ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

როგორ ცდილობს ტატო ოქრუაშვილი ამერიკის „დაპყრობას“ საქართველოსთვის…

ტატო ოქრუაშვილი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა, თუმცა უკვე საკმაოდ წარმატებულია – ფილადელფიაში ერთ-ერთ ცნობილ საადვოკატო ფირმაში მუშაობს; ჰყავს ოჯახი – მეუღლე და პატარა ვაჟიშვილი ილია და აქვს დიდი მიზნები, რომლებზეც კონკრეტულად ჯერ არ საუბრობს, თუმცა მისი ინტერვიუს გაცნობის შემდეგ ნამდვილად დაგრჩებათ ისეთი განცდა, რომ ტატო ძალიან ბევრს მიაღწევს ცხოვრებაში და ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს საკუთარი სამშობლოსთვისაც თუნდაც ოკეანის გაღმიდან…

ტატო ოქრუაშვილი „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ კონკურსის გამარჯვებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთი წლის განმავლობაში ეცდება, ისეთი პროექტები განახორციელოს, რომ რაც შეიძლება მეტმა ამერიკელმა გაიგოს საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ინფორმაცია. ამერიკა დიდი ქვეყანაა და ძნელია მთლიანად მოიცვა, თუმცა ტატომ ამ კუთხითაც იპოვა კარგი გამოსავალი… საერთოდ, მისი აზრით, ყველა ემიგრანტმა უნდა აქციოს თავისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად საქართველოს პოპულარიზაცია და პირადი ურთიერთობებით გააცნოს საქართველო ამერიკელებს.

ტატოს მცირე კერძო პრაქტიკაც აქვს – ქართველ ემიგრანტებს ეხმარება იურიდიული კუთხით. ახალგაზრდა ელჩთან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკაზეც…

ტატო, პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ მოხვდით ამერიკაში?

ჩემი ისტორია ამერიკას რამდენიმე კუთხით უკავშირდება: პირველი, რომ ჩემი მეუღლე სალომე ებანოიძე იყო „მწვანე ბარათის“ მფლობელი. სალომეს სკოლიდან ვიცნობდი, შემდეგ ერთად ვსწავლობდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგაც ერთად ვმუშაობდით არასამთავრობო ორგანიზაციაში: მე ვიყავი პრეზიდენტი, სალომე – ვიცე-პრეზიდენტი. შემდგომ ერთად ჩავაბარეთ ჩიკაგო კენტის სამართლის სკოლაში, დავოჯახდით და წამოვედით ამერიკაში. ჩიკაგოს სამართლის სკოლის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყეთ და ახლაც ერთად ვმუშაობთ საადვოკატო ფირმაში, ფილადელფიაში.

პირველად ამერიკაში სტუდენტური ვიზით ჩამოვედი, შემდეგ სამუშაო ვიზა მივიღე და მერე უკვე, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მეც გავხდი „მწვანე ბარათის“ მფლობელი.

თქვენმა მეუღლემ როგორ მოიპოვამწვანე ბარათი“?

სალომეს მამა, ლევან ებანოიძე პირველი ქართველია, რომელიც სუმოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა – ფაქტობრივად, მან „გაჭრა გზა“ იაპონიისკენ. ლევანი თავისუფალი სტილით ჭიდაობაშიც იყო რამდენიმეგზის პრიზიორი. იგი კარიერის დასასრულს ამერიკაში ჩამოვიდა და „მწვანე ბარათი“ მიიღო, როგორც სპორტსმენმა, ექსტრაორდინარული გზით.

რა საკითხებზე მუშაობთ საადვოკატო ფირმაში?

