მარიკა კაპანაძე: „რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სამშობლო ერთი მაქვს და მე ორი ქვეყნის შვილი ვარ“
ხშირად თავის სათქმელს ლექსად ამბობს. წლებია ლექსებით ეფერება შორიდან ახლობლებს, მეგობრებს, პატარა შვილიშვილს, რომელიც ჯერ არ უნახავს… მთელ საქართველოს. უკვე გამოსცა ლექსების პატარა კრებული „ჩემი ჩუმი ფიქრები“. მეორე კრებული თითქმის მზად აქვს და… მოკლედ, ეს ქალბატონი მარიკა კაპანაძეა თავისი განცდებით, ფიქრებით, ტკივილითა და სიხარულით. იგი თითქმის 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და, რაც დრო გადის, რწმუნდება, რომ „სამშობლო ერთი აქვს და ორი ქვეყნის შვილია“.
ქალბატონო მარიკა, უფრო დაწვრილებით მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ წახვედით ესპანეთში? ამჟამად რომელ ქალაქში ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?
ქართველი ემიგრანტისთვის ჩვეული ცხოვრებით ვცხოვრობ, თამარ, ვერაფრით გაგაოცებთ, მაგრამ გპირდებით, ყველა თქვენს შეკითხვას გულწრფელად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვუპასუხებ.
„საქართველო მეყვარები მანამ, / სანამ ქვეყნად იწვიმებს და ითოვს,
და ჩვენ შორის საუბარი ახლა, / დაე, ჩემი აღსარება იყოს!“
1966 წელს დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონში, მშრომელი, კეთილსინდისიერი ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში.
ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გამო 1999 წელს ჩემი მეუღლე, დავით ზირაქაძე, სხვა ქართველებთან ერთად, არალეგალურად წავიდა ემიგრაციაში და ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დაბინავდა. პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ესპანელების ნდობა, საბუთები მოაწესრიგა და 2004 წელს ჯერ ჩვენი ქალიშვილი – თამარი, 2005 წელს კი მე და ჩვენი ვაჟი – გიორგი (ვიზები მოსკოვში, ესპანეთის საკონსულოში ავიღეთ) ჩამოგვიყვანა ვალენსიაში. დღემდე აქ ვცხოვრობთ.
დავითი ვალენსიის პორტში ტრაილერის მძღოლად მუშაობს, მე – ოჯახებში, საათობრივ სამუშაოზე.
მთელი ოჯახი ერთად იქნებოდით, რაც, ცხადია, ემიგრაციაში ყოფნისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ უცხო ქვეყანაში არავის აინტერესებს ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, არც სანაცნობოს, სამეგობროს გამონახვაა მარტივი… თქვენთვის რამდენად რთული იყო ადაპტაციის პერიოდი, როგორ გახსენდებათ ის დრო?
ია-ვარდებით მოფენილი გზა რომ არ მელოდა, ვიცოდი, მაგრამ რეალობა გაცილებით უფრო რთული და ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. გულწრფელად გეტყვით, რომ გახსენებაც არ მინდა.
რაც შეეხება სამეგობროს, ნამდვილად არ არის ადვილი საიმედო ადამიანების მოძებნა.
მით უმეტეს, თუ უამრავ პრობლემას ენის არცოდნაც ემატება. განსაკუთრებით პირველ ეტაპზე – თქვენ გქონდათ ეს პრობლემა, თუ ენა იცოდით?
რადგან წამოსვლას ვაპირებდით, ესპანურის მცოდნე ექვსი თვე სახლში გვამეცადინებდა და ამან ძალიან გაგვიადვილა ურთიერთობები.
საინტერესოა, რას ფიქრობდით, უცხოეთში რომ მიდიოდით და რა გაქვთ სათქმელი წლების შემდეგ, ცხოვრების ამ ეტაპზე?
შვიდი წლის განმავლობაში მარტო ვცხოვრობდი შვილებით ზესტაფონში. ჩვენი მიზანი ოჯახის ერთად ყოფნა იყო. ამ ეტაპზე მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის, სამი შვილიშვილი შეემატა ოჯახს და ბედნიერი ვარ!
