მიგრაციასაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

საქართველოს სახალხო დამცველი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმარება – პირველ ეტაპზე საბერძნეთში მყოფი ქართველების პრობლემები განიხილება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საბერძნეთში საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად, ათენში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ქართველ ემიგრანტებს ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და ის საკითხები განიხილა, რომელთა მოგვარებაშიც შესაძლოა სახალხო დამცველი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დაეხმაროს.

სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, საბერძნეთში ქართველებისთვის ძირითად პრობლემას ლეგალურად ცხოვრების საკითხი წარმოადგენს. არაოფიციალური მონაცემებით, ასიათასობით საქართველოს მოქალაქიდან ლეგალურად ქვეყანაში მხოლოდ 20 ათასამდე ცხოვრობს. ხშირია დაკავების და დეპორტაციის შემთხვევები; არალეგალურად მაცხოვრებლებს პრობლემები ექმნებათ დამსაქმებლებთანაც, შრომითი ხელშეკრულებების არქონის გამო, არის შემთხვევები, როდესაც არ უხდიან ხელფასებს.

„ბოლო წლებში გამარტივდა მოზარდთა სკოლაში რეგისტრაცია, მიუხედავად ცხოვრების უფლების არქონისა, საბერძნეთის სკოლებში ნებისმიერ პირს შეუძლია განათლების მიღება, რაც ოჯახების მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს. საპილოტე რეჟიმში მუშაობს საკვირაო სკოლები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს მშობლიური ენის შესწავლის საშულება აქვთ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, საქართველოს საელჩო დამატებითი კლასების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.

საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ დიასპორებთან შეხვედრას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ემიგრანტების ინფორმირება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, სახალხო დამცველის მანდატის გაცნობა და კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები ქართველების ინტერესების დაცვა“, – აცხადებენ სახალხო დამცველის ოფისში.

ცნობილია, რომ საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხი ბოლო დროს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა. შარშან საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს იოანის მუზალასს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ამ პროცესში ორ ქვეყანას შორის ერთიანი, კოორდინირებული მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. კერძოდ, ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს, მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში. მოლაპარაკების პროცესში ყურადღება გაამახვილეს კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე. წ. მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. მხარეებმა ასევე დაიწყეს მუშაობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ე. წ. მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისთვის საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები გაჩნდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close