კომპანიაში დღეისათვის 2 ძირითადი მიმართულებით ვმუშაობ: პირველი არის დელიქტური სამართალი, ზიანის ანაზღაურება, რომელიც ეხება სადაზღვევო სფეროს; მეორე – საიმიგრაციო მიმართულება, თუმცა, რეალურად, სხვა მიმართულებებითაც მიწევს მუშაობა: საქმე ისაა, რომ საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პრეზიდენტი მარინა კაცი, უკრაინელი წარმოშობის ამერიკელი ებრაელი, საკმაოდ წარმატებული ადამიანია, 2008 წლის არჩევნებში სენატორობის კანდიდატი იყო ფილადელფიის შტატში; მისი თანაშემწე და ასისტენტი ვარ და, შესაბამისად, ყოველდღიურად პირადი ურთიერთობა მიწევს მასთან, რაც ძალიან ფართო გამოცდილებას მძენს. აგრეთვე, მაქვს მცირე კერძო პრაქტიკა – სახლიდან ვმუშაობ და ქართველ ემიგრანტებს ვუწევ იურიდიულ დახმარებას. ყველაფერთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობ ამერიკელ ახალგაზრდებთან, ვცდილობ, გავაგებინო ყველას, რა ქვეყანაა საქართველო, რით არის გამორჩეული, ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ ქართველები და ა. შ.

საინტერესოა, ამჟამად როგორი სიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ცნობადობის კუთხით? საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 90-იან წლებში არავინ იცნობდა საქართველოს, რუსეთის ნაწილი ეგონათ, ახლა რა შეიცვალა?

რა თქმა უნდა, ერთგვარად სოციალური სივრცეც დაგვეხმარა, რომ ეს სიტუაცია შეცვლილიყო; აგრეთვე, ჩვენთვის ავადსახსენებელი მოვლენის, 2008 წლის ომის შედეგად ყველამ გაიგო საქართველოს შესახებ და ვინმეს პირველად რომ ვეუბნები, რომელი ქვეყნიდან ვარ, ასეთი რეაქცია აქვს: „საქართველო? აა, 2008 წელში რუსეთი რომ დაესხა თავს და ომი გქონდათ?“ მეორე ასოციაციაა, რომ ჯორჯიის შტატი ჰგონიათ. ხუმრობაც არის ასეთი: რომ ვეუბნები, „საქართველო“, ვაყოლებ „არა – შტატი“. აქცენტზეც, რა თქმა უნდა, მეტყობა და ამას ყოველთვის სხვადასხვა სახის ხუმრობები მოჰყვება ამერიკელების მხრიდან. მაგრამ მაინც, გამომდინარე ამერიკის ცხოვრების სტილიდან და მათი ინტერესებიდან, ძალიან ძნელია მოსთხოვო, რომ იცოდნენ საქართველოს შესახებ. აქ ახალგაზრდების ინტერესები ძალიან კონკრეტული და ლოკალურია, ძალიან დიდი ქვეყანაა და უამრავი რამ აქვთ გასაკეთებელი იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრონ, სხვა რამეებისთვის დრო აღარ რჩებათ. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ ფარგლებში – ნაბიჯ-ნაბიჯ, წლიდან წლამდე საქართველოს სახელი და იმიჯი ცნობილი ხდება.

საერთოდ, საქართველოდან წამოსული ახალგაზრდები, რომლებიც აქ სწავლობენ ან მუშაობენ, ყოველდღიური ელჩები არიან: აქ დაბადებული ქართველებიც კი, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან, როდესაც ინტერნაციონალური კულტურული საღამოა, საქართველოს წარმოადგენენ, საქართველოს სახელით აწყობენ კულტურულ ღონისძიებებს.

ქართული დიასპორა შტატებში, როგორც ვიცი, მაინც არ არის ერთიანი და მძლავრი და ემიგრანტები საერთო მიზნებისთვის ერთობლივად არ მუშაობენ

თუ ქართული დიასპორა ნელ-ნელა გაიზრდება, გაძლიერდება და საქართველოს წარადგენს ისე, როგორც საჭიროა, საქართველო და მისი კულტურაც უფრო ცნობადი გახდება.