სათქმელს ლექსად გეტყვით:
„ხმელთაშუა ზღვის ნაპირს,
ვესტუმრები ხანდახან,
ვხედავ, როგორ შევეჩვიე,
შემიყვარდა თანდათან…
ზოგჯერ ტალღებს თვალს შევავლებ,
ალმაცერად, განდაგან,
ხან ჩუმად გამეღიმება,
ცრემლები მდის ხანდახან…
უსასრულო ქვეყანაში
მენატრება პატარა,
საფიცარი საქართველო,
წყაროს წყალი ანკარა…
მენატრება თოვლია თუ
მზე აცხუნებს თაკარა,
მთელ სამყაროს იტევს გულში
მოცულობით პატარა…
ხმელთაშუა ზღვის ნაპირს,
ვესტუმრები ხანდახან,
ვხედავ, როგორ შევეჩვიე,
შემიყვარდა თანდათან…
ზოგჯერ თვალი იცინის და
ცრემლები მდის ხანდახან,
მეშინია, საქართველო,
არ დამკარგო თანდათან…
თუ არ ვცდები, ლექსების კრებული უცხოეთში წასვლამდე გამოეცით საქართველოში. მას შემდეგ შორიდან ეფერებით ლექსებით თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, მშობლიურ ზესტაფონს, მთელ საქართველოს… რა გაწუხებთ ყველაზე მეტად? ღირს ემიგრანტობა სულიერი დისკომფორტის ფასად?
დიახ, ლექსები ჩემი გულის და სულის ამოძახილია. ვწერ იმას, რასაც ვგრძნობ და განვიცდი. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ლექსები ფანტაზიის და ოცნების შედეგია, ყველა სტროფი გარითმული რეალობაა. დავითი ხშირად მეუბნება, რომ მარტო ამ ლექსებისთვის ღირდა ემიგრანტობა.
ლექსების პატარა კრებული „ჩემი ჩუმი ფიქრები“, მცირე ტირაჟით, 2015 წელს, ემიგრანტობიდან ექვსი წლის შემდეგ დაიბეჭდა.
14 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა და ლექსების წერა მაშინ დავიწყე. ემიგრანტობამ, უსაზღვრო მონატრებამ, ნოსტალგიამ, უძილო ღამეებმა და ფიქრებით დაქანცულმა დღეებმა წერის სურვილი გამიმძაფრა. მეორე კრებულიც თითქმის მზად მაქვს და ვოცნებობ იმ დროზე, როცა დაიბეჭდება.
ყველაზე მეტად ქართული ცის და მიწის მონატრება და იმ ადამიანების ამ ქვეყნიდან წასვლა მტკივა (მამა, მეუღლის მშობლები), რომლებიც ბოლო გზაზე ვერ გავაცილე, ცრემლი ვერ გავაყოლე და ვეღარასოდეს ვნახავ.
ღირს თუ არა ემიგრანტობა სულიერი დისკომფორტის ფასად? ჩემისთანა მგრძნობიარე ადამიანისთვის ემიგრანტობა სასჯელია, მაგრამ თუ იქაურ ყოფას შევადარებ, მაინც ღირდა.
რას საქმიანობენ თქვენი შვილები – თამარი და გიორგი?
გიორგი ხუთი წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ჩვენი, მშობლების ხათრით იყო აქ და ბოლოს გადაწყვიტა, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო (ესპანურ დელიკატესებს ერთი მუჭა ჩვენი სოფლის მიწა და ერთი ჭიქა ჭის წყალი ურჩევნია). აისრულა კიდეც სურვილი, დაუბრუნდა ბაბუისა და ბებიის ფუძეს, დაოჯახდა (რძალი, ქეთევან ცერცვაძე ზესტაფონში ინგლისური ენის მასწავლებელია) და ორი ანგელოზი, ელენე და ნიტა გვაჩუქეს.
