მაია ბარათაშვილმა, „შინმა“ და „გეოთრეინმა“ ისრაელში კონცერტი გამართეს
გასულ კვირაში ქართული სათვისტომოსთვის ისრაელში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის, ქართველი მომღერლების კონცერტი რამათ განში.
23 ნოემბერს, გიორგობა დღეს ქალაქ რამათ განის (თელ-ავივის რაიონი, ესაზღვრება თელ-ავივს) იაჰალომის თეატრი ქართული ფოლკლორის, ვირტუოზ მაია ბარათაშვილის, ჯგუფების – „შინის“ და „გეოთრეინის“ მოსასმენად შეკრებილი მუსიკის მოყვარულებით გაივსო.
კონცერტი, რომელიც ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყო, 2 საათს გაგრძელდა. მაყურებელი მოიხიბლა მუსიკოსთა შესრულებით. კონცერტის ბოლოს მომღერლებმა თავიანთი იმპროვიზაციით შეასრულეს რევაზ ლაღიძის „თბილისო“, რის შემდეგაც მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა ისინი!
კონცერტის ამაღელვებელი მომენტი იყო ისრაელში ქართული სკოლის მოწაფეების გამოჩენა სცენაზე, რომლებმაც თაიგული მიართვეს მაია ბარათაშვილს და მადლობა გადაუხადეს მომღერლებს.
მაია ბარათაშვილი და ორივე ანსამბლის წევრები დამსწრე საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ მალე ისევ ეწვევიან ისრაელს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები