ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ახალგაზრდა ქართველი კარდიოქირურგი ქალი, რომელმაც კარიერა გერმანიაში დაიწყო

„საქართველო… ჩემი ახლობლები, მეგობრები… ყველა ძალიან მენატრება, მაგრამ ისე ვარ ჩართული სამსახურში, ხშირად ვეღარც ვაანალიზებ ამ მონატრებას ბოლომდე. თან, იცით, როცა ადამიანებს ვეხმარები, ისინი იმდენ სითბოს ასხივებენ სანაცვლოდ, საერთოდ აღარ ვფიქრობ, რა რთულია აქ ყოფნა. უბრალოდ, მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე…“ – ამბობს NOSTAL.GE-სთან საუბრისას ახალგაზრდა ექიმი, 29 წლის თამარ ტვილდიანი, რომელიც უკვე ოთხ წელზე მეტია ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს.

თამარი კარდიოქირურგია. მეოთხე კურსამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ სწავლა ესპანეთში გააგრძელა, სამედიცინო უნივერსიტეტი იქ დაამთავრა და ევროპული დიპლომით გერმანიაში ექიმად დაიწყო მუშაობა. იგი თავად გვიამბობს გერმანიაში საკუთარი კარიერის და ცხოვრების დეტალებზე:

თამარ ტვილდიანი: გერმანიაში თავიდან მუშაობა დავიწყე ქალაქ ვიურცბურგში, საუნივერსიტეტო კლინიკის (Universitätsklinik Würzburg) კარდიოქირურგიის განყოფილებაში, სადაც ცხრა თვე ვიმუშავე. მერე გადმოვედი ქალაქ კასელში და Klinikum Kassel-ში კვლავ კარდიოქირურგიის განყოფილებაში ვმუშაობ ასისტენტ-ექიმად, ოღონდ ეს ისეთი ასისტენტ-ექიმი კი არ არის, როგორც საქართველოში უმცროსი ექიმი – ჩვეულებრივი ექიმის სტატუსი გაქვს, მაგრამ სპეციალიზაციამდე ასისტენტ-ექიმი გქვია, ასეა გერმანიაში.

კარდიოქირურგი ქალი საქართველოში ისეთი თემაა, ალბათ პროფესიული წინსვლის შანსიც არ მექნებოდა. საერთოდ, საქართველოში ალბათ კარდიოქირურგი ვერც გავხდებოდი, არადა, თავიდანვე ამ განხრით მინდოდა განათლების მიღება, ამიტომ წავედი ესპანეთში, მაგრამ მერე უკვე მე და ჩემმა მეუღლემ (ირაკლი ლურსმანაშვილი), რომელსაც ასევე თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და არჩევანი გერმანიაზე შევაჩერეთ; თან ჩემი მეუღლე ესპანურ ენას არ ფლობს და ამიტომ გერმანია ვარჩიეთ.

იცოდით ესპანური ენა, უცხოეთში რომ წახვედით სასწავლებლად? ამ მხრივ პრობლემა არ გქონდათ?

ძალიან ცოტა, მხოლოდ სალაპარაკო დონეზე, მაგრამ  როგორც კი უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, ესპანური ენა  მარტივად ავითვისე. გერმანულის სწავლა უფრო გამიჭირდა,  ესპანური შედარებით მარტივია… უნივერსიტეტში თავიდან განსაკუთრებით  მიჭირდა, რადგან სწავლა ანატომიით დავიწყეთ, სადაც სპეციფიკური ტერმინები იყო და არ მესმოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გავერკვიე და მერე საგნების სწავლა და გამოცდების ჩაბარება აღარ იყო პრობლემა. უნივერსიტეტში მასწავლებლებმაც იცოდნენ, რომ უცხოელი ვიყავი და ხელს მიწყობდნენ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან ნიშნის დაწერა არ შეეძლოთ, მაგრამ როდესაც კითხვაზე პასუხს ვცემდი,  წინადადებაში გრამატიკულ შეცდომებს ყურადღებას აღარ აქცევდნენ, მთავარი იყო სწორად მეპასუხა.

პროფესიული თვალსაზრისით უცხოეთში თავის დამკვიდრება ალბათ გაცილებით რთულია

რთული იყო თავიდან… იცით, გარდა იმისა, რომ ოჯახს, საყვარელ ადამიანებს მოშორებული ხარ, როცა ჩემი შვილი – გიორგი დაიბადა, მე უკვე ათ დღეში მომიწია  გერმანიაში სამუშაოდ წამოსვლა…

 რას ამბობთ?!..