თამარი ჩვენთან დარჩა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას გიორგიზე ნაკლებად უყვარს სამშობლო. საქართველოს ქალიშვილს უზრდის, რომელიც უკვე ათი წლისაა. სხვათა შორის, ანნა ტრადიციულ ვალენსიურ დღესასწაულში (FALLA 2018) ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მონაწილეობდა. ეს უჩვეულოდ ლამაზი და ხმაურიანი, ე. წ. ცეცხლის დღესასწაული ყოველ გაზაფხულზე იმართება. უამრავი ტურისტი ჩამოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ ანნამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა და ქართულად გაალამაზა თავისი ვალენსიელი მეგობრები.
თამარმა გასულ წელს დაამთავრა სწავლა ესთეტიკის სპეციალობით, პატარა სალონი აიღო და ქართველი და ესპანელი ქალბატონების გალამაზებაზე ზრუნავს. პარალელურად, აქტიურად თანამშრომლობს ვალენსიის მერიასთან, ახლომდებარე ქალაქებთან და წითელი ჯვრის ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, თავის დამღლელ სამუშაო გრაფიკთან ერთად, კარგად ართმევს თავს „საკვირაო სკოლის“ ხელმძღვანელობას. „საკვირაო სკოლა“ ყველაზე დიდი შენაძენია ვალენსიაში მცხოვრები ქართველებისთვის. სკოლაში ამჟამად ათი მოსწავლეა.
ანნამ ალბათ იცის ქართული? სიძე ქართველია თუ ესპანელი?
კი, კარგად იცის ქართული. ანნას მამა ქართველი ჰყავს.
თქვენს ფოტოარქივში ვნახე – თქვენი ქალიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზანკალიანთან ერთად არის გადაღებული. რა შეხვედრა იყო მადრიდში?
დიახ, ეს ფოტო 2019 წლის 26 იანვარს მადრიდშია გადაღებული. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ესპანეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ვალენსიის „საკვირაო სკოლის“ მოსწავლეებისთვის, ისინი სახელმძღვანელოებით დაასაჩუქრეს.
თქვენ თუ ეხმარებით ქალიშვილს „საკვირაო სკოლაში“?
რა თქმა უნდა, თუ დასჭირდა, ყოველთვის ვეხმარები, უკეთესს რას გავაკეთებ?!
თქვენს ფოტოალბომში ულამაზესი ყვავილების ფოტოებიც ვნახე, თავად იღებთ ამ ფოტოებს?
დიახ, ყველა ჩემი გადაღებულია. ფოტოების გადაღება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და სიხარულით მითბება გული, როცა იწონებენ, განსაკუთრებით მამაკაცები.
თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და როგორ ატარებთ?
ფურცელი და საწერკალამი ლექსებისთვის, მობილური ტელეფონი ფოტოების გადასაღებად სულ თან დამაქვს… თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება, ფეისბუქზე შესვლას თუ არ ჩავთვლით. სწორედ ფეისბუქით ვადევნებ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ბევრი ქართველი ემიგრანტია ვალენსიაში? ერთმანეთთან შეხვედრას თუ ახერხებთ და რაზე საუბრობთ, ძირითადად?
ამ ბოლო დროს ვალენსიაში საგრძნობლად მომრავლდნენ ქართველები, დღე არ გავა, სადმე ქართველი რომ არ შემხვდეს. შეძლებისდაგვარად ერთმანეთის ნახვასაც ვახერხებთ და ყოველდღიურ ამბებსაც ვუყვებით ერთმანეთს.
საქართველოსა და ესპანეთს შორის რაიმე საერთო ხომ არ აღმოაჩინეთ?
საქართველოს ესპანეთს არასოდეს შევადარებ – ეს ლექსადაც დავწერე, რომელიც ჩემს პირველ კრებულშია შეტანილი (ნაწყვეტი ლექსიდან „არასოდეს შევადარებ“).
„არასოდეს შევადარებ
ხმელთაშუას შავ ზღვას,
ესპანეთს ვერ ვანაცვალებ,
საქართველოს მთა-ბარს…
არასოდეს შევადარებ,
ჩემს სამშობლოს ამას,
არაფერი არ მტკიოდეს,
აქ თავს ვგრძნობ სულ ავად…“
მაგრამ რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სამშობლო ერთი მაქვს და მე ორი ქვეყნის შვილი ვარ. ქართველებსა და ესპანელებს შორის კი ხშირად ვხედავ მსგავსებას. იციან შრომისმოყვარე, პატიოსანი ადამიანის ფასი. უდიდეს ნდობას ვგრძნობ მათგან, მადლიერების გრძნობით ვარ სავსე და ვცდილობ, იმედი არ გავუცრუო.
