დღის თემაპოლიტიკასაზოგადოებაჩვენი ფავორიტიინტერვიუსაქართველო

ორმაგ მოქალაქეობასა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული დეტალური განმარტებები

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისობის მიზნით, რომელიც უკვე უშვებს ორმაგ მოქალაქეობას, ცვლილებები შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და კანონის ახალი რედაქცია, დაჩქარებული წესით, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 21 ივლისს მიიღო. ამ კანონის იმ დებულებების შესახებ, რომლებიც უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემემამულეებს დააინტერესებთ (და არა მარტო), დეტალური განმარტებები ვთხოვეთ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, იურისტ სანდრო სვანიშვილს.

ბატონო სანდრო, მოქალაქეობის შესახებ ახალი ორგანული კანონის თანახმად, რა ხდება, როდესაც საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეობას იღებს (როგორც ვიცი, მანამდე არსებული წესისგან განსხვავებით, ავტომატურად აღარ კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ რას ნიშნავს ეს ფორმულირება: „ავტომატურად აღარ კარგავს“)?

2018 წ. 21 ივლისს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ შევიდა ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებმაც შემოიტანა განსხვავებული მიდგომები მოქალაქეობის დაკარგვისა და აღდგენის საკითხებთან მიმართებით.

ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი არის, თუმცა ცვლილებით კანონს დაემატა ახალი 211 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქემ შეიძლება შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისათვის საჭიროა პირმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე მიმართოს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიას და, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, მისგან მიიღოს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე. ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. სარწმუნოდ მიჩნევისათვის მოქალაქობის საკითხთა კომისიამ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს:

-ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას;

-საქართველოში უძრავი ქონების ფლობა;

-საქართველოში საქმიანობა;

-ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

იმ პირებს, რომლებსაც უკვე დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა (ორგანული კანონის ახალი რედაქციის მიღებამდე) იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, როგორც ვიცი, ახალი კანონით ენიჭებათ მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რომელიც თავდაპირველ პროექტში ერთი წლით იყო განსაზღვრული, თუმცა საბოლოო ვარიანტში 2-წლიანი ვადა დაწესდა. რას ნიშნავს ესდროებითი უფლება“, საიდან აითვლება ვადა და რა ხდება, თუ ამ 2 წლის განმავლობაში პირმა არ შეიტანა განაცხადი მოქალაქეობის აღდგენაზე?

„დროებითი უფლება“ ნიშნავს იმას, რომ კანონის 322-ე მუხლით დადგენილია ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე, რა პერიოდშიც პირს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით და მიმართოს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. კანონის ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) არ აქვს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ;

გ) არ მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში;

დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე უარის თქმის საფუძველი;

(ასეთი საფუძველია თუ:

) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

 ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე:

-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან;

-სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან;

-ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;

-ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).

გ) იგი არ იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ არ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში (2019 წლის 15 აგვისტომდე) მიმართონ საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

როგორია პროცედურა: როგორ უნდა მოიქცეს უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო), ვის უნდა მიმართოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნითარის თუ არა რაიმე სახის გადასახადი და რა ვადაში უნდა მიიღოს მან პასუხი თავის მოთხოვნაზე? და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში რა პროცედურებია? აუცილებელია თუ არა მოქალაქის ჩამოსვლა საქართველოში თუ საკონსულოს მეშვეობით ან ინტერნეტითაც შესაძლებელია მოქალაქეობის აღდგენა?

პირმა მოქალაქეობის აღდგენის შესახებ უნდა მიმართოს საქართველოში იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო საზღვარგარეთ – საკონსულო დაწესებულებას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას (მოქალაქეობის აღდგენაზე ონლაინ სერვისი არ არსებობს; ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვებგვერდზე http://psh.gov.ge/main/menus/1/69).

მოქალაქეობის აღსადგენად პირმა შესაბამის დაწესებულებას უნდა წარუდგინოს:

-დადგენილი ფორმის განცხადება;

-მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა);

-იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

-ფოტოსურათი.

-საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი).

-ასევე, აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლების გათვალისწინების ერთ-ერთი დოკუმენტი:

ა) საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მშობლების არჩევანის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და აღდგენის წესით მინიჭების მომსახურების ვადები და საფასური:

მე-80 კალენდარულ დღეს მომსახურების შემთხვევაში – 250 ლარი;

მე-60 კალენდარულ დღეს მომსახურების შემთხვევაში – 350 ლარი;

30-ე კალენდარულ დღეს მომსახურების შემთხვევაში – 500 ლარი.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება მომსახურების საფასურის გარეშე ხდება, თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ.

რა შემთხვევაში შეიძლება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს (ყოფილ საქართველოს მოქალაქეს) უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე და შეუძლია თუ არა მას უარყოფითი პასუხის გასაჩივრება რომელიმე ინსტანციაში?

მოქალაქეობის აღდგენაზე პირს შეიძლება უარი ეთქვას, თუ ის ვერ აკმაყოფილებს მოქალაქეობის აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებულ პირობებს (იხ. პასუხი მე-2 კითხვაზე); სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის სამინისტროში, ხოლო შემდეგ – სასამართლოში.

აქვს თუ არა მნიშვნელობა მოქალაქეობის აღდგენისთვის იმას, როდის დაკარგა პირმა საქართველოს მოქალაქეობა (ანუ ერთგვარი ხანდაზმულობის ვადა თუ არსებობს)?

კანონით ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს, შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის დაკარგა პირმა მოქალაქეობა. ვადა დაწესებულია მხოლოდ აღდგენასთან დაკავშირებით – 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ სხვა ქვეყნის მოქალაქეს უკვე აღარ ექნება უფლება, მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.

ვიცი შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველებს უარი უთხრეს (წინა წლებში). ასეთ ადამიანებს თუ შეუძლიათ კიდევ შეიტანონ განაცხადი?

2018 წლის 21 ივლისის ცვლილებებამდე კანონი არ ითვალისწინებდა სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას. ამდენად, თუ პირს ადრე ეთქვა უარი მოქალაქეობის აღდგენაზე, მას ახალი ცვლილებებით სრული უფლება აქვს, მიმართოს შესაბამის დაწესებულებას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის შვილი არასრულწლოვანია, ამ შემთხვევაში რა ხდება?

„მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი დაბადებით ღებულობს საქართველოს მოქალაქეობას, თუ დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მშობელს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს, თუ იმავდროულად არის სხვა ქვეყნის მოქალაქეც. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მოქალაქეობის შეცვლა არ იწვევს მისი/მათი შვილების მოქალაქეობის შეცვლას. ამდენად, თუ დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მშობელი იყო საქართველოს მოქალაქე, მისი შვილი დაბადების მომენტიდან ხდება საქართველოს მოქალაქე და არ აქვს მნიშვნელობა, მისმა მშობელმა შემდეგ შეიცვალა თუ არა მოქალაქეობა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას, ეს რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის კანონით.

დაბოლოს, კითხვა, რომელიც საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა მოგვწერა: რა მექანიზმებია ჩადებული კანონში, რომ უცხო ქვეყანამ (მაგ., რუსეთმა) ვერ შეძლოს, შეუფერხებლად მისცეს მოქალაქეობა ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებით?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას, თუ საქართველომ არ მისცა პირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლება. მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძველი კი შეიძლება იყოს უსაფრთხოების ინტერესები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ პირს კავშირი აქვს რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ან სადაზვერვო სამსახურებთან.

ბატონო სანდრო, დიდი მადლობა, ამომწურავი პასუხებისთვის.

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close