონი შოთა შემდგომში შეცვალა პროფესორმა ხათუნა თუშმალიშვილმა, რომელმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა მომავალი მუსიკოსის ჩამოყალიბებაზე, თუმცა მუსიკის სამყაროში ფორტეპიანოს მასწავლებელმა, რაისა ჯავახიამ „აადგმევინა ფეხი“… ასევე, ვიოლინოს უძლიერესმა პედაგოგმა, თემურ შალვაშვილმა, როგორც თავად ბელა ამბობს, ისე შეაყვარა ვიოლინო, რომ შესრულების მანერებიც კი მისგან აქვს გადმოღებული და დღემდე მოჰყვება.
კონსერვატორიაში ლიანა ისაკაძემ მალევე შეამჩნია ფანატიკოსი მევიოლინე, მისი პირველი სტიპენდიანტიც სწორედ ბელა გახდა და კონცერტებშიც ხშირად მონაწილეობდა.
ქალბატონმა ლიანამ არც კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ დატოვა თავისი ფავორიტი სტუდენტი „ბედის ანაბარა“: ჯერ იყო და – თავის ახლად დაარსებულ კამერულ ორკესტრში დააწყებინა მუშაობა, ხოლო შემდეგ… აი შემდეგ იყო, რაც იყო!
„სადღაც, ექვსი თვე იქნებოდა გასული მუშაობის დაწყებიდან, რომ ჩამოდის ლიანა ისაკაძე გერმანიიდან (სადაც ასევე მუშაობდა) და თავისი ორკესტრის წევრებს გვამცნობს ამბავს: სულ მალე სტუმრად გვეწვევა გერმანელი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი, უვე ბერკემერი, რომელმაც მე მომიძღვნა სავიოლინო კონცერტი და ამ ჩვენი ორკესტრით თავისსავე დაფუძნებულ დითცენბახის ინტერნაციონალურ ფესტივალზე მიგვიწვიაო.
„სხვათა შორის, ეს მუსიკოსი უცოლოა და ქალბატონებო, აბა, თქვენ იცით“, – გვითხრა გასვლისას ქალბატონმა ლიანამ. რატომღაც ყველამ ერთბაშად დაიძახა: აი, ბელა! რადგან ლაპარაკი იყო 38 წლის მამაკაცზე, მე კი მაშინ 25-ის ვიყავი, გავოცდი: რატომ მაინცდამაინც ბელა?! – ამდენი გასათხოვარი ქალი ხართ და ეს კაცი თქვენ უფრო შეგეფერებათ-მეთქი.
ჩამოვიდა ეს გერმანელი მუსიკოსი, ცხოვრობდა ქალბატონი ლიანას სახლში და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ჩვენც შეგვხვდა. როგორც კი შემოვიდა ჩემზე ორი თავით მაღალი კაცი, ეეჰ, ბელა, ამჯერად არ გაგიმართლაო, მომაძახეს გოგოებმა და ატეხეს სიცილი.
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.
ენობრივი ბარიერის გამო ჩემთან საუბარი რომ არ შეეძლო, ქალბატონი ლიანასთვის უკითხავს, იქნებ მასწავლო, როგორ დავეკონტაქტოო.
ლიანას უთქვამს, ბელა ძალიან კარგად მღერის და სთხოვე, თუ გიმღერებსო. მანაც სხვისი დახმარებით გამაგებინა, იქნებ მემღერა რაიმე.
„წინწყაროს“ რომ ვასრულებდი, აღფრთოვანებული მიყურებდა; მერე ისევ მთხოვა, მემღერა რაიმე. „მენატრები“ ვიმღერე. მიყურებს მწველი მზერით და ვერც მე ვუსწორებ თვალს… უვე ახლაც იხსენებს ხოლმე, ისე ვიყავი შენით დატყვევებული, რომ უკვე ვიცოდი, ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყავიო; იცი, შენ მოსაპოვებლად ვალები რომ დამედოო?! – გერმანიაში ფესტივალზე ყოფნისას ყოველ საღამოს მთელ გუნდს რესტორანში გვპატიჟებდა, მჩუქნიდა წითელ ვარდებს და… ხმას ვერ იღებდა, ვერაფერს მეუბნებოდა.
ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, ირმა იყო ჩვენი თარჯიმანი და მეუბნებოდა ხოლმე, ბელა, ძალიან მოსწონხარ და შენც გაეპრანჭეო“.