ასევე, სულ იმის მცდელობაში ვარ, ქართულ-ესპანური სამზარეულო ერთმანეთს შევუხამო, შედეგი ყოველთვის კარგია.
მაინც რა არის თქვენთვის ემიგრანტობა? როგორ ხედავთ მომავალს, ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებაზე?
არ მიყვარს სიტყვა „ემიგრანტი“, დაუძინებელი მტერიც რომ მყავდეს, მასაც არ ვუსურვებ ემიგრანტობას… მინდა, რომ საქართველო გაერთიანდეს და გაძლიერდეს, რათა ქართველმა თავის მიწაზე შეძლოს ლელოს გატანა.
ემიგრანტობის პერიოდში თუ ყოფილხართ საქართველოში?
კი, როგორ არა, საბუთები აქ ჩამოსვლის დღიდან წესრიგში გვაქვს და ყოველ წელიწადს ჩამოგვყავს ანნა საქართველოში, მონაცვლეობით, ყველა ერთად წამოსვლას ვერ ვახერხებთ.
რას ეტყოდით მონატრებულ ახლობლებს, მეგობრებს?
ყველა ძალიან მიყვარს და ყველა უზომოდ მენატრება.
ემიგრანტებისთვის რა არის უმთავრესი, თქვენი აზრით?
ჩემი აზრით, ემიგრანტისთვის ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემო, სულის სიმტკიცე და ლოცვაა უმთავრესი.
დაბოლოს, თქვენი სურვილი…
ჩემი სურვილი მესამე შვილიშვილის, შვიდი თვის ნიტას გულში ჩახუტებაა, რომელიც ჯერ არ მინახავს.
ყველაზე მეტად „დაბნეული“ საქართველოს გამთლიანება მსურს, რომელიც ფრთამოტეხილ არწივს დაამსგავსეს… და „საშველად“ რუსეთი, ამერიკა და ევროპა ერთმანეთს არ უთმობენ…
ანდერძი
ჩემო სამშობლოვ, მინდა გაბრწყინდე,
გამთლიანდე და გაერთიანდე,
სამშვიდობოდ და სასიყვარულოდ
სადარაჯოზე მსურს, რომ დაგიდგე.
ხშირად ვათენებ ღამეს უძილოდ,
ფიქრში, ვაითუ ვეღარ დავბრუნდე,
ამიტომ, ჩემო ტკბილო სამშობლოვ,
დღეს ერთგულებას მინდა დაგპირდე:
გპირდები, რომ არ დამავიწყდება
სად დავიბადე, სად მაქვს ფესვები,
თუ დაგჭირდება, ჩემო სამშობლოვ,
მკვდარიც კი დილის მზედ დაგენთები.
გპირდები, სხვაზე არასდროს გაგცვლი,
რაც უნდა ძნელი ჟამი დამიდგეს
და სიცოცხლესაც არ დავინანებ,
ჩემო სამშობლოვ, შენ რომ დაგჭირდეს.
სხვას რას დაგპირდე, რა შემიძლია,
მოგეფერები ლექსად, არაკად
და საქართველო თუ დამიძახებს,
შეგეწირები მსხვერპლად, ზვარაკად.
გემუდარები, თუ ვერ დავბრუნდე,
ნუ გამიწყრები, ვერ გადავიტან,
უმწეო ქალი გპირდები, ამ ჯვარს
რომ გოლგოთაზე მარტო ავიტან.
ჩემო სამშობლოვ, მინდა გაბრწყინდე,
გამთლიანდე და გაერთიანდე,
სამშვიდობოდ და სასიყვარულოდ,
სადარაჯოზე მსურს რომ დაგიდგე.
ესაუბრა თამარ ოთიაშვილი
კომენტარები