დღის თემამსოფლიოპოლიტიკაპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

„მაკედონიის საკითხი“: რა საფრთხეს ხედავენ ბერძნები პრესპის შეთანხმების რეალიზაციაში?

გასული წლის 17 ივნისს საბერძნეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას (FYROM) შორის, ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პრესპის ტბის მიდამოებში, სოფელ ფსარადესში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას, რომელიც იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოშობილი საბერძნეთის მეზობელი პატარა სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდების განსაზღვრას ეხება. შეთანხმების მიხედვით, საბერძნეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის არსებობა აღიარა.

პრესპის შეთანხმების დამტკიცების პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. პროცესი ორივე ქვეყანაში მძიმედ მიმდინარეობს, რაც ცხადყოფს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმებით უკმაყოფილოა. რამდენიმე დღის წინათ, დაძაბული პოლიტიკური დებატების შემდეგ, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის (თუ უკვე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის?) პარლამენტმა შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. ჯერი საბერძნეთზეა, სადაც პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება – პროტესტის ნიშნად გადადგა თავდაცვის მინისტრი პანოს კამენოსი და მისი პარტია სამთავრობო კოალიციიდან გამოვიდა. ხელისუფლებას მოუწევს პარლამენტისგან ნდობის ვოტუმი მიიღოს, რათა შეთანხმების რატიფიცირება მოხდეს. ნდობის ვოტუმის კენჭისყრა, ოთხშაბათს, 16 აინვარს გაიმართება. 20 იანვარს ათენში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დანიშნული. ვარაუდობენ, რომ მასში მილიონამდე ბერძენი მიიღებს მონაწილეობას. ასეთ პირობებში პრესპის შეთანხმების მხარდაჭერა ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მისი კარიერის დასასრულის დასაწყისს ნიშნავს. მაშ რატომ მიდიან ორი ქვეყნის ხელისუფალნი ასეთ რისკზე?

„მაკედონიის საკითხის“ ისტორია

მაკედონიის სამეფო ანტიკური საბერძნეთის სამყაროს ნაწილს წარმოადგენდა. მაკედონიის ყველაზე სახელოვანი მეფის, ფილიპე მეორის ვაჟმა, ალექსანდრე მაკედონელმა ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში მთელი საბერძნეთი პოლიტიკურად გააერთიანა, ხოლო შემდეგ ბალკანეთიდან ეგვიპტემდე და ინდოეთამდე, სამ კონტინენტზე გადაჭიმული უზარმაზარი იმპერია შექმნა.


ახალი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან ბალკანეთში სლავური ტომები გამოჩნდნენ. მრავალსაუკუნოვანი რთული ეთნოგენეზისის პროცესის შედეგად საბერძნეთის ჩრდილოეთით სერბული და ბულგარული ეთნიკური გაერთიანებები ჩამოყალიბდა. ამ გაერთიანებებმა სახელმწიფოებრიობის ისტორიაც შექმნეს და საკუთარი სახელმწიფოების საზღვრების გაფართოებაზეც ზრუნავდნენ.

დღევანდელი „მაკედონიის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მცხოვრები სლავები ენობრივად როგორც სერბებს, ისე ბულგარელებს ენათესავებიან. რამდენადაც მათი ენა ბულგარულთან უფრო ახლოსაა, ბულგარეთის სახელმწიფო რეგიონის ინტეგრაციისკენ მიისწრაფოდა. სერბეთმა, ბალკანეთის ორი ომის შემდეგ, 1913 წლის ბუქარესტის შეთანხმებით, რეგიონის უდიდესი ნაწილი შეიერთა. იმავე შეთანხმებით საბერძნეთმა მიიღო ანტიკური მაკედონია, თესალონიკის რეგიონი. ბულგარეთი დამარცხდა.
1945 წელს იუგოსლავიის კომუნისტმა ლიდერმა, ტიტომ იუგოსლავია ფედერაციულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მის შემადგენლობაში შევიდა „მაკედონიის რესპუბლიკაც”. აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ რეგიონის მიმართ ტერმინი „მაკედონია“ არ გამოიყენებოდა და „ვარდარსკა ბანოვინად“ იწოდებოდა. ტიტომ თავისი გადაწყვეტილებით ორი მნიშვნელოვანი პრობლების მოგვარება სცადა: ერთი მხრივ, მან ადგილობრივ სლავებს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსის მინიჭებით თვითგამორკვევის საშუალება მისცა, რითაც ბულგარული ირედენტიზმი საბოლოოდ დაამარცხა; მეორე მხრივ, ტიტომ შეამზადა იდეოლოგიური საფუძველი საბერძნეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების წასაყენებლად.

ახლად ჩამოყალიბებულ რესპუბლიკაში დაიწყო პროპაგანდის გავრცელება, რომლის თანახმადაც ადგილობრივი სლავები ალექსანდრე დიდის მემკვიდრეები იყვნენ და მათ მთელი მაკედონია ეკუთვნოდათ. ახალი ნარატივის მიხედვით, 1913 წელს მაკედონია სამ ნაწილად გაიყო. საბერძნეთს ტერიტორიის 50 პროცენტი შეხვდა, სერბეთს – 40, ხოლო ბულგარეთს – 10. ამისათვის ხელოვნურად გაიზარდა მაკედონიად წოდებული ტერიტორიის ფარგლები. რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ანტიკური მაკედონია თითქმის სრულად შევიდა საბერძნეთის შემადგენლობაში, ხოლო ზემოთ აღნიშნული პროცენტული გადანაწილება გეოგრაფიულად უფრო დიდ რეგიონს ეხება.

„ახალმაკედონიური“ იდეის მიხედვით კი, ბერძნებს ოკუპირებული ჰქონდათ სამხრეთ მაკედონია და სლავი მაკედონიელების მისია ოკუპანტებისგან მისი განთავისუფლება უნდა ყოფილიყო.

ტიტოს იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან საბერძნეთი ახლად შექმნილი ნატოს რიგებში შევიდა და ქვეყანაში კომუნიზმის გავრცელება შეუძლებელი გახდა. „ცივი ომის“ ეპოქაში „მაკედონიის საკითხი“ საერთაშორისო დონეზე გაიყინა, მაგრამ საკუთრივ იუგოსლავიაში ინტენსიურად მიმდინარეობდა „მაკედონიური ნაციონალიზმის“ დამკვიდრება, რაც უმთავრესად განათლების სისტემის მეშვეობით ხდებოდა.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, 1991 წელს ძველი ავტონომიის ადგილას წარმოიშვა ახალი სახელმწიფო, „მაკედონიის რესპუბლიკა“. ამ აქტმა ბერძნებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. საფრთხის დონე გაიზარდა – თუკი ტიტოს მიერ შექმნილი „მაკედონია“ იუგოსლავიის ნაწილს წარმოადგენდა, დამოუკიდებელი „მაკედონიის რესპუბლიკის“ არსებობა თვისებრივად ახალ მოცემულობას ქმნიდა. როდესაც არსებობს საერთაშორისოდ არსებული მაკედონიის სახელმწიფო, ხოლო მის მეზობლად, საბერძნეთში რეგიონი იმავე სახელწოდებით, ცხადია, რომ რაღაც მომენტში ეს საბერძნეთის ტერიტორიულ მთლიანობას შეიძლება დაემუქროს. მით უმეტეს, რომ იდეოლოგიურად სლავები ამისთვის მოზადებულნი არიან, ხოლო საბერძნეთის დასუსტების მოსურნე სახელმწიფოების რაოდენობა რეგიონში აშკარად ერთზე მეტია. პოლიტიკურ მხარესთან ერთად ბერძნების აღშფოთების საგანს, ცხადია, ქვეყნის ისტორიისა და ალექსანდრე მაკედონელის სახელის მისაკუთრებაც წარმოადგენდა.