შედარება რომ გავაკეთოთ, ავიღოთ ირლანდიის მაგალითი – ირლანდიელები ამერიკაში დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ, დღეს კი ისე არიან განვითარებულები, რომ არც იდენტობას კარგავენ, აქვთ ეროვნული დღე და ეს პატარა ერი ერთ დღეს მწვანედ ღებავს მთელ ამერიკას. მათ ირლანდიური ეროვნული სული შეინარჩუნეს ისე, რომ ეს ამერიკამაც ძალიან კარგად მიიღო და ისინი ადგილობრივი სოციუმის წევრებიც გახდნენ. ამიტომ მე არ ვეთანხმები აზრს, რომ საგანგაშოა ამდენი ქართველის ემიგრაციაში წასვლა. რა თქმა უნდა, ბევრი დაბრუნდება და თავის ცოდნას და გამოცდილებას მოახმარს საქართველოს, მაგრამ ვინც არ აპირებს დაბრუნებას, ჯობია ვიფიქროთ იმაზე, რა სახის პლატფორმები შევქმნათ, რათა მათი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

დღეისათვის მსოფლიო ძალიან დაპატარავდა ინტერნეტის საშუალებით, კომუნიკაციის დასამყარებლად და ცოდნის გადასაცემად დღეს დისტანციურადაც შეგვიძლია ერთმანეთს სხვადასხვა კონტინეტიდან ვესაუბროთ. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დავრჩეთ ისე ამერიკაში, რომ არც ქართული იდენტობა დავკარგოთ, ჩვენი დიასპორაც გაძლიერდეს, გაფართოვდეს, მაქსიმალურად მოახდინოს ადაპტაცია ისე, რომ საქართველო და საკუთარი იდენტობა არ დაივიწყოს. მაგალითად, რა გვინდა, რომ ამერიკაში გვქონდეს 50 წლის მერე, როგორი უნდა იყოს ჩვენი დიასპორა ამ ქვეყანაში, ვთქვათ, 50 წლის შემდეგ? – ეს კითხვა ჯერჯერობით დიასპორას ჩვენი თავისთვის არ დაგვისვამს…

ყველაფერი კარგია, რაც კეთდება – მაგალითად, თბილისობა ნიუ-იორკში ძალიან კარგი პროექტია, სხვაც ბევრი შესანიშნავი პროექტი კეთდება… არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ფეისბუქზე აქტიურობენ და ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავთ. ასევე აუცილებელი და ხაზგასასმელია ეკლესიის წვლილი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინეტზე დიასპორის განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. ეს ყველაფერი, ცალკე აღებული, შესანიშნავია, მაგრამ რაც შეეხება საერთო სურათს და სიტუაციას, ვერ გეტყვით, რომ დიასპორა ერთიანია და ერთობლივად რაიმე ხელშესახებს აკეთებს. სწორედ ეს გაერთიანება გვინდა ემიგრანტებს, რომ საერთო მომავალზე ვიფიქროთ და უფრო კარგად და ბევრი გავაგებინოთ ამერიკელებს, ვინ ვართ და რანი ვართ. ჩემი აზრით, პირად ურთიერთობებში, პირად დონეზე ქართველები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, ქართველი მეგობრები გააცნონ ამერიკელებს, მაქსიმალურად უნდა ვიქონიოთ მჭიდრო კავშირები, რათა მითი საქართველოს შესახებ, რომ რუსეთის ნაწილია, სამუდამოდ დაიმსხვრეს – სამწუხაროდ, კიდევ არსებობს ეს სტერეოტიპი.

ძალიან კარგი ტენდენციაც უნდა აღვნიშნო: ვისაც ვიცნობ, ბევრს აქვს ასეთი განცდა: „მე აქ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და ამიტომ ისე უნდა მოვიქცე, რომ ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი სამშობლო“. ჩემი აზრით ქართული ემიგრაცია გადის იმ საჭირო პერიოდს, რომელიც ალბათ ამერიკაში ყველა ქვეყნიდან ჩამოსულებმა გაიარეს – ჩვენზე დიდმა თაობამ, საბჭოთა კავშირში დაბადებულმა ადამიანებმა ძალიან დიდი გასაჭირი გამოიარეს, როდესაც ამერიკაში ჩამოვიდნენ. მათ არ იცოდნენ ენა და არ ჰქონდათ ადგილობრივი კონტაქტები; გადაადგილებაც კი უჭირდათ, რადგან არ არსებობდა ისეთი ტექნოლოგიები, რომლებითაც დღევანდელი თაობა ვსარგებლობთ.