როცა უვე სიყვარულში გამოუტყდა, ბელას მთელი ღამე არ სძინებია განცდებისგან, დილით კი დედას დაურეკა, შეატყობინა სიახლე და ახლა დედას დაეწყო თეთრი ღამეები – ეს უჩემოდ ვერსად გაძლებსო, რადგან გოგონა ძალიან იყო დამოკიდებული დედაზე.
შემდეგ უსწრაფესად განვითარდა მოვლენები და ახალი ოჯახი შეიქმნა. ბელას მართლაც გაუჭირდა გერმანიაში დედისგან ასე მოშორებით ცხოვრება და დღეში ორ-სამჯერ რეკავდა საქართველოში – სად იყო მაშინ, 2000-იან წლებში ინტერნეტი!
თუმცა ბერკემერების ოჯახის საქართველოში გადასახლების მიზეზი მონატრება არ ყოფილა…
როცა ბელას უკვე პატარა ნინაც ჰყავდა და ნელ-ნელა ეგუებოდა ახალ გარემოს, ამ დროს უვეს გაუჩნდა საინტერესო იდეა, საქართველოში დაეარსებინა კავკასიის კამერული ორკესტრი. ჩავიდა, დაიარა მთელი კავკასია, თავად მოუსმინა თითოეულ მუსიკოსს; სოხუმშიც იყო ორჯერ, თუმცა იცოდა, რომ საქართველოს სახელით იქ ჩასული კაცი, რბილად რომ ვთქვათ, სასურველი სტუმარი ვერ იქნებოდა.
ასე შეირჩა 18 მუსიკოსი და შეიქმნა კამერული ორკესტრი, რომელიც ერთ ოჯახად შეიკრა, რეგიონში სამშვიდობო მისია იტვირთა და კავკასიაში არსებული პრობლემების მსოფლიოსთვის მუსიკის ენით გაცნობა გადაწყვიტა.
„თავიდან ჩემმა მეუღლემ ეს პროექტი გააცნო სანდრა რულოვსს, მაშინდელ პირველ ქალბატონს, – მიამბობს ბელა. – განიხილეს, მოილაპარაკეს, და რადგან იდეა მეტად აქტუალური და პერსპექტიული იყო, გადაწყდა კიდეც მისი განხორციელება. უვემ მიატოვა გერმანიაში კარიერა, გავყიდეთ სახლიც და ეს თანხა, როგორც საწყისი ხარჯები, სულ მოვახმარეთ ამ ორკესტრის დაარსებას.
ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გვქონდა, სამუდამოდ საქართველოში დავსახლებულიყავით, ამის საფუძველს გვაძლევდა პროექტის მასშტაბურობა და სახელმწიფოს მხრიდან მისით სერიოზულად დაინტერესება. ჰოდა, ჩვენც ავიღეთ ბანკიდან ვალი, შევიძინეთ თბილისში ბინა და ჩავერთეთ ჩვენს საქმეში.
აქვე აუცილებლად მინდა აღვნიშნო: ეს იდეა გერმანელებს იმდენად მოეწონათ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ისინი გვაფინანსებდნენ, ხოლო დანარჩენ წელიწად-ნახევარს ბიძინა ივანიშვილი გვედგა გვერდში.
სამი წლის შემდეგ კი ეს ჩვენი წარმატებების ზენიტში მყოფი ორკესტრი პოლიტიკურ ამბებს შეეწირა – დაფინანსება შეგვიწყდა.
„რა საჭიროა კალაშნიკოვი, როცა არსებობს მუსიკა“ – ეს იყო ჩვენი დევიზი. იმ სამი წლის განმავლობაში უამრავი გასვლა გვქონდა სხვადასხვა ქვეყანაში. ფაქტობრივად, წელიწადში ექვს თვეს სულ გასტროლებზე ვიყავთ; სადაც კი ჩავდიოდით, დიდი სცენა იქნებოდა თუ პატარა, ხალხი ფეხზე წამომდგარი გვიკრავდა ტაშს და იყო ბევრი „ბის“. უვე „სულიკოს“ ისეთი განცდებით მღეროდა, რომ დარბაზში მაყურებელს ცრემლი სდიოდა…
ჩვენი პროექტისადმი მსოფლიო ინტერესი თავიდანვე გამოიკვეთა: პირველ ფესტივალს, რომელიც ბათუმში გაიმართა, ისეთი საოცარი რეზონანსი მოჰყვა, რომ ამერიკულმა გამოცემამ, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ უზარმაზარი სტატია მოგვიძღვნა ორკესტრს და პირადად უვეს. ამას მოჰყვა შვეიცარიელების დაინტერესება: ჩემს მეუღლს დაურეკეს და ამ ორკესტრზე, მის მისიაზე დოკუმენტური ფილმის გადაღება შესთავაზეს.
