18 წელი აეროპორტის „ტყვეობაში“
ალბათ ნანახი გექნებათ სტივენ სპილბერგის ტრაგიკომედია „ტერმინალი“ ტომ ჰენქსის მონაწილეობით. რეჟისორის „მუზა“ რეალური ადამიანი, ირანელი ლტოლვილი მეჰრან კარიმი ნასერი გახდა, რომელმაც 18 წელი დაყო პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტის „ტყვეობაში“, 1988 წლის აგვისტოდან 2006 წლის ივლისამდე.
თავის დროზე მეჰრან ნასერი ირანიდან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო გააძევეს. გაეროს კომისიის გადაწყვეტილებით მას „პოლიტიკური ლტოლვილის“ სტატუსი მიენიჭა და ნასერი ბელგიიდან საცხოვრებლად ლონდონში გაემგზავრა, მაგრამ სანამ იქამდე ჩააღწევდა, პარიზში დოკუმენტები მოჰპარეს, ამიტომაც ლონდონიდან ისევ პარიზში დააბრუნეს.
დეტალებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ მოგახსენებთ: ბელგიის, საფრანგეთისა და ინგლისის მრავალი ბიუროკრატიული კანონის ურთიერთგადახლართვის გამო საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მეჰრანი პარიზის საერთაშორისო აეროპორტში „დასახლდა“. მას სხვაგან წასასვლელად არც პასპორტი გააჩნდა და არც ფული. ხოლო იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგალურად იყო ჩასული, საფრანგეთის მთავრობას მისი გაძევების უფლება არ ჰქონდა.
18 წლის განმავლობაში ნასერის სავარძლებისგან შეკოწიწებულ საწოლზე ეძინა. მას აეროპორტის თანამშრომლები – დამლაგებლები და სტიუარდესები – მფარველობდნენ და არსებობისთვის აუცილებელი საკვებითა და ნივთებით ამარაგებდნენ.
მეჰრანი მამაკაცთა ტუალეტის ნიჟარაში იბანდა, ტანსაცმელს ქიმწმენდაში გზავნიდა და, სიტუაციის სირთულის მიუხედავად, მუდამ გაპარსულ-დავარცხნილი და მოწესრიგებული დადიოდა. დროს კი, ძირითადად, გაზეთებისა და წიგნების კითხვაში ატარებდა.
შემოსავლის წყარო ირანელს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რეპორტიორებმა ეს ამბავი ქვეყანას მოსდეს. მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ნასერთან ცნობილი ჟურნალისტები, რათა მისგან ექსკლუზიური ინტერვიუ აეღოთ. მგზავრებიც დიდი სიამოვნებით იღებდნენ მასთან ერთად ფოტოებს. მალე კი ტერმინალის ტყვის სახელზე ფულადმა გადარიცხვებმაც დაიწყო მოსვლა.
2006 წელს ნასერი საავადმყოფოში გადაიყვანეს გაურკვეველი დაავადების გამო. ბოლოს და ბოლოს, საფრანგეთის ხელისუფლებამ უბედურ ლტოლვილს ბინადრობის ნებართვა მისცა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მეჰრან ნასერი პარიზის უსახლკაროთა თავშესაფარში დასახლდა, რომლის გადასახადს საკუთარი დღიურების მიხედვით გამოცემული წიგნების საფასურით იხდიდა.
თამარ ქავჟარაძე
კომენტარები