ჩვენი მშობლების თაობამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა ამერიკაში. მათ ძალიან ბევრი საზრუნავი ჰქონდათ საქართველოშიც და აქაც, შესაბამისად, არამატერიალურ ღირებულებებზე, სამწუხაროდ, ვერ ფიქრობდნენ. ახლა კი, ჩვენ – ახალმა თაობამ აგურს აგური უნდა დავადოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ გვქონდეს ქართული მუზეუმი, სპორტდარბაზები, ქართული ხელოვნების ნიმუშები წარმოვადგინოთ ყველა შტატში და ასე შემდგომ.

მაგალითის სახით მოვიყვან კარატეს კლუბს ფილადელფიაში – Philly Karate Club, რომელიც ემიგრანტმა ქართველმა სპორტსმენებმა, გიორგი ელიზბარაშვილმა და მამუკა გელაძემ დააარსეს. ისინი უამრავ ბავშვს ავარჯიშებენ, რომელთაგან უფრო მეტი უცხოელია, ვიდრე ქართველი, თუმცა ყველა გამოდის კიმონოთი, რომელსაც საქართველოს დროშა ახატია ამერიკის დროშასთან ერთად. კლუბის აღსაზრდელებს ძალიან დიდი წარმატებები აქვთ, ხშირად იმარჯვებენ და ერთ ხელში თავიანთი ქვეყნის, ამერიკის დროშა უჭირავთ, მეორე ხელში – საქართველოს დროშა, ამაზე მეტი „ელჩობა“ და „დიპლომატია“ რა შეიძლება იყოს?!

ტატო, თქვენი შვილი რამხელაა?

ილია 17 ნოემბერს გახდა ორი წლის.

ამერიკაში დაიბადა?

კი, ამერიკაში დაიბადა.

ლაპარაკობს?

ჯერჯერობით გამართულად ვერ საუბრობს, სამ ენაზე ურევს სიტყვებს, უფრო ემოციური ჟესტიკულაციით გამოირჩევა და კარგადაც გვაგებინებს, რაც უნდა.

ფილადელფიაში როგორ აღმოჩნდით?

ჩიკაგოდან ფილადელფიაში იმიტომ გადმოვედით, რომ ბავშვი შეგვეძინა და მშობლების დახმარება გვჭირდებოდა – ჩემი მეუღლის ოჯახი ფილადელფიაში ცხოვრობს. ჩვენი შვილი მაშინ დაიბადა, როდესაც სალომე უნივერსიტეტის დამამთავრებელ გამოცდებს აბარებდა. ვხუმრობთ ხოლმე, რომ მაგისტრატურა უკვე დამთავრებული აქვს ილიკოს, დიპლომიანი კაცია. ჩემი მშობლებიც ჩამოვიდნენ შემდგომ და გვეხმარებოდნენ, რომ პატარა წამოგვეზარდა. ასე შემოვრჩით ამ ქალაქს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება, გვაქვს გეგმები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჯერ კონკრეტულად არაფერი ვიცი – ამერიკაში ძალიან ძნელია კონკრეტულ ადგილს დაუკავშირო კონკრეტული გეგმა, მით უმეტეს, ისეთ სფეროში, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ.

