ემიგრანტი გოგონა, რომელსაც უნდა საქართველოში დაბრუნდეს და ოჯახიც და კარიერაც სამშობლოში შექმნას

ენების ცოდნისკენ თათია ბავშვობიდან ისწრაფვოდა და აისრულა კიდეც სურვილი. ნიჭიერი და მიზანდასახული გოგონა დღეს უკვე იტალიაში, ალდო მოროს უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლობს და მიღებული ცოდნის გამოყენებას საქართველოში გეგმავს. ალბათ ასეც იქნება. მანამდე კი ვნახოთ, როგორ აღმოჩნდა შვიდი წლის წინ თათია ყველიაშვილი იტალიაში და როგორია მისი, როგორც ახალგაზრდა ემიგრანტის, ცხოვრება.

 თათია, მოდი, საუბარი თქვენი ცხოვრების დღევანდელი ეტაპიდან ავიწყოთ: სად ხართ, რას საქმიანობთ?

ამჟამად იტალიის სამხრეთით, ქ. ბარიდან 35 კილომეტრში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. უცხოენოვანი სამეცნიერო ლიცეუმი დავასრულე და ახლა ალდო მოროს უნივერსიტეტში უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობ.

ამ ეტაპამდე როგორ მოხვედით? რა იყო ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის, როცა უცხო ქვეყანაში აღმოჩნდით?

ამ ეტაპამდე მოსვლა, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა. დედა და მამა იტალიაში 2008 წელს ჩამოვიდნენ, მე და ჩემი ძმა – ირაკლი კი 2012 წელს წამოგვიყვანეს, მანამდე საქართველოში (ხაშურში) ბებიასთან და ბაბუასთან ვიზრდებოდით. დედას ელზა ჰქვია, ფილოლოგია, სკოლაში პედაგოგად მუშაობდა საქართველოში, მამა კი მხატვარია – დავითი ჰქვია. იტალიაში რომ ჩამოგვიყვანეს, მე მაშინ 15 წლის ვიყავი, ჩემი ძმა – თერთმეტის. თანაკლასელებმა თბილად მიმიღეს, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე რთული მაინც ენის ბარიერი იყო, რადგან როდესაც თავისუფლად შეგიძლია შენი აზრის გამოთქმა , გარემოსთან ადაპტაციაც გიადვილდება.

იტალიური არ ვიცოდი, კლასში გარკვეული პერიოდი ინგლისურად ვსაუბრობდი, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან ჩემი თანაკლასელები ინგლისურის მაგივრად ფრანგულს სწავლობდნენ. ვისაც შეეძლო, ინგლისურად მელაპარაკებოდა, ვისაც არა – იტალიურად. რატომღაც ფიქრობდნენ, რომ უნდა გამეგო… მე უხერხულობისგან ხან „სი“-ს (კი) ვეუბნებოდი, ხან „ნო“-ს (არა). ჰოდა, ერთხელ იტალიურ ენაზე მკითხეს, თუ აღვნიშნავდით ახალ წელს საქართველოში („Da voi si festeggia il capodanno?“ – და ვოი სი ჶესტეჯა ილ კაპოდანო?), ვუპასუხე, „ნო“. ვერ გავიგე, რას მეკითხებოდნენ და ვიფიქრე, რომ „არა“-ს თქმა სჯობდა. მოკლედ, დადგა ახალი წელი, მე ყველას ვულოცავ, ისინი კი მხოლოდ მადლობას მიხდიან… გაკვირვებული დავდიოდი მთელი დღე, სანამ ჩემმა კლასელმა არ მითხრა ინგლისურად, „ანუ, ახლა შენთან ისევ 2012 წელიაო?!!“ J

როგორ ისწავლეთ ენა, როგორ გახსენდებათ ის დღეები?

ყოველი დღე საკმაოდ შრომატევადი მქონდა. ახლა ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება, რადგან ის დღეები ჩემი მომავლისთვის წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა.

