საქართველოსპორტი

ქართული ჭიდაობა იუნესკომ მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა

მსოფლიო საქართველოს კულტურით კიდევ ერთხელ დაინტერესდა – იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. ეს გადაწყვეტილება 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. შემდგომ უკვე საკითხი გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

იუნესკოს მე-13 სესიას ქართული დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ამავე სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი, საქართველოში იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი ქეთევან კანდელაკი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის, სიძველეზე მეტყველებს ალავერდის კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებს.

ქართულ ჭიდაობიდან მოდიოდნენ ძველი თაობის ისეთი დიდი ჩემპიონები, როგორებიც იყვნენ: ვახტანგ ბალავაძე, მირიან ცალქალამანიძე, დავით ციმაკურიძე და სხვები.

საქართველოში, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ფალავნობა – შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. წლეულს ფალავნობა 15 დეკემბერს გაიმართება და მას იუნესკოს აღარება სულ სხვა ელფერს და მნიშვნელობას შესძენს.

ქართული ჭიდაობა უკვე მეოთხე ქართული ძეგლია იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში: უფრო ადრე ამ სიაში შევიდა  ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) და ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.).

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close