რაც შეეხება თქვენი, როგორც ახალგაზრდა ელჩის პროგრამას, რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ და სად? – ალბათ არა მარტო ფილადელფიაში

ამერიკა ძალიან დიდი ქვეყანაა და, როგორც არ უნდა ეცადო, ახალგაზრდა ელჩის საქმიანობის გეოგრაფიული არეალი მთელ ამერიკას ვერ მოიცავს, მაგრამ გამოსავალი მოვიფიქრე და მაქვს კონკრეტული გეგმები: მინდა მინიმუმ ხუთ-ექვს შტატში ჩავატარო ღონისძიებები, ხოლო სოციალურ სივრცეში გავაკეთო ისეთი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, თემატური ესეების კონკურსი. აღნიშნულ თემაზე ახლა ვმუშაობ ფილადელფიაში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, უფრო დიდი გეოგრაფიული არეალი მოვიცვათ ვირტუალურ სივრცეში. ღონისძიებების ჩატარებას ვფიქრობ ბოსტონში, ასევე, ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ნიუ-ჯერსიში; რა თქმა უნდა, ერთი ღონისძიება აუცილებლად უნდა მოეწყოს ვაშინგტონში და ვფიქრობ კიდევ ორ შტატზე, სადაც ჩავალ და შევხვდები ქართველ და ამერიკელ ახალგაზრდებს.

ტატო პენსილვანიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

ხოლო რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს: დეკემბერში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად დავიწყე შემეცნებითი კულინარიული გაკვეთილები ქართულ რესტორან Georgian Bakery and Café-სთან თანამშრომლობით, რომელსაც ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ემიგრანტს, რესტორნის მეპატრონეს, ბატონ თენგიზ ოქროპილაშვილს გაწეული დახმარებისთვის, იგი ყველა ქართულ პროექტს უჭერს მხარს, მათ შორის, კულინარიის გაკვეთილებსაც.

პირველი გაკვეთილი იყო აჭარულ ხაჭაპურზე, ხოლო მეორე – ხინკალზე. გარდა კულინარიული სამუშაოსი, პროექტის ფარგლებში ფილადელფიაში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეებისთვის შემეცნებით პრეზენტაციას ატარებენ, აგრეთვე, ცოცხლად ასრულებენ ქართულ და ინგლისურ სიმღერებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ქართველი ახალგაზრდებისთვის, რადგან ორგანიზების პროცესში ავითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ მომავალში. გარდა ამისა, თავიანთ სამშობლოს უწევენ პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით 40 მონაწილეს ვუმასპინძლეთ ჩვენი პროექტის ფარგლებში. წლის ბოლომდე ვგეგმავთ ჯამში 12 გაკვეთილის ჩატარებას, შესაბამისად, ციფრებით რომ ვისაუბროთ, ეს იქნება დაახლოებით 250 უცხოელი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ჩვენს ქვეყანაზე.

კულინარია ასევე დავუკავშირეთ ქართული დროშის დღეს. ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა კულინარიული გაკვეთილების ფარგლებში გამოაცხვეს ნამცხვრები, რომლებიც ქართული დროშის ფერებით მოხატეს.

ზემოხსენებულ რესტორანთან ერთად ვუმასპინძლეთ, აგრეთვე, საახალწლო „ჩურჩხელა ფართის“, რომელსაც 55 ქართველი და უცხოელი ბავშვი და დაახლოებით ამდენივე მშობელი დაესწრო. წვეულებაზე პატარებს საშუალება ჰქონდათ, ამოევლოთ ჩურჩხელა, ისინი გასართობ თამაშებში ჩაერთნენ და ბოლოს საახალწლო მცირეოდენი საჩუქრებიც გადავეცი.

ჩემი მანდატის პერიოდში ასევე ვგეგმავ რამდენიმე ამბიციურ პროექტს, რომლთა შესახებაც საზოგადოება მალე გაიგებს ახალგაზრდა ელჩის Facebook გვერდის საშუალებით. აქვე მინდა ყველას მოგიწოდოთ, შეხვიდეთ აღნიშნულ ბმულზე, მოიწონოთ გვერდი და თქვენი მეგობრებიც მოიწვიოთ. https://www.facebook.com/YoungAmbassadorofGeorgiatotheUSA/

ჩვენს ელჩთან გაქვთ ურთიერთობა?