რაც ალბათ პროფესიის არჩევაზეც აისახა

კი. ბავშვობიდან ვოცნებობდი მოგზაურობაზე და პოლიგლოტობა მინდოდა, რათა ჩემი ქვეყნის ისტორია და კულტურა სხვა ქვეყნებისთვის გამეცნო.

თუ გყავთ გვერდით ადამიანი, რომელსაც ამ გზაზე ბოლომდე ენდობით და გჯერათ მისი ობიექტურობის?

ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ვენდობი, დედაჩემია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.

თათია დედასთან ერთად

საერთოდ, თქვენს მეგობრებში ქართველები ჭარბობენ თუ იტალიელები?

იქიდან გამომდინარე, რომ აქ ვცხოვრობ, იტალიელებთან ვმეგობრობ და, რა თქმა უნდა, ჩემს ქართველ მეგობრებთან ინტერნეტის საშუალებით ვურთიერთობ.

საინტერესოა, რამდენად იცნობენ იტალიელი ახალგაზრდები საქართველოს?

სკოლაში ბავშვებმა ჩემგან გაიგეს საქართველოს შესახებ და ამაში ჩემი მასწავლებლები მეხმარებოდნენ. უნივერსიტეტში კი ამის ახსნა არ დამჭირვებია, რადგან მათ უკვე იცოდნენ საქართველოზე.

რა არის ნებისმიერი ქვეყნის ახალგაზრდობისთვის მთავარი?

ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის მთავარი იმ შრომის დაფასებაა, რაც წლების განმავლობაში სწავლაში ჩადეს.

სხვათა შორის, სასწავლო წლის ბოლოს სკოლის მოსწავლეები ღონისძიებებს ვატარებდით ხოლმე, ყველა იმ ნომერს წარადგენდა, რაც სურდა. მე ლაზური დავდგი და ძალიან მოეწონათ.

მე და ჩემმა მეგობარმა ზღაპარიც დავწერეთ ფრანგულად და მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „უცხოენოვანი ზღაპრები“. მერე ფრანგებმა ერთი კვირით ოჯახში მიგვიწვიეს. პრეზენტაცია პარიზიდან 15 კილომეტრში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში გვქონდა.

ზღაპარიც დადგით?

არა, დავწერეთ. ჩვენს მეგობრობაზე იყო, სკოლაში მისვლის პირველი დღიდან ვმეგობრობთ მე და ჯემა დი ვიტორიო (Gemma Di Vittorio ), ასე მგონია, და მყავს.

თათია და ჯემა

ზღაპრის ხსენებაზე შეუძლებელია ბავშვობა არ გაგახსენდესრა გიყვართ ყველაზე მეტად ბავშვობიდან და რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად, რაც მშობლიური ქვეყნის მონატრების სურვილს გიმძაფრებთ?

ხშირად ვისვენებდი სვანეთში. მიყვარს ბუნება და ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ბავშვობასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. მახსენდება ის დღეები, როდესაც მე და ჩემი ბიძაშვილი დავითი, ამინდის შესაბამისად, ჭიანჭველების ბუდეებზე კენჭებით და ცემენტით პატარა სახლებს ვაშენებდით წვიმისგან დასაცავად, შემდეგ კი ჭიანჭველებს შაქარს ვუყრიდით, რომ წვიმის დროს საკვები ჰქონოდათ.

დღევანდელ საქართველოს როგორ ხედავთ შორიდან?

ვხედავ, თუ როგორ უჭირს ჩემს ერს და ჩემთვის ეს ფაქტი ძალიან მტკივნეულია.

თქვენი მიზანი რა არის და მომავლის გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?

მიყვარს, როცა ამ კითხვას მისვამენ, რადგან ყოველთვის ვიცი, რა უნდა ვუპასუხო. ჩემი მომავალი საქართველოს უკავშირდება. სწავლის დასრულების შემდეგ მინდა, ჩემი კარიერა საქართველოში ავაწყო და წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა ჩემს ერს გავუზიარო.

