ავიცენას უნიკალური რეცეპტები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ
ავიცენას (იგივე იბნ სინა, X-XI სს. ცნობილი სპარსელი მეცნიერი, ფილოსოფოსი და ექიმი) მიერ შემუშავებული რეცეპტები უნიკალურია, მათ არაერთი დაავადების სამკურნალოდ დღესაც წარმატებით იყენებენ.
ავიცენას ნაწერებში მოხსენიებულია მცენარე დანდური (ლათ. Portulaca), რომლისგანაც შემდეგი საშუალებები მზადდება:
ერთ სადილის კოვზ გამხმარ და დაქუცმაცებულ ბალახს ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს უმატებენ და 15 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღებენ. შემდეგ აცივებენ და წურავენ. ავადმყოფს აძლევენ 2-3 სადილის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, საჭმლის მიღების წინ. ავიცენას რეკომენდაციით, ეს ნახარში გამოიყენება კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტული მოვლენების შემთხვევაში; აგრეთვე, კუჭის წყლულის, ცისტიტის, ბუასილის შემთხვევაში. კარგ შედეგებს იძლევა ჰიპოტონიისა და იმპოტენციის დროს.
ავიცენას რეცეპტით, დანდურისგან მზადდება სამკურნალო ჩაიც, რომელიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის არის განკუთვნილი: 2 სადილის კოვზ დანდურს 300 გ ადუღებულ წყალში აყენებენ ჩვეულებრივი ჩაის მსგავსად და დაავადების იოლი ფორმების შემთხვევაში ავადმყოფს ჭამის წინ დღეში სამჯერ აძლევენ, მძიმე შემთხვევებში დასაშვებია თითო მიღებაზე 3-4 ჩაის კოვზის დალევა.
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ავიცენა ლობიოსაც წარმატებით იყენებდა. როდესაც ლობიოს არჩევენ, რჩება პარკი, რომელშიც თესლებია მოთავსებული. ამ პარკებს ახმობდნენ, წვრილად ჭრიდნენ, იღებდნენ 2 სადილის კოვზს, უმატებდნენ 300 გ წყალს და 15 წუთის განმავლობაში ადუღებდნენ, ავადმყოფს დღეში 4-5-ჯერ 1-2 სადილის კოვზს აძლევდნენ ჭამის წინ.
ეს რეცეპტი ბულგარელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ლობიოს ჩენჩოს ნახარში ისევე მოქმედებს, როგორც ინსულინი, მაგრამ მისი გამოყენება შედეგს დაავადების საწყის ეტაპზე იძლევა.
ბრონქული ასთმის, აგრეთვე სახსრების ტკივილის შემთხვევაში ავიცენა ავადმყოფებს ბალბის (ლათ. Malva) აბაზანების გამოყენებას ურჩევდა. 100 გ წვრილად დაჭრილ ბალბას ერთ ლიტრ ადურებულ წყალს ასხამენ და ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში ხარშავენ, შემდეგ დოლბანდში წურავენ და აბაზანაში უმატებენ. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 15-20 წუთია. გაითვალისწინეთ, რომ ბალბის აბაზანების და, საერთოდ, მისი შემცველი პრეპარატების მიღება კატეგორიულად აკრძალულია ფეხმძიმეთათვის.
თამთა გურული
კომენტარები