„მაკედონიის საკითხი“ საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში

იუგოსლავიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი ახალი სახელმწიფო აქტიურად ცდილობს გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ეს მისწრაფება საბერძნეთმა, რომელსაც აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში ვეტოს უფლება აქვს, მეზობელ სახელმწიფოზე ზეწოლის იარაღად გამოიყენა. 1991 წლიდან 2018 წლამდე საბერძნეთი „სკოპიელებისგან“, როგორც მათ უწოდებენ, ქვეყნის სახელწოდებიდან სიტყვა „მაკედონიის“ ამოღებას ითხოვდა. მეორე მხარე ამ მოთხოვნებს არ ეთანხმებოდა და პროცესი ჩიხში შევიდა.

2018 წელს ევროპულ პოლიტიკაში ბალკანეთთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ. გაწევრიანების შესაბამისი გრაფიკიც შემუშავდა. ბალკანეთის დასავლეთ ევროპასთან ინტეგრაცია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის მოხვდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად გერმანია აქტიურობს. გერმანელები ცდილობენ შექმნან ახალი სახმელეთო სავაჭრო გზა, რომელიც ახლო აღმოსავლეთს ევროპის სამრეწველო რეგიონებთან დააახლოებს. ამ გზამ, რომელსაც ქაირო-როტერდამის ღერძად მოიხსენიებენ, კონკურენცია უნდა გაუწიოს ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრადიციულ საზღვაო მარშრუტს.

ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ პრესპის შეთანხმების რატიფიკაციის დღეებში კანცლერმა მერკელმა სკოპიესა და ათენში იმოგზაურა.

ანგელა მერკელს ძალიან გაუმართლა: დღევანდელი საბერძნეთის ხელისუფლება რადიკალური მემარცხენეებისგან შედგება, მათთვის ნაციონალიზმი მეორეხარისხოვანი თემაა. სამაგიეროდ, ალექსის ციპრასისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა, თანაც მოსახლეობის სოციალური შეღავათების შეზღუდვის გარეშე, ამისათვის კი ფულია საჭირო. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ გერმანიამ გასული წლის შემოდგომაზე საბერძნეთისგან პენსიების შემდგომი შემცირების მოთხოვნა „გადაიფიქრა“. ამ დამოკიდებულებას პირდაპირ უკავშირებენ „მაკედონიის საკითხს“.

პრესპის შეთანხმება: რას ითვალისწინებს?

პრესპის შეთანხმების თანახმად, სლავური სახელმწიფოს ოფიციალური სახელწოდება გახდება „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“. იგულისხმება, რომ ეს გეოგრაფიული ტერმინია და პოლიტიკურ შინაარსს არ შეიცავს. ჩრდილოეთ მაკედონიაში შეიცვლება სასკოლო სახელძღვანელოები. სლავები უარს იტყვიან ანტიკური მაკედონიის მემკვიდრეობის მიმართ პრეტენზიებზე. ამასთან ერთად, კონსტიტუციიდან ამოიღებენ იმ მუხლებს, რომლებიც ირედენტიზმის მინიშნებას წარმოადგენს. სანაცვლოდ საბერძნეთი აღიარებს ქვეყნის სახელწოდებაში სიტყვა „მაკედონიის“ გამოყენების უფლებას და მოხსნის ვეტოს, რათა არ შეაფერხოს მეზობელი სახელმწიფოს ევროინტეგრაცია.

ამდენად, საბერძნეთმა პრესპის შეთანხმებით, ასე ვთქვათ, თავისი წარსული დაიბრუნა და მეზობლებს მომავლისკენ გაუხსნა გზა, თუმცა ორივე ქვეყნის საზოგადოებრივი აზრი შეთანხმების წინააღმდეგია. ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკოსები სწორედ დაპირისპირების გაღრმავების მეშვეობით აგროვებდნენ პოლიტიკურ კაპიტალს. ამ მეთოდმა ნაყოფი გამოიღო – დღეს ორივე საზოგადოება რადიკალურადაა განწყობილი და ნებისმიერ დათმობას მარცხად აღიქვამს. ამდენად, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გასაკვირი სრულებით არ არის. პრესპის შეთანხმების რეალიზაცია სათუოა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას ორივე ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს. თუკი ორივე ქვეყანაში შეთანხმების მოწინააღმდეგე ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, მათ შეუძლიათ ახალი შეთანხმების მიღწევა… პრესპის შეთანხმების გაუქმების თაობაზე.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close