რომ არა ემიგრაცია, ცხოვრების რა ეტაპზე იქნებოდით? ამ შეკითხვას თავადაც ემიგრანტი ქალბატონი მაია ლომიძე გისვამთ

რომ არა ემიგრაცია, ალბათ ჩემი პროფესია იგივე იქნებოდა. სავარაუდოდ, 11-წლიანი ცეკვის შემდეგ კვლავ განვაგრძობდი სცენაზე დგომას.

ანსამბლში ცეკვავდით?

დიახ, ქორეოგრაფ ელენე რატიანის ანსამბლ „ფრესკაში“ ვცეკვავდი. 4 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ მიმიყვანეს და 15 წლამდე ვცეკვავდი.

ცეკვაზე იტალიაშიც რომ გევლოთ, არ გინდოდათ, თუ ვერ ახერხებდით?

სიამოვნებით ვივლიდი, შესაძლებლობა რომ მქონოდა. ცეკვა არა, მაგრამ შვიდი წელია იტალიაში ვცხოვრობთ და ამ ხნის განმავლობაში სეზონურად მოდის სამყაროშიც ვცადე ბედი. უკვე რამდენიმე ცნობილი იტალიური ბრენდი წარვადგინე, მათ შორის – „ალტა მოდა“ (Davanzo Alta Moda). ძირითადად, საქორწიlო კაბების ახალ კოლექციებს წარვადგენდით. მოდის სამყარო ჩემი ჰობია და თავისუფალ დროს კვლავ განვაგრძობ ამ სფეროში მუშაობას, თუ შეიძლება ასე ითქვას.

საერთოდ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? რა არის თქვენთვის ყველაზე სასურველი დასვენება და გართობა?

თავისუფალ დროს ზღვის სანაპიროზე ვსეირნობ მეგობრებთან ერთად. მიყვარს კინოში და თეატრში სიარული. როდესაც გართობა გვინდა, გასართობ ცენტრში მივდივართ. სეზონურად კი ჯომარდობით და მთამსვლელობით ვერთობით.

2014 წელს მე და ჩემმა აქაურმა მეგობრებმა ჩამოვაყალიბეთ ორგანიზაცია „პროლეტი“ და კვირაში სამი დღე სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს ვაწყობდით: წიგნების პრეზენტაცია, ფილმების ჩვენება, მუსიკალური ნომრები… საქართველოზე ორჯერ მქონდა პრეზენტაცია, მამას ნახატების გამოფენაც მოვაწყვეთ.

მამასთან ერთად

საქართველოზე პრეზენტაციაში რას გულისხმობთ?

ჩვენს ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს… ქართული კერძებიც მოვამზადე და დავაგემოვნებინე იქ დამსწრე საზოგადოებას. ძალიან მოეწონათ, განსაკუთრებით – „ქაჩაპური“, „ქინკალი“ (ასე ამბობენ)… სამწუხაროდ, შარშან დავხურეთ ეს ორგანიზაცია, რადგან ჯგუფი დაიშალა, ზოგი ჩრდილოეთში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ ახლა ისევ ვაპირებთ გახსნას.

თქვენს ძმაზეც მოგვიყევითსად სწავლობს, რა ინტერესები აქვს? ერთმანეთთან რა ენაზე საუბრობთ?

ჩემი ძამიკო – ირაკლი ჩემი საყრდენია! ძალიან თბილი, მზრუნველი და დამოუკიდებელია. ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობს და სწავლობს პროფესიულ სკოლაში. ერთმანეთთან ქართულად ვსაუბრობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქართულად რამეს ვერ ვიხსენებთ, მექანიკურად იტალიური ლექსიკონიდან ვიშველიებთ სიტყვებს.

თათია ძმასთან ერთად

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით? ასეთ მშვენიერ გოგოს თაყვანისმცემლები მრავლად ეყოლება

ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ და, რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლებიც მყავს. ამ ეტაპზე სერიოზულად არავისზე ვფიქრობ, რადგან სამომავლოდ ოჯახის შექმნას საქართველოში ვაპირებ.

დაბოლოს, რას ისურვებდით?

ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ჩემი საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნაა.

გმადლობთ, თათია! სურვილების ასრულებას, წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ!

 ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები