საზოგადოებაქართველები უცხოეთშიხელოვნებაკულტურასაქართველო

„ქართველი მოდილიანის“ სამშობლოში დაბრუნება 100 წლის შემდეგ

დღეს თბილისში, ხელოვნების სასახლეში გაიხსნა მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელსაც წლის მოვლენა შეიძლება ვუწოდოთ. „ქართველი მოდილიანის დაბრუნება“ – ასე ჰქვია ცნობილი ქართველი ემიგრანტის გამოფენას. ვინც თვალს ადევნებს ხელოვნების სიახლეებს, მიხვდება, რომ ლაპარაკია სიმონიკა დადიანზე, რომელსაც „ქართველ მოდილიანს“ უწოდებენ. მას იცნობდნენ და აფასებდნენ საზღვარგარეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირის „წყალობით“, მასზე თითქმის არაფერი იცოდნენ საქართველოში. ეს სიცარიელე დამოუკიდებლობის პერიოდში ნელ-ნელა ამოივსო და 2017 წელს დასრულდა ისე, როგორც ამაზე თვითონ დიდი მხატვარი ოცნებობდა. სიმონიკა დადიანის ნამუშევრები საქართველოში დაბრუნდა… სამუდამოდ.

„ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი… გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე… იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ… შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი… და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება… სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა…“ – ამ სულისშემძვრელ და მონატრებით სავსე წერილს სიმონიკა დადიანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან წერდა საკუთარ დას, ბაბო დადიანს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე საქართველოში ცხოვრობდა და ძმისთვის სამშობლოსთან დამაკავშირებელი მთავარი პერსონა იყო.

ბაბო დადიანმა ბოლშევიკებისგან განადგურებას გადაარჩინა და შთამომავლობას შეუნახა ის, რასაც საკუთარი ხალხის წარსული, ისტორია ჰქვია.

ბაბოს დედა ადრე გარდაეცვალა და მამამ – ნიკოლოზ (კოკი) დადიანმა მეორე ცოლი შეირთო – იმერეთის მეფე სოლომონის შთამომავალი მერი წერეთელი. მერიმ საკუთარი შვილივით გაზარდა ბაბო. კოკის მასთან სამი შვილი ეყოლა – გიორგი, მია და სვიმონი (1916 წელს), რომელსაც ყველა სიმონიკას ეძახდა.

სიმონიკა დადიანი (მარჯვნივ) და-ძმასთან ერთად

1921 წელს, როდესაც კოკი დადიანი და მერი წერეთელი საქართველოდან იძულებით წავიდნენ, ბაბო უკვე გათხოვილი იყო ლონდონში განსწავლულ ალექსანდრე მასხარაშვილზე, რომელიც მარგანეცის მრეწველობით იყო დაკავებული. ოჯახთან ერთად ისინიც გაჰყვნენ გემს სტამბოლში, ერთხანს იცხოვრეს კიდეც იქ, მაგრამ საქართველოს მონატრება იმდენად ძლიერი იყო, რომ უკან დაბრუნდნენ.

დადიანების ოჯახი 3 ბავშვით პარიზში დაფუძნდა. სიმონიკამ სამხატვრო განათლება ჯერ პარიზის სამხატვრო სკოლაში მიიღო, შემდეგ – ამერიკაში. ქართული არ დავიწყებია, მეტიც, ამერიკაში ყოფნისას ძველი ქართულიც კი შეისწავლა. სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი უბრალო თიხის ქოთანი ჰქონდა, რომელშიც მშობლიური სოფლიდან – ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული – მისთვის უძვირფასესი… სხვათა შორის, სვიმონ დადიანი II მსოფლიო ომის დროს ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაშიც იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.

სიმონიკა ძალიან სერიოზულად მუშაობდა ფერწერასა და სკულპტურაში ავანგარდის, მოდერნის მიმართულებით. იგი1950 წლიდან გამოფენებშიც მონაწილეობდა.

და-ძმის ურთიერთობას დადიანების ნათესავი ნინო ხოფერია ასე იხსენებს: „რაც შესაძლებელი იყო, ყველა საშუალებას იყენებდა ბაბოსთან ურთიერთობისთვის. ხან „სუხიშვილებს“ გამოატანა წერილი, ხან ვის, ოღონდ – მოგვიანებით, თორემ მანამდე იკრძალებოდა მიმოწერა – ბაბოს ბაბუაც დაუხვრიტეს, ქმარიც, ხოლო თვითონ პატარა შვილებთან, თათულისა და გიორგისთან ერთად ორჯერ სწორედ იმიტომ გადაასახლეს, ემიგრანტი ოჯახის წევრები რომ ჰყავდა. ფოტოები, რომლებიც მის მუზეუმშია გამოფენილი, სასწაულით გადაარჩინა ბაბომ – ლეიბის პირში ჩააკრა და ასე დაჰქონდა გადასახლებებში… მიუხედავად იმისა, რომ სიმონიკა ამერიკაში ცხოვრობდა, ნამუშევრების უმეტესი ნაწილი მიასთან ჰქონდა. ბაბო თავის ემიგრანტ და-ძმას ლამის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1963 წელს შეხვდა პარიზში. გიორგი და მია სადგურზე დახვდნენ, სიმონიკა კი სან-ფრანცისკოდან ჩავიდა უფროს დასთან შესახვედრად. ძალიან ემოციური შეხვედრა ჰქონდათ. მერეც, რაღაცებს სულ უგზავნიდა ბაბოს ოჯახს.

სიმონიკა არ დაოჯახებულა და 57 წლის ასაკში სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა. სისხლის გათეთრება ჰქონდა და დებისთვის არც კი უთქვამს. ეს მიასთვის უდიდესი ტრავმა იყო. იგი სულ მარტო დარჩა. მას დამხმარე, მომვლელი ჰყავდა, ნახევრად ქართველი და ნახევრად ფრანგი ქალი – ლია გოგიტიძე-ვოდე, რომელიც ნათესავადაც ერგებოდა დადიანებს. მია ძალიან მდიდარი იყო და მისი მემკვიდრეობა, მასთან ერთად – სიმონიკას ნამუშევრებიც, სწორედ ამ ქალს დარჩა. თუმცა ჩვენ გვაქვს ბაბოსადმი მიწერილი წერილი, სადაც კარგად ჩანს სიმონიკას სურვილი, ვის დარჩეს მისი შემოქმედება. ბაბოს ოჯახს სიმონიკას მხოლოდ ერთი ნამუშევარი აქვს, ისიც ბაბომ წამოიღო პარიზიდან. მოგვიანებით კი დაიწყეს ფიქრი, ეგებ მოლაპარაკებოდნენ გოგიტიძე-ვოდეს და რამდენიმე ნამუშევარი მაინც ჩამოეტანათ. ხანგრძლივი მოლაპარაკების მცდელობის, ბაბოს ოჯახთან მიწერ-მოწერის შემდეგ გოგიტიძე-ვოდე დათანხმდა, რომ სიმონიკა დადიანის ნამუშევრებს გადმოსცემს საქართველოს. საბოლოოდ, 24 ფერწერულ ტილოსა და 2 სკულპტურაზე შეჯერდა. ესეც დიდი საქმეა და ძალიან მადლობელნი ვართ ამ ქალის, ამდენი რამ რომ შემოინახა, ხოლო ახლა საქართველოს უსასყიდლოდ აძლევს“.

სიმონიკა დადიანი თავის ყველაზე დიდ ოცნებებს ბაბოს უზიარებდა წერილებში: „იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის, გიორგი შარვაშიძი ზღვისპირაახლში მოვათავსოჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი…“ ვერცერთი აიხდინა. იგი 1974 წელს დაკრძალეს სან-ფრანცისკოს სამხედრო სასაფლაოზე, როგორც ამერიკელი ჯარისკაცი.

ოთხი ათეული წლის შემდეგ, როგორც იქნა, რეალობად იქცა მხატვრის ანდერძის აღსრულების საკითხი – ქართული საზოგადოებისთვის მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის გაცნობა და მისი ნახატების ჩამოტანა. დღეს ეს მემკვიდრეობა საქართველოს საკუთრებაა.

სიმონიკა დადიანს სამშობლოში, ფაქტობრივად, არ უცხოვრია, 5 წლის იყო, ემიგრაციაში რომ წავიდა 1921 წელს და აღარასდროს ჩამოსულა საქართველოში, მხოლოდ მისი მონატრებით ცხოვრობდა… დღეს მისი ნამუშევრებისს ნახვა ყველას შეუძლია, ისინი ხელოვნების სასახლეში გამოიფინა. იქ მისული დამთვალიერებელი თავადაც დარწმუნდება, რომ მისი „მასპინძელი“ დიდი ხელოვანია, სულით ხორცამდე ქართველი, მერე რა, რომ საქართველოში არ უცხოვრია. მოგეხსენებათ, სულიერებას საზღვრები არა აქვს. ამიტომ დღესაც უყვართ სიმონიკა დადიანის ახლობლებს ამ ფაქტის გახსენება: „ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან – ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული…“

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close