კი, ბატონ დავით ბაქრაძესთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს. იგი არაჩვეულებრივი ადამიანია, ღია. ძალიან მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად საელჩო მზად არის ამ პროექტის დასახმარებლად. საერთოდ, საელჩო მოტივირებულია, რომ პირადი შეხვედრების, პირადი ურთიერთობების დონეზე დაამყაროს ქართველებთან ურთიერთობა და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით საელჩო დღეს ღია კარის პოლიტიკას ატარებს. ზოგადად, ამერიკაში არსებული საქართველოს წარმომადგენლობითი ინსტიტუციები, მათ შორის, გენერალური საკონსულო მოტივირებულია, რომ ამ პროექტს დაეხმაროს, რადგან მას რეალური შედეგი ნამდვილად მოჰყვება ახალგაზრდულ სფეროში და ახალგაზრდობის დონეზე. მეც ვგეგმავ, რომ აუცილებლად ყველასთან ვითანამშრომლო.

შეხვედრა დავით ბაქრაძესთან

აქვე აუცილებლად მსურს ხაზი გავუსვა მთლიანად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პერსონალურად დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ბატონი რატი ბრეგაძის პირად ღვაწლს ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შექმნასა და შემდგომ მის წარმატებაში. რომ არა მათი მხარდაჭერა, დღეს არ გვეყოლებოდა ახალგაზრდა ელჩები მსოფლიოს 15 ქვეყანაში. მჯერა, რომ ახალგაზრდა ელჩების პროგრამა შექმნის ძლიერ საქართველოს მეგობართა წრეს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი კონკურსანტი მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ახალგაზრდა ელჩის შესარჩევ კონკურსში 2018 წელს?

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომელმაც ძალიან გამახარა და დიდი სტიმული მომცა: როგორც კი გამოცხადდა შედეგები და გაირკვა, რომ ამერიკაში მე ვიქნებოდი ახალგაზრდა ელჩი, კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბოსტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტმა ნინა ნადირაშვილმა მაშინვე მომწერა, მიმილოცა და ყველაფერში მხარდაჭერა აღმითქვა. ძალიან დიდი ადამიანობის მაჩვენებელია ეს – ნინას ამ ჟესტმა ძალიან გამახარა ადამიანურად.

მინდა აუცილებლად ვახსენო ანა ლეჟავა, რომელიც წინა წელს იყო ახალგაზრდა ელჩი ამერიკაში, სოსო ჟორჟოლიანი კი პირველი ელჩი იყო, მათ ჩაყარეს საძირკველი, პირველი აგურები დადეს და მათ აშენებულზე, ასე ვთქვათ, მეც უნდა დავდო აგური. ანა არის ძალიან ბევრი კარგი პროექტის ინიციატორი ამერიკაში, იგი წარმატებული ცეკვის სტუდიის წევრია, რომელიც ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს. ანა ცდილობს, პოლიტიკა და ცეკვა ერთმანეთს დაუკავშიროს – ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი იდეაა. მან თავისი ელჩობის პერიოდში კულტურულ სფეროში შესანიშნავი პროექტები განახორციელა, მათ შორის, ბალანჩინთან დაკავშირებით, რომ მისი სახელი ნიუ-იორკში წინ წამოეწია.

ტატო, რადგან საადვოკატო ფირმაში იმიგრაციის მიმართულებითაც მუშაობთ, მოდით, ამ თემზეც ვისაუბროთ, რადგან ჩვენებურებს ამერიკაში ეს თემატიკა აინტერესებთ: როგორც ცნობილია, ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს თავისი წინამორბედისგან განსხვავებული ხედვა აქვს საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ტრამპმა თავიდანვე განაცხადა, რომმწვანე ბარათისლატარიის გაუქმებას აპირებს. და ის ცვლილებები, რომლებიც უკვე განხორციელდა საიმიგრაციო კანონმდებლობის მხრივ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ემიგრანტებისთვის?

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ემიგრანტისთვის და, მათ შორის, ქართველებისთვისაც. ბევრი რამ შეიცვალა, ამ კუთხით დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან იმიგრაციის სფეროსთან მიწევს ყოველდღიური შეხება. მაგ., შეიცვალა ქეისის წარმოების პრინციპი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით – ძალიან ბევრი საფუძვლის გარეშე ითხოვდა საიმიგრაციო სამსახურში პოლიტიკურ თავშესაფარს, ამან კი რეალურად გამოიწვია ის, რომ უამრავი ქეისი დაგროვდა და მათი განხილვის დრო ძალიან გაიწელა.

ახლა ასეთი გამოსავალი მოძებნეს: ქრონოლოგია შეცვალეს, ჯერ ახალშეტანილ ქეისებს იხილავენ ანუ ბოლოდან თავისკენ მიდიან. შეიტან ქეისს და მაშინვე დაგიბარებენ. რეალურად, ცდილობენ გაცხრილონ ახალი შეტანილი ქეისები და ნელ-ნელა ძველი საქმეებიც დაასრულონ.

ანუ შანსი, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ, შემცირდა?

საქმე ისაა, რომ მოთხოვნის და საბუთების შეტანის შემდეგ გასაუბრებამდე იმიგრანტებს ლეგალურად ყოფნის უფლება ჰქონდათ და ეს დრო, სულ ცოტა, 2-2,5 წელს მაინც გრძელდებოდა. დღეს ასეთი პრივილეგიები აღარ არის: მოთხოვნის შეტანიდან ძალიან მალე გიბარებს საიმიგრაციო სამსახური და გაცნობებს გადაწყვეტილებას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ღონისძიებით საიმიგრაციო სამსახური კი განიტვირთა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დაიტვირთა სასამართლო, სადაც საიმიგრაციო ოფისი თავშესაფრის მაძიებელი პირის საბუთებს გზავნის. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, სხვადასხვა შემთხვევაში, შესაძლებელია 4-4,5 წელიც კი გავიდეს. მოსამართლის გადაწყვეტილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რეკომენდაციებს დაურთავს საიმიგრაციო ოფიცერი სასამართლოში გაგზავნილ საბუთებს. რეალურად რომ გითხრათ, საბოლოოდ შეიცვალა ის, რომ ქეისები უფრო მალე გადადის სასამართლოში და იწყება იმიგრანტების დეპორტაციის პროცესები.

მწვანე ბარათისლატარეას რაც შეეხება, რა ცვლილებაზეა საუბარი?

ამერიკაში ასეთ საკითხებზე ორ დღეში გადაწყვეტილებას არ იღებენ, მაგრამ ის კი შეიძლება ითქვას, რომ სულ გაუქმებას არავინ აპირებს. ზოგადად, აქ ასეთი პოლიტიკაა: უპირატესია ამერიკის ინტერესები და სარგებელი – ყველაფერი საუკეთესო უნდა მოხდეს ამერიკისთვის, შესაბამისად, ტრამპს და მის ადმინისტრაციას პრიორიტეტად აქვთ დაყენებული ის, რომ „გრინ კარტა“ მხოლოდ იმ ადამიანებმა მოიგონ და ის ადამიანები ჩამოვიდნენ ამერიკაში, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ამ ქვეყნის განვითარებაში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ცვლილებები „მწვანე ბარათის“ გათამაშების კუთხით განხორციელდა, სიტყვა „მოგება“ ამოვარდება ადამიანების და კანონის ლექსიკიდან, რადგან ახალი მოდელი ალბათ უფრო შერჩევითი იქნება. ანუ მიექცევა ყურადღება აპლიკანტის კვალიფიკაციას და პირად მიღწევებს.  თუმცა ლეგიტიმური კითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ ზემოაღნიშნული ახალი სისტემის ფუქნციონირებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მართებულია. მაგრამ ცხადია, ამ საქმის პროფესიონალებმა, ამერიკელმა კანონმდებლებმა უფრო კარგად იციან, რა არის ამერიკისთვის უკეთესი.

2018 წლის შემოდგომაზე ვინც მონაწილეობდამწვანე ბარათისგათამაშებაში, მათთან დაკავშირებით რამე შეიცვლება?

ამბობდნენ, ახლა უნდა შევცვალოთო, მერე გადაწიეს; ჯერჯერობით ყველაფერი ისევეა, როგორც ადრე იყო. როდესაც ახალ პრინციპს დაამტკიცებენ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დოკუმენტების დამუშავება სულ სხვანაირად მოხდება. არის ამის მაგალითები – ავსტრალიასაც აქვს ასეთი პრინციპის გათამაშება, მაგრამ მათთან აპლიკაციები ქულათა სისტემით ფასდება. ზოგადად, ნებისმიერი გათამაშების ძირითადი აზრი ისაა, რომ ერი „გააკეთილშობილოს“, ახალი სისხლი გადაუსხას. რეალურად კი სტატისტიკამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ამერიკაში ჩამოდიოდა „მწვანე ბარათის“ მოგების შედეგად, სამთავრობო ბენეფიტებზე „ჯდებოდა“ და არანაირ მოგებას ამ ქვეყანას არ აძლევდა – ასე რომ ვთქვათ პირობითად, კომერციული და მატერიალური და თუ არამატერიალური თვალსაზრისით ამ პროგრამას, გასული წლების რეალობის გათვალისწინებით, არ მოჰქონდა სარგებელი ამერიკისთვის.

ხოლო რაც შეეხება ქართველებს, ქართველები მუშაობენ, ყველა რაღაც კუთხით იღვწის, რაღაცას აკეთებს – არც კი შევადარებდი, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ მიგრანტებს, იმიტომ რომ პირადად მიწევს ადამიანების დოკუმენტებზე მუშაობა ყოველდღიურად და მაქვს შეხება სტატისტიკასთან, თუ ვინ იყენებს სახელმწიფო ბენეფიტებს. ჩემი აზრით, ქართველებს ამ მიმართულებით ძალიან კარგად გვაქვს საქმე, უმეტესობა ცდილობს წარმატებას მიაღწიოს, თავი დაიმკვიდროს და ბევრს გამოსდის კიდეც.

ასევე, თუ მიაქციეთ ყურადღება, ახალი მესიჯიები იგზავნება საიმიგრაციო ბენეფიტების გაცემის წრის შეზღუდვასთან დაკავშირებით: წინ წამოიწია საკითხმა, თუ რამდენად ფართო უნდა იყოს ოჯახის გაერთიანების შესაძლებლობა ამერიკის მოქალაქეებისათვის. დღეს ამერიკის მოქალაქეს შეუძლია პეტიცია გაუგზავნოს მეუღლეს, შვილს, მშობლებს და ძმას, მაგრამ სავარაუდო ცვლილებების მიხედვით, ეს წრე ალბათ შეიზღუდება, რათა ამერიკაში შრომისუუნარო ადამიანები არ ჩამოვიდნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული ჯერჯერობით იდეის დონეზეა და არავინ წერს და არ ამბობს, თუ როდის შევა ცვლილებები კანონმდებლობაში (თუმცაღა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამერიკის დღევანდელ აღმასრულებელ და საკანონმდებლო მთავრობაში რესპუბლიკური პარტია მოწინავეა და გადაწყვეტილების მიღებაც უფრო სწრაფად შეუძლია). შესაბამისად, ვერ გეტყვით, თუ როდის და რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს საიმიგრაციო პოლიტიკა ამერიკაში. ალბათ ეს საკითხი უფრო ფართოა, ვიდრე წარმოგვიდგენია და ბევრ სხვა ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული.

დიდი მადლობა, ტატო, ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის, წარმატებას გისურვებთ.

 ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close