მოკლე ხანში ჩამოვიდა კიდეც გადამღები ჯგუფი, რომელიც ყველგან დაგვყვებოდა და და ყველაფერს იღებდა…
„ოცნება გროზნოზე“ სწორედ ეს 90-წუთიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო, გრან-პრი მოიპოვა“.
რატომ მაინცდამაინც „ოცნება გროზნოზე“? – იკითხავთ ალბათ, საფიქრალ-სადარდებელი ირგვლივ ხომ ჩვენიც ამდენი გვქონდა…
მეც გამიჩნდა ეს კითხვა, რაზეც ბელამ ასე მიპასუხა:
„იმ მომენტში, როცა ჩემი მეუღლე კავკასიის რეგიონებიდან მუსიკოსებს არჩევდა, აზერბაიჯანმა სასტიკი უარი განაცხადა მონაწილეობაზე: იქ, სადაც სომეხია გარეული, ჩვენ არაფერი გვესაქმებაო! უვე იმდენს ეცადა, რომ ბოლოს ერთი აზერბაიჯანელი მაინც შემოგვიერთდა.
აი, მაშინ მივხვდით, რომ კავკასიაში ძალიან დიდი პრობლემები არსებობდა. ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, ჩავსულიყავით ჩეჩნეთში და მიწასთან გასწორებულ გროზნოში გაგვემართა კონცერტი. ეს იქნებოდა საზოგადოებისთვის ჩვენი გზავნილი: აი, გვიყურეთ! ყოველთვის შეიძლება, კავკასიელები ერთად ვიდგეთ და უარი ვთქვათ ყოველგვარ ომსა და ძალმომრეობაზე; ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღს არ უნდა ვიყენებდეთ!
ამ იდეის ირგვლივ ვმსჯელობდით, სწორედ ამ დროს ჩამოვიდა გადამღები ჯგუფი და, ჩვენი ამ ჩანაფიქრიდან გამომდინარე, ფილმსაც ეს სახელი უწოდეს.
თუმცა ჩეჩნეთში ჩასვლა და კონცერტის გამართვა არ დაგვცალდა…“
ბელა იხსენებს, როგორი მტკივნეული აღმოჩნდა ორკესტრის დახურვა მისი მეუღლისთვის, რომელიც საკუთარი შვილივით დაჰფოფინებდა საყვარელ საქმეს; ახლაც არ სცილდება თვალებიდან, როგორ ტიროდა ეს ამხელა კაცი თვითმფრინავში, როცა უკვე ბოლო გასტროლით შვეიცარიაში მიფრინავდნენ. კაცმა ყველაფერი მშობლიური მიატოვა და უცხო ქვეყანაში გადმოსახლდა, თავისი საქმიანობით ჩვენს ქვეყანას და კავკასიის რეგიონს პოპულარიზაციას უწევდა და მსოფლიოს აგებინებდა, რაც გვჭირს, ვისგანაც გვჭირს…
რაღას იზამდნენ, აბა?! ერთადერთი გზა უკან – გერმანიაში გადაბარგება იყო, სადაც სტაბილურად შეეძლოთ ცხოვრებაც და მუშაობაც.
თბილისში ბანკის ვალით შეძენილი სახლი რომ არ დაეკარგათ, უვემ გერმანიიდან მანქანების ჩამოყვანა დაიწყო, ბელა კი, ეს ნაზი და სიფრიფანა ახალგაზრდა ქალი, ერთადერთი იყო მამაკაცთა შორის, რომელიც იდგა ბაზრობაზე და მანქანებს ყიდდა…
ბანკის ვალი როცა დაფარეს, ისევ გერმანიაში დაბრუნდნენ და ცხოვრება, როგორც იტყვიან, ნულიდან დაიწყეს ქალაქ იბბენბიურენში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია). მეუღლემ გიმნაზიაში იშოვა სამსახური – გეოგრაფიას ასწავლის (ეს მისი კიდევ ერთი პროფესიაა), თან ისევ შექმნა ორკესტრი ახალგაზრდების გუნდით; ბელამ კი მუსიკალურ სკოლაში დაიწყო მუშაობა ფორტეპიანოსა და ვიოლინოს პედაგოგად და შიგადაშიგ, წელიწადში ორ-სამჯერ სოლო კონცერტსაც მართავს.