კი, ძალიან პატარა დავტოვე გიორგი. მართალია, კიდევ ორი თვე მომცეს, რომ ცოტა ხანს ბავშვთან ვყოფილიყავი, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ წამოვედი და დავიწყე მუშაობა. ოფიციალურად 2014 წლის პირველი დეკემბრიდან ვმუშაობ გერმანიაში. სულიერად ურთულესი იყო ის პერიოდი ჩემთვის. სამსახურშიც (საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მუშაობა დავიწყე) რთული იყო გზის გაკვალვა. თავიდან თითქოს ყველამ მეგობრულად დამიწყო ყურება, მაგრამ შურითაც: „ჩამოხვედი, უცხოელი ხარ, ადგილი მიითვისე და ა. შ.“ – ყველა მაინც რაღაცნაირად სხვა თვალით გაკვირდება და ცოტა რთულია. თან ენაც არ ვიცოდი კარგად, მიჭირდა რაღაცების ახსნა, მაგრამ თანდათან, როცა უკვე სპეციფიკას შეეჩვევი, მიხვდები, რა კუთხით უნდა იმუშაო და ენასაც უკეთ ისწავლი, თავს დაიმკვიდრებ, ასე რომ ვთქვათ. გაგიცნობენ, მიხვდებიან, რომ კარგად მუშაობ, კმაყოფილები არიან შენით და მერე უკვე შენც გიადვილდება ბევრი რამ.

ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს პროფესიულ ასპარეზზე, კარიერულ წინსვლაში არ გიშლით ხელს ის ფაქტი, რომ უცხოელი ხართ?

არანაირად, იქიდან გამომდინარე, რომ კარდიოქირურგიაში უმეტესად უცხოელები მუშაობენ. ჩემს განყოფილებაშიც ასეა. ამ სფეროში ძალიან ბევრი სამუშაო საათი და დატვირთვაა. თვითონ გერმანელებს ურჩევნიათ  ისეთი სფერო აირჩიონ, თუნდაც ოჯახის ექიმობა, ან რამე სხვა სპეციალობა, სადაც უფრო ნაკლები დატვირთვა ექნებათ.  უკვე ოთხი წელია ვმუშაობ და ამ ეტაპზე აღარ მიჭირს, ანუ ჩემთვის სიახლე აღარ არის, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ნაცნობია…

თქვენს განყოფილებაში ქართველი არის კიდევ ვინმე?

კარდიოქირურგიაში – არა, მხოლოდ მე ვარ ქართველი. თავიდან, საერთოდ, ჩემ გარდა არც კლინიკაში ყოფილა ვინმე ქართველი, მაგრამ ახლა უკვე რამდენიმე შემოგვემატა: ერთი გოგონა ონკოლოგიაში მუშაობს,  ერთი ბიჭი კი ზოგადი ქირურგია, ანუ ამ ეტაპზე სამი ქართველი ვართ კლინიკაში…

საინტერესოა, რას ფიქრობს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ყველა ხალხის პრობლემა რა არის?

მთელ მსოფლიოში, სიკვდილიანობის მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია პირველ ადგილზე, შემდეგ – სიმსივნეები. კარდიოქირურგია ამ მხრივ აქტუალურია… ჩემი აზრით, პრობლემა არის ცხოვრების წესი, კვება… პრევენციისთვის ადამიანმა უნდა იცხოვროს ჯანსაღად, იკვებოს კარგად, გარემო არ უნდა იყოს დაბინძურებული…

ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ რთულად გადასალახი პრობლემებია, სამწუხაროდ.

სამწუხაროდ, ასეა მთელ მსოფლიოში…

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანიას სამუშაო ძალის სერიოზული ნაკლებობა ემუქრება და მთავრობა ზრუნვას იწყებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გერმანიაში სამუშაოს დაწყების შესაძლებლობა აქვთ კვალიფიციურ მიგრანტებს, თუკი მათ სფეროში კადრების დეფიციტი არსებობს მაგალითად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსრა ინფორმაცია გაქვთ ამ მხრივ?

კი, ეგ პრობლემა ნამდვილად დგას დღეს, ამას ჩვენც ვხედავთ კლინიკის ყოველდღიურობაში, რადგან პერსონალის სიმცირის გამო ხშირად ორი-სამი კაცის მაგივრად ერთს უწევს მუშაობა. განა იმიტომ, რომ პერსონალი არ აჰყავთ სამსახურში, უბრალოდ, ფიზიკურად არ არის კადრები. ახლა გაამარტივეს კანონები, რათა მეტი ექიმი ჩამოვიდეს სამუშაოდ უცხოეთიდან, მაგრამ აქ უკვე გარკვეული ეტაპებია გასავლელი, ანუ მარტივი არ არის ამ სისტემაში მოხვედრა; თუნდაც საქართველოდან ჩამოსულისთვის, დიპლომის აღიარება ძალიან რთულია, მერე რამდენიმე წელი უნდა ისწავლო კიდევ, რომ ყველაფერი ჩაგითვალონ, ენის გამოცდა უნდა ჩააბარო და ა. შ.

არ ვიცი, როგორ მოაწესრიგებენ ამ ყველაფერს, კიდევ უფრო გამარტივდება მიღების კრიტერიუმები, თუ სხვა მხრივ იზრუნებენ, ამ ეტაპზე არ ვარ ჩახედული ამ საკითხში.

ქართველი პაციენტები გყავთ კლინიკაში?

რამდენიმე პაციენტი გვყავდა და თარჯიმნობამაც მომიწია.

ემიგრანტ ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა?

რამდენიმეს ვიცნობ, რომლებიც კასელში ცხოვრობენ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სამსახურის გამო დრო ნაკლებად მრჩება და ინტენსიურად ვერ ვხვდებით ერთმანეთს.

თავად ადგილობრივ მოსახლეობას როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველების, ქართული კულტურის მიმართ?

პოზიტიურიც და ნეგატიურიც… მაგალითად, პოლიტიკური ისტორიიდან ბევრმა იცის ედუარდ შევარდნაძის შესახებ, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მას ბერლინის კედლის დანგრევაში… სააკაშვილს იცნობენ, როგორც პოლიტიკოსს… იციან, რომ ქართველებს კარგი ღვინო გვაქვს, ევროპაში ძალიან სახელგანთქმულნი ვართ ამ კუთხით. იციან ისიც, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მეუბნებიან, რომ არ უნახავთ და აინტერესებთ, უნდათ მისი მონახულება. იციან, რომ კულტურის მხრივაც ძალიან საინტერესო ერი ვართ, მაგრამ არის ხალხის ნაწილი, ვისაც ჰგონია, რომ რუსულად ვწერთ და ვლაპარაკობთ, ანუ რუსეთის ნაწილი ვართ ისევ.

რაც შეეხება ნეგატიურ დამოკიდებულებას, ზოგი სკეპტიკურად უყურებს ქართველებს, ერთგვარად შიში აქვთ, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, როგორი სახელიც აქვს ზოგიერთ ქართველს უცხოეთში, სამწუხაროდ. თუმცა ეს იშვიათი შემთხვევაა. პირადად მე არავინ შემხვედრია, აგრესია გამოეხატა ჩემ მიმართ იმის გამო, რომ ქართველი ვარ.

ზოგადად, ძალიან ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს ამ ქალაქში – კასელში. შეიძლება ითქვას, რომ, ძირითადად, უფრო უცხოელები არიან, ვიდრე გერმანელები. იგივე ხდება სხვა სახელმწიფო სამსახურებში, სადაც კონტაქტი მაქვს, თითქმის ნახევარზე მეტი უცხოელები მუშაობენ და გერმანელები უკვე მიჩვეულები არიან, რომ მათ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, თუმცა საზოგადოება მაინც ორ ნაწილადაა გაყოფილი: ზოგი მიესალმება ამ ფაქტს და ამბობს, რომ ეს კარგია, ჩვენ ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ მათ ქვეყანას განვითარებაში, ზოგი კი არ მალავს უარყოფით დამოკიდებულებას: ეს რამდენი უცხოელი ჩამოვიდა, თქვენ თქვენს ქვეყანაში უნდა იყოთო…

თუნდაც აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, ურთიერთობებისთვის რა არის მთავარი?

ვფიქრობ, გახსნილობა… ღია უნდა იყო, სოციალური კონტაქტები უნდა დაამყარო, დრო თუ გექნება ამისთვის, და შენი თავი, შენი ქვეყნის კულტურა უნდა გააცნო, პოზიტიურად უნდა განაწყო შენდამი, უნდა დააჯერო, რომ კარგი ადამიანი ხარ და შენი აქ ცხოვრებითა და საქმიანობით მათ ქვეყანასაც მოუტან სარგებელს და საკუთარ თავსაც – ანუ, როგორც ჩემი „შეფი“ ამბობს ხოლმე, „ასეთი ურთიერთობა ორივე მხარისთვის სასარგებლოა“.

მეც ყოველთვის ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო საქართველო, ქართველი ერი…

როგორც მითხარით, გერმანიაში მეუღლესთან ერთად იმყოფებით, რომელიც პროფესიით ასევე ექიმია. ირაკლი სად მუშაობს?

დიახ, ჩემმა მეუღლემ, ირაკლი ლურსმანაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ აქ არ აღიარეს მისი დიპლომი და გოტინგენის უნივერსიტეტში მოუწია სწავლის გაგრძელება. ახლა ბოლო ეტაპს გადის წითელი ჯვრის საავადმყოფოში, ანუ პრაქტიკის წელია, გაზაფხულზე გამოცდას ჩააბარებს და მერე შეუძლია ექიმად დაიწყოს მუშაობა.

ბავშვი უკვე თქვენთან გყავთ, ხომ?

დიახ, ჩვენთან გვყავს გიორგიც, რომელიც ორი წლის და რამდენიმე თვის იყო, როცა წამოვიყვანეთ. ახლა უკვე ოთხი წლისაა, ბაღში დადის.

ქართული იცის?

კი, ქართულად კარგად ლაპარაკობს, იმიტომ რომ ბებიასთან და პაპასთან აქვს თითქმის ყოველდღე კონტაქტი, ზაფხულობითაც ორი-სამი თვით ჩამოგვყავს ხოლმე საქართველოში.

თქვენ რამდენად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?

ძალიან ცუდი გრაფიკი მაქვს, შვებულების (30 დღე წელიწადში) ერთიანად აღება არ შემიძლია, ამიტომ ორი, მაქსიმუმ სამი კვირით შემიძლია საქართველოში ჩამოსვლა, სამწუხაროდ.

თქვენი სამომავლო გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?

ჩემი სამომავლო გეგმა, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ გავხდე ქირურგი ანუ დამოუკიდებლად შემეძლოს ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის რაღაც ნაწილს ახლაც ვაკეთებ, მაგრამ მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე, რასაც დრო სჭირდება. და როცა უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტი ვიქნები, რა თქმა უნდა, მინდა, რომ საქართველოში დავბრუნდე, მაგრამ ეს ალბათ მინიმუმ ათი წელი არ მოხერხდება.

მედიცინის გარდა რა შედის თქვენი ინტერესების სფეროში, რა გიტაცებთ?

ხატვა მიყვარდა ბავშვობიდან, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ ვხატავ. ცურვაც ძალიან მიყვარს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს და აღარაფერს მივდევ. თუ რაღაც დრო გამომიჩნდა, სამედიცინო წიგნებს ვკითხულობ.

მეგობრებისთვისაც გრჩებათ დრო?

მეგობრებს, ძირითადად, სკაიპით და ფეისბუქის საშუალებით ვეკონტაქტები საქართველოში. აქ, რა თქმა უნდა, თანამშრომლებსაც კარგი კონტაქტები გვაქვს, ხანდახან გავდივართ სასაუბროდ ან ყავის დასალევად, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ყველაფერს მირჩევნია, სახლში მოვიდე და ჩემს შვილთან გავატარო, რადგან მასთან ურთიერთობაც ძალიან მაკლია. სამსახურიდან რომ მოვდივარ, ძირითადად, სულ სძინავს… სამსახურს დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში, დაახლოებით 80 პროცენტი, 20 პროცენტი – სახლს და  თითქმის დროც აღარ მრჩება, რომ სხვა თემებზე ვიფიქრო.

უბრალოდ, მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე… არ ვიცი, მერე როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე პირველ ადგილზე მაინც სამსახური დგას და ის, რომ განვვითარდე, იმ მიზანს მივაღწიო, რისთვისაც ვიბრძვი და რაც დაგეგმილი მაქვს…

დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება და ქართველ კარდიოქირურგ ქალზე მსოფლიო ალაპარაკდება, მანამდე კი, საინტერესოა, რას ეტყოდით ემიგრანტ თანამემამულეებს?

დიდი მადლობა ასეთი სურვილისთვის… ყველას, ვისაც ახლა რთული პერიოდი აქვს, ან საწყის ეტაპზეა და ბევრი ბრძოლა უწევს თავის გასატანად, ვუსურვებდი, რომ გამძლეობა ჰქონოდეთ და ბოლომდე მიეყვანოთ თავიანთი ჩანაფიქრი. ვინც უკვე დიდი ხანია აქ არის, სიტუაციას მოერგო, ადაპტირებულია და თავის საქმეს აკეთებს, სტაბილურობას ვუსურვებ. თუ სურვილი ექნებათ, რა თქმა უნდა, უნდა დაბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანაში და საქართველოს განვითარებაზეც იზრუნონ. პირადად მე იმედი მაქვს, მივაღწევ მიზანს, ვიქნები კარგი ქირურგი და თუ რაიმე წვლილის შეტანა შემეძლება ჩემი ქვეყნის განვითარებაში (იგივე სამედიცინო სფეროში), ცხადია, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close