„იცით, საიდან დაიწყო ჩემი ისევ გააქტიურება და პოპულარობა? – იხსენებს, – გათხოვების შემდეგ ხომ მოვწყდი საქმეს; გერმანიაში, ჩემი მეუღლის ორკესტრში კი ვუკრავდი ერთხანს და კონცერტებსაც ვმართავდი, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ხომ დაივიწყა ბელა მახარაძე…
მაგრამ 2017 წელს თბილისის სამეფო უბნის თეატრში უვემ ჩაატარა ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ორკესტრთან ერთად ორი ნაწარმოები რომ შევასრულე, დარბაზი ძალიან აღფრთოვანდა.
იმავე წელს გავმართეთ ორი საქველმოქმედო კონცერტი საქართველოში და ორიც – გერმანიაში.
გასულ წელს ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის, ქალბატონი ინა ასანიძის ინიციატივით მომენიჭა ტიტული „წარმატებული ემიგრანტი ქალი – მუსიკის დარგში“. შემდეგ მალევე, თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანშლაგით ჩაიარა ჩემმა კონცერტმა და ამას მოჰყვა კონცერტების მთელი კასკადი: გავმართეთ ჭიათურაში, ამ ქალაქის მერის, ბატონი პაატა ნადირაძის მიწვევით; ამის შემდეგ იყო ჩემი მშობლიური ნატანებში მსმენელებთან შეხვედრა – გულო ნიკოლაიშვილის, ნაირა კვაჭაძისა და ვახო გობრონიძის თანადგომით; თესალონიკში მქონდა კონცერტი ქალბატონი ზოია სულხანიშვილის მიწვევით, ხოლო ამსტერდამში ქალბატონმა თიკა სვანიძემ დაგვპატიჟა.
გერმანიაშიც ჩავატარე გასული წლის მანძილზე რამდენიმე სოლო კონცერტი და ახლაც, მარტის ბოლოსთვის გვაქვს დაგეგმილი გერმანიის ქალაქ იბბენბიურენში; ასევე, კონცერტის გამართვის თაობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სტამბოლთან, ნიუ-იორკთან, ესპანეთთან…
ჩემს ასეთ გააქტიურებას მოჰყვა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ოვაციები, – სად იყავი ამდენ ხანს, რატომ ხარ ჩრდილში?! იცით, ისეთი თბილი წერილები მომდის, რომ ცრემლები მახრჩობს ხოლმე. ერთი მწერდა ამ დღეებში, თქვენ მე დეპრესიიდან გამომიყვანეთო; ვფიქრობ, რომ უფლება არ მაქვს, ასეთ ადამიანებს ჩემი მუსიკა მოვანატრო. ყოველდღიურად, ჩემი დროის დიდ ნაწილს ვანდომებ ფეისბუქზე პასუხების წერას და დაინტერესებული ადამიანებისთვის აზრის გაზიარებას.
ხშირად მეგობრობის შემოთავაზებებსაც ისე ბრმად ვიღებ, რომ არ ვიცი, ვინაა. ასე მოხვდა ჩემს სამეგობროში ერთი საკმაოდ მდიდარი რუსი ქალბატონი, რომელმაც ჩემი მუსიკის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, დამკავშირებოდა ასეთი წინადადებით: მე მინდა პიარი გაგიკეთოთ, სახელს გაგითქვამთ, ოღონდ ორი რაღაც უნდა გაითვალისწინოთო: ერთი, არავის გასცეთ პასუხი კომენტარებზე, თავი დაიფასეთ; და მეორე, არასოდეს თქვათ, რომ სოფლიდან ხართო!
მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და სასწრაფოდ გავაუქმე მეგობრობა ამ ადამიანთან: ჯერ ერთი, მე ვამაყობ, რომ ვარ სოფლიდან და ამას ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, მეორეც, მე ასეთი ქედმაღალი და უსულგულო ვერასოდეს გავხდები, ვერაფრის გულისთვის…“
ბელას და უვეს უფროსი ქალიშვილი ნინაც, როგორც უკვე ვთქვით, მშობლების გზას გაჰყვა. იგი მუსიკალური კოლეჯის წარმატებული მოსწავლეა და გერმანიის მასშტაბით ლაურეატია, მესამე ადგილის მფლობელი; როგორც მევიოლინესა და ვოკალისტს, ბევრი პრიზი აქვს მოპოვებული. ბერკემერების უმცროსი ქალიშვილი, მარიც მუსიკითაა გატაცებული…
მთლიანობაში ბედნიერი, მუსიკალური ოჯახია, ერთად უკრავენ, მღერიან, საყვარელ საქმეს აკეთებენ და ამით ბევრ ადამიანს ანიჭებენ სიამოვნებას. ჩვენი პროფესია მუდმივ შრომას მოითხოვს და ერთმანეთს ხელს ყოველთვის ვუწყობთო, მეუბნება ბელა და მეუღლეზე გადააქვს საუბარი.
„უვე მზრუნველი ადამიანია, სიკეთის განსახიერებაა… რაც არ უნდა დაღლილი მოვიდეს სამსახურიდან, სადილი თუ არ დავახვედრე, ჯერ არ მახსოვს საყვედური ეთქვას; არაფერს მთხოვს, გარდა ჩემს პროფესიაში განვითარებისა. თავიდანვე მკითხა, საჭმელების მომზადება ვიცოდი თუ არა. არა-მეთქი, ვუპასუხე – მართლა არაფერი ვიცოდი და რა მეთქვა?! არა უშავს, კულინარია ჩემი ჰობიაო, რომ მითხრა, აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ამ კაცის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა (იცინის). მახსოვს, ფეხმძიმედ რომ ვიყავი და საშინელი ტოქსიკოზით საავადმყოფოში ვიწექი, მკითხა, ბელა, რა გაგიკეთო, ყველაზე მეტად რა გესიამოვნებაო. ჩახოხბილი და ხაჭაპური-მეთქი, ვუთხარი. იმავე საღამოს მომიტანა და თან ისეთი გემრიელი იყო, ბევრ ქართველს რომ არ გამოუვიდოდა. ახლაც ასეა, ყველაფერს აკეთებს, ხოლო როცა ქართველები გვყავს სტუმრად, ქართულ კერძებსაც ამზადებს და თან – ბრწყინვალედ. გიჟდება ქართველებსა და საქართველოზე, ერთადერთი, ჩვენებურ არაპუნქტუალობას ვერ იტანს.
ხასიათით მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ: მე ცელქი ბუნების ვარ, შემიძლია ოცდაოთხი საათი ვიმოძრაო, სულ თავგადასავლებს ვეძებ… სიურპრიზების მოწყობა მიყვარს და ფინანსური შესაძლებლობა რომ მქონდეს, რამდენ ადამიანს გავახარებდი, რას არ გავაკეთებდი…
უვე კი წყნარი, მშვიდი ადამიანია, თავის ნაჭუჭშია სულ. მაგრამ ისიც დომინანტია და მეც, რეპეტიციის დროს ხშირად ისე ვჩხუბობთ, თან ბოლო ხმით, რომ კედლები ზანზარებს და ნოტები სულ ჰაერში დაფრინავენ… საკუთარ პოზიციებს არ ვთმობთ და სანამ არ ავაფეთქებთ სახლს, არ ვჩერდებით (იცინის)“.
ვიმედოვნებ, ბევრი ახალი შეიტყვეთ ამ მუსიკალური წყვილის ცხოვრებიდან. თბილისელები კიდევ უფრო კარგად გაიცნობენ მათ 21 აპრილს – მუსიკის მოყვარულებს ულამაზესი საღამო ელით კონსერვატორიაში: ემოციური შემსრულებელი, განუმეორებელი ჰანგები…
მე კი ერთხანს ამეკვიატა ფიქრები: ღირდა, არა?! კი, ნამდვილად ღირდა თავის დროზე „მსხვერპლის გაღებად“. თუმცა მიზანმიმართულობა და შრომისმოყვარეობა თუ გვაკლია, მხოლოდ ფანჯრიდან გადახტომისა და იღბლიან ალაგას „დავარდნის“ იმედით, მოდით, ნუ გავრისკავთ… 🙂
ლუიზა ლაწუნაშვილი
მოუსმინეთ ბელას შესრულებას მისი მეუღლის საფორტეპიანო აკომპანიმენტით